საქმე №ას-1349-1386-2014 16 თებერვალი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. ბ-ე, შპს „ფ-ი“, შპს „ე-ა XXI“, შპს „გ ჯ-ა“, გ. მ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საბანკო კრედიტის დაფარვა, დაგირავებული ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ბ-ის, შპს „ფ-ის“, შპს „ე-ა XXI-ის“, შპს „გ ჯ-ას“, გ. მ-ის, ბ. ი-ის, კ. ქ-ისა და თ. რ-ას მიმართ თ. ბ-ის, შპს „ფ-ის“, შპს „ე-ა XXI-ის“, შპს „გ. ჯ-ასა“ და გ. მ-ისათვის საბანკო კრედიტის – 372693,26 აშშ დოლარის დაფარვის, გ. მ-ის პასუხისმგებლობის 100 000 აშშ დოლარით განსაზღვრისა და დაგირავებული ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის შესახებ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებობდა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ურთიერთობები. მოპასუხეებმა ნაკისრი ვალდებულება სათანადოდ არ შეასრულეს, რის გამოც მათ უნდა დაეკისროთ დავალიანების დაფარვა და ზიანის ანაზღაურება. იძულებით აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხეთა დაგირავებული ქონება, ხოლო აღნიშნული ქონებით დავალიანების სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში – მსესხებელთა სხვა ქონებაც.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, რაც თ. ბ-მ, შპს „ფ-მა“, შპს „ე-ა XXI-მ“, შპს „გ .ჯ-ამ“ და გ. მ-მა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ნოემბრის განჩინებით თ. ბ-ის, შპს „ფ-ის“, შპს „ე-ა XXI-ის“, შპს „გ. ჯ-ასა“ და გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი იყო ხარვეზიანი, რის გამოც 2014 წლის 15 სექტემბრის განჩინებით პალატამ დაავალა მხარეს 14 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2014 წლის 15 სექტემბრის განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების თანახმად, გაეგზავნა აპელანტების წარმომადგენელ ე. პ-ს და 2014 წლის 29 სექტემბერს ჩაბარდა ადვოკატ თ. ც-ს.
ამავე კოდექსის მე-60-61-ე მუხლების საფუძველზე სასამართლომ ხარვეზის შევსების ვადა აითვალა 2014 წლის 30 სექტემბრიდან და მიიჩნია, რომ მისი ბოლო ვადა იყო 13 ოქტომბერი, თუმცა მითითებულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 59-ე მუხლით და ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ .ბ-ის, შპს „ფ-ის“, შპს „ე-ა XXI-ის“, შპს „გ. ჯ-ასა“ და გ. მ-ის წარმომადგენელმა ე. პ-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ გაეგზავნა აპელანტთა წარმომადგენელ ე.პ-ს სამსახურებრივ მისამართზე.
მხარემ დაადასტურა, რომ სასამართლო გზავნილი ჩაბარდა ადვოკატსა და ე. პ-ის თანამშრომელ თ. ც-ს, თუმცა ამ უკანასკნელს ე.პ-ისათვის გზავნილი არ გადაუცია. თ.ც-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რის შესახებაც კერძო საჩივრის ავტორმა გამოითხოვა 112-ის სამსახურიდან შესაბამისი მტკიცებულება. აღნიშნული დოკუმენტის მიღების შემდეგ იგი წარედგინება სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ბ-ის, შპს „ფ-ის“, შპს „ე-ა XXI-ის“, შპს „გ. ჯ-ასა“ და გ. მ-ის წარმომადგენელ ე. პ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ 2014 წლის 15 სექტემბრის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტებს დაუდგინათ ხარვეზი და დაავალათ 14 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა.
სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის განჩინება გაეგზავნა აპელანტთა წარმომადგენელ ე. პ-ს, რომლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმის მასალებში წარმოდგენილი მინდობილობებით (ტომი 2, ს.ფ. 82-95).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება. ამასთან, თუ სასამართლო უწყებას ან გზავნილს გაუგზავნის ზემოაღნიშნულ სუბიექტებს სამუშაო ადგილის მიხედვით, გზავნილი კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიიჩნევა მაშინაც, როდესაც იგი მიიღო არა უშუალოდ ადრესატმა, არამედ შესაბამისი ორგანიზაციის სათანადოდ უფლებამოსილმა პირმა. ასეთი პირი ვალდებულია, თავისი ხელმოწერით დაადასტუროს სასამართლო გზავნილის ჩაბარება და გადასცეს იგი ადრესატს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორმაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის განჩინება ამავე წლის 29 სექტემბერს კანონის ზემოთ მითითებული მოთხოვნების დაცვით ჩაბარდა ე. პ-ის თანამშრომელს, რის საფუძველზეც სააპელაციო პალატამ თ. ც-ისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება თავად ე.პ-ისათვის მის ჩაბარებად მართებულად ჩათვალა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის მიცემული ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 29 სექტემბრის მომდევნო დღიდან – 2014 წლის 30 სექტემბრიდან და ამოიწურა 2014 წლის 13 ოქტომბერს. აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აპელანტებს გონივრული ვადა – 14 დღე მიეცათ ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა მათ ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ აპელანტმა ხარვეზი ვერ შეავსო საპატიო მიზეზით, კერძოდ, სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე ჩაბარდა ე. პ-ის თანამშრომელ ადვოკატ თ. ც-ს, რომელსაც ე.პ-ისათვის გზავნილი არ გადაუცია თ.ც-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია თ. ც-ის ავადმყოფობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც კანონის ზემოაღნიშნული დანაწესის შესაბამისად, დაადასტურებდა, რომ არსებობდა მითითებული ნორმით გათვალისწინებული ობიექტური გარემოება, რომელმაც ხელი შეუშალა თ. ც-ს, გადაეცა ე. პ-ისათვის სასამართლო გზავნილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ბ-ის, შპს „ფ-ის“, შპს „ე-ა XXI-ის“, შპს „გ. ჯ-ასა“ და გ. მ-ის წარმომადგენელ ე. პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: თ. თოდრია
ბ. ალავიძე