საქმე №ას-215-202-2015 24 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – გ. ხ.-ი, ი. ბ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ.-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „პ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს – გ. ხ.-სა და ი. ბ.-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3600 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხე გ. ხ.-ს დამატებით ინდივიდუალურად დაეკისრა 1719,45 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ხ.-მა, ი. ბ.-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრის განჩინებით გ. ხ.-ისა და ი. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს გ. ხ.-მა, ი. ბ.-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა გ. ხ.-ისა და ი. ბ.-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე დაიშვება თუ არა კერძო საჩივრის შეტანა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელ ნ. მ.-ეს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით. სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო შეტყობინებიდან ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელმა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე იმ საფუძვლით, რომ თავად ჩაიბარებს ამ გზავნილს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორებისათვის წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება 2014 წლის 27 დეკემბერს (ტ.2, ს.ფ.6). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 28 დეკემბერს და ამოიწურა 2015 წლის 8 იანვარს, ხოლო კერძო საჩივარი გ. ხ.-ისა და ი. ბ.-ის წარმომადგენელმა ნ. მ.-ემ შეიტანა 2015 წლის 9 თებერვალს, ე.ი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ხ.-ისა და ი. ბ.-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 416-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ხ.-ისა და ი. ბ.-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია