Facebook Twitter

საქმე №ას-1331-1369-2014 25 თებერვალი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. ნ-ო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ი(მოსარჩელე), რ. თ-ა, დ. თ-ა, ი. ნ-ო და რ. ნ-ო (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და უკანონო მფლობელობის განმავლობაში გადაუხდელი კომუნალური გადასახადების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ნ-ოს, რ. თ-ას, დ. თ-ას, ი. ნ-სა და რ. ნ-ოს მიმართ უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და უკანონო მფლობელობის განმავლობაში გადაუხდელი კომუნალური გადასახადების დაკისრების თაობაზე.

მოპასუხე ე. ნ-ომ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ნ-ომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ე. ნ-ოს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის სხდომას ესწრებოდა ე. ნ-ო და მისი წარმომადგენლები - ი.. ბ-ე და ა. ლ-ე. შესაბამისად, აპელანტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება უნდა ჩაებარებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ მიიჩნია ის ფაქტიც, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე. ნ-ომ ჩაიბარა კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გამოცხადების გზით, 2014 წლის 17 ოქტომბერს ანუ გადაწყვეტილების სარეზოლიციო ნაწილის გამოცხადებიდან 22-ე დღეს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება ე. ნ-ოს შეეძლო ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ანუ 2014 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ ე. ნ-ომ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2014 წლის 5 ნოემბერს, ანუ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ე. ნ-ომ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი არ ფლობდა სამართალწარმოების ენას, შესაბამისად, მისთვის უცნობი იყო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. ამიტომაც გაუშვა კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების 14 დღიანი ვადა. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მან თავის წარმომადგენლებს მოგვიანებით გადასცა აღნიშნული გადაწყვეტილება, რომლებმაც დაუყონებლივ, 2014 წლის 5 ნოემბერს გაასაჩივრეს იგი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების ი.დიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ნ-ოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ იგი ესწრებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას. დადგენილია ასევე, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ ე. ნ-ოს წარმომადგენლები - ი. ბ-ე და ა. ლ-ე (იხ. ს.ფ. 134).

საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია ის ფაქტიც, რომ რომ 2014 წლის 17 ოქტომბერს, ანუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 22-ე დღეს ე. ნ-ომ პირადად ჩაიბარა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 სექტემბრის დაწყვეტილება, შესაბამისად 14 დღიანი გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 18 ოქტომბრიდან და დასრულდა 2014 წლის 31 ოქტომბერს. სააპელაციო საჩივარი კი შეტანილი იქნა 2014 წლის 5 ნოემბერს, სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ მან არ იცოდა სამართალწარმოების ენა და შესაბამისად, მისთვის უცნობი იყო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, ვერ მიიჩნევა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას ე. ნ-ო სარგებლობდა თარჯიმნის მომსახურებით. თარჯიმანი ვიოლეტა გევორქიანი ესწრებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 სექტემბრის სასამართლო სხდომასაც, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და განიმარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და წესი (იხ.ს.ფ. 134-1401). შესაბამისად, უსაფუძვლოა მხარის აპელირება, რომ ენის არცოდნის გამო მისთვის უცნობი იყო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე. ნ-ოს ინტერესებს იცავდა მისი ორი წარმომადგენელი - ადვოკატები ი. ბ-ე და ა. ლ-ე, რომლებიც ე. ნ-ოს მიერ მათ სახელზე გაცემული მინდობილობის შესაბამისად, უფლებამოსილნი იყვნენ მარწმუნებელის სახლით განეხორციელებინათ სასამართლოში საქმის წარმოებისათვის მხარისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საპროცესო უფლება-მოვალეობა, მათ შორის, გაესაჩივრებინათ სასამართლოს ნებისმიერი აქტი, წარედგინათ სააპელაციო და საკასაციო საჩივარი (იხ. ს.ფ. 141). აღნიშნული პირები, ე. ნ-ან ერთად ესწრებოდნენ საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. ს.ფ. 134).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კლიენტსა და ადვოკატს შორის ურთიერთობა რეგულირდება დავალების ხელშეკრულების ნორმებით, რომლებსაც ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. აღნიშნული კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე, ხოლო ამავე კოდექსის 711-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რწმუნებულმა დავალება პირადად უნდა შეასრულოს.

სამოქალაქო კოდექსის 713-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რწმუნებული მოვალეა მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია დავალების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების შემდეგ კი ჩააბაროს მას ანგარიში.

ადვოკატის საქმიანობა და კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობა რეგულირდება, აგრეთვე, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ადვოკატის საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ ი.დიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას სამოქალაქო სამართლის საქმეზე სასამართლოში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას.

იმავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ადვოკატი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები, რაც, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, უპირველეს ყოველისა, გულისხმობს ადვოკატის ვალდებულებას კლიენტის წინაშე მის მიერ ნაკისრ მოვალეობებს მოეკიდოს სათანადო გულისხმიერებით, კერძოდ, კლიენტის უფლებების დაცვისა და რეალიზებისათვის იზრუნოს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ პირობებში მყოფი მისი პროფესიის მქონე ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და იმოქმედოს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია კლიენტისათვის.

კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობა ეფუძნება ნდობას; ხოლო ადვიკატისადმი კლიენტის ნდობა ეფუძნება ადვოკატის პირად ღირსებას, პატიოსნებას, შეუვალობას, კომპენტენტურობას და დამოუკიდებლობას. ადვოკატმა არ უნდა იმოქმედოს ისე, რომ ეჭვქვეშ დააყენოს მისდამი კლიენტის ნდობა. აღნიშნული თვისებები ადვოკატის პროფესიული ვალდებულებაა (იხ. ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, მუხლი 3, დამტკიცებულია ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ 2006 წლის 15 აპრილს, 2012 წლის 8 დეკემბრის ცვლილებებითა და დამატებებით).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ე. ნ-ომ არ იცოდა სამართალწარმოების ენა, მისი ადვოკატების პირდაპირი ვალდებულება იყო კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადებულიყვნენ სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, ხოლო შემდეგ კანონით დადგენილი ვადის დაცვით გაესაჩივრებინათ აღნიშნული გადაწყვეტილება, აგრეთვე, მოეხდინათ მარწმუნებლის დროული და სრული ინფორმირება საქმის მიმდინარეობისა და მისი საპროცესო უფლება-მოვალეობების თაობაზე. ისინი სწორედ ამ ფუნქციების შესასრულებლად იყვნენ დაქირავებულნი, როგორც ე. ნ-ოს რწმუნებულები. ამიტომ კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ მისმა წარმომადგენლებმა გაუშვეს სასამართლოსადმი სააპელაციო საჩივრით მიმართვის ვადა იმ მიზეზით, რომ ე. ნ-ო პირადად გამოცხადდა სასამართლო გადაწყვეტილების ჩასაბარებლად და შემდეგ, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადების არცოდნის გამო, დააგვიანა ეს გადაწყვეტილება გადაეცა საკუთარი ადვოკატებისათვის, ეწინააღმდეგება კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობისათვის დადგენილ ყოველგვარ სტანდატს, შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად გასაჩივრების ვადის გასვლის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ე. ნ-ოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე