საქმე №ას-1323-1261-2014 19 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. მ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ი. ს-ე (მოსარჩელე), მ. ხ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ი. ს-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. მ-სა და მ. ხ-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. მ-ემ და მ. ხ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ზ. მ-სა და მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ზ. მ-ეს და მ. ხ-ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ: ა) სააპელაციო საჩივრის ხელმოწერა; ბ) მითითება, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; გ) მითითება გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს; დ) სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 640 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სასამართლოში წარდგენა.
განჩინებით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადებით მიმართა ზ. მ-ემ, რომელმაც მიუთითა, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა. ამასთან სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დაადგენილი საპროცესო ვადის 5 დღით გაგრძელების თაობაზე იმ მოტივით, რომ მძიმე სოციალური პირობების გამო ვერ ახერხებდა დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის გადახდას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ზ. მ-ეს გაუგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 5 დღით და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 640 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სასამართლოში წარმოდგენა. ამავე განჩნებით მ. ხ-ს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა: ა) სააპელაციო საჩივრის ხელმოწერა. ბ) მითითება, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; გ) მითითება გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებედნენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს; დ) ზ. მ-ან ერთად სოლიდარულად სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 640 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დადგენილ ვადაში სასამართლოში წარდგენა; აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტების მიერ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შევსებულა. მათ არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის. შესაბამისი შუამდგომლობის გარეშე კი სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას საკუთარი ინიციატივით გაეგრძელებინა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა, რაც ზ. მ-სა და მ. ხ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ. მ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოსამართლის მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მან მძიმე სოციალური პირობების გამო ვერ მოახერხა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება შესრულებული იყო ნაწილობრივ, სრულად იყო გადახდილი საპროცენტო სარგებელი ი. ს-ის სასარგებლოდ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 560 აშშ დოლარს, რაც საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო. მხედველობაში არ იქნა მიღებული ასევე ის გარემოება, რომ მისი მხრიდან კეთილსინდისიერად და ჯეროვნად სრულდებოდა ფულადი ვალდებულება პროცენტის ნაწილში. სასამართლომ არ გაამახვილა ყურადრება მასზედ, რომ აღნიშნული თანხის ამოღების უზრუნველსაყოფად , იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა მ. ხ-ის კუთვნილი ქონება ხოლო ფულადი ვალდებულება ს-ის მიმართ გააჩნდა თვითონ მას. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და შესაბამისად უძრავი ქონება ფულადი ვალდებულების შესასრულებლად მიექცა სარეალიზაციოდ აუქციონზე, რის გამოც მხარეებს წაერთვათ შესაძლებლობა სრულად შეესრულებინათ დარჩენილი ვალდებულება, რომელსაც ითხოვდნენ მოპასუხეები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ზ. მ-ეს და მ. ხ-ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ: ა) სააპელაციო საჩივარის ხელმოწერა. ბ) მითითება, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; გ) მითითება გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს; დ) სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 640 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სასამართლოში წარდგენა (იხ. ს.ფ. 91-93)
ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში ზ. მ-ემ იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დაადგენილი საპროცესო ვადის 5 დღით გაგრძელების თაობაზე იმ მოტივით, რომ მძიმე სოციალური პირობების გამო ვერ ახერხებდა დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის გადახდას (იხ. ს.ფ. 99-100).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ზ. მ-ეს გაუგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 5 დღით და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 640 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სასამართლოში წარმოდგენა (იხ. ს.ფ. 103-106).
დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აპელანტ ზ. მ-ეს ჩაბარდა 2014 წლის 18 ნოემბერს. სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა ამოიწურა 2014 წლის 23 ნოემბერს, ხოლო აპელანტს დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ შეუსრულებია და არც შუამდგმლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მან მძიმე სოციალური პირობების გამო ვერ მოახერხა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა.
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნაზე, რომ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობით მიმართვისას მხარემ სასამართლოს უნდა წარუდგინოს მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი უტყუარი მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის წარდგენისას აპელანტს არ მიუთითებია რაიმე სარწმუნო გარემოებაზე და არც რაიმე სახის მტკიცებულება წარუდგენია სასამართლოსთვის, რაც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებდა, თუმცა სასამართლომ მაინც დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა და გაუგრძელა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 5 დღით. შესაბამისად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის აპელირება აღნიშნული მოტივით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით (ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ) დადგენილ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსთვის მიუმართავს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შუამდგომლობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
მოცემული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად გაგრძელებულ საპროცესო ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსთვის მიუმართავს შუამდგომლობით, პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას საკუთარი ინიციატივით კვლავ გაეგრძელებინა ვადა აპელანტისთვის, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობებს ქმნიდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად, აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება კერძო საჩივარში მხარის აპელირებას დავის ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებაზე და აღნიშნული მოტივით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს აღნიშნულს და მხარის ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ კერძო საჩივრით გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. შესაბამისად, პალატა კერძო საჩივრის განხილვისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით მსჯელობს ზემოაღნიშნული განჩინების საფუძვლიანობაზე, ხოლო საქმის არსებით განხილვა-გადაწყვეტას მოცემულ შემთხვევაში საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
თ. თოდრია