Facebook Twitter

საქმე №ას-1274-1214-2014 6 თებერვალი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ქ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. კ-ე, რ. გ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ქ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. კ-ისა და რ. გ-ის მიმართ 2013 წლის 10 აპრილს ზ. ქ-სა და ა. კ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2013 წლის 10 აპრილს ზ. ქ-სა და ა. კ-ს შორის დაიდო ქ.ბათუმში, პ-ის ქ.№...-ში მდებარე უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 42000 აშშ დოლარით. ფაქტობრივად, მოსარჩელემ ა. კ-ისაგან ისესხა 35000 აშშ დოლარი, თუმცა იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად, გააფორმეს თვალთმაქცური გარიგება უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, ა. კ-მ სადავო უძრავი ქონება მიჰყიდა რ. გ-ს, თუმცა ამ უკანასკნელს შესაძენი ნივთი არ უნახავს და იქ კვლავაც ზ.ქ-ის ახლობლები ცხოვრობენ. ამდენად, აღნიშნული ნასყიდობა გაფორმდა იმ მიზნით, რომ მოსარჩელეს კუთვნილი ბინა ვერ დაებრუნებინა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სადავო გარიგებები დაიდო კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი იყო ხარვეზიანი, რის გამოც 2014 წლის 5 სექტემბრის განჩინებით პალატამ დაავალა მხარეს 14 დღის ვადაში 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა აპელანტის წარმომადგენელ ჯ. ქ-ის შუამდგომლობის საფუძველზე დამატებით 10 დღით გაგრძელდა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, 2014 წლის 7 ოქტომბერს ჩაბარდა ზ. ქ-ის წარმომადგენელ ჯ ქ-ს პირადად.

ამავე კოდექსის მე-60-61-ე მუხლების საფუძველზე სასამართლომ ხარვეზის შევსების ვადა აითვალა 2014 წლის 8 ოქტომბრიდან და მიიჩნია, რომ მისი ბოლო ვადა იყო 17 ოქტომბერი, თუმცა მითითებულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 374-ე მუხლით და ჩათვალა, რომ ზ. ქ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ. ქ-მ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.

მხარემ განმარტა, რომ აპელანტმა ხარვეზი ვერ შეავსო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარემ განცხადება შეიტანა პოლიციაში გამოსახლების შესახებ და სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული დამატებითი ვადა დაემთხვა ზ. ქ-ის ნათესავების, ბიძაშვილის – რ. ა-ისა და მისი ოჯახის სადავო ბინიდან გამოსახლების პერიოდს. 2014 წლის 10 ოქტომბერს დაწყებული გამოსახლების პროცესი გადაიდო რ.ა-ის მეუღლე ჟ. ჯ-ის ცუდად გახდომის გამო. მეორედ დანიშნული გამოსახლება 14 ოქტომბერს ვერ განხორციელდა რ.ა-ის შვილის – ქ. ა-ის მიერ თვითდაზიანების მიყენების საფუძვლით და საბოლოოდ გამოსახლება დასრულდა 2014 წლის 20 ოქტომბერს მიუხედავად იმისა, რომ ჟ.ჯ-სთან ორჯერ იქნა გამოძახებული სასწრაფო დახმარება.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ აღნიშნული მოვლენების გამო, მთელი ოჯახი იმყოფებოდა მძიმე სტრესულ მდგომარეობაში, რადგან აღმოჩნდა უსახლკაროდ. შესაბამისად, მხარემ ვერ მოახდინა ვერც ხარვეზის გამოსწორებისა და ვერც სასამართლოსათვის ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელების თაობაზე მიმართვის ორგანიზება, რაც უნდა ჩაითვალოს საპატიოდ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ქ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ 2014 წლის 5 სექტემბრის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტ ზ. ქ-ს დაუდგინა ხარვეზი და დაავალა 14 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ზ. ქ-ის წარმომადგენელ ჯ. ქ-ის შუამდგომლობის საფუძველზე, რომლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმის მასალებში წარმოდგენილი მინდობილობით (ს.ფ. 17), ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა დამატებით 10 დღით გაუგრძელდა. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა ზ.ქ-ის წარმომადგენელ ჯ.ქ-ს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინება ამავე წლის 7 ოქტომბერს კანონის ზემოთ მითითებული მოთხოვნების დაცვით ჩაბარდა ზ. ქ-ის წარმომადგენელ ჯ. ქ-ს პირადად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის მიცემული ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 7 ოქტომბრის მომდევნო დღიდან – 2014 წლის 8 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2014 წლის 17 ოქტომბერს. აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აპელანტს იმთავითვე გონივრული ვადა – 14 დღე მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად. შემდეგ კი, მხარის მოთხოვნისამებრ, აღნიშნული საპროცესო ვადა დამატებით 10 დღით გაგრძელდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აპელანტს საკმარისი დრო მისცა, რათა ამ უკანასკნელს ხარვეზი შეევსო, თუმცა ზ. ქ-ს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სააპელაციო პალატისათვის არ წარუდგენია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის შუამდგომლობით მისთვის არ მიუმართავს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ აპელანტმა ხარვეზი ვერ შეავსო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარემ განცხადება შეიტანა პოლიციაში გამოსახლების შესახებ და სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული დამატებითი ვადა დაემთხვა ზ. ქ-ის ნათესავების, ბიძაშვილის – რ. ა-ისა და მისი ოჯახის სადავო ბინიდან გამოსახლების პერიოდს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ქ-ის ინტერესებს საქმის განხილვის პროცესში წარმოადგენდა უფლებამოსილი ადვოკატი – ჯ. ქ-ი, შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც, თუ პალატა მხედველობაში მიიღებს ზ. ქ-ის ნათესავების ბინიდან გამოსახლებისა და სადავო ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული დამატებითი ვადის დამთხვევის ფაქტს, აღნიშნული ხარვეზის შეუვსებლობის საპატიოდ ცნობისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობად ვერ ჩაითვლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრით მხარემ ვერ დაასაბუთა, რომ არსებობდა მითითებული ნორმით გათვალისწინებული ობიექტური გარემოება, რომელმაც ხელი შეუშალა ზ. ქ-ის წარმომადგენელ ჯ. ქ-ს, მიემართა სააპელაციო სასამართლოსათვის და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის მიხედვით, კვლავ მოეთხოვა ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადის გაგრძელება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: თ. თოდრია

ბ. ალავიძე