საქმე №ას-1280-1220-2014 9 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – კ. მ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინება
კასატორის, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. კ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. მ-ის მიმართ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის – 14527 ევროს ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2010 წლის 11 თებერვალს მოპასუხე კუთვნილი ავტომანქანით შეეჯახა ა. ლ-ის ავტომანქანას, რომლითაც მგზავრობდა მოსარჩელე. შეჯახების შედეგად მოსარჩელემ მიიღო სხეულის მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის მიერ მკურნალობაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება 14 944.22 ლარისა და 7 000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე 5 000 ლარის გადახდა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მიექცა აღსასრულებლად.
მხარის განმარტებით, სამომავლოდ გასაწევი მკურნალობის (სადეპოზიტო თანხა) ხარჯი შეადგენდა 14 527 ევროს, რასაც უნდა დაემატოს მგზავრობის და თანმხლები პირის ყოველდღიური ხარჯები სავარაუდოდ 10-12 დღის განმავლობაში.
მოსარჩელემ განმარტა, რომ საჭიროებს დამატებით მკურნალობას, კერძოდ: სამედიცინო კონსილიუმის გადაწყვეტილებით, უნდა ჩატარდეს ნეიროოფთალმოლოგის კონსულტაცია, 2895 ევროს ღირებულების ყველა საჭირო ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული გამოკვლევა. აღნიშნულის შემდეგ შეიკრიბება მულტიდისციპლინარული კონსილიუმი, რომელზეც შემუშავდება მკურნალობის ოპტიმალური სქემა. მიმდინარე ეტაპზე, სპეციალისტების გადაწყვეტილებით, საჭიროა რინოპლასტიკის ჩატარება სუნთქვის გაძნელების აღმოსაფხვრელად, რომლის წინასწარი ღირებულება 11632 ევროა, ხოლო საცრემლე არხის გამავლობის აღდგენის საკითხი გადაწყდება აღნიშნული პროცედურების შემდეგ.
მოსარჩელემ აღნიშნული მკურნალობა ვერ ჩაიტარა სათანადო თანხების უქონლობის მიზეზით და, საცრემლე არხის დაზიანების გამო, აქვს მუდმივი ცრემლდენა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ავტოავარიის შედეგად მიყენებული დაზიანების მკურნალობისათვის დახარჯული თანხები ერთჯერადად უკვე აუნაზღაურდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14527 ევროს გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით კ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დასაბუთებულობასთან ერთად იმსჯელა კ. მ-ის მოთხოვნაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და მიიჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
პალატამ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით კ. მ-ს დაეკისრა მ. კ-ისათვის მკურნალობის ხარჯების 14 944.22 ლარისა და 7 000 აშშ დოლარის, ასევე მორალური ზიანის – 5 000 ლარის ანაზღაურება, ხოლო მ. კ-ის სარჩელი 214575,78 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სარჩელით მ. კ-მ მოითხოვა ზიანის ანაზღაურების სახით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებების გამო გასაწევი ხარჯის – 14527 ევროს დაკისრება.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სასამართლომ უკვე იმსჯელა კ. მ-ისათვის სამომავლოდ გასაწევი მკურნალობის ხარჯების დაკისრების საკითხზე და სარჩელი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, წინამდებარე სარჩელი წარმოადგენს იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით აღძრულ სარჩელს, რაც საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტა დასაშვებია, როდესაც საქმის წარმოება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება მიღებულია იმავე სარჩელზე, ანუ: იგივე უნდა იყვნენ მხარეები, სარჩელის საგანი და სარჩელის საფუძველი. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ამ პირობებიდან ერთ-ერთი მაინც, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, სარჩელზე შეწყვიტოს წარმოება. აღნიშნული წესი ეფუძნება აკრძალვას, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს არ შეუძლიათ ხელახლა წარადგინონ სასამართლოში მხოლოდ იგივე სარჩელი (სსსკ-ის 266-ე მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა სამომავლოდ გასაწევი მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, სასამართლომ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა, რომ პირს შეუძლია, მოითხოვოს იმ ხარჯების ანაზღაურების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება, რისი გადახდის ვალდებულებაც სარჩელის აღძვრის ეტაპზე უკვე წარმოშობილია ან მათი წარმოშობა სამომავლოდ გარდაუვალია და აღნიშნული ფაქტი სათანადო მტკიცებულებებითაა დადასტურებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ ის გაწეული და სამომავლოდ გასაწევი ხარჯები, რომელთა თაობაზე მხარემ მტკიცებულების წარდგენა შეძლო, შეადგენდა საერთო ჯამში 14 944.22 ლარსა და 7000 აშშ დოლარს და კ. მ-ს დააკისრა მხოლოდ ზემოაღნიშნული თანხების ანაზღაურება.
რაც შეეხება წინამდებარე სარჩელს, საქმის მასალებით სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ მ. კ-ე ახალ სასარჩელო მოთხოვნებს აყენებს იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომლებიც წარმოიშვა თავდაპირველ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, ანუ წინამდებარე ახალი სარჩელი აღძრულია სხვა საფუძვლით და შესაბამისად, არ არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობა. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც სამომავლო ხარჯებზე მოსარჩელეს ეთქვა უარი, მიღებულია 2012 წლის 27 თებერვალს, ხოლო წინამდებარე სარჩელით მოთხოვნილი თანხები ეფუძნება შემდგომი პერიოდის გაანგარიშებებს. სადავო არ არის, რომ მოსარჩელეს ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ პოსტტრავმული დაზიანება რეკონსტრუქციის შემდგომ მაინც დარჩა და საჭიროებს დამატებით მკურნალობას. შესაბამისად, სამომავლო ხარჯების ანაზღაურების ამჟამინდელი მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ზუსტად იმავე სარჩელად, ეს ხარჯები წინა სარჩელის წარდგენის ეტაპზე კონკრეტული ოდენობით დაანგარიშებული ვერ იქნებოდა.
პალატის მითითებით, საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომ ამჟამად მოსარჩელეს მითითებული სამედიცინო მომსახურება და შესაბამისი ხარჯები არ სჭირდება.
სასამართლომ გაიზიარა გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები, რომლებიც სააპელაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებების გამო, მ. კ-ს ესაჭიროება ნეიროოფთალმოლოგის კონსულტაცია, ყველა საჭირო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევის ღირებულებაა 2 895 ევრო, ამ ეტაპზე, სპეციალისტების გადაწყვეტილებით, საჭიროა რინოპლასტიკის ჩატარება სუნთქვის გაძნელების აღმოსაფხვრელად, რომლის წინასწარი ღირებულებაა 11 632 ევრო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კ. მ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული არ არის. სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის მოთხოვნა 214578.78 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, თუმცა სასამართლოს არ დაუზუსტებია რას წარმოადგენდა აღნიშნული თანხა. მ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა სამომავლო მკურნალობისათვის გასაწევი ხარჯების ნაწილში. ახალი სარჩელით მ. კ-მ მოითხოვა ავარიის შემდგომი პერიოდისათვის გასაწევი სამკურნალო ხარჯები, რაზეც სასამართლომ უკვე იმსჯელა. ამდენად, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ კ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველი კერძო საჩივარი ეფუძნება კ. მ-ის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული დავის ფარგლებში წარმოდგენილ მ. კ-ის სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, რადგან არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც მ.კ-ის ანალოგიურ სასარჩელო მოთხოვნას ერთხელ უკვე ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.
კ.მ-მა თავისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო სრულიად ეთანხმება სააპელაციო პალატის მიერ აღნიშნული ნორმის განმარტებას და მიიჩნევს, რომ კანონმდებელი საქმის წარმოების შეწყვეტას უკავშირებს აღნიშნულისათვის ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობას, კერძოდ, საქმის წარმოების შეწყვეტა დასაშვებია, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დასრულდა დავა იმავე მხარეებს შორის, ანალოგიური სასარჩელო მოთხოვნისა და სარჩელის იმავე ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გამო. ამასთან, მითითებული წანამძღვრები წარმოდგენილ უნდა იქნენ კუმულაციურად, რაც ნიშნავს, რომ ერთ-ერთის არარსებობის შემთხვევაშიც სასამართლო ვერ შეწყვეტს საქმის წარმოებას და ვალდებულია, იმსჯელოს ახალ სარჩელზე. კანონმდებლის ამგვარი ნება გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შინაარსიდანაც და განპირობებულია მითითებულ ნორმაში ასახული აკრძალვით, რომლითაც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2012 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით განიხილა მ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა კ. მ-ის მიმართ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობისათვის მიყენებული ფაქტობრივად დამდგარი და სამომავლო მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში, მ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კ. მ-ს დაეკისრა მ. კ-ისათვის მკურნალობის ხარჯების – 14 944.22 ლარისა და 7 000 აშშ დოლარის, ასევე მორალური ზიანის – 5 000 ლარის ანაზღაურება, ხოლო მ. კ-ის სარჩელი 214575,78 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სამომავლოდ გასაწევი მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაზე, რადგან პირს შეუძლია, მოითხოვოს იმ ხარჯების ანაზღაურების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება, რისი გადახდის ვალდებულებაც სარჩელის აღძვრის ეტაპზე უკვე წარმოშობილია ან მათი წარმოშობა სამომავლოდ გარდაუვალია და აღნიშნული ფაქტი სათანადო მტკიცებულებებითაა დადასტურებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ ის გაწეული და სამომავლოდ გასაწევი ხარჯები, რომელთა თაობაზე მხარემ მტკიცებულების წარდგენა შეძლო, შეადგენდა საერთო ჯამში 14 944.22 ლარსა და 7000 აშშ დოლარს და კ. მ-ს დააკისრა მხოლოდ ზემოაღნიშნული თანხების ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოცემულ საქმეზე მ. კ-ის მიერ წარმოდგენილი სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებებს, რომლებიც წარმოიშვა თავდაპირველ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სარჩელი აღძრულია თავდაპირველისაგან განსხვავებული საფუძვლით.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კუმულაციურ პირობათა ერთობა და საქმის წარმოების შეწყვეტა დაუშვებელია. შესაბამისად, კ. მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს მ. კ-ისათვის ამავე კოდექსის მე-2 მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას.
დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ მ.კ-ის მიერ წარმოდგენილი სარჩელი ეფუძნება 2012 წლის 27 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შემდგომი პერიოდის გაანგარიშებებს. სადავო არ არის, რომ მოსარჩელეს ჩაუტარდა მკურნალობა, მათ შორის ოპერაციის სახით, მაგრამ პოსტტრავმული დაზიანება რეკონსტრუქციის შემდგომ მაინც დარჩა და საჭიროებს დამატებით მკურნალობას. შესაბამისად, სამომავლო ხარჯების ანაზღაურების ამჟამინდელი მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ზუსტად იმავე სარჩელად და აღნიშნული ხარჯები წინა სარჩელის წარდგენის ეტაპზე კონკრეტული ოდენობით დაანგარიშებული ვერ იქნებოდა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების არგუმენტს, რომ მოპასუხეს სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით არ გაუბათილებია მ.კ-ის სარჩელში ასახული გარემოება დამატებითი მკურნალობის ჩატარების აუცილებლობის თაობაზე მაშინ, როცა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებების გამო, მ. კ-ს ესაჭიროება ნეიროოფთალმოლოგის კონსულტაცია, ყველა საჭირო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევის ღირებულებაა 2 895 ევრო, ამ ეტაპზე, სპეციალისტების გადაწყვეტილებით, საჭიროა რინოპლასტიკის ჩატარება სუნთქვის გაძნელების აღმოსაფხვრელად, რომლის წინასწარი ღირებულებაა 11 632 ევრო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
დასახელებული ნორმით დადგენილი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, კ. მ-მა თავის შესაგებელში აღნიშნული გარემოებები სათანადოდ ვერ დაადასტურა, რის გამოც მისი მოსაზრება მართებულად არ იქნა გათვალისწინებული.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოცემული საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ კ. მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე კანონიერია და წარმოდგენილი კერძო საჩივრით მისი გაუქმების სამართლებრივი წანამძღვრების არსებობა სარწმუნოდ დასაბუთებული არ არის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: თ. თოდრია
ნ. ბაქაქური