Facebook Twitter

საქმე №ას-2-2-2015 18 თებერვალი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ს. ჩ. (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ნ. ე.

მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ქ. (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 თებერვლის განჩინებით ს. ჩ-ას სარჩელი, მოპასუხე ვ. ქ-ის მიმართ საზიარო უფლების გაუქმების შესახებ დარჩა განუხილველად, მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო. 2014 წლის 21 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ვ. ქ-ის წარმომადგენელმა - გ. მ-მ, რომელმაც დამატებითი განჩინების მიღებით მოითხოვა, მოპასუხის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯების მოსარჩელისათვის დაკისრება, რაზედაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 08 აპრილის განჩინებით ეთქვა უარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 08 აპრილის განჩინება და ვ. ქ-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელე ს. ჩ-ას მოპასუხე ვ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო ხარჯების ანაზღაურება 1021,50 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მეორე ნაწილით, რომელიც მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, ადგენს მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების მოსარჩელის მიერ ანაზღაურების ვალდებულებას და დადგენილად მიიჩნია, რომ ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა მოპასუხე ვ. ქ-ის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის არსებობა 1000 ლარის ოდენობითა და საჯარო რეესტრიდან დოკუმენტების გამოთხოვის ხარჯის არსებობა 21,50 ლარის ოდენობით, სახეზე იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით მოპასუხის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის და საჯარო რეესტრიდან დოკუმენტების გამოთხოვისათვის გაწეული ხარჯის მოსარჩელის მიერ ანაზღაურების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები.

ზემოთ აღნიშნული განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ს. ჩ-ას წარმომადგენელმა - ნ. ე-ამ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ნოემბრის განჩინებით კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ს. ჩ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. განჩინების დასაბუთებისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. 422-ე პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა 419-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. საქმის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მოსამართლე უფლებამოსილია, განჩინება გამოიტანოს სათათბირო ოთახში გაუსვლელად.

ზემოთ მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის სამართლებრივი საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობის წინაპირობები არსებობს მაშინ, როდესაც დარღვეულია საქმის განხილვაში მხარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) მოწვევის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესი, იმ შემთხვევაში, სადაც კანონი აწესებს საქმის განხილვაში მხარის (მისი წარმომადგენლის) მოწვევის სავალდებულობას.

სამოქალაქო საქმეთა პალატამ აღნიშნა, რომ ვ. ქ-ის კერძო საჩივარი განხილულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლების შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე. ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვა კი, პალატის მოსაზრებით, გულისხმობს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით საქმეზე მსჯელობას, რაც შეეხება მხარეთა ინფორმირებას ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვისას მხარეებისათვის წერილობითი ფორმით მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობის მიცემა დამოკიდებულია მხარეთა მოსაზრებების წარმოდგენის აუცილებლობაზე კონკრეტული საკითხის გადაწყვეტის მიზნებისათვის. შესაბამისად, უპირობოდ წერილობითი შეჯიბრის გამართვის აუცილებლობა არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის დანაწესიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოთ აღნიშნულ განჩინებაზე კანონით დადგენილ ვადაში კერძო საჩივარი წარადგინა ს. ჩ-ას წარმომადგენელმა - ნ. ე-ამ, რომელმაც მოითხოვა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის განჩინების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის საფუძველზე ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, დარღვეულია ვ. ქ-ის კერძო საჩივრის განხილვისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლითა და 419-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი პროცედურული წესი, რაც საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შემთხვევაში, ადგენს მხარეთა ინფორმირების სავალდებულობას. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ისე განიხილა ვ. ქ-ის კერძო საჩივარი და დააკისრა მოსარჩელე ს. ჩ-ას მოპასუხე ვ. ქ-ის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის და საჯარო რეესტრიდან დოკუმენტის გამოთხოვისათვის გაწეული ხარჯი, რომ ს. ჩ-ასათვის არც წერილობითი ფორმით და არც სატელეფონო შეტყობინებით არ უცნობებია საქმის განხილვის წესი, აღნიშნული კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დარღვევაზე მიუთითებს და თავის მხრივ, ამავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით განაპირობებს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობას. ამავდროულად, კერძო საჩივრის ავტორი იმედოვნებს, რომ განჩინების ბათილად ცნობისა და ვ. ქ-ის კერძო საჩივარზე წარმოების განახლების შემთხვევაში, არსებითად შეიცვლება კერძო საჩივარზე მისაღები განჩინება საქმის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით. გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მეორე ნაწილის გამოყენების წინაპირობები მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ნაკარნახევი არ არის (იხ., კერძო საჩივრის საფუძვლები ს.ფ. 182-187).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 იანვრის განჩინებით ს. ჩ-ას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ჩ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

ზემოთ აღნიშნული ნორმის მიზნიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებს, რადგან საქმის წარმოების განახლება არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და ისიც, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

მოცემულ შემთხვევაში, ს. ჩ-ას კერძო საჩივრის ძირითადი დასაბუთება იმაში მდგომარეობს, რომ ს. ჩ-ა არ იყო ინფორმირებული ვ. ქ-ის კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ, რითაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლითა და 419-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი პროცედურული წესი, რაც თავის მხრივ განაპირობებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და კერძო საჩივარზე წარმოების განახლებას.

სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოთ აღნიშნულ პრეტენზიას საქმის განხილვის შესახებ ინფორმირების სავალდებულობის შესახებ და განმარტავს, რომ პროცესის მონაწილე მხარე უფლებამოსილია იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის შესაბამისი ინსტანციისათვის გათვალისწინებული წესის შესახებ, ვინაიდან კონკრეტულ საქმეზე მიღებული საბოლოო/შემაჯამებელი განჩინება თუ გადაწყვეტილება ეხება მის კანონიერ უფლებებს და აკისრებს მას კანონით დადგენილ შესაბამის ვალდებულებებს. სწორედ ეს აზრია გატარებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის დისპოზიციაში, რომელიც ბლანკეტური ხასიათისაა და დათქმას აკეთებს ამავე კოდექსის 376-ე მუხლზე, რომლის დანაწესით სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით სასამართლო განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში. სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ვინაიდან ვ. ქ-ის კერძო საჩივარი განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, ამიტომ მხარეთა ინფორმირების სავალდებულობა არ გამომდინარეობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის დანაწესიდან, ვერ იქნება გაზიარებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 376-ე მუხლის ვიწროდ განმარტება დაუშვებელია იმ პირობებში, როდესაც იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს პროცესის მონაწილე მხარეს ზღუდავს რა მის თეორიულ თუ პრაქტიკულ შესაძლებლობას ჩაერთოს საქმის განხილვაში, განხილვის ფორმის მიუხედავად და ამგვარად არღვევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-მე-4 მუხლებში განმტკიცებულ სამართალწარმოების ფუძემდებლურ პრინციპებს (დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები).

ამავდროულად, სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ვ. ქ-ის კერძო საჩივარზე წარმოების განახლების შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის განმარტების აუცილებლობა ამავე კოდექსის 831 მეორე ნაწილთან მიმართებით, გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მეორე ნაწილი ითვალისწინებს მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის ანაზღაურებას, ხოლო სასამართლო ხარჯებისა და სასამართლოს გარეშე ხარჯების სამართლებრივი განმარტება მოცემულია ამავე კოდექსის 37-ე მუხლში, რომლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო სასამართლოს გარეშე ხარჯებს კი, წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ჩ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ნოემბრის განჩინება გაუქმდეს.

3. ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის განჩინება და ვ. ქ-ის კერძო საჩივარზე განახლდეს საქმის წარმოება.

4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

თ. თოდრია