საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-74-68-2015 27 თებერვალი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ. ქ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ვალდებულების არარსებობის აღიარება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ქ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „პ-ის“ მიმართ და მოითხოვა შემდეგი:
აღიარებულ იქნეს გ. ქ-ის ძირითადი ფულადი ვალდებულების 504,82 ლარის არარსებობა სს „პ-ის“ წინაშე 2009 წელს მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე;
აღიარებულ იქნეს გ. ქ-ის ძირითადი ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული, პროგრესირებადი დენადი პროცენტის, ჯარიმების, მომსახურების თვიური საკომისიოს ვალდებულების არარსებობა სს „პ-ის“ წინაშე 2009 წელს მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მათი დარიცხვიდან, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე საქმის სასამართლოში განხილვის მანძილზე დარიცხულის გათვალისწინებით;
მიუღებელი შემოსავლის - 1 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება;
პროცესის ხარჯის: სახელმწიფო ბაჟის გადახდისას დამატებით საკომისიოს სახით გადახდილი 1 ლარის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით გაფორმებისას გაწეული ხარჯის - 12 ლარის, წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის - 1 ლარის, საფოსტო მომსახურებაზე გაწეული ხარჯის - 5,40 ლარის, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის მოპასუხისათვის;
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აღიარებულ იქნა გ. ქ-ის ძირითადი ფულადი ვალდებულების - 504,82 ლარის არარსებობა სს „პ-ის“ წინაშე 2009 წელს მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე; აღიარებულ იქნა გ. ქ-ის ძირითადი ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული, პროგრესირებადი დენადი პროცენტის, ჯარიმების, მომსახურების თვიური საკომისიოს ვალდებულების არარსებობა სს „პ-ის“ წინაშე 2009 წელს მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მათი დარიცხვიდან, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე საქმის სასამართლოში განხილვის მანძილზე დარიცხულის გათვალისწინებით; გ. ქ-ის მოთხოვნა სს „პ-ის“ მიმართ მიუღებელი შემოსავლის სახით 1 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; სს „პ-ს“ მოსარჩელე გ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება შემდეგი ოდენობით:
წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯი - 1 ლარი; საფოსტო მომსახურებაზე გაწეული ხარჯი - 5,40 ლარი; წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით გაფორმებისას გაწეული ხარჯი - 12 ლარი; სახელმწიფო ბაჟის გადახდისას დამატებით გადახდილი საკომისიო მომსახურების ხარჯი - 1 ლარი;
სს „პ-ს“ გ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება; სს „პ-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 49,99 ლარის ანაზღაურება, ხოლო გ. ქ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 0,01 ლარის ანაზღაურება;
მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მიუღებელი შემოსავლის - 1 ლარის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება; ძირითადი და თანმდევი საკრედიტო ვალდებულების ხანდაზმულად აღიარების, ასევე სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთების შეცვლა; გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება, ასევე, მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 0,01 ლარის დაკისრების ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინებით გ. ქ-ის სააპელაციო საჩივარს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის ნაწილში დაუდგინდა ხარვეზი, ხოლო დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში ამავე პალატის 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინებით გ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის, 374-ე მუხლის თანახმად, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობები და განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მულით ნორმით დადგენილია, როგორც ის ზღვრული ოდენობა, რომელსაც ქონებრივ დავაში სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს, ასევე, ამ ღირებულების გამოთვლის წესი.
გ. ქ-ი სადავოდ ხდიდა მის სასარგებლოდ სს „პ-ისთვის“ მიუღებელი შემოსავლის სახით 1 ლარის დაკისრებაზე უარის თქმასა და მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 0.01 ლარის დაკისრებას, რაც არ აღემატებოდა ქონებრივ დავაში სააპელაციო საჩივრის ღირებულებისათვის დადგენილ ზღვრულ ოდენობას.
სასამართლოს განმარტებით, ქონებრივ დავებთან მიმართებით კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 1000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება, საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.
სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის მიმართ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის თაობაზე პალატამ დადგენილად ცნო, რომ მხარე მოითხოვდა არა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გაუქმებას, არამედ მისი დასაბუთების შეცვლას იმ საფუძვლით, რომ სადავო ნაწილში გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება არასწორი იყო, არ ეფუძნებოდა შიდა სახელმწიფოებრივი საუკეთესო სასამართლო პრაქტიკის განზოგადებას, გაანალიზება-შესწავლას, არაფერი იყო ნათქვამი განვითარებული ქვეყნების სასამართლო პრაქტიკის ანალიზზე, არ იყო მსჯელობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნებზე, განზოგადებულ პრეცენდენტულ სამართალზე, უარყოფილი იყო შედარებითი კვლევა, დასაბუთების ფარგლები ჩაკეტილი იყო შიდაეროვნულ სივრცეში. აპელანტის მოსაზრებით, თუნდაც დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნა მისი დასაბუთების გამო შესაძლებელია იყოს სააპელაციო პრეტენზიის საგანი, სასამართლო გადაწყვეტილების პრეიუდიციულობის თვისებიდან გამომდინარე, ვინაიდან თუნდაც სწორად, მაგრამ არასწორი შეფასებებით მიღებული გადაწყვეტილება მბოჭავი ხასიათისაა სხვა სამოქალაქო საქმეზე წარმოებული დავის ფარგლებში იმავე მხარეთა მიმართ, როგორც ფაქტისა, რომელსაც აღარ ესაჭიროება დამტკიცება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანა შეუძლიათ კანონით ზუსტად განსაზღვრულ სუბიექტებს სათანადო საპროცესო ვადის დაცვით, თუმცა ნორმა არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილის გასაჩივრება დასაშვებია თუ არა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (სსსკ 264-ე მუხლი) და მატერიალური (სსსკ 266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც პირველ შემთხვევაში გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები), შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი.
მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი არ შეიცავს პირდაპირ მითითებას გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის გასაჩივრების თაობაზე, თუმცა ასეთი შეზღუდვის პირდაპირ მიუთითებლობა ნორმის ზემოაღნიშნულისაგან განსხვავებული განმარტების წინაპირობას არ იძლევა.
სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპებისა და კოდექსის ნორმათა ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობაში განმარტებით დგინდება, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სსსკ 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილი).
ამდენად, პირი, სარჩელის შეტანის გზით იცავს რა თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის თაობაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და, შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია.
ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართლებრივი წესრიგის დადგენა შესაძლებელია რა მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულებით, აღსასრულებლად წარემართება მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი და არა სამოტივაციო ნაწილი, თუნდაც ეს უკანასკნელი ადგენდეს რაიმე უფლების ან ვალდებულების არსებობას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი).
სასამართლო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია და მისი სამართლებრივი შედეგები თვით კონსტიტუციითაა (82.2 მუხლი) რეგლამენტირებული. სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულობა დღის წესრიგში აყენებს მისი აღსრულებადობის უზრუნველყოფის საკითხს. თუ პირი, რომლის მიმართაცაა სასამართლო აქტი გამოცემული, თავისი ნებით არ შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, საქმეში ერთვება საამისოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო – სააღსრულებო ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შეიცავდეს კანონით გათვალისწინებულ ყველა ნაწილს (სსსკ 249-ე მუხლი) და რომელიმე მათგანის სათანადოდ ან საერთოდ არარსებობა, ხშირ შემთხვევაში იწვევს მის გაუქმებას (სსსკ 393-ე, 394-ე მუხლები). გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფუნდამენტს. მასში უნდა აისახოს სასამართლოს შემეცნებითი მსჯელობა ფაქტების არსებობა-არარსებობის შესახებ (ფაქტობრივი დასაბუთება) და შეფასებითი მსჯელობა ამ ფაქტების იურიდიული ძალისა და მნიშვნელობის შესახებ (სამართლებრივი დასაბუთება). კანონის იმპერატიული დათქმა გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობაზე, განპირობებულია მართლმსაჯულების ერთ-ერთი ძირითადი მიზნით, დაარწმუნოს მხარეები დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტაში და ამავდროულად გადაწყვეტილების დასაბუთებით რეალიზებულია საზოგადოების უფლება იცოდეს, თუ რა გადაწყვეტილებები გამოაქვთ მათი სახელით და რა არის მათი საფუძველი.
სააპელაციო პალატის შეფასებით, აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ნათლად დასტურდება, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის დამოუკიდებლად გასაჩივრების შესაძლებლობას კანონმდებლობა, მიუხედავად პირდაპირი მითითების არარსებობისა, არ ითვალისწინებს. ამ წესის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო საჩივრის დაშვების წინაპირობა ვერ გახდება ის გარემოებაც, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, დადგენილ გარემოებას პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭება ამავე მხარეთა შორის სხვა დავის წარმოების შემთხვევაში.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩვარი შეიტანა გ.ქ-ის წარმომადგენელმა ი.პ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ არ შეიძლება გადაწყვეტილების გასაჩივრება მისი სარეზოლუციო ნაწილის გარეშე, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან, ერთი მხრივ, სააპელაციო პალატა თავად აღნიშნავს, რომ ამგვარ დანაწესს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ამასთანავე არასწორად განმარტავს, რომ მხარეს უფლება არ აქვს სააპელაციო საჩივარი წარადგინოს იმ ფაქტების მიმართ, რომელიც არასწორადაა დადგენილი, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ევროპის მრავალი სასამართლო აღიარებს სამოტიცავიო ნაწილი გასაჩივრების შესაძლებლობას, რადგანაც ფაქტის სწორად დადგენის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მხარე არ შეიძლება შეზღუდული იყოს მისი გასაჩივრების თვალსაზრისით. სასამართლო გადაწყვეტილების მბოჭავი ხასიათიდან გამდინარე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტს სხვა სასამართლო პროცესში ამავე მხარეებისათვის უდავო ძალა გააჩნიათ, არასწორად დადგენილი ფაქტი ახალი სარჩელის აღძვრის საფუძველი ხდება და ამ გზით დაზარალებული შეიძლება იყოს მხოლოდ მხარე, ამგვარ მიდგომას სამართალდარღვეის პროფილაქტიკა შედეგად არ მოჰყვება.
სასამართლო გადაწყვეტილების მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონი მისი შინაარსის მიმართ ადგენს მკაცრ მოთხოვნებს, ამასთანავე, საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გარანტირებულია პირის სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, რაც თავისთანად მოიაზრებს სასამართლოს ვალდებულებას, დასაბუთებულად დააკმაყოფილოს ან უარი უთხრას მხარეს, აღნშნული ასევე გამომდინარეობს ამავე კოდექსის 249-ე მუხლის დისპოზიციიდანაც. რაც შეეხება სასამართლოს მიერ მოხმობილ უზენაესი სასამართლოს განმარტებას, წინამდებარე საქმის მიმართ მას რაიმე შემხებლობა არ აქვს.
არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 1 000 ლარს, რადგანაც წინამდებარე დავაზე ბანკის მიმართ მოსარჩელის ფულადი ვალდებულების - 504,82 ლარის არარსებობის აღიარება არ წარმოადგენდა ერთადერთ მოთხოვნას, არამედ მხარე ასევე სადავოდ ხდიდა 2009 წლიდან მოყოლებული ამ ვალდებულებაზე დარიცხულ პროგრესირებად დენად პროცენტს, ჯარიმებს, თვიურ საკომისიოს, რაც საქმის განხილვის დაწყების დროისათვის ჯამში 1 986,97 ლარს შეადგენდა. ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ სწორად ვერ განსაზღვრა დავის საგნის ღირებულება, რასაც არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა.
გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს განჩინება ემყარება სამართლის ნორმების არასწორ გაგება-განმარტებას, რაც ასევე კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია, კერძოდ, სააპელაციო პალატამ სასამართლო აქტის გამოტანისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა განჩინების დასაბუთების თაობაზე, გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არ არის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, მოსაზრებები, რომლითაც სასამართლო ამ დასკვნებამდე მივიდა, ასევე კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ, აღნიშნულის გამო, გასაჩივრებულ განჩინებას არ აქვს ის დამარწმუნებელი ეფექტი, რომელიც იურიდიულად დასაბუთებულ დოკუმენტს უნდა გააჩნდეს და აღნიშნულის გამო, ეწინააღმდეგება ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, ამდენად, სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინაპირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 თებერვლის განჩინებით გ. ქ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ქ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის, რომ გ. ქ-ის სასარჩელო მთხოვნას წარმოადგენდა იმ ფაქტის აღიარება, რომ 2009 წელს მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს სს „პ-ის“ მიმართ არ ერიცხებოდა 504,82 ლარის ოდენობით დავალიანება (ძირითადი ვალდებულება), ასევე, ძირითადი ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული, პროგრესირებადი დენადი პროცენტი, ჯარიმები, მომსახურების თვიური საკომისიოს ვალდებულები; მოსარჩელე მოითხოვდა მიუღებელი შემოსავლის - 1 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას; ასევე პროცესის ხარჯების ანაზღაურებასა (სახელმწიფო ბაჟის გადახდისას დამატებით საკომისიოს სახით გადახდილი 1 ლარი, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით გაფორმებისას გაწეული ხარჯი - 12 ლარი, წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯი - 1 ლარი, საფოსტო მომსახურებაზე გაწეული ხარჯი - 5,40 ლარი, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი) და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტლიებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისათვის 1 ლარის დაკისრებაზე და ამ თანხის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოსარჩელეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 0,01 ლარის გადახდა, ასევე არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე;
საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩვრისა და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის თანახმად, გ.ქ-მა სრულად გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ითხოვა გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთების შეცვლა, ასევე მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის ზიანის - მიუღებელი შემოსავლის, 1 ლარის დაკისრება, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა და საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების იმ ნაწილშიც გაუქმება, რომლითაც მას ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 0,01 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში სააპელაციო საჩივარს დაუდგინა ხარვეზი, მიუხედავად ამ საპროცესო დოკუმენტის გასაჩივრებისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატამ კერძო საჩივარი ამ მოთხოვნის ნაწილში განუხილველად დატოვა, შესაბამისად, იგი წინამდებარე განჩინების შეფასების საგანს აღარ წარმოადგენს (იხ. 2015 წლის 28 იანვრის განჩინება).
რაც შეეხება აპელანტის მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრებისა და ამ მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 0,01 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის მოთხოვნას, სააპელაციო პალატამ ამ ნაწილში სააპელაციო საჩივარი განუხილველად იმ საფუძლით დატოვა, რომ საჩივრის ღირებულება არ აღემატებოდა კანონით გათვალისწინებულ ოდენობას - 1 000 ლარს, ხოლო მხარის სასარგებლოდ გამოტანილ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნაზე აპელანტს იმ საფუძლით ეთქვა უარი, რომ არც მოქმედი კანონმდებლობა და არც სასამართლო პრაქტიკა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გასაჩვრების შესაძლებლობას არ ითვალისწინებდა.
წინამდებარე კერძო საჩივრის შესწავლით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარე გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს შემდეგი საფუძლებით:
ა) გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ქონებრივ ნაწილში დავის საგნის ღირებულება, რადგან სარჩელით მოთხოვნილი იყო, როგორც ძირითადი სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარე დავალიანების - 504,82 ლარის არარსებობის აღიარება, ისე ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული დავალიანების არარსებობა, რომელიც დენადი და პროგრესირებადია (პროცენტი, ჯარიმა, საკომისიო მომსახურება და სხვა);
ბ) სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი, რადგანაც სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტების გასაჩივრებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, ამასთანავე, არასწორად დადგენილ ფაქტებს გააჩნია პრეიუდიციული ძალა და სასამართლო განმარტებიდან გამომდინარე, ის შეიძლება მოგებული მხარის საწინააღმდეგოდ იქნას სხვა სასამართლო პროცესში გამოყენებული;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს დამაჯერებულ დასაბუთებას, სასამართლოს დასკვნებსა და მოსაზრებებს, ასევე კანონის ნორმებს, რომელთა შესწავლითაც მივიდა სასამართლო ამ გადაწყვეტილებამდე.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩვრის ავტორის არგუმენტს, რომ სასამართლომ არასწორად განსაზღვრა დავის საგნის ღირებულება. ამ თვალსაზრისით პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სამართალწარმოება წარმოადგენს პირველი ინსტანციის წესით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძვლიანობის შემოწმების სამართლებრივ შესაძლებლობას, რომელიც კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ ფარგლებშია მოქცეული, შესაბამისად, მართლმსაჯულების ზემდგომი წესით განხილვისათვის კანონმდებლობა ადგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, თუმცა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის კონსტიტუციური უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ის შეიძლება გარკვეულ, კანონისმიერ შეზღუდვას ეფუძნებოდეს. მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა, როგორც პირველი, ისე ზემდგომი წესით საქმის განხილვისას ლეგიტიმურია, თუ ეს უარი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შეზღუდვას ემყარება და ასეთ დროს მხარის უფლება არ შეიძება დარღვეულად ჩაითვალოს.
სწორედ ამგვარი შეზღუდვის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმადაც სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
საქმის მასალების შესწავლით ირკვევა, რომ მხარე სააპელაციო წესით სადავოდ ხდიდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც მისი მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის - 1 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, სწორედ ამ მოთხოვნაზე უარის თქმის თანმდევი შედეგია სახელმწიფო ბაჟის 0,01 ლარის დაკისრება (სსსკ 53.1 მუხლი), ამდენად, ამ ნაწილში არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების კანონისმიერი წინაპირობა.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩვრის ავტორი სააპელაციო საჩვრის საგნის ღირებულებას და, შესაბამისად, განჩინების ამ ნაწილის გაუქმებას უკავშირებს არა მიუღებელი შემოსავლის ოდენობას, არამედ სხვა მოთხოვნის (გადაწყვეტილების დაკმაყოფილებული ნაწილის) ღირებულებას, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ამასთანავე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლითაც დადგენილია, რომ ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის საგნის ღირებულება გადასახდელი თანხით განისაზღვრება, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სწორად განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება და მართებულად უთხრა უარი მხარეს ამ ნაწილში სააპელაციო საჩვრის განსახილველად მიღებაზე.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მიუღებელი შემოსავლის (1 ლარის) დაკისრების ნაწილში სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე მხარეს არსებითად სწორად უთხრა უარი, ამასთან, საკმარისად დაასაბუთა გადაწყვეტილება როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვასაზრისით, სააპელაციო სასამართლოს შეფასება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თაობაზე ანალოგიურია ამ ნორმის თაობაზე საკასაციო პალატის განმარტებისა (იხ. სუსგ №ას-1525-1531-2011, 7 ნოემბერი, 2011 წელი).
საკასაციო სასამართლო, უსაფუძლობის გამო, ვერ გაიზიარებს ასევე კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი და არასწორად მიიჩნია, რომ მხარეს, რომლის სასარგებლოდაცაა გამოტანილი გადაწყვეტილება, უფლება არ აქვს გაასაჩივროს იგი სარეზოლუციო ნაწილის მიუხედავად. ამ თვალსაზრისით კერძო საჩვრის ავტორი უმეტესად მის მოსაზრებას ასაბუთებას ფაქტების პრეიუდიციულობით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე უარის თქმით, შესაძლოა, სამომავლოდ მოგებული მხარის ინტერესები დაირღვეს.
საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტის ცნება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შედის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც, კანონის თანახმად, ასაბუთებენ, ამართლებენ სარეზოლუციო ნაწილს.
ფაქტების პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები (სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), გამოტანილი იმავე მხარეების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვაში), არამედ მატერიალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებსაც (გადაწყვეტილებით დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებების შინაარსს, რომელი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება).
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავაში მონაწილე მხარეების მიმართ სხვა სამოქალაქო საქმეზე მიღებულ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტისათვის პრეიუდიციული ძალის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ეფუძნება იმ ფაქტს, რომელიც იურიდიულად ამართლებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფაქტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნას პრეიუდიციულად და ის უნდა იქნას შეყვანილი მტკიცების საგანში (იხ. სუსგ #as-455-769-09, 3 დეკემბერი, 2009 წელი, სუსგ №ას-146-140-2012, 12 ივლისი, 2012 წელი).
ამდენად, მხარის პრეტენზია, რომ ფაქტის არასწორად დადგენა იძლევა მისი გასაჩივრების შესაძლებლობას, სამართლებრივ დასაბუთებას მოკლებულია, ვინაიდან სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი ყოველთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დადგენილ ფაქტს ემყარება და მისი სხვა პროცესში პრეიუდიციულად არსებობა მხარის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას არ იძლევა.
ამასთანავე, საყურადღებოა, ის გარემოებაც, რომ წინამდებარე დავა არ არის დასრულებული (სააპელაციო სასამართლოს წარმოებაშია ასევე სს „პ-ის“ სააპელაციო საჩვარი) და გ.ქ-ს, როგორც სს „პ-ის“ სააპელაციო საჩივრის საპროცესო სუბიექტს, სააპელაციო შესაგებლის ფარგლებში სრული შესაძლებლობა აქვს, სადავოდ გახადოს ზემოაღნიშნული გარემოება, რასაც საქმის განხილვის დროს შესაბამისი შედეგი მოჰყვება, გარდა აღნიშნულისა, პალატა განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა უშვებს რა არასრულყოფილი გადაწყვეტილების ნაკლის გამოსწორების შესაძლებლობასაც გადაწყვეტილების განმარტების, უსწორობათა, აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებისა თუ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის გზით, ამავე დანაწესებით იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების ნაკლის გასწორებას სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი შედეგის შეუცვლელად (სსსკ 260-262-ე მუხლები).
საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას იმ ნაწილში, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ განმარტა სააპელაციო საჩივრის სუბიექტები და ობიექტი და მიიჩნევს, რომ იგი აბსოლუტურად შეესაბამება როგორც მოქმედ კანონმდებლობას, ისე არსებულ სასამართლო პრაქტიკას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი ასევე წარმოადგენს იმ საკანონმდებლო შეზღუდვათა თვალსაჩინო მაგალითს, როდესაც დაშვებულია მხარისათვის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრებაზე უარის თქმა, თუ მხარის სააპელაციო პრეტენზია მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნას ემყარება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი, ლოგიკური განმარტების საფუძველზე, სამართალწარმოების იმ მხარეს მოიაზრებს, ვისაც სამართალწარმოების აქტის აღსრულებაუნარიანი ნაწილით დაუდგინდა გარკვეული ვალდებულება ან უარი ეთქვა უფლების იმგვარ რეალიზაციაზე, ვიდრე მას მიაჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ მხარე სადავოდ სწორედ მის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას ხდის.
დამკვიდრებული ეთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, „გადაწყვეტილების მხოლოდ აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების გასაჩივრება დაუშვებელია, რადგან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარის მიერ სააპელაციო წესით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ან მისი რომელიმე პუნქტის გასაჩივრების შესაძლებლობას“. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე და 266-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე განმარტა გადაწყვეტილების ფორმალური და მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც პირველ შემთხვევაში გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. პალატამ აღნიშნა ასევე, რომ „გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი“ (იხ. სუსგ №ას-710-1011-09, 7 სექტემბერი, 2009 წელი, №ას-797-750-2012, 4 ივნისი, 2012 წელი).
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩვრის ავტორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია. ამ თვალსაზრისით სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია სააპელაციო სასამართლოს განჩინებისადმი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება სრულად შეესაბამება ამ მოთხოვნებს, უფრო მეტიც, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დათქმას, რომლის მიხედვითაც, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე, როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩვრებული განჩინება სრულად შეესაბამება როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რაც, ასევე, კერძო საჩვრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ გ.ქ-ი სარჩელის აღძვრის დროისათვის დავალიანებისა და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების არარსებობის აღიარებას მოითხოვდა. მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილისა და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება, როგორც სარჩელით, ისე კერძო საჩვრით 1 986.97 ლარით განსაზღვრა, რაც გაზიარებულია ქვემდგომი სასამართლოების მიერაც, მართალია, კერძო საჩივარში მხარე მიუთითებს დენად საჯარიმო სანქციებზე, რომელთა დარიცხვაც საქმის განხილვის ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, თუმცა, საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობის პრინციპიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, იგი მაგისტრატი მოსამართლის განსჯად დავად უნდა იქნას მიჩნეული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებებით დგინდება, რომ გ. ქ-ის წარმომადგენელმა ი.პ-მა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძო საჩვარზე გადაიხადა 50 ლარი. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით კი, დადგენილია ამ თანხის განახევრების აუცილებლობა, შესაბამისად, მხარემ ზედმეტად გადაიხადა 25 ლარი (50/2=25).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობა მსგავს შემთხვევას არ არეგულირებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების სამართლებრივ საფუძვლად უნდა მიუთითოს ამავე კოდექსის 42-ე მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია შემდეგი: თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. გ. ქ-ს (პ/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ი. პ-ის მიერ 2015 წლის 4 თებერვლის N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი 25 ლარი.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე