საქმე №ას-1275-1215-2014 10 თებერვალი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია
კერძო საჩივრის ავტორები – თ. გ-ე, თ. ფ-ე, მ. გ-ე და ა. ფ-ე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ. ს. ბ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თ. გ-ემ, თ. ფ-ემ, მ. გ-ემ და ა. ფ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „კ. ს. ბ-ის“ მიმართ იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით თ. გ-ის, თ. ფ-ის, მ. გ-სა და ა. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. გ-ემ, თ. ფ-ემ, მ. გ-ემ და ა. ფ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სს „კ. ს. ბის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება; თ. გ-ის, თ. ფ-ის, მ. გ-სა და ა. ფ-ის სარჩელზე სს „კ. სტ. ბ-ის“ მიმართ, იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე შეწყდა საქმის წარმოება; სს „კ. ს. ბ-ს“ თ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო წარმოებისთვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 160 ლარის ანაზღაურება; სს „კ. სტ. ბ-ს“ თ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სასარჩელო წარმოებისთვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 120 ლარის ანაზღაურება; სს „კ. ს. ბ-ს“ ა. ფ-ის, მ. გ-ის, თ. ფ-სა და თ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ნაწილის, თითოეულისათვის 160 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ. გ-ემ, თ. ფ-ემ, მ. გ-ემ და ა. ფ-ემ შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების მოპაუხისათვის დაკისრების ნაწილში შემდეგი საფუძვლით:
კერძო საჩივრის ავტორთა აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით სასამართლო მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ყველა ხარჯის ანაზღაურებას. აღნიშნული ნორმა წარმოადგენს სპეციალურ ნორმას და არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც მოპასუხე მოსარჩელის მოთხოვნას აკმაყოფილებს სარჩელის აღძვრის შემდგომ, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ შეასრულა ვალდებულება, ის მაინც ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს ამ უკანასკნელის მიერ გაღებული ყველა ხარჯი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ხარჯების დაკისრებისას გაითვალისწინება 47-ე მუხლის მე-2 ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ კი არასწორად განმარტა აღნიშნული ნორმა და არ გამოიყენა ამავე მუხლის და ნაწილის ბოლო წინადადება. კერძოდ, არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, ვინაიდან სასამართლომ წარმოებაში მიიღო და განიხილა საქმე, როგორც არაქონებრივი დავა, სახელმწიფო ბაჟი უნდა განესაზღვრა არა 4000 ლარიდან (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით: ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით), არამედ, ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარისთვის საქმის სირთულიდან გამომდინარე უნდა დაეკისრებინა ანაზღაურება 2000 ლარამდე ოდენობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ის, თ. ფ-ის, მ. გ-სა და ა. ფ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას იმის თობაზე, რომ სასამართლომ წარმოებაში მიიღო და განიხილა მათი საქმე, როგორც არაქონებრივი დავა. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი უნდა განესაზღვრა არა 4000 ლარიდან (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით: ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით), არამედ, ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარისთვის საქმის სირთულიდან გამომდინარე უნდა დაეკისრებინა ანაზღაურება 2000 ლარამდე ოდენობით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა ვალდებულების შესრულებიდან გამომდინარე იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება, ხოლო მოსარჩელეებს დავის საგანი განსაზღვრული ჰქონდათ 4000 ლარით (იხ. ტ. II. ს.ფ.1-15). შესაბამისად, მათ მიერ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟი გადახდილი იყო აღნიშნული თანხიდან განსაზღვრული პროცენტის მიხედვით (იხ. ტ. II. ს.ფ. 59, 159). საგულისხმოა ასევე, რომ აღნიშნული გარემოება მათ სადავოდ არ გაუხდიათ არცერთი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას. ამრიგად, სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოცემული დავა ქონებრივ-სამართლებრივ დავად მიიჩნია და დავის საგნის ფასი განსაზღვრა 4000 ლარით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის წარმოების შეწყვეტის განჩინებით ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების განსაზღვრისას მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი გამოიანგარიშა დავის საგნის შესაბამისად განსაზღვრული პროცენტის მაქსიმალური ოდენობით (დავის საგნის - 4000 ლარის 4%-ით).
პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ერთ-ერთი მხარისათვის მეორე მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრების შესაძლებლობას, თუკი დავა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ დასრულდება. ამასთან, ასეთი ხარჯების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმად კანონმდებელი ადგენს „გონივრულ ოდენობას“, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ოდენობას. მითითებული მუხლის თანახმად, ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით. ეს ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. აღნიშნული წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას მასზედ, რომ სააპელაციო სასამართლოს ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ოდენობა უნდა განესაზღვრა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით სასამართლო მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ყველა ხარჯის ანაზღაურებას.
აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა ითვალისწინებს ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ყველა სახის ხარჯის ანაზღაურებას, თუმცა გაწეული მომსახურებისათვის გადასახდელი თანხის ოდენობას ეს მუხლი არ განსაზღვრავს. აღნიშნული ხარჯების „გონივრულ ოდენობას“ ადგენს არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე, არამედ ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი და 47-ე მუხლის მე-2 ნაწილი. სასამართლო ხარჯების ოდენობის დადგენისას სწორედ აღნიშნული ნორმებით უნდა იხელმძღვანელოს საქმის განმხილველმა სასამართლომ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების განსაზღვრის საკითხი, შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ. გ-ის, თ. ფ-ის, მ. გ-სა და ა. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
თ. თოდრია