საქმე №ას-1293-1231-2014 16 თებერვალი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. გ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – მ. გ-ი, დ. გ-ი და ა. კ-ე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ლ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. გ-ის, დ. გ-სა და ა. კ-ის მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. გ-მა, დ. გ-მა და ა. კ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება.
2014 წლის 15 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა ლ. გ-მა და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ლ. გ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას ითხოვდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად უთითებდა სანოტარო ბიუროდან გამოთხოვილ პრივატიზაციის მასალებზე; კერძოდ, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი იყო ფორმა №1 სადავო ბინაში ლ. გ-ის 1990 წლის 24 აგვისტოდან რეგისტრაციის თაობაზე და 1992 წლის აპრილით დათარიღებული ლ. გ-ის თანხმობა ბინის პრივატიზაციისას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული მტკიცებულებებიდან ერთ–ერთი მოსარჩელის - ლ. გ-ის მიერ, დართული იქნა 2010 წლის 04 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სარჩელზე. კერძოდ, ჯერ კიდევ 2009 წლის 04 მარტს, ლ. გ-ის ადვოკატ ნ. ბ-ის სახელზე, ნოტარიუს მ. მ-ის მიერ გაცემული ლ. გ-ის თანხმობის ფოტოასლი ერთვოდა სარჩელს (ტომი I, ს.ფ. 10, 11, 12), ხოლო საარქივო ცნობა ლ. გ-ის სადავო ბინაში 1990 წლის 24 აგვისტოდან რეგისტრაციის (ჩაწერის) თაობაზე, გაცემულია 27.06.2011 წელს და აღნიშნული ცნობა 2011 წლის 29 ივნისს ლ. გ-ის მიერ დართულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საკასაციო საჩივარზე (ტ. II. ს.ფ. 100). ე.ი. არც ერთი დასახელებული მტკიცებულება არ წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილს, ისინი წარდგენილი იყო საქმის მასალებში და ერთვოდა სარჩელს და საკასაციო საჩივარს.
რაც შეეხება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2014 წლის 27 აგვისტოს ჯ. მ-ის, მისი მოთხოვნის საფუძველზე, სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტაციის დამოწმებული ასლის გაგზავნას, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იგი არ მსჯელობდა ამ მასალის შინაარსზე და შესაბამისად, არ აფასებდა თუ რა გავლენა შეიძლებოდა ექონია მითითებულ დოკუმენტებს დავის გადაწყვეტაზე. სასამართლო, შემოიფარგლა რა წარმოდგენილი განცხადების დასაშვებობის შემოწმებით, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423–ე მუხლის მე–3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“–,,ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე;
აღნიშნულიდან გამომდინარე, ის გარემოება, რომ ლ. გ-მა 2014 წლის 20 ივლისს მიმართა იურიდიული კონსულტაციის მისაღებად ჯ. მ-ს და ამ უკანასკნელმა საჭიროდ მიიჩნია 2014 წლის 15 აგვისტოს წერილით მიემართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის, სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე, არ შეიძლებოდა შეფასებულიყო იმ ვითარებად, რომ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარდგენილი განცხადების დასაშვებობის პირობები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ. გ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად აღიარების შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნებოდა მიღწეული სადავო ბინის თანამესაკუთრედ აღიარების სამართლებრივი შედეგი ბინის პრივატიზაციის ფართზე მოსარჩელის უფლების დაუდგენლობის გამო. ანუ იმ მომენტისთვის რომ ყოფილიყო გამოთხოვილი მასალები ნოტარიუსიდან, სადაც დართული იქნებოდა ცნობა საბინაო პირობების შემოწმების შესახებ, დადგენილი იქნებოდა, რომ ლ. გ-ი იყო მ. გ-ის ოჯახის წევრი (ძმა) და მასზე გავრცელდებოდა ზემოაღნიშნული მთავრობის დადგენილება, რაც ასევე გამორიცხავდა ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებას, რომ მოსარჩელე მხარის მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა სადავო ბინაში ლ. გ-ის ჩაწერის ან დამქირავებელთან (მ. გ-ან) მუდმივად ერთად ცხოვრების ან საერთო მეურნეობის წარმოების ფაქტობრივი გარემოებები, რაც გამორიცხავდა დამქირავებელთან ერთად სადავო ბინაზე მოსარჩელის თანასაკუთრების უფლების აღიარების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას.
რაც შეეხება საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მითითებულ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილს, აღნიშნულთან დაკავშირებით კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ეს დოკუმენტი ადასტურებს ნასყიდობის ხელშეკრულების მოსაჩვენებლად დადებას. კერძოდ, მ. გ-ი, ა. კ-ე და დ. გ-ის მამა (მ. გ-ის და ლ. გ-ის ძმა) მუშაობდნენ ერთ სამინისტროში და იცნობდნენ ერთმანეთს, შესაბამისად, მათთვის ცნობილი იყო, რომ მიმდინარეობდა დავა აღნიშნულ ბინაზე ლ. გ-სა და მ. გ-ს შორის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
მითითებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში, კერძოდ, ამ ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, გაჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავსიუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ არსებობს საქმის წარმოების განახლების ის საფუძვლები, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, კერძოდ, მისი მოსაზრებით, ახლად აღმოჩენილია შემდეგი ორი გარემოება: 1. სანოტარო ბიუროდან გამოთხოვილი პრივატიზაციის მასალებით განმცხადებლისთვის ცნობილი გახდა, რომ იგი სადავო ბინაში ჩაწერილი ყოფილა 1990 წლის 24 აგვისტოს, მასვე ჰქონდა მიღებული მონაწილეობა პრივატიზაციაში და თანხმობა ჰქონდა დაწრილი მ. გ-ის სასარგებლოდ მასზედ, რომ მას მოეხდინა ბინის პრივატიზაცია; 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2014 წლის 27 აგვისტოს წერილობითი პასუხის შესაბამისად, განმცხადებლისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხეს, ა. კ-ეს და მის ძმას, ვ. გ-ს უმუშავიათ ერთ სამინისტროში. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ა. კ-ე არ იცნობდა მას არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ამრიგად, ლ. გ-ს სამინისტროს ეს პასუხი რომ წარედგინა სასამართლო სხდომაზე, აღნიშნული გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
განმცხადებლის პირველ მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული გარემოება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქმის წარმოების განახლების საფუძვლად იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული დოკუმენტები (პრივატიზაციის მასალები) თვით მოსარჩელის მიერაა წარდგენილი სასამართლოში და ერთვის საქმეს. უფრო მეტიც, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით ლ. გ-მა სააპელაციო სასამართლოს ერთხელ უკვე მიმართა, 2012 წლის 13 თებერვალს (იხ. ტ. II. ს.ფ. 176). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის განჩინებით ლ. გ-ის განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად დაუშვებლობის გამო, რაც ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მაისის განჩინებით (იხ. ტ. II. ს.ფ. 209-212, 238-244).
ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო სასამართლოში თავდაპირველად წარდგენილი შუამდგომლობით მის მიერ უკვე გამოყენებულია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მოთხოვნის საპროცესო საშუალება, ხოლო იმავე შუამდგომლობის სასამართლოს მიერ განმეორებით განხილვის შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ უშვებს.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მეორე მოთხოვნას, ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნეულ იქნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2014 წლის 27 აგვისტოს წერილობითი პასუხი, რომელიც ადასტურებს ნასყიდობის ხელშეკრულების მოსაჩვენებლად დადებას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნული მოთხოვნაც უსაფუძვლოა და ვერ მიიჩნევა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2014 წლის 27 აგვისტოს #08/5586 წერილით ადვოკატ ჯ. მ-ს მიეწოდა მოხელეთა დანიშვნისა და გათავისუფლების, ასევე ეკონომიკისა და მრეწველობის სამინისტროს ლიკვიდაციის შედეგად გათავისუფლებულ მოხელეთა შრომითი მოწყობის თაობაზე სამინისტროს არქივში არსებული დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები.
პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლო არ აფასებს, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს მითითებულმა დოკუმენტმა დავის გადაწყვეტაზე და შემოიფარგლება სსკ-ის 423-ე მუხლის საფუძველზე განცხადების დასაშვებობის შემოწმებით.
ზემოაღნიშნული ნორმით კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამასთან, კანონმდებლის მოთხოვნაა, რომ ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდეს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ. და ბოლოს, მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ამდენად, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძველი კიდეც რომ დადასტურდეს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შეიძლება მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის არსებობისას: პირველი, ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და მეორე, მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე, ამასთან, თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. შესაბამისად, კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებზე მითითების შესაძლებლობაც მხარეს გააჩნდა საქმის წარმოების დასრულებამდე.
ამრიგად, იმ პირობებშიც კი, თუ სასამართლო დადგენილად მიიჩნევდა, რომ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მხარის მიერ მითითებული დოკუმენტი (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2014 წლის 27 აგვისტოს #08/5586 წერილით მიღებული ინფორმაცია) არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანისას, მაგრამ მხარემ არ იცოდა მის შესახებ, აღნიშნული მაინც ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად, ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ შუამდგომლობის ავტორს, ლ. გ-ს არც სააპელაციო და არც საკასაციო ინსტანციის სასამართლოში წარუდგენია იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ მას თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა აღნიშნულ დოკუმენტზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს ლ. გ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების პროცესუალური საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
თ. თოდრია