საქმე №ას-1312-1250-2014 16 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ჩ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ. ბ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საკრედიტო დავალიანების გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ლ. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ჩ-ისა და ნ. კ-ის მიმართ მოპასუხეთათვის სოლიდარულად საკრედიტო დავალიანების – 11030,28 ლარის, სარგებლის – 749,19 ლარისა და ჯარიმის – 108,62 ლარის გადახდის შესახებ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2013 წლის 13 აპრილს სს „ლ. ბ-სა“ და ლ. ჩ-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება 11300 ლარზე 20% სარგებლის დარიცხვით, ხოლო პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ით. მსესხებელს თანხა უნდა დაებრუნებინა მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, რაც მას არ განუხორციელებია. სესხი უზრუნველყოფილ იქნა ნ. კ-სთან ბანკის მიერ გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. ნ.კ-მ განმარტა, რომ ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების გამო, იგი მოსარჩელეს თავდებობისაგან უნდა გაეთავისუფლებინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით სს „ლ. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა ძირითადი თანხის – 11030,28 ლარის, პროცენტის – 749,19 ლარისა და ჯარიმის – 108,62 ლარის გადახდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ლ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ლ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2014 წლის 4 დეკემბერს 10.00 საათზე, რის თაობაზეც ეცნობა მხარეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით. 2014 წლის 19 ნოემბერს აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის გახმობა ამავე კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე, მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება და სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.
პალატის მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლი ითვალისწინებს სარჩელის და არა სააპელაციო საჩივრის გამოხმობას. პალატის მოსაზრებით, განმცხადებლის მოთხოვნა სააპელაციო საჩივრის გამოხმობის თაობაზე ნიშნავს სააპელაციო საჩივარზე უარის თქმას.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, მე-3 მუხლის მეორე ნაწილით, 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, 274-ე მუხლითა და 49-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე და სურს საქმის წარმოების შეწყვეტა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ ჩათვალა, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და სარჩელზე წარმოება უნდა შეწყდეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ. ჩ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.
კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება სააპელაციო საჩივრის გამოხმობის მოთხოვნით, რადგან ბანკი პირდებოდა დავის შეწყვეტისა და დავალიანების ეტაპობრივად გადახდის შემთხვევაში შეთანხმების გაფორმებას დავალიანების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით. საქმე შეწყდა, მაგრამ ბანკი მაინც ეწინააღმდეგება კონკრეტულ შეთანხმებაზე.
ამდენად, მხარემ მიუთითა, რომ იგი წინააღმდეგია, გამოხმობილ იქნას მისი სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ჩ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ლ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრის არსებითად განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ლ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დაინიშნა მისი სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის დრო – 2014 წლის 4 დეკემბრის 11.00 საათი.
2014 წლის 19 ნოემბერს ლ. ჩ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თავისი სააპელაციო საჩივრის გამოხმობა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ განმცხადებლის მოთხოვნა სააპელაციო საჩივრის გამოხმობის თაობაზე ნიშნავს სააპელაციო საჩივარზე უარის თქმას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
მითითებული ნორმის შესაბამასიდ, სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები სააპელაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე მოსარჩელე უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სარჩელზე. აღნიშნული წესი ვრცელდება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც და მხარეს შეუძლია, დაეთანხმოს მის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებას.
ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იცნობს სარჩელის გამოხმობის ინსტიტუტსაც (831 მუხლი), რომლის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოში სარჩელისა თუ სააპელაციო საჩივრის გამოხმობის უფლებამოსილება კონკრეტულ დავაში მხოლოდ მოსარჩელის სტატუსის მქონე მხარეს გააჩნია, მოპასუხეს კი, ასეთ საპროცესო შესაძლებლობას კანონმდებელი არ აძლევს.
სარჩელზე უარის თქმასთან შედარებით სარჩელის გამოხმობის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ სარჩელის გამოხმობისას სასამართლო დატოვებს მას განუხილველად და მხარეს მომავალში, სასარჩელო ხანდაზმულობის დაცვით, კიდევ შეეძლება იმავე სარჩელით სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა, რაც სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში აღარ დაიშვება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლი).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ჩ-ს, როგორც მოცემულ დავაში მოპასუხედ ჩაბმულ სუბიექტს, არ გააჩნდა უფლება, გამოეთხოვა სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, აღნიშნულის თაობაზე ცხადად და გასაგებად განემარტა აპელანტისათვის, დაეზუსტებინა ლ. ჩ-ის ნამდვილი სამართლებრივი ნება, რაც მას არ განუხორციელებია. სააპელაციო პალატა უფლებამოსილი არ იყო, საკუთარი ინიციატივით, მხარესთან შეთანხმების გარეშე ლ. ჩ-ის მოთხოვნა დაეკვალიფიცირებინა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ კერძო საჩივარში ლ. ჩ-ი წინააღმდეგობას გამოთქვამს მისი სააპელაციო საჩივრის გახმობასთან დაკავშირებით და მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას, შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე აპელანტის სამართლებრივი ნება დამატებით გამოკვლევას აღარ საჭიროებს და, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეწყვიტა საქმის წარმოება ლ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრის მიმართ, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და მოცემული საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველი ლ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრის არსებითად განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ჩ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ლ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრის არსებითად განსახილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: თ. თოდრია
ბ. ალავიძე