№ა-699-ა-3-2014 18 თებერვალი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი – მ. თ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. გ-ე, ქ.ჯ-ი
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით:
1. არ დაკმაყოფილდა მ. თ-ას სარჩელი, რომლითაც მან მოითხოვა: ა. ნოტარიუს ლ.ო-ის მიერ 2012 წლის 24 იანვარს ი. წ-ის სამკვიდრო ქონებაზე ბ. გ-ის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და ბ. 2012 წლლის 20 ივნისს, ბ. გ-სა და ქ. ჯ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
2. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბ. გ-ის სარჩელი:
ა. ბათილად იქნა ცნობილი ვ. წ-ის მიერ 1992 წლის 18 დეკემბერს ნ. წ-ისა და მ. თ-ას სასარგებლოდ შედგენილი, ნოტარიუს მ.ბ-ის მიერ დამოწმებული ანდერძი;
ბ. ბათილად იქნა ცნობილი აგრეთვე, ნოტარიუს ხ. შ-ის მიერ 2011 წლის 17 ივნისს 1994 წლის 6 იანვარს გარდაცვლილი ვ. წ-ის სამკვიდრო ქონებაზე მ თ-ას სასარგებლოდ გაცემული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა;
3. არ დაკმაყოფილდა სარჩელის მოთხოვნა ნოტარიუს მ.ბ-ის დავალდებულების შესახებ, ბათილად ეცნო სანოტარო აქტი ანდერძის ძალაში შესვლის თაობაზე; ამოეშალა ანდერძი სანოტარო რეესტრის ჩანაწერებიდან და გადაეცა ეს მონაცემები სანოტარო პალატისათვის, აგრეთვე, ნოტარიუს ხ.შ-ის დავალდებულების თაობაზე, ამოერიცხა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა სანოტარო რეესტრის მონაცემთა ბაზრიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით მ. თ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, მ. თ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. თ-ამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინებით მ. თ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინება.
2014 წლის 27 თებერვალს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ. თ-ამ. განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.
განცხადება მოტივირებულია იმით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარისათვის ცნობილი გახდა და მან მოიპოვა ისეთი მტკიცებულება, რომელიც განსხვავებულად ასაბუთებს და წყვეტს მსგავსი სახის პროცესუალურ დავას, კერძოდ, საუბარია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 მარტის განჩინებაზე (საქმეზე №ას-231-223-2013). განმცხადებლის მოსაზრებით, აღნიშნული მტკიცებულება ადასტურებს მ. თ-ას მიმართ მიღებული განჩინების კანონსაწინააღმდეგობას, რადგან მისი შინაარსი ცხადყოფს, რომ გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება იმავე სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მ. თ-ას განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ ნორმით კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა გააჩნიათ საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების შემოწმებისას, ამასთანავე, კანონმდებლის მოთხოვნაა, რომ აღნიშნული გარემოებები და მტკიცებულებები არსებობდეს საქმის განხილვის დროს (გადაწყვეტილების გამოტანამდე) და არა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; საყურადღებოა ისიც, რომ აღნიშნული გარემოებები და მტკიცებულებები ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ამასთან, კანონმდებლის მოთხოვნაა, რომ ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდეს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; და ბოლოს, მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარემ უნდა დაადასტუროს მის მიერ ახალი გარემოებებისა და მტკიცებულებების დროულად წარუდგენლობაში ბრალის არარსებობის ფაქტი.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული საფუძვლები კიდეც რომ დადასტურდეს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შეიძლება მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის არსებობისას: 1. ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე; 2. მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე, ამასთან, თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. აქედან ნათელია, რომ კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებზე მითითების შესაძლებლობაც მხარეს გააჩნდა საქმის წარმოების დასრულებამდე.
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად და შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს სხვა საქმეზე ამავე სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას. განმცხადებლის მოსაზრებით, ამ განჩინებით სხვაგვარადაა გადაწყვეტილი მსგავსი პროცესუალური საკითხი, რაც ადასტურებს გასაჩივრებული განჩინების უკანონობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლების ინსტიტუტი არ ითვალისწინებს საქმის მასალების მიხედვით სამართლის ნორმების გამოყენების სისწორის გადამოწმებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, თუნდაც საკასაციო პალატის გადაწყვეტილება (განჩინება) რომელიმე ნორმის განმარტების თაობაზე ეწინააღმდეგებოდეს ამავე ნორმის შესახებ სხვა პალატის განმარტებას, ეს ვერ გახდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი, ვინაიდან ამ საფუძვლით საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. განმცხადებლის მიერ მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობა რომ დაგვეშვა, ეს გამოიწვევდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადასინჯვის პროცესუალური კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი (საზედამხედველო წარმოების მსაგვსი) სახეობის შემოღებას (საკასაციო პალატის ზემოხსენებული განმარტება ეფუძნება მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას, იხ. სუსგ, 17.07.2003წ. საქმე #3გ/ად-187-კ-02). გარდა ამისა, ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობა რომც დავუშვათ, წარმოდგენილი განცხადება მაინც ვერ დაკმაყოფილდება, ვინაიდან განმცხადებელი ვერ ასაბუთებს, რომ მას თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა იმ განჩინებაზე, რომელიც მხოლოდ ახლა წარმოადგინა. როგორც ზემოთ აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების განახლების მსურველმა პირმა უნდა დაადასტუროს მის მიერ ახალი გარემოებებისა და მტკიცებულებების დროულად წარუდგენლობაში ბრალის არარსებობის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული განჩინება არ შეიცავს რომელიმე ნორმის გასაჩივრებული განჩინებისაგან განსხვავებულ განმარტებას, უფრო მეტიც, განმცხადებლის მიერ მითითებულ განჩინებაში საერთოდ არაა განმარტებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.7-ე მუხლი, რომელსაც დაეყრდნო გასაჩივრებული განჩინება. აღსანიშნავია, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული განჩინება შეეხება სრულიად განსხვავებულ კაზუსს, ვიდრე ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია მოცემული, შესაბამისად, ეს განჩინება თავის დროზეც რომ ყოფილიყო წარმოდგენილი, ის ვერ გამოიწვევდა განმცხადებლისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. თ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. თ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე