№ა-1753-ა-14-2014 10 თებერვალი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი – შპს „კ. ა-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ნ-ი
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 აპრილის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით:
1. დ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. მოპასუხე შპს „კ. ა-ს“ დ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის აპრილის თვის სახელფასო დავალიანების - 200 ლარის გადახდა;
3. დ. ნ-ის სარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძლებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ნ-მა, რომელმაც მოითხოვა ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
1. დ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
2. გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
3. მოპასუხე შპს „კ. ა-ს“ დ. ნ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სახით დაეკისრა 6520 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ. ა-მა“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 აპრილის განჩინებით შპს „კ. ა-ის“ საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
2014 წლის 3 ივნისს შპს „კ. ა-მა“ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 28 აპრილის განჩინების ბათილად ცნობა. განმცხადებელმა მოითხოვა ასევე გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.
განცხადების საფუძვლები:
შპს „კ. ა-ის“ წარმომადგენელი მ. თ-ი კანონით დადგენილ ვადაში არაერთხელ გამოცხადდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, რა დროსაც იგი შიდა ტელეფონით უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს. მიუხედავად ამისა, წარმომადგენელმა ხსენებული გადაწყვეტილების მოპოვება ვერ შეძლო, რადგან იგი მზად არ იყო. თანაშემწემ კომპანიის წარმომადგენელს გადასცა თავისი მობილური ტელეფონის ნომერი – 577 16 04 39 და განუცხადა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების შემდეგ თავად დაუკავშირდებოდა. კომპანიის წარმომადგენელი სარგებლობს ტელეფონის ორი ნომრით, კერძოდ, პირადი ნომერია – 593 37 76 67, ხოლო კორპორატიული ნომერია – 599 09 39 35. როგორც მაგთიკომის ოფისიდან მოპოვებული ხსენებული ნომრების დეტალური ამონაწერით ირკვევა, მოსამართლის თანაშემწეს არც ერთ ნომერზე არ დაურეკავს. მ. თ-ის ტელეფონზე არც სააპელაციო სასამართლოს სტაციონალური ტელეფონიდან შესულა ზარი. ის გარემოება, რომ მ. თ-ი 2013 წლის 1 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით არაერთხელ გამოცხადდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მარტივი დასადგენია. 26 დეკემბერს სასამართლოში მისულმა მ. თ-მა, მოსამართლის თანაშემწის ტელეფონის ნომერზე (577 16 04 39) განახორციელა ზარი და შეატყობინა მისი მისვლის შესახებ. სამწუხაროდ, მაგთიკომის ოფისმა განმცხადებელს უარი უთხრა მომსახურე ანტენის ნომრებისა და ადგილმდებარეობის დეტალურ ინფორმაციაში მითითებაზე. ასეთი ინფორმაციის ქონა აუცილებელია იმის დასადგენად, რომ მ. თ-ი სააპელაციო სასამართლოში ნამდვილად ცხადდებოდა და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მას უარს ეუბნებოდნენ. ამ უკანასკნელის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში მისი მონაწილეობით არც ერთი საქმე არ იხილებოდა, შესაბამისად, მისი იქ მისვლის მიზეზს მხოლოდ ხსენებული გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენდა. წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ინფორმაციის გაცემა იმის თაობაზე, რომ 2013 წლის მანძილზე მას მონაწილეობა არ მიუღია სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული არც ერთი საქმის განხილვაში. მიღებული პასუხის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მსგავსი სახის აღრიცხვას არ აწარმოებს. არასწორი იქნება იმაზე აპელირება, რომ ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება 2013 წლის 26 დეკემბრამდე წარდგენილი შესაბამისი წერილობითი განცხადება, ამიტომ მ. თ-ი სააპელაციო სასამართლოში ამ დრომდე გამოცხადებულად ვერ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ შეიცავს დათქმას იმასთან დაკავშირებით, რომ მხარემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს. იგივე წარმატებით, წარმომადგენელს შეეძლო 2013 წლის 20 დეკემბრამდე შეეტანა განცხადება და დასაბუთებული გადაწყვეტილება მაინც ვერ მიეღო, რადგან იგი მზად არ იყო. სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების დაგვიანებით ჩაბარების პირობებში, მხარეს კანონით დადგენილი 21-დღიანი ვადა უმცირდება, რაც ზღუდავს მის კანონიერ უფლებებს;
მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ შპს „კ. ა-ის“ დირექტორი სააპელაციო სასამართლოს არც ერთ სხდომას, მათ შორის, არც სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას, არ ესწრებოდა. მინდობილობის საფუძველზე, კომპანიის უფლებების დაცვა უნდა ეწარმოებინა მის წარმომადგენელს - მ. თ-ს. 2014 წლის 6 მაისს, შპს „კ. ა-ის“ დირექტორისათვის ცნობილი გახდა, რომ მ. თ-ს 2013 წლის 7 ივნისიდან შეწყვეტილი ჰქონდა ადვოკატის უფლებამოსილება. ამის შესახებ, წარმომადგენელმა დირექტორს ფაქტის გაგებისთანავე თავად შეატყობინა. იმავე დღეს, მ. თ-მა განცხადებით მიმართა სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას“ და მოითხოვა წევრობის აღდგენა. 2014 წლის 7 მაისს, სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა საბჭომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განმცხადებელს მიაჩნია, რომ სახეზეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 28 აპრილის განჩინების, როგორც თანმდევი შედეგის ბათილად ცნობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები. ერთი მხრივ, მ. თ-ს არ გააჩნდა სააპელაციო სასამართლოში წარმომადგენლობის უფლება, ხოლო მეორე მხრივ, შპს „კ. ა-ის“ დირექტორისათვის ცნობილი არ იყო აღნიშნულის თაობაზე. ამასთან, დასახელებული კომპანიის დირექტორს, როგორც სადავო გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უფლების მქონე პირს, ეს გადაწყვეტილება გადაეცა მ. თ-ის და არა სასამართლოს მიერ – 3 იანვარს. შესაბამისად, მხარეს გადაწყვეტილება დღემდე არ ჩაბარებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე, 369-ე და 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივნისის განჩინებით:
1. შპს „კ. ა-ის“ განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო:
2. შპს „კ. ა-ის“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 28 აპრილის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად;
3. შპს „კ. ა-ის“ განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, შპს „კ. ა-ის“ განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ. ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ. პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, აღნიშნული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად განმცხადებელი მიუთითებს შემდეგ ორ გარემოებაზე:
1. შპს „კ. ა-ის“ წარმომადგენელმა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, კანონით დადგენილ ვადაში ვერ მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, ვინაიდან იგი მზად არ ჰქონდა სასამართლოს;
2. შპს „კ. ა-ის“ წარმომადგენელს 2013 წლის 7 ივნისიდან 2014 წლის 7 მაისამდე შეწყვეტილი ჰქონდა სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრობა საწევრო გადასახადის გადაუხდელობის გამო. აქედან გამომდინარე, მართალია, იგი ესწრებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, მაგრამ მას არ ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში შპს „კ. ა-ის“ წარმოდგენის უფლება, ხოლო ეს უკანასკნელი არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო, ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით, კერძოდ, სასამართლო სხდომის ოქმით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ოქტომბრის სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2013 წლის 20 ნოემბერს 11:00 საათზე (იხ. ტომი 2, ს.ფ. 65-69). ამ სხდომას ესწრებოდა შპს „კ. ა-ის“ წარმომადგენელი მ. თ-ი, რომელიც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადების თაობაზე გაფრთხილებულ იქნა ხელწერილით (იხ. ტომი 2, ს.ფ. 72). საქმის მასალებით დასტურდება ასევე, რომ შპს „კ. ა-ის“ წარმომადგენელი ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. ტომი 2, ს.ფ. 73-74).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „კ. ა-ი“ (მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი. ზემოხსენებული ნორმა გულისხმობს მხარის ვალდებულებას, გამოცხადდეს შესაბამის სასამართლოში, განცხადებით მიმართოს ამ სასამართლოს კანცელარიას და მოითხოვოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემა. მართალია, მხარეს შეუძლია სასამართლოს მიმართოს როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი განცხადებით, მაგრამ, თუ წერილობითი განცხადება სასამართლოსადმი მიმართვის უდავო მტკიცებულებაა, ზეპირი მიმართვის ფაქტის დამტკიცების რისკი მთლიანად მხარეზე გადადის. ასეთ შემთხვევაში, მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ უნდა ადასტურებდნენ სასამართლოში მისი გამოცხადებისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მოთხოვნის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მობილური ოპერატორის (მაგთიკომის) ამონაწერები მის მიერ განხორციელებული ზარების თაობაზე არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ იგი კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემა, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა ვერ შეძლო მის მიერ მითითებული გარემოების დადასტურება, რაც მის მოვალეობას წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით განსაზღვრულ გასაჩივრების წესს საფუძვლად უდევს გადაწყვეტილების ჩაბარების ინსტიტუტი. ამ ნორმის მიხედვით, გასაჩივრების უფლების მქონე მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებაში იგულისხმება როგორც უშუალოდ ამ მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ჩაბარება, ასევე ამ გადაწყვეტილების ჩაბარების პრეზუმფცია, რომელიც მიუთითებს, რომ გასაჩივრების უფლების მქონე მხარემ ჩაიბარა გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, შპს „კ. ა-ისათვის“ გადაწყვეტილების ჩაბარების პრეზუმფცია სახეზეა, ვინაიდან განმცხადებელმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ შპს „კ. ა-ის“ წარმომადგენელი კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადდა სასამართლოში და მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემა. ზემოხსენებული ნორმის თანახმად, თუ სახეზეა გადაწყვეტილების ჩაბარების პრეზუმფცია, მაშინ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „კ. ა-მა“ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადას რამდენიმე დღით გადააცილა.
დაუსაბუთებელია ასევე განმცხადებლის მოსაზრება საკასაციო სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ შპს „კ. ა-ის“ წარმომადგენელს 2013 წლის 7 ივნისიდან 2014 წლის 7 მაისამდე შეწყვეტილი ჰქონდა სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრობა საწევრო გადასახადის გადაუხდელობის გამო.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შპს „კ. ა-ის“ ინტერესებს სააპელაციო სასამართლოში იცავდა მ. თ-ი შპს „კ. ა-ის“ დირექტორის მიერ 2013 წლის 15 თებერვალს გაცემული მინდობილობის საფუძველზე (იხ. ტომი 1, ს.ფ. 43). როგორც ზემოთ აღინიშნა, მ. თ-ისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოტანის თარიღი და იგი ესწრებოდა კიდეც გადაწყვეტილების გამოცხადებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრობის შეწყვეტა არ ათავისუფლებდა მ. თ-ს ზემოხსენებული დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისგან, მათ შორის, იმ ვალდებულებებისგან, რომ მარწმუნებლისათვის ეცნობებინა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოტანის თარიღი, ხოლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი. წარმომადგენლის მიერ ამ ვალდებულებათა შეუსრულებლობა მარწმუნებელს არ აძლევს იმის უფლებას, რომ მან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვოს იმ საფუძვლით, რომ მისთვის ცნობილი არ იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, წარმომადგენლის ინფორმირება გადაწყვეტილების გამოტანის თარიღის თაობაზე ნიშნავს ასევე მარწმუნებლის (მხარის) ინფორმირებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის წარმოების განახლების შესახებ შპს „კ. ა-ის“ განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „კ. ა-სის“ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე