Nა-1753-ა-13-2014 6 თებერვალი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი, (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი 1. ქ. მ-ის კანონიერი წარმომადგენელი ჯ. ტ-ი 2. ჯ. ტ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ო-ი, მ. მ-ის უფლებამონაცვლე გ. მ-ი, ო. მ-ი
მოპასუხე - ზ. მ-ი, ნოტარიუსი თ. გ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა –გადაწყვეტილების გაუქმება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ ანდერძისა და ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ბათილად ცნობა, სამკვიდროდან წილის მიკუთვნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. მ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. მ-ის, მესამე პირის _ ნოტარიუს თ. გ-ს მიმართ ე.მ-ის მიერ 1997 წლის 31 ოქტომბერს ქ.მ-ისა და ზ.მ-ის სასარგებლოდ შედგენილი, ნოტარიუს თ.გ-ს მიერ დამოწმებული ანდერძისა და ნოტარიუს თ.გ-ს მიერ 1999 წლის 25 ივნისს მამკვიდრებელ ე. მ-ის სამკვიდროზე ქ. და ზ. მ-ების სასარგებლოდ გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ივლისის საოქმო განჩინებით მარიამ მ-ის გარდაცვალების შემდეგ მის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი პირველი რიგის მემკვიდრე ქ. მ-ი.
მ.მ-მა და მ.ო-მა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს მარიამ, ქ. და ზ. მ-ების წინააღმდეგ და მოითხოვეს ე. მ-ის მიერ 1997 წლის 31 ოქტომბერს ქ. მ-ისა და ზ.მ-ის სასარგებლოდ შედგენილი, ნოტარიუს თ.გ-ს მიერ დამოწმებული ანდერძისა და ნოტარიუს თ. გ-ს მიერ 1999 წლის 25 ივნისს მამკვიდრებელ ე.ა მ-ის სამკვიდროზე ქ. და ზ.მ-ების სასარგებლოდ გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ბათილად ცნობა და სამკვიდრო მასაში შემავალი ქონებიდან _ ქ.თბილისში, ... ქ.№....-ში მდებარე უძრავი ქონების მამკვიდრებლის კუთვნილი 1/4 წილიდან 1/2-ის მიკუთვნება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით მ.მ-ის უფლებამონაცვლე ქ. მ-ის კანონიერი წარმომადგენლის – ჯ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მ. მ-ისა და მ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ე. მ-ის მიერ 1997 წლის 31 ოქტომბერს ქ. მ-ისა და ზ. მ-ის სასარგებლოდ შედგენილი, ნოტარიუს თ.გ-ს მიერ დამოწმებული ანდერძი (რეესტრში რეგისტრაციის №...) და ნოტარიუს თ.გ-ს მიერ 1999 წლის 25 ივნისს მამკვიდრებელ ევგენია მ-ის სამკვიდროზე ქ. და ზ. მ-ების სასარგებლოდ გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა ( №....), მ. მ-ი და მ. ო-ი ცნობილ იქნენ 1998 წლის 7 სექტემბერს გარდაცვლილი ე.ა მ-ის კუთვნილი, ქ.თბილისში, .... ქ.№.... მდებარე უძრავი ქონების 1/4-ის 1/2-ის მესაკუთრეებად.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ზ.მ-მა და მ. მ-ის უფლებამონაცვლე ქ. მ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა (მეურვე) ჯ. ტ-მა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მარიამ მ-ის უფლებამონაცვლე ქ. მ-ის კანონიერი წარმომადგენლის – ჯ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება მესამე პირების მ. მ-ისა და მ. ო-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მათი სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქ.მ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ჯ. ტ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მ. ო-მა, მ. მ-ის უფლებამონაცვლე გ. მ-მა და ო. მ-მა, მათ მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. მ-ის კანონიერი წარმომადგენლის – ჯ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მ. ო-ის, მ. მ-ის უფლებამონაცვლე გ. მ-ისა და ო. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ.მ-ის უფლებამონაცვლე ქ.მ-ის კანონიერი წარმომადგენლის – ჯ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მ. მ-ის უფლებამონაცვლე გ. მ-ის, ო. მ-ის და მ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ე. მ-ის მიერ 1997 წლის 31 ოქტომბერს ქ. მ-ისა და ზ. მ-ის სასარგებლოდ შედგენილი, ნოტარიუს თ.გ-ს მიერ დამოწმებული ანდერძი (რეესტრში რეგისტრაციის №....) და ნოტარიუს თ.გ-ს მიერ 1999 წლის 25 ივნისს მამკვიდრებელ ე. მ-ის სამკვიდროზე ქ. და ზაქრო მ-ების სასარგებლოდ გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა ( №..), მ. მ-ი და მ. ო-ი ცნობილ იქნენ 1998 წლის 7 სექტემბერს გარდაცვლილი ე. მ-ის კუთვნილი, ქ.თბილისში, ... ქ.№....-ში მდებარე უძრავი ქონების 1/4-ის 1/2-ის მესაკუთრეებად.
ქ.მ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ჯ.ტ-მა საქართველოს უზენას სასამართლოს განცხადებით მომართა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ¾ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ც. დ-ის მიერ ე. მ-ის სამკვიდროზე გაცემული N.... სამკვიდრო მოწმობა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 2014 წლის 5 მაისს შევიდა.
ჯ. ტ-მა საკუთარი სახელითაც აღძრა განცხადება გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე. მისი მითითებით, ჯ. ტ-ი ასევეა ე. მ-ის მემკვიდრე, რასაც სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს. საქმის განხილვის პერიოდში ჯ. ტ-ს არ ჰქონდა საშუალება სამკვიდრო მოწმობა წარედგინა, რადგანაც ნოტარიუსმა უარი უთხრა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა განცხადებები, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
ქ. მ-ის კანონიერი წარმომადგენელი ჯ. ტ-ი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად იმ გარემოებას მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ¾ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ც. დ-ის მიერ ე. მ-ის სამკვიდროზე გაცემული N... სამკვიდრო მოწმობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული სამკვიდრო მოწმობა გაიცა სოფელ ...... უძრავ ქონებაზე: 170 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის გაუქმებასაც მხარე ითხოვს, შეეხება ქ. თბილისში .. ქ. N...-ში მდებარე ქონების განაწილებას, ამდენად, ამ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა არაფრით უკავშირდება სადავო გადაწყვეტილებას, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს სამკვიდრო მოწმობა ¾ ნაწილში ბათილად ცნო არა იმიტომ, რომ ქ. მ-ი ¾ წილის მემკვიდრე იყო, არამედ, დაადგინა, რომ სოფელ .... მდებარე უძრავი ქონება ე. მ-ისა და ქ. მ-ის თანასაკუთრება იყო, შესაბამისად, ვ. მ-ის სამკვიდრო მასაში მხოლოდ ამ ქონების ½ შევიდა, საიდანაც ¼ -ის მემკვიდრეა ქ. მ-ი. სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ქ. მ-ს, როგორც ე. მ-ის მემკვიდრეს სხვა მემკვიდრეების - მ. მ-ის, ო. მ-ისა და მ. ო-ის წინაშე რაიმე უპირატესობა ენიჭება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების შედეგად ქ. მ-ი ისედაცაა ე. მ-ის კუთვნილი, ქ.თბილისში, ....ს ქ.№...-ში მდებარე უძრავი ქონების 1/4-ის 1/2-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარებული, შესაბამისად N...სამკვიდრო მოწმობის გაუქმება წილების გადანაწილებაში მის სასარგებლოდ რაიმე ცვლილებას არ იწვევს.
ჯ. ტ-მა საკუთარი სახელითაც აღძრა განცხადება გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე. მისი მითითებით, ჯ. ტ-ი ასევეა ე. მ-ის მემკვიდრე, რასაც სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯ. ტ-ის სახელზე სამკვიდრო მოწმობა 2014 წლის 14 აგვისტოსაა გაცემული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მიზნებისათვის ახლად აღმოჩენილად მიიჩნევა ისეთი მტკიცებულება ან გარემოება, რომლის სასამართლოში საქმის განხილვის დროს არსებობს, მაგრამ მხარეს ობიექტური მიზეზით არ შეუძლია ამ მტკიცებულების წარდგენა ან ახალ გარემოებაზე მითითება: მათი არსებობის შესახებ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ინფორმირებული არ არის. ნებისმიერი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც მომზადდა საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, ახლად აღმოჩენილად ვერ შეფასდება და საქმის წარმოების განახლებას ვერ გამოიწვევს.
გარდა ამისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
მოცემულ შემთხვევაში, ჯ. ტ-ი საქმის განხილვაში ჩაბმული იყო როგორც ქ. მ-ის კანონიერი წარმომადგენელი. საკუთარი სახელით სამკვიდრო მასაზე მას პრეტენზია არ განუცხადებია.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს განმცხადებლის მითითებას, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე სამკვიდრო მოწმობა ვერ წარადგინა, რადგანაც ნოტარიუსმა მოწმობის გაცემაზე უარი უთხრა.
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებებით დასტურდება, რომ 2010 წლის 10 ნოემბერს სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით ჯ. ტ-მა ნოტარიუსს როგორც ქ. მ-ის მეურვემ მიმართა და არა საკუთარი სახელით. ჯ. ტ-ს 2013 წლამდე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ობიექტური საფუძველი, რის გამოც, განმცხადებელს არ შეეძლო, დროულად მიეღო სამკვიდრო მოწმობა და სამკვიდრო ქონებაზე პრეტენზია საქმის განხილვის პერიოდში განეცხადებინა. გარდა ამისა, ისეთ პირობებში, როდესაც დავის საგანი იყო ანდერძისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ასევე მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარება, ჯ. ტ-ს სამკვიდრო მოწმობის გარეშეც შეეძლო განეცხადებინა, რომ ე. მ-ის მემკვიდრე იყო, დაედასტურებინა სამკვიდროს დაუფლების ფაქტი და შესაბამისი წილის მესაკუთრედ აღიარება მოეთხოვა, რაც მას არ განუხორციელებია. 2014 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობა კი 2012 წლის 28 ივნისს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე გავლენას არ ახდენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო სასმართლო მიიჩნევს, რომ ქ. მ-ის კანონიერ წარმომადგენელ ჯ. ტ-ისა და ჯ. ტ-ის მიერ საკუთარი სახელით აღძრული განცხადებები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284, 430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. მ-ის კანონიერ წარმომადგენელ ჯ. ტ-ის განცხადება და ჯ. ტ-ის მიერ საკუთარი სახელით აღძრული განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის N.... გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე