Facebook Twitter

№ა-230-ა-3-2015 6 თებერვალი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - შპს „W. P-a“

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ „საქართველოს ფინანასთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“

მესამე პირები - შპს „ი. ჯ-ა“, სს „რ. ი-ი“

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – დავალიანების გადახდის დაკისრება (ძირითადი სარჩელის), გარიგების ბათილად ცნობა (შეგებებული სარჩელის)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ „საქართველოს ფინანასთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ“ შპს „W. P-a-ს“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა ინტერნეტაუქციონის მომსახურების საფასურის 48588 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

შპს „W. P-aმ“ სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა და მოითხოვა მასა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ქონების განკარგვის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ „საქართველოს ფინანასთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „W. P-aს“ მოსარჩელის სასარგებლოდ 48588 ლარის ანაზღაურება დაეკისრა, შპს „W. P-aს“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „W. P-aმ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივნისის განჩინებით შპს „W. P-aს“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან მხარემ დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში არ ჩაიბარა, გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაიწყო და 19 ივნისს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი კი, 12 ივნისსაა შეტანილი.

აღნიშნული განჩინება შპს „W. P-aს“ წარმომადგენელმა ქ. ქ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინებით შპს „W. P-aს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩა. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი ზოგადი ნორმაა, რომელიც მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც ამავე კოდექსის სპეციალური ნორმა განსხვავებულ ქცევის წესს არ ადგენს. მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლი სპეციალური ნორმაა, რომელიც გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენის დაწყების მომენტად მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს განსაზღვრავს, თუ მხარე დასაბუთებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს, ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა სასამართლოში არ გამოცხადდება გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა დაიწყება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე კალენდარულ დღეს.

2015 წლის 28 იანვარს შპს „W. P-aს“ წარმომადგენელმა ლ. უ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მომართა და ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება მოითხოვა. მისი მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ახალი პრაქტიკა დაამკვიდრა და განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით დადგენილი ვადის ათვლა მე-60 მუხლის დებულებებთან შესაბამისად უნდა მოხდეს. განმცხადებლის მოსაზრებით, ეს განჩინება ახლად აღმოჩენილი გარემოებაა. იმის გამო, რომ ზემოაღნიშნული ნორმები არასწორად განიმარტა, შპს „W. P-aს“ სამართლიანი სასამართლოს უფლება შეეზღუდა, რის გამოც საქმის წარმოება უნდა განახლდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შპს „W. P-aს“ განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.

იმავე კოდექსის 401.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული განცხადება არ შეიცავს საქმის წარმოების განახლებისათვის აუცილებელ წინაპირობებზე მითითებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ:

ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია;

ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება;

გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება;

დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა;

ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ;

ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას;

ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.

აღნიშნული ნორმა ამომწურავად ადგენს, თუ რომელი გარემოება მიიჩნევა ახლად აღმოჩენილად და შესაძლებელია, რომ საქმის წარმოების განახლებას დაედოს საფუძვლად. დიდი პალატის მიერ ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დადგენა, სასამართლო პრაქტიკის ცვლილება ან, თუნდაც, კანონის გაუქმება და ახალი კანონის მიღება საქმის წარმოების განახლების საფუძვლად არ განიხილება.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 17.1 მუხლის თანახმად, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს ამ კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ, განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებს. ამავე კანონის 17.5 მუხლის თანახმად კი, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის, ამდენად, მართალია, დიდი პალატა ადგენს ყველა სასამართლო ინსტანციისათვის სავალდებულო ერთგვაროვან პრაქტიკას, მაგრამ იგი კონკრეტულ საქმეზე მართლმსაჯულების განმხორციელებელი საკასაციო სასამართლოა და მის მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტს სხვა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების მიმართ უკუქცევითი ძალა არ გააჩნია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „W. P-aს“ განცხადებაში მითითებული გარემოებები არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ახლადაღმოჩენილი და საქმის წარმოების განახლებას დაედოს საფუძვლად, რის გამოც, ეს განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. 374.3 მუხლის თანახმად კი, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი სრულად უნდ დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე, 396-ე, 423-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „W. P-aს“ განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად;

2. შპს „W. P-aს“ დაუბრუნდეს 28.01.2015 წლის N…. საგადახდო დავალებით გ. ო.ყ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №……., სახაზინო კოდი 3 0077 3150;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი