საქმე №ას-1336-1374-2014 9 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. კ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. დ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ნოემბრისა და 10 დეკემბრის განჩინებები
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. დ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. კ-ის მიმართ 15 000 აშშ დოლარის დაბრუნების შესახებ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ აპირებდა მოპასუხისაგან ქ.თბილისში, ზ-ის ქ.№27-ში მდებარე ბინის ყიდვას, რის გამოც ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე ნაწილ-ნაწილ გადასცა 15000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის მიღების მიუხედავად, გ.კ-მა თ.დ-ს სადავო უძრავი ნივთი არ გადაუფორმა და არც თანხა მისთვის არ დაუბრუნებია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის ფაქტობრივად არსებობდა სამისდღეშიო რჩენის შეთანხმება. აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელემ მას გადასცა 5725 აშშ დოლარი. შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტები არასწორია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. კ-ს თ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 6225 აშშ დოლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში კი, სარჩელს ეთქვა უარი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ნოემბრის განჩინებით გ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 5 ნოემბრის განჩინებით გ. კ-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში 243 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოსათვის წარდგენა.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლით და აღნიშნა, რომ 2014 წლის 14 ნოემბერს აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და წარადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 346 ლარის გადახდის ქვითარი მაშინ, როდესაც 243 აშშ დოლარის ეკვივალენტია 422,82 ლარი. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ გ.კ-მა ხარვეზი სრულად არ შეავსო და არც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, საპროცესო ვადის გაგრძელება არ მოითხოვა.
ამდენად, ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, სასამართლომ გ.კ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
2014 წლის 3 დეკემბერს გ. კ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, დაურთო მას დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის – 106,10 ლარის გადახდის ქვითარი და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინებით გ. კ-ის განცხადება დარჩა განუხილველად შემდეგი მოტივებით:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ გ.კ-მა 2014 წლის 5 ნოემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი სრულად არ შეავსო და 243 აშშ დოლარის ეკვივალენტი 427,68 ლარის ნაცვლად, გადაიხადა 346 ლარი.
სასამართლომ მიუთითა, რომ გ.კ-მა ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა ახსნა გაუგებრობით, კერძოდ, მხარის მიერ 243 აშშ დოლარი აღქმულ იქნა 346 ლარად.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით და მიიჩნია, რომ 2014 წლის 24 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემდეგ წარმოდგენილი მხარის განცხადებაც უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებებზე გ. კ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მათი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება შემდეგი საფუძვლებით:
კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ 2014 წლის 7 ნოემბერს ჩაიბარა 2014 წლის 5 ნოემბრის განჩინება სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენის შესახებ, რომლის პირველ გვერდზე მითითებულია, რომ გ.კ-ს თ.დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი – 346 ლარი. ვინაიდან სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრა 243 აშშ დოლარით, აპელანტმა 346 ლარი აღიქვა 243 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად. 2014 წლის 2 დეკემბერს, ადვოკატთან შეხვედრისას მხარემ შეიტყო, რომ ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებია და ჩათვალა, რომ სასამართლომ გაუგრძელა საპროცესო ვადა. ამიტომ დაუყოვნებლივ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი თანხა.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მას 2014 წლის 24 ნოემბრის განჩინება მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ არ ჩაბარებია და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე შეიტყო 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინებით.
მხარემ განმარტა, რომ არის 75 წლის პენსიონერი. სააპელაციო სასამართლოში მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, რაზეც უარი ეთქვა. ამიტომ გაჭირვებით მოიძია სახელმწიფო ბაჟის თანხა ნაცნობ-მეგობრებში. მართალია, აპელანტმა თავდაპირველად სახელმწიფო ბაჟი სრულად არ გადაიხადა, მაგრამ სასამართლოს მხრიდან კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში შესაძლებელი იყო, სააპელაციო პალატას ეცნობებინა ხარვეზის სრულად შეუვსებლობის თაობაზე გ.კ-ისათვის ან გაეგრძელებინა საპროცესო ვადა დარჩენილი თანხის წარსადგენად. უკიდურეს შემთხვევაში კი, სასამართლოს შეეძლო, დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმის საბოლოოდ განხილვამდე.
ამდენად, გ.კ-მა ჩათვალა, რომ გასაჩივრებული განჩინებით დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლებები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის მეხუთე-მეშვიდე ქვეპუნქტები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. კ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებები უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს გ.კ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2014 წლის 5 ნოემბრის განჩინებით გ. კ-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში 243 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოსათვის წარდგენა.
აღნიშნული განჩინება აპელანტს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით, თუმცა საქმის მასალებში გზავნილის გ. კ-ისათვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიპოვება.
2014 წლის 14 ნოემბერს აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და წარადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 346 ლარის გადახდის ქვითარი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის ფაქტი, რომ 243 აშშ დოლარის ეკვივალენტია 422,82 ლარი. შესაბამისად, გ.კ-მა ხარვეზი სრულად არ შეავსო და არც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, საპროცესო ვადის გაგრძელება არ მოითხოვა, რის გამოც, 2014 წლის 24 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის განჩინება გ. კ-ს გაეგზავნა და მხარეს ჩაბარდა 2014 წლის 1 დეკემბერს (ტომი 2, ს.ფ. 26), რის შემდეგაც 2014 წლის 3 დეკემბერს გ.კ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას, წარადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 106,10 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად თვლის, გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი, რომლის თანახმად ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
კანონის მითითებული დანაწესის მიზანია, მოდავე მხარის მიერ გარკვეულ საკითხზე ნების გამოვლენისას მხარის აღნიშნული ნება განიმარტოს არა ვიწროდ, მარტოოდენ ფორმალური თვალსაზრისით, არამედ შეფასდეს, რა მიზნის მიღწევა ჰქონდა განზრახული მხარეს კონკრეტული ნების გამოვლენით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე უნდა შეფასდეს, რა მიზნის მიღწევა სურდა გ. კ-ს 2014 წლის 3 დეკემბრის განცხადების შეტანისას. აღნიშნულის გასარკვევად მნიშვნელოვანია თავად განცხადების მოთხოვნა – გ.კ-ის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება. ანალოგიურ მოთხოვნას შეიცავს ამჟამად საკასაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული კერძო საჩივარიც.
ამავდროულად, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მითითებული განცხადების შეტანას წინ უსწრებდა 2014 წლის 1 დეკემბერს გ. კ-ის მიერ მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე სააპელაციო პალატის 2014 წლის 24 ნოემბრის განჩინების ჩაბარება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის მხრიდან 2014 წლის 3 დეკემბრის განცხადების წარდგენა ექცევა მხარის მიერ კერძო საჩივრის შეტანის სამართლებრივ ჩარჩოებში და აღნიშნული განცხადება თავისი შინაარსითა და მოთხოვნით – სასამართლომ წარმოებაში მიიღოს სადავო სააპელაციო საჩივარი, წარმოადგენს კერძო საჩივარს. 2014 წლის 3 დეკემბერს მხარის მიერ წარდგენილი განაცხადი და კერძო საჩივრის საფუძვლები საჭიროებდა დაზუსტებას, რაც გ.კ-მა განახორციელა 2014 წლის 18 დეკემბრის კერძო საჩივრის ფარგლებში, როდესაც მხარემ თავისი მოთხოვნა დააზუსტა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებასთან ერთად მოითხოვა სააპელაციო პალატის იმ განჩინებების გაუქმებაც, რომელთა მეშვეობითაც მისი პრეტენზიები დარჩა განუხილველად.
ზემოთ მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. შესაბამისად, გ. კ-ის კერძო საჩივარზე უნდა იმსჯელოს საკასაციო სასამართლომ.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობაც, კერძოდ, ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 5 ნოემბრის განჩინებით გ. კ-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში 243 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოსათვის წარდგენა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი მოიაზრებდა ორი კუმულაციური პირობის დაცვას – კონკრეტული საპროცესო მოქმედების შესრულებას და აღნიშნული მოქმედებისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვას. იმისათვის, რომ სასამართლომ აითვალოს საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა, საჭიროა მხარეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდეს განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე. მხოლოდ აღნიშნული მომენტიდანაა შესაძლებელი ხარვეზის შევსების ვადის ათვლა და ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საპროცესო სანქციის სახით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გ. კ-ისათვის 2014 წლის 5 ნოემბრის განჩინების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება არ გააჩნდა, შესაბამისად, სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი, განუხილველად დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი მით უფრო, რომ აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხის უმეტესი ნაწილი – 346 ლარი 2014 წლის 14 ნოემბერსვე დაფარა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ აპელანტმა საკუთარი ინიციატივით მიმართა სასამართლოს ხარვეზის გამოსწორების მიზნით, არ წარმოადგენს საკმარის არგუმენტს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ეტაპზე გ.კ-ს სრულად აქვს გადახდილი სააპელაციო საჩივარზე დადგენილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა – 234 აშშ დოლარი, რომლის ეკვივალენტ ლარად გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია 427,68 ლარი, აპელანტმა კი პირველ ეტაპზევე 346 ლარის გადახდით გამოავლინა მზაობა, დაეფარა სახელმწიფო ბაჟი და დაადასტურა თავისი ინტერესი სააპელაციო საჩივრის განხილვასთან მიმართებით. მოგვიანებით, აპელანტმა წარადგინა დამატებით 106,10 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები (ტომი 2, ს.ფ. 28-29). შესაბამისად, მის მიერ გადახდილი თანხის ჯამი – 452,1 ლარი აღემატება სააპელაციო საჩივრისათვის საჭირო ოდენობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის აუცილებლობა დადგენილია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, რომელიც ასევე ითვალისწინებს მხარის მიერ შესაბამისი თანხის გადაუხდელობის სამართლებრივ შედეგებსაც, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების მექანიზმი მხარისათვის სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის კანონისმიერ საშუალებასაც წარმოადგენს. ამდენად, მისი გამოყენებისას სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს და შეაფასოს თანხის გადახდევინების პროცესში წარმოშობილი ყველა გარემოება.
სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც. სასამართლო სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით მრავალ საქმეზე და, მათ შორის, საქმეებზე: კრეუცი პოლონეთის წინააღმდეგ, იედამსკა და იედამსკი პოლონეთის წინააღმდეგ, გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, ბრუალა გომეს დე ლა ტორე ესპანეთის წინააღმდეგ, ტოლსტოი-მილოსლავსკი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ და ა. შ. განმარტა შემდეგი: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი უზრუნველყოფს ყოველი ადამიანის უფლებას სასამართლო წესით დაიცვას თავისი უფლებები და მოვალეობები.
სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება „სასამართლოს უფლების“ მხოლოდ ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს, თუმცა აღნიშნული კომპონენტი კონვენციის ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებული სხვა უფლებებით სარგებლობის გარანტიაა. „სასამართლოს უფლება“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი აძლევს რა მხარეებს თავიანთ უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად „სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებას“, სახელმწიფოს ამავე დროს აღნიშნული უფლების შეზღუდვის იმ საშუალებათა თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას ანიჭებს, რომელთა მეშვეობითაც “სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება“ შეიძლება შეიზღუდოს, თუმცა ამავე დროს სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული შეზღუდვები უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზნებს შორის.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზოგიერთ საქმეზე დასაშვებად მიიჩნია ფიზიკურ პირთათვის სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გარკვეული სახის, მათ შორის, ფინანსური შეზღუდვის დაწესება. აღნიშნული შესაძლებლობა განსაკუთრებით იმ საქმეებს ეხება, სადაც საჩივრის დასაშვებობაზეა საუბარი ან სადაც მართლმსაჯულება მომჩივნისაგან იმ ხარჯების ანაზღაურებას ითხოვს, რომლებიც მეორე მხარემ გასწია. სარჩელის ან საჩივრის დასაშვებად ცნობის ერთ-ერთ წინაპირობად სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაწესება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, არ უნდა იქნეს გაგებული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფად, თუმცა სასამართლოს მიერ გამოყენებულმა შეზღუდვებმა არ უნდა შეზღუდოს სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება იმ გზით ან იმ ფარგლებში, რაც თვით აღნიშნული უფლების (სასამართლო ხელმისაწვდომობის) არსს ხელყოფს: სასამართლო ბაჟის ოდენობა გამოანგარიშებულ უნდა იქნეს ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მომჩივნის ფინანსური მდგომარეობის ჩათვლით; ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას სამართალწარმოების ეტაპი, როცა აღნიშნული შეზღუდვა იქნა გამოყენებული.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი არ ავალდებულებს მონაწილე სახელმწიფოებს სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოების შექმნას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე სახელმწიფოს გააჩნია ზემდგომი ინსტანციის სასამართლო, მაშინ აღნიშნული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებების დაცვა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებშიც, თუმცა, მოცემულ უფლებათა დაცვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში აღნიშნული ინსტანციის სასამართლოების თავისებურებების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გარდა ზემოაღნიშნულისა, საკუთარი დანიშნულება განმარტა და მიუთითა, რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს ეროვნულ დონეზე კომპეტენტური ორგანოს ნაცვლად მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის უზრუნველმყოფი მაქსიმალურად ეფექტური ზომების განსაზღვრა და არც იმ ფაქტების შეფასება, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი მდგომარეობს იმაში, რომ შეამოწმოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ამასთან, სასამართლომ განმარტა ისიც, რომ მის მიერ ფაქტების კვლევა ეფუძნება კონვენციით გათვალისწინებულ პრინციპებს, დაიცვას არა თეორიული, ილუზიური უფლებები, არამედ უზრუნველყოს პრაქტიკული და ეფექტური უფლებების განხორციელება და დაცვა, სწორედ ისეთის როგორიც, დემოკრატიულ საზოგადოებაში მისი განსაკუთრებული ადგილიდან გამომდინარე, სამართლიანი სასამართლოს უფლებაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: 1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას დასაშვებად მიიჩნევს; 2. შეზღუდვები შეიძლება ატარებდეს ფინანსურ ხასიათს, რაც მოსარჩელისა ან განმცხადებლისათვის ბაჟის დაკისრებაში გამოიხატება; 3. სასამართლო ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვა, მათ შორის ფინანსურიც, შესაძლებელია უფრო გამკაცრდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში; 4. სასამართლო ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვა კონვენციის საწინააღმდეგო ხასიათს იძენს, თუ აღნიშნული შეზღუდვის შედეგად სამართალწარმოება საერთოდ არ შედგა; 5 .თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული „სასამართლო ხელმისაწვდომობის“ უფლების ხელყოფად; 6. შეზღუდვები უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზნებს შორის; 7. სასამართლო ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვა, მათ შორის, ფინანსური, არ უნდა იყოს გადაჭარბებული და არაგონივრული.
სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება იმისა, რომ ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის 2014 წლის 24 ნოემბრის განჩინებით გ. კ-ს სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი მცირე ოდენობის გადაუხდელობის მოტივით სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება შეეზღუდა, რის გამოც მითითებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, ასევე ამავე პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს გ.კ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. კ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ნოემბრისა და 10 დეკემბრის განჩინებები გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს გ.კ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: თ. თოდრია
ბ. ალავიძე