Facebook Twitter

საქმე №ას-67-61-2015 9 თებერვალი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ხ-ა(მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ა-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა სადგომის საბაზრო ღირებულების გადახდის სანაცვლოდ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თ. ა-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ხ-ას მიმართ ბინიდან გამოსახლებისა და გადაუხდელი ბინის ქირის დაკისრების მოთხოვნით, ხოლო მ. ხ-ამ შეგებებული სარჩელი აღძრა თ. ა-ის მიმართ ბინის ნაწილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მ. ხ-ას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-ამ. ამავე გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა თ. ა-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ა-ეს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო მ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ა-ემ და მ. ხ-ამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 13 ივნისის განჩინებით მ. ხ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა ნაწილობრივ, კერძოდ, თ. ა-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ამ საქმეზე ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება თ. ა-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: დაკმაყოფილდა თ. ა-ის სარჩელი და მ. ხ-ა გამოსახლებულ იქნა ქ. თბილისში ზ-ის ქ. №...-ში მდებარე თ. ა-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის 3/4 ნაწილიდან, კერძოდ, №10, №11, №9, №91 ოთახებიდან და აღნიშნული ფართობი გამოთავისუფლებული სახით გადაეცა თ. ა-ეს; თ. ა-ეს დაეკისრა მ. ხ-ას სასარგებლოდ გამოთავისუფლებული ფართის საკომპენსაციოდ 19035 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-ამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეტა პალატის 2007 წლის 17 აგვისტოს განჩინებით მ. ხ-ას საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინებით თ. ა-ის განცხადება დაკმაყოფილდა: განახლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის №2ბ/29-06 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე–2 პუნქტის (,,დაკმაყოფილდეს თ. ა-ის სარჩელი და მ. ხ-ა გამოსახლებული იქნეს თბილისში, ზ-ის №...-ში მდებარე თ. ა-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის 3/4 ნაწილიდან, კერძოდ, №10, №11, №9, №91 ოთახებიდან და აღნიშნული ფართობი გამოთავისუფლებული სახით გადაეცეს თ. ა-ეს“) იძულებითი აღსრულება და ამ მიზნით გადაწყვეტილების აღნიშნულ პუნქტზე გაიცა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე მიღებულ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინების მე–2 პუნქტზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2006 წლის 21 ივლისს №2ბ/29-05 საქმეზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:

,,1. გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება თ. ა-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

2. დაკმაყოფილდეს თ. ა-ის სარჩელი და მ. ხ-ა გამოსახლებული იქნეს თბილისში, ზ-ის №...-ში მდებარე თ. ა-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის 3/4 ნაწილიდან, კერძოდ, №10, №11, №9, №91 ოთახებიდან და აღნიშნული ფართობი გამოთავისუფლებული სახით გადაეცეს თ. ა-ეს.

3. თ. ა-ეს დაეკისროს მ. ხ-ას სასარგებლოდ გამოთავისუფლებული ფართობის საკომპენსაციოდ 19035 (ცხრამეტიათას ოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა“ (იხ. ტ. I, ს.ფ. 639-643).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, მ. ხ-ას მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 17 აპრილის განჩინებით დარჩა განუხილველად (იხ. ტ. I, ს.ფ. 767-770).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, 2008 წლის 09 იანვარს, თ. ა-ის წარმომადგენელმა ლ. ჭ-ემ მოითხოვა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა (იხ. ტ. I, ს.ფ. 778).

2008 წლის 21 იანვარს, სააპელაციო სასამართლოს მიერ, სამოქალაქო საქმეზე N2ბ/29-06 კერძოდ, გადაწყვეტილების მე–2 პუნქტზე (კრედიტორი _ თ. ა-ე, მოვალე - მ. ხ-ა) გაიცა სააღსრულებო ფურცელი (იხ. ტ. I, ს.ფ. 782).

საქმის მასალებს ასევე ერთვის თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის წერილები (გაფრთხილება) მოვალე მ. ხ-ას მიმართ; კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილია სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის 2008 წლის 04 მარტის წერილი იმის თაობაზე, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იმყოფება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2008 წლის 21 იანვარს გაცემული N2ბ/29-06 სააღსრულებო ფურცელი (იხ. ტ. VII, ს.ფ. 51); ასევე საქმის მასალებში წარმოდგენილი აღმასრულებლის 2009 წლის 06 იანვრის წერილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ 2008 წლის 21 იანვარს, სამოქალაქო საქმეზე N2ბ/29-06 გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, 2009 წლის 30 იანვარს 12:00 საათზე დანიშნულია მოვალე მ. ხ-ას იძულებითი გამოსახლება (იხ. ტ.VII, ს.ფ. 137).

2009 წლის 23 იანვარს მ. ხ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ამავე სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების განმარტების და მისი აღსრულების გადადების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა მ. ხ-ას განცხადება (იხ. ტ. VII, ს.ფ 137- 144).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინებით, ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი განიმარტა შემდეგი სახით:

,,მითითებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის (დაკმაყოფილდეს თ. ა-ის სარჩელი და მ. ხ-ა გამოსახლებული იქნეს ქ. თბილისში, ზ-ის №...-ში მდებარე თ. ა-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის 3/4 ნაწილიდან, კერძოდ, №10, №11, №9, №91 ოთახებიდან და აღნიშნული ფართობი გამოთავისუფლებული სახით გადაეცეს თ. ა-ეს) იძულებითი აღსრულება განხორციელდეს შპს „აუდიტ-ცენტრის“ დამოუკიდებელი აუდიტორის 2006 წლის 19 ივლისის №463/5 დასკვნაზე თანდართული 1-ლი სართულის საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით, ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის (თ. ა-ეს დაეკისროს მ. ხ-ას სასარგებლოდ გამოთავისუფლებული ფართობის საკომპენსაციოდ 19 035 ლარის გადახდა) იძულებითი აღსრულების შემდეგ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის იძულებითი აღსრულების მიზნით 2009 წლის 30 იანვარს გაიცეს სააღსრულებო ფურცელი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის იძულებითი აღსრულება, რომელიც მიმდინარეობს 2008 წლის 21 იანვარს გაცემული №2ბ/29-06 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, შეჩერდეს ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის იძულებითი აღსრულების დასრულებამდე“ (იხ. ტ. VII, ს.ფ. 137-144).

2014 წლის 27 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით თ. ა-ემ მოითხოვა სააღსრულებო წარმოების განახლება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის აღსრულება. განმცხადებელმა განმარტა, რომ რადგან მხარე - მ. ხ-ა, უარს აცხადებდა მის სასარგებლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით თ. ა-ისათვის დაკისრებული თანხის - 19 035 ლარის მიღებაზე, 2014 წლის 08 აგვისტოს აღნიშნული თანხა განათავსა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე; განცხადებას თან ერთვოდა 2014 წლის 08 აგვისტოს სანოტარო აქტი (ნოტარიუსი ნ. ხ-ა) დეპოზიტში თანხის მიღების თაობაზე; სანოტარო აქტში მითითებული იყო, რომ თ. ა-ემ თანხის - 19 035 (ცხრამეტი ათას ოცდათხუთმეტი) ლარის დეპონირება განახორციელა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე მ. ხ-ას სასარგებლოდ; აღნიშნულის დასადასტურებლად წარადგინა სს ,,კ. ბ-ის“ სალაროს შემოსავლის ორდერი №1, 08.08.2014. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მხარეს სანოტარო აქტით განემარტა, რომ იგი თანხის დეპონირებით თავისუფლდებოდა კრედიტორის წინაშე შესასრულებელი ვალდებულებისაგან.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა” პუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულების ქვემდებარე აქტებია კერძო სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება. ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას.

პალატამ განმარტა, რომ აღსრულებადაქვემდებარებულ აქტებს განეკუთვნება ისეთი შინაარსის აქტები, რომლებსაც მოჰყვა კონკრეტული სამართლებრივი შედეგი, რომელიც დამოკიდებულია უშუალოდ მხარის მიერ ნებაყოფლობით აღსრულებაზე, ან ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში _ იძულებით აღსრულებაზე.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში, ორგანოს, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, შეუძლია გასცეს დუბლიკატი.

ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, სააღსრულებო საბუთის დუბლიკატი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ დაიკარგა სააღსრულებო ფურცელი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინების მეორე პუნქტზე 2008 წლის 21 იანვარს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. თ. ა-ის მიერ 2014 წლის 09 სექტემბრის განცხადებაზე თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 09 სექტემბერს გაცემული №67638 ცნობით ირკვევა, რომ სააღსრულებო წარმოება, სადაც მოვალეა მ. ხ-ა, ხოლო კრედიტორი - თ. ა-ე, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში არ მოიძებნა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მსგავსი შინაარსის წერილები, დათარიღებული 2012 წლის 19 ივლისით და 2012 წლის 09 ოქტომბრით, ერთვის საქმეს - ტ. VIII, ს.ფ.168/173;

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად, განმცხადებლის - თ. ა-ის მოთხოვნა, სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს; ამასთან, უნდა განახლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინების მე-4 პუნქტით შეჩერებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის იძულებითი აღსრულება, ვინაიდან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი (,,თ. ა-ეს დაეკისროს მ. ხ-ას სასარგებლოდ გამოთავისუფლებული ფართობის საკომპენსაციოდ 19035 (ცხრამეტი ათას ოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა“) აღსრულებულია მხარის - თ. ა-ის მიერ, თანხის 19035 ლარის ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე დეპონირებით; ამასთან, სააღსრულებო ფურცელი უნდა გაიცეს კრედიტორის - თ. ა-ის სახელზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინების მე–2 პუნქტზე, რომლითაც განიმარტა სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ხ-ამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თ. ა-ის მოთხოვნები სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე ურთიერთშეუსაბამო და უკანონოა და სასამართლოს მიერ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემას მოითხოვდა არა იმ საფუძვლით, რომ უკვე გაცემული სააღსრულებო ფურცელი დაიკარგა, არამედ მის მიერ ნოტარიუსის დეპოზიტზე ვალის ნებაყოფლობით დეპონირების დამადასტურებელი საბუთით, რაც არ შეიძლება იყოს საქმის განახლებისა და დუბლიკატის გაცემის საფუძველი. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 23-ე მუხლი სასამართლოს მიერ სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის შესაძლებლობას უშვებს მისი დაკარგვის შემთხვევაში. ამდენად, სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის მთავარი წინაპირობაა სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის ფაქტზე, როგორც მოთხოვნის საფუძველზე, მითითება, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

კერძო საჩივრის ავტორი ასევე არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილს, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ცალკე სააღსრულებო ფურცლის გაცემა მ. ხ-ას ბინიდან გამოსახლების ნაწილში. საჩივრის ავტორი მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 22-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს ერთ გადაწყვეტილებაზე რამდენიმე სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესაძლებლობას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატას არ დაუსაბუთებია, მოცემული ნორმის რომელი საფუძველი არსებობდა სააღსრულებო ფურცლის გაცემისას. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ განმცხადებელმა მოითხოვა არა სააღსრულებო ფურცლის, არამედ სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა. სააპელაციო სასამართლოს მიერ 2014 წლის 19 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი კი არ წარმოადგენს დუბლიკატს, რადგან მასზე აღნიშნული მითითება არ არის, ანუ იგი არის ფაქტობრივად ახალი სააღსრულებო ფურცელი განსხვავებული სარეზოლუციო ნაწილით, რითაც დარღვეულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები. ამდენად, სასამართლო გასცდა მხარის მოთხოვნის ფარგლებს და მხარეს მიაკუთნა იმაზე მეტი, ვიდრე მან მოითხოვა. აღნიშნული განჩინებით მოსამართლე ფაქტობრივად შეეცადა კანონიერ ძალაში შესული განჩინების შეცვლას და მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის გაუქმებას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია.

კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ 2009 წლის 29 იანვრის განჩინების ძალაში შესვლიდან 5 წელზე მეტია გასული, რაც აღარ იძლევა საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას იმ პირობებშიც კი, თუ დაიკარგა სააღსრულებო ფურცელი ან არსებობს ახლადაღმოჩენილი ან ახლადგამოვლენილი გარემოება, რის გამოც კანონიერ ძალაში შესული განჩინება შეიძლება გაბათილდეს ან შეიცვალოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ არსებობდა გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმებისა და დაწყებული აღსრულების შეწყვეტის საფუძველი.

ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა საკასაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გასაჩივრებული სააღსრულებო ფურცლით დაწყებული აღსრულების (მისი ბინიდან გამოსახლების შესახებ) შეჩერების ან ერთჯერადად, 3 თვით გადავადების თაობაზე, რადგან აღსრულება დაგეგმილია 2015 წლის 10 თებერვალს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ხ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ საკითხის გადაწყვეტისას არ გაითვალისწინა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის მოთხოვნები და განმცხადებლის მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის თაობაზე დააკმაყოფილა იმ პირობებში, როდესაც თვითონ განმცხადებელს არ მიუთითებია უკვე გაცემული სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის ან დაზიანების შესახებ.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ამგვარ მსჯელობას და მიუთითებს შემდეგს:

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მიხედვით, სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში ორგანოს, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, შეუძლია გასცეს დუბლიკატი. ამრიგად, აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის შესაძლებლობას მაშინ, როდესაც დადგენილია, რომ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოძიება ვერ ხერხდება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განმცხადებელმა, თ. ა-ამ სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის მოთხოვნისას განცხადებას თან დაურთო აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 9 სექტემბრის #67638 წერილი, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროში არ მოიძებნა მიმდინარე სააღსრულებო წარმოება, სადაც მოვალეა მ. ხ-ა, ხოლო კრედიტორი - თ. ა-ე (იხ. ტ. VIII, ს.ფ. 199). მოცემული წერილის შინაარსზე დაყრდნობით განცხადების განმხილველ სასამართლოს სრული შესაძლებლობა ჰქონდა შეემოწმებინა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობა, ხოლო ასეთ პირობებში, ის გარემოება, რომ თვით განცხადებაში პირდაპირ არ იყო აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის ფაქტი, არ იძლევა საკმარის საფუძველს სასამართლოს მიერ სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის შესახებ განცხადების უსაფუძვლოდ მიჩნევისათვის.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით უკანონოდ მოახდინა საქმის წარმოების განახლება და ამით ფაქტიურად გააუქმა სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის კანონიერ ძალაში შესულ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი. აღნიშნული პრეტენზიის გასაბათილებლად პალატა მხარის ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებზე:

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინებით, ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი განიმარტა შემდეგი სახით: ,,მითითებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის (დაკმაყოფილდეს თ. ა-ის სარჩელი და მ. ხ-ა გამოსახლებული იქნეს ქ. თბილისში, ზ-ის №...-ში მდებარე თ. ა-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის 3/4 ნაწილიდან, კერძოდ, №10, №11, №9, №91 ოთახებიდან და აღნიშნული ფართობი გამოთავისუფლებული სახით გადაეცეს თ. ა-ეს) იძულებითი აღსრულება განხორციელდეს შპს „აუდიტ-ცენტრის“ დამოუკიდებელი აუდიტორის 2006 წლის 19 ივლისის №463/5 დასკვნაზე თანდართული 1-ლი სართულის საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით, ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის (თ. ა-ეს დაეკისროს მ. ხ-ას სასარგებლოდ გამოთავისუფლებული ფართობის საკომპენსაციოდ 19 035 ლარის გადახდა) იძულებითი აღსრულების შემდეგ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის იძულებითი აღსრულების მიზნით 2009 წლის 30 იანვარს გაიცეს სააღსრულებო ფურცელი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის იძულებითი აღსრულება, რომელიც მიმდინარეობს 2008 წლის 21 იანვარს გაცემული №2ბ/29-06 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, შეჩერდეს ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის იძულებითი აღსრულების დასრულებამდე“ (ტ. VII, ს.ფ. 137-144).

ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებით მხარეს განემარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინებით შეჩერებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი თ. ა-ის სახელზე რიცხული ფართიდან მ. ხ-ას გამოსახლების და ფართის გამოთავისუფლებული სახით მესაკუთრისათვის გადაცემის შესახებ უნდა განახლებულიყო თ. ა-ის მიერ მ. ხ-ას სასარგებლოდ გამოთავისუფლებული ფართობის საკომპენსაციოდ 19035 ლარის გადახდის შემდეგ.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ. ა-ემ სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის მოთხოვნისა და სააღსრულებო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებას დაურთო 2014 წლის 8 აგვისტოს სანოტარო აქტი დეპოზიტში თანხის მიღების თაობაზე, რომელშიც მითითებულია, რომ თ. ა-ემ თანხის, 19035 ლარის, დეპონირება განახორციელა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე მ. ხ-ას სასარგებლოდ. აღნიშნულის დასადასტურებლად კი განმცხადებელმა წარადგინა სს „კ. ბ-ის“ 2014 წლის 8 აგვისტოს #1 სალაროს შემოსავლის ორდერი (ტ. VII, ს.ფ. 193-194). ამრიგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა თ. ა-ის მიერ მ. ხ-ას სასარგებლოდ გამოთავისუფლებული ფართობის საკომპენსაციოდ თანხის გადახდას, ნებაყოფლობით აღსრულდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია მართებულად ზემოაღნიშნულ პირობებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის (დაკმაყოფილდეს თ. ა-ის სარჩელი და მ. ხ-ა გამოსახლებული იქნეს ქ. თბილისში, ზ-ის №...-ში მდებარე თ. ა-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის 3/4 ნაწილიდან, კერძოდ, №10, №11, №9, №91 ოთახებიდან და აღნიშნული ფართობი გამოთავისუფლებული სახით გადაეცეს თ. ა-ეს) იძულებითი აღსრულების განახლება. შესაბამისად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მითითება მასზედ, რომ გასაჩივრებული განჩნების გამოტანისას სააპელაციო სასამართლო გასცდა მხარის მოთხოვნის ფარგლებს და სააღსრულებო ფურცლის გაცემისას გააუქმა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი.

საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2009 წლის 29 იანვრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წელზე მეტია გასული, რაც აღარ იძლევა საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას იმ პირობებშიც კი, თუ დაიკარგა სააღსრულებო ფურცელი ან არსებობს ახლადაღმოჩენილი ან ახლადგამოვლენილი გარემოება, რის გამოც კანონიერ ძალაში შესული განჩინება შეიძლება გაბათილდეს ან შეიცვალოს.

პალატა მხარის ყურადღებას მიაქცევს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. მოცემული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ, თუ დადგენილია გადაწყვეტილების აღსრულების ფაქტი, მასზე ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის წინაპირობები არ არსებობს, რადგან სააღსრულებო ფურცელი გაიცემა სასამართლო გადაწყვეტილებაზე, რომელიც არ აღსრულებულა და რომლის იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა გასული არ არის. სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. მოცემული მუხლით გათვალისწინებული ათწლიანი ვადა უკვე აღიარებული, მინიჭებული უფლების რეალიზაციის ვადაა. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირს, ვის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, შეუძლია, მოითხოვოს მისი აღსრულება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში, რაც შეიძლება გამოიხატოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის, იძულებით აღსრულების მოთხოვნით და ა.შ. (იხ. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მაისის განჩინება: №ას-431-409-2012).

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე 2008 წლის 21 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული იძულებითი აღსრულება შეჩერდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინებით, რომლის განახლებაც მოითხოვა განცხადებით თ. ა-ემ. ამრიგად, სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც მხარეს საშუალებას აძლევს მოითხოვოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში (რაც შეიძლება გამოიხატოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის, იძულებით აღსრულების მოთხოვნით და ა.შ.), მოცემულ შემთხვევაში არ დარღვეულა, ვინაიდან აღსასრულებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 21 ივლისს, ხოლო აღსრულების განახლება მოთხოვნილ იქნა 2014 წლის 27 აგვისტოს. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან 2009 წლის 29 იანვრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წელზე მეტია გასული, არ არსებობს სააღსრულებო საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ 2009 წლის 29 იანვრის განჩინების მე-2 პუნქტზე სააღსრულებო ფურცლის გაცემით, სასამართლო გასცდა მხარის მოთხოვნის ფარგლებს და მას მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე მხარემ მოითხოვა. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ მხარემ 2014 წლის 27 აგვისტოს განცხადებით სასამართლოსგან მოითხოვა სააღსრულებო წარმოების განახლება. სააღსრულებო წარმოების განახლება კი გულისხმობს აღსრულებისათვის აუცილებელი ყველა იმ მოქმედების განხორციელებას, რაც სასამართლოს უფლებამოსილებაში შედის. მოცმულ შემთხვევაში, ეს მოიცავდა როგორც სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებაზე ერთხელ უკვე გაცემული სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის, ისე 2009 წლის 29 იანვრის განჩინების მე-2 პუნქტზე სააღსრულებო ფურცლის გაცემას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა თ. ა-ის მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემისა და სააღსრულებო წარმოების განახლების თაობაზე და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობას გასაჩივრებული სააღსრულებო ფურცლით დაწყებული აღსრულების (მისი ბინიდან გამოსახლების შესახებ) შეჩერების ან ერთჯერადად, 3 თვით გადავადების თაობაზე, ვინაიდან უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა მ. ხ-ას კერძო საჩივარი, მხარის მოთხოვნას აღსრულების შეჩერების შესახებ უნდა ეთქვას უარი, ხოლო შუამდგომლობა ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით აღსრულების ერთჯერადად გადავადების თაობაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის შესაბამისად, მხარემ უნდა წარუდგინოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არის თბილისის სააპელაციო სასამართლო. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი განიხილოს აღნიშნული შუამდგომლობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე, 418-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. ხ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

თ. თოდრია