Facebook Twitter

საქმე №ას-1330-1368-2014 16 თებერვალი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ა-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ყ-უ, მ. ე-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ყ-მ და მ. ე-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ა-ასა“ და ნ. ლ-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების – 130000 აშშ დოლარის გადახდის შესახებ.

მოსარჩელეების განმარტებით, 2011 წლის 28 ოქტომბერს მოსარჩელეებსა და მოპასუხე შპს „ა-ას“ დირექტორ ნ. ლ-ს შორის დაიდო ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან იკისრა, არშემდგარი ეკონომიკური საქმიანობისათვის მოსარჩელეთა მიერ გადაცემული თანხის – 130 000 აშშ დოლარის 2012 წლის 28 მაისიდან 2012 წლის 28 ოქტომბრამდე მოსარჩელეებისათვის ნაწილ-ნაწილ გადახდის ვალდებულება. მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ, მართალია, 2011 წლის 28 ოქტომბერს მოსარჩელეებსა და შპს „ა-ას“ შორის მართლაც გაფორმდა ხელშეკრულება, თუმცა ნ. ლ-ი აღნიშნული ხელშეკრულების მხარე არ ყოფილა. როგორც საზოგადოების დირექტორი, იგი წარმოადგენდა შპს „ა-ას“, ხოლო ნ. ლ-ს მოსარჩელეების წინაშე არავითარი ვალდებულება არ უკისრია. რაც შეეხება შპს „ა-ას“, მან ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ, დაფარა დავალიანების ნაწილი – 44 231 აშშ დოლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 ივლისის განჩინებით საქმის წარმოება ნ. ლ-ის მიმართ შეწყდა მითითებული მოპასუხის მიმართ სარჩელზე უარის თქმის გამო, ხოლო 2014 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ა-ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 130000 აშშ დოლარის ანაზღაურება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინებით შპს „ა-ას“ სააპელაციო საჩივარი 90 000 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 22 სექტემბრის განჩინებით შპს „ა-ას“ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს განესაზღვრა 10 დღის ვადა სახელმწიფო ბაჟის – 7 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარსადგენად.

2014 წლის 8 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „ა-ას“ წარმომადგენელმა – დ. მ-მა და მოითხოვა გარკვეული ვადით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან განაწილვადება, რადგან შპს „ა-ას“ ამ ეტაპზე არ აქვს შესაძლებლობა, გადაიხადოს ასეთი მაღალი სახელმწიფო ბაჟი. ამასთან, თუ სახელმწიფო არ დააკმაყოფილებდა შუამდგომლობას, განმცხადებელი ითხოვდა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებას 14 დღით, რომლის განმავლობაშიც იგი შეეცდებოდა, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი მთლიანად ან 44231 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილის შესაბამისად.

2014 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით შპს „ა-ას“ შუმადგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან განაწილვადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და მისი მოთხოვნის საფუძველზე ხარვეზის შევსების ვადა 14 დღით გაუგრძელდა.

2014 წლის 10 ნოემბერს შპს „ა-ას“ წარმომადგენელმა დ. მ-მა კვლავ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, წარადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 2543,93 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და მოითხოვა ბაჟის დარჩენილი ნაწილის განაწილვადება. განმცხადებლის მითითებით, სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის განაწილვადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი მიღებულ უნდა იქნას წარმოებაში აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟის ფარგლებში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ნოემბრის განჩინებით შპს „ა-ას“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის განაწილვადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და აპელანტს დაევალა, დაეზუსტებინა გადაწყვეტილების რა ნაწილს ასაჩივრებდა სააპელაციო საჩივრით, ზუსტად განესაზღვრა და მიეთითებინა სააპელაციო საჩივრის ღირებულება იმის მიხედვით, თუ რა ნაწილში ასაჩივრებს გადაწყვეტილებას, მის მიერ განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად, დამატებით გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი და გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტი, ამ განჩინებით დადგენილ ვადაში, წარმოედგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

2014 წლის 10 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „ა-ას“ წარმოამდგენელმა დ. მ-მა, დამატებით წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 256,07 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიუთითა, რომ მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ერთიანობაში წარმოადგენს 40 000 აშშ დოლარის 4%-ის 1600 დოლარის ეკვივალენტ ლარს და მოითხოვა ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება. მხარემ აქვე აღნიშნა, რომ ეს არის სწორედ იმ მოცულობის თანხა, რომელიც შპს „ა-ამ“ მოწინააღმდეგე მხარეს დაუბრუნა.

მოთხოვნის სხვა ნაწილთან დაკავშირებით განმცხადებელმა მოითხოვა, სასამართლომ მიეღო გადაწყვეტილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და აღნიშნა, რომ შპს „ა-ას“ ამ ეტაპზე არ გააჩნია საშუალება გადაიხადოს სრულყოფილად სახელმწიფო ბაჟის თანხა მთლიანად დავის საგანზე. მოპასუხის სურვილია სასამართლომ შეამციროს სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, ან გადაავადოს ბაჟის გადახდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კანონი ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხოლოდ ფიზიკური პირების გათავისუფლების შესაძლებლობას სათანადო მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ 2014 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით უკვე იმსჯელა აპელანტის შუამდგომლობაზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით და უარი უთხრა მხარეს. ამჟამად აპელანტს ახალ გარემოებებზე არ მიუთითებია და რაიმე მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რომელთა საფუძველზეც სასამართლო კვლავ იმსჯელებდა სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებული შეღავათების გამოყენების შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ა-ას“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებაზე 40000 დოლარის დაკისრების ნაწილში მიღებულ უნდა იქნას განსახილველად, ხოლო დანარჩენ– 90 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში დარჩეს განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ა-ამ“ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სასამართლოს შესაძლებლობა ჰქონდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, გადაევადებინა აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა. მართალია, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება/განაწილვადება სასამართლოს უფლებაა და არა ვალდებულება, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც შპს „ა-ა“ გამოხატანავდა მზადყოფნას, სახელმწიფო ბაჟის განაწილვადებით გადახდაზე, ამასთან, დაფარული იყო სახელმწიფო ბაჟის მნიშვნელოვანი ნაწილი, სასმართლოს უნდა განეწილვადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა და სრულყოფილად მიეღო წარმოებაში სააპელაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა-ას“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ 2014 წლის 22 სექტემბრის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტ შპს „ა-ას“ დაუდგინა ხარვეზი და დაავალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 7000 ლარის გადახდა. აღნიშნული ვადა აპელანტის თხოვნით ორჯერ – 14 და 5 დღით გაგრძელდა. ამავე კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე კი, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხარის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, რადგან მხარეს არ ჰქონდა წარდგენილი სათანადო მტკიცებულებები.

ასევე დადგენილია და მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 20 ნოემბრის განჩინება ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის გაგრძელების შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა შპს „ა-ას“ წარმომადგენელ დ. მ-ს, რომლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში არსებული რწმუნებულებით (ტომი 1, ს.ფ. 93) და 2014 წლის 26 ნოემბერს ჩაბარდა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე არსებულ ოფისმენეჯერს – ლ.ჯ-ს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება. ამასთან, თუ სასამართლო უწყებას ან გზავნილს გაუგზავნის ზემოაღნიშნულ სუბიექტებს სამუშაო ადგილის მიხედვით, გზავნილი კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიიჩნევა მაშინაც, როდესაც იგი მიიღო არა უშუალოდ ადრესატმა, არამედ შესაბამისი ორგანიზაციის სათანადოდ უფლებამოსილმა პირმა. ასეთი პირი ვალდებულია, თავისი ხელმოწერით დაადასტუროს სასამართლო გზავნილის ჩაბარება და გადასცეს იგი ადრესატს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო გზავნილი შპს „ა-ას“ კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

ამდენად, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 27 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 1 დეკემბერს, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი სრულად არ შეუვსია. აპელანტმა სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა მხოლოდ სააპელაციო საჩივრის იმ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა 40000 აშშ დოლარის დაკისრებას, დარჩენილი 90000 აშშ დოლარის მოთხოვნის მიმართ კი, მხარეს სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა სადავო ნაწილში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას.

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი და აპელანტის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მისთვის სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ოდენობის გადახდა უნდა გადაევადებინება ან განეწილვადებინა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

ხსენებული ნორმების ანალიზი მეტყველებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გაათავისუფლოს ან მისი გადახდა გადაუვადოს მხარეს, რომელიც დაარწმუნებს მას, საკუთარი მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასეთის გადახდის ობიექტურ შეუძლებლობაში, რაც დადასტურდება სათანადო მტკიცებულებების წარდგენით.

მოცემულ შემთხვევაში შპს „ა-ამ“ რაიმე მტკიცებულების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნია ან ვერ გადაიხდის თანხას გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა-ას“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: თ. თოდრია

ბ. ალავიძე