Facebook Twitter

№ა-1524-ბ-12-2014 10 თებერვალი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – გ. დ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ნ-ი

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მარტის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. დ-ის სარჩელი მოპასუხე გ. ნ-ის მიმართ, სასამართლოში გაკეთებული არასწორი და არარეალური ფაქტის მოპასუხის მიერ უარყოფის, აგრეთვე, ამ უკანასკნელის მიერ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-მა. განმცხადებელმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით გ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. დ-მა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით გ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება.

2014 წლის 20 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ. დ-მა, რომელმაც მოითხოვა უზენასი სასამართლოს ზემოხსენებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მარტის განჩინებით გ. დ-ის განცხადება ამავე სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველად.

2014 წლის 8 მაისს გ. დ-მა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მარტის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობა დაუშვებელია, თუმცა მოსამართლე პ.ქათამაძემ მოცემული საქმის განხილვაში მონაწილეობა ორჯერ მიიღო, პირველად იგი საქმის განხილვაში მონაწილეობდა 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინების მიღებისას. ამასთან, სამოქალაქო საქმეების საკასაციო წესით განხილვა ხორციელდება სამი მოსამართლის მიერ, ხოლო დასახელებულმა მოსამართლემ საქმე ერთპიროვნულად განიხილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გ. დ-ის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ. ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ. პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად განმცხადებელი მიუთითებს შემდეგ ორ გარემოებაზე:

1. მოსამართლე პ.ქათამაძემ მოცემული საქმე განიხილა ორჯერ, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლიდან გამომდინარე;

2. დასახელებულმა მოსამართლემ საქმე ერთპიროვნულად განიხილა, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საქმეების საკასაციო წესით განხილვა ხორციელდება სამი მოსამართლის მიერ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლზე და განმარტავს, რომ მითითებული ნორმა ადგენს შემდეგ წესს: ერთი და იგივე მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას ერთი და იგივე საქმის სხავასხვა ინსტანციის სასამართლოში განხილვისას, ანუ მოსამართლეს ეკრძალება საქმის განხილვაში მონაწილეობა, თუ იგი ამ საქმის განხილვაში მონაწილეობდა სხვა ინსტანციის და არა იმავე ინსტანციის სასამართლოში.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ განმცხადებლის მიერ მითითებულმა მოსამართლემ ორჯერ მიიღო მონაწილეობა ერთი და იგივე საქმის საქართველოს უზენაეს სასამართლოში განხილვისას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის დარღვევას არ წარმოადგენს.

დაუსაბუთებელია ასევე განმცხადებლის ის მოსაზრებაც, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლება არ ჰქონდა 2014 წლის 28 მარტის განჩინება ერთპიროვნულად გამოეტანა.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. მითითებული ნორმა არ განსაზღვრავს, თუ რა ვადაში უნდა შემოწმდეს განცხადების დასაშვებობა. ეს ნორმა ასევე არ ადგენს, დასაშვებობის შემოწმება მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა განახორციელოს, თუ სასამართლოს კოლეგიურმა შემადგენლობამ. ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად უნდა მივმართოთ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებს მომხსენებელი მოსამართლე წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე.

კანონის ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის საკითხს ერთპიროვნულად იხილავს მომხსენებელი მოსამართლე, შესაბამისად, მას, ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად გამოაქვს განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ გასაჩივრებული განჩინებით განუხილველად დარჩა გ. დ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ. ასეთი განჩინების გამოტანა კი, როგორც აღინიშნა, ერთპიროვნულად შეუძლია მომხსენებელ მოსამართლეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გ. დ-ის განცხადების დაკმაყოფილებისა და საქმის წარმოების განახლების კანონიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. დ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე