საქმე №ას-8-8-2015 12 თებერვალი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გარდაცვლილი მ. გ-ის წარმომადგენელი ლ. კ.(მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ღ. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 03 დეკემბრის (საოქმო ფორმის) განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თანხის გადახდის დაკისრება
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა გარდაცვლილი მ. გ-ის წარმომადგენლის ლ. კ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 03 დეკემბრის (საოქმო ფორმის) განჩინებაზე, სამოქალაქო საქმეზე - მ. გ-ისა და ლ. ღ-ის სარჩელის გამო, მოპასუხე მ. ღ-ის მიმართ, თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ გარდაცვლილი მ. გ-ის წარმომადგენლის ლ. კ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 იანვრის განჩინებით გარდაცვლილი მ. გ-ის წარმომადგენელ ლ. კ-ს კერძო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლითაც დაევალა, 05 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით, 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 იანვრის განჩინება ლ. კ-ს გაეგზავნა კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, გ. პ-ი მ/რ, კორპ. N4, ბინა N70 (ტ.2. ს.ფ. 59) და ჩაბარდა ლ. კ-ის ოჯახის წევრს - დ. ზ-ს (სიდედრი) 2015 წლის 28 იანვარს, რაც დასტურდება მიმღების ხელმოწერით (პ/ნ .........) (ტ.2. ს.ფ. 67). აღნიშნული კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მიიჩნევა განჩინების კერძო საჩივრის ავტორისათვის ჩაბარებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოთმოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალურთიერთობის მონაწილე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას განჩინებით დაევალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიერ შესრულებული საპროცესო მოქმედება საპროცესო-სამართლებრივ შედეგს ვერ წარმოშობს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2015 წლის 29 იანვარს და ამოიწურა 2015 წლის 02 თებერვალს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გარდაცვლილი მ. გ-ის წარმომადგენელს ლ. კ-ს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და მას არც ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ ობიექტური გარემოება, რომელიც კერძო საჩივრის ავტორისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსებას საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა, მის მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გარდაცვლილი მ. გ-ის წარმომადგენლის ლ.კ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 03 დეკემბრის (საოქმო ფორმის) განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ზ. ძლიერიშვილი