Facebook Twitter

№ა-699-ბ-3-2014 6 თებერვალი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი – მ. თ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. გ-ე, ქ. ჯ-ი

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით:

1. არ დაკმაყოფილდა მ თ-ას სარჩელი, რომლითაც მან მოითხოვა: ა. ნოტარიუს ლ.ო-ის მიერ 2012 წლის 24 იანვარს ი. წ-ის სამკვიდრო ქონებაზე ბ გ-ის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და ბ. 2012 წლლის 20 ივნისს, ბ. გ-სა და ქ. ჯ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

2. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბ გ-ის სარჩელი:

ა. ბათილად იქნა ცნობილი ვ წ-ის მიერ 1992 წლის 18 დეკემბერს ნ. წ-ისა და მ. თ-ას სასარგებლოდ შედგენილი, ნოტარიუს მ.ბ-ის მიერ დამოწმებული ანდერძი;

ბ. ბათილად იქნა ცნობილი აგრეთვე, ნოტარიუს ხ. შ-ის მიერ 2011 წლის 17 ივნისს 1994 წლის 6 იანვარს გარდაცვლილი ვ. წ-ის სამკვიდრო ქონებაზე მ თ-ას სასარგებლოდ გაცემული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა;

3. არ დაკმაყოფილდა სარჩელის მოთხოვნა ნოტარიუს მ.ბ-ის დავალდებულების შესახებ, ბათილად ეცნო სანოტარო აქტი ანდერძის ძალაში შესვლის თაობაზე; ამოეშალა ანდერძი სანოტარო რეესტრის ჩანაწერებიდან და გადაეცა ეს მონაცემები სანოტარო პალატისათვის, აგრეთვე, ნოტარიუს ხ.შ-ის დავალდებულების თაობაზე, ამოერიცხა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა სანოტარო რეესტრის მონაცემთა ბაზრიდან.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით მ. თ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, მ. თ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. თ-ამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინებით მ. თ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინება.

2014 წლის 27 თებერვალს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ. თ-ამ. განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად განმცხადებელი მიუთითებს შემდეგს:

1. კერძო საჩივრის ავტორი - მ. თ-ა სათანადოდ არ იყო ინფორმირებული კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე, კერძოდ, მ. თ-ას მიღებული აქვს რუსული განათლება და სათანადოდ არ ფლობს ქართულ ენას. აღნიშნულის გამო მას არ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა დამატებითი მოსაზრებები კერძო საჩივართან დაკავშირებით;

2. სასამართლომ მ. თ-ას წარმომადგენლებს არ შეატყობინა კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. თ-ას განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ. ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ. პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 419-ე და 420-ე მუხლების მიხედვით, სასამართლომ მხარეებს უნდა აცნობოს კერძო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა შესაძლებელია განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევა, რაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას იწვევს.

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ იგი სათანადოდ არ იყო ინფორმირებული კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას მიღებული აქვს რუსული განათლება და სათანადოდ არ ფლობს ქართულ ენას. აღნიშნულის გამო მას არ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა დამატებითი მოსაზრებები კერძო საჩივართან დაკავშირებით, რითაც არსებითად შეილახა მისი უფლებები.

საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს განმცხადებლის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორს - მ. თ-ას, ტელეფონით, პირადად ეცნობა მისი კერძო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე. აღნიშნული გარემოება დასტურდება უფლებამოსილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით - ტელეფონით შეტყობინების შესახებ (იხ. ტომი 7, ს.ფ. 44). ტელეფონით მხარეთა ინფორმირების შესაძლებლობას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 73-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დაცულია ზემოხსენებული ნორმებით დადგენილი შეტყობინების წესი. რაც შეეხება განმცხადებლის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მან სათანადოდ არ იცის ქართული ენა და ამის გამო სათანადოდ ვერ გაერკვა შეტყობინების შინაარსში, ასევე ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან საქმის მასალებით ირკვევა, რომ განმცხადებელი პირადად იღებდა მონაწილეობას საქმის განხილვაში და არც ერთ ეტაპზე თარჯიმანი არ მოუთხოვია. აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ მ. თ-ას თავის წარმომადგენლებზე გაცემული აქვს ქართულ ენაზე შედგენილი მინდობილობები. აქედან გამომდინარე, მისი პრეტენზია ქართული ენის არცოდნის თაობაზე დაუსაბუთებელია.

დაუსაბუთებელია განმცხადებლის პრეტენზია იმის თაობაზეც, რომ სასამართლომ მის წარმომადგენლებს არ შეატყობინა კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამ ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია შეტყობინება გაუგზავნოს მხარეს ან მის წარმომადგენელს და არა ორივეს ერთად, ამასთან, ერთ-ერთის ინფორმირება ნიშნავს მეორის ინფორმირებასაც. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, კერძო საჩივრის ავტორი კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ, რაც მისი წარმომადგენლების ინფორმირებასაც ნიშნავდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის წარმოების განახლების შესახებ მ. თ-ას განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. თ-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე