Facebook Twitter

საქმე №ა-211-ბ-1-2015 18 თებერვალი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებლები – შპს „წ-ი“ (დირექტორი - მ. მ.), ინდივიდუალური მეწარმე მ. კ., ინდივიდუალური მეწარმე ი. ლ., ინდივიდუალური მეწარმე ი. უ

მოწინააღმდეგე მხარე - ი. ი.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ლექსიკონის ორიგინალის ან ასლის გავრცელების აკრძალვა და კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინებით შპს „წ-ის“, ინდივიდუალური მეწარმე მ. კ-ის, ინდივიდუალური მეწარმე ი. ლ-ასა და ინდივიდუალური მეწარმე ი. უ-ას სახელით მ. ხ-ის მიერ წარდგენილი კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე შპს „წ-ის“, ინდივიდუალური მეწარმე მ. კ-ის, ინდივიდუალური მეწარმე ი. ლ-ასა და ინდივიდუალური მეწარმე ი. უ-ას სახელით მ. ხ-ის მიერ წარდგენილ კერძო საჩივარზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 06 ნოემბრის განჩინებით დადგენილ იქნა ხარვეზი, რომლითაც კერძო საჩივრის ავტორს დაევალა, განჩინებით განსაზღვრულ 05 დღის ვადაში, სახელმწიფო ბაჟის სახით, 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და მარწმუნებლების სახელით კერძო საჩივრის წარდგენის უფლებამოსილების დამადასტურებელი რწმუნებულებების წარმოდგენა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. განჩინების საფუძვლებისა და სარეზოლუციო ნაწილის შესახებ საქმის მასალებში არსებულ ტელეფონის ნომერზე: 555.......ეცნობა მ. ხ-ს. აღნიშნული კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად მიჩნეულ იქნა განჩინების მხარისათვის ჩაბარებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილითა და 61-ე მუხლის მესამე ნაწილით და კერძო საჩივრის ავტორის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო კერძო საჩივარი დატოვა განუხილველად.

2015 წლის 26 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართეს შპს „წ-ის“ დირექტორმა მ. მ-მა, ინდივიდუალური მეწარმე მ. კ-მ, ინდივიდუალური მეწარმე ი. ლ-ამ და ინდივიდუალური მეწარმე ი. უ-ამ და მოითხოვეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობა.

განცხადება დასაბუთებულია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე (რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული შპს „წ-ის“, ინდივიდუალური მეწარმე მ. კ-ის, ინდივიდუალური მეწარმე ი. ლ-ასა და ინდივიდუალური მეწარმე ი. უ-ას სააპელაციო საჩივარი) შპს „წ-ის“, ინდივიდუალური მეწარმე მ. კ-ის, ინდივიდუალური მეწარმე ი. ლ-ასა და ინდივიდუალური მეწარმე ი. უ-ას სახელით მ. ხ-ის მიერ წარდგენილი კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო. განმცხადებლების განმარტებით, კერძო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 06 ნოემბრის განჩინება ჩაბარდა ვინმე მ. ხ-ს, რომლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის და ამდენად, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებულად არ უნდა იქნეს მიჩნეული. განმცხადებლების განმარტებით, მათთვის მხოლოდ აღსრულების ეტაპზე გახდა ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინების შესახებ. აღნიშნული კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და კერძო საჩივარზე დასაშვებობის სტადიიდან წარმოების განახლების საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 თებერვლის განჩინებით შპს „წ-ის“, ინდივიდუალური მეწარმე მ. კ-ის, ინდივიდუალური მეწარმე ი. ლ-ასა და ინდივიდუალური მეწარმე ი. უ-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინებაზე დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა განცხადების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „წ-ის“, ინდივიდუალური მეწარმე მ. კ-ის, ინდივიდუალური მეწარმე ი. ლ-ასა და ინდივიდუალური მეწარმე ი. უ-ას განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

ზემოთ აღნიშნული ნორმის მიზნიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებს, რადგან საქმის წარმოების განახლება არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და ისიც, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

მოცემულ შემთხვევაში, განჩინების ბათილად ცნობის შესახებ წარმოდგენილი განცხადების ძირითადი დასაბუთება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ კერძო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 06 ნოემბრის განჩინება ჩაბარდა მ. ხ-ს, რომლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის და ამდენად, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებულად არ უნდა იქნეს მიჩნეული, აღნიშნული კი, წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობისა და დასაშვებობის სტადიიდან კერძო საჩივარზე წარმოების განახლების წინაპირობას (ტ.2. ს.ფ. 74).

განმცხადებლების ზემოთ აღნიშნულ პრეტენზიას სამოქალაქო საქმეთა პალატა ვერ გაიზიარებს და დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინება ი/მ მ. კ-ის, ი/მ ი. ლ-ას, შპს „წ-ისა“ და ი/მ ი. უ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ (ტ.2. ს.ფ. 17-20) გასაჩივრდა მ. ხ-ის მიერ (ტ.2. ს.ფ. 33), ხოლო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მ. ხ-ის წარმომადგენლობით უფლებამოსილება, კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან ერთად დაევალა, მარწმუნებლების სახელით კერძო საჩივრის წარდგენის უფლებამოსილების დამადასტურებელი რწმუნებულებების წარმოდგენა. სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებით, ლოგიკურ დასაბუთებასაა მოკლებული განმცხადებლების ის არგუმენტი, თითქოს მათთვის მხოლოდ აღსრულების ეტაპზე გახდა ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინების შესახებ, ვინაიდან, მ. ხ-ის პირადი იურიდიული ინტერესი კერძო საჩივრის წარდგენისადმი საქმის მასალებით არ იკვეთება. გარდა ამისა, რომ არა მ. ხ-ის მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით (თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა) გასაჩივრებული არ არის და იგი შესულია კანონიერ ძალაში. ვინაიდან როგორც საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათებით გზავნილის ჩაბარების შესახებ (ტ.2. ს.ფ. 21-32) დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე 78-ე მუხლებით დადგენილი წესით ზედიზედ ორჯერ გაეგზავნათ აპელანტებს საქმეში არსებულ მისამართზე.

ამასთან, სამოქალაქო საქმეთა პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ი/მ მ. კ-ის, ი/მ ი. ლ-ას, შპს „წ-ისა“ და ი/მ ი. უ-ას სახელით მ. ხ-ის მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივრის (ტ.2. ს.ფ. 33) დასაბუთებაც აგებულია ანალოგიურ პრეტენზიაზე მითითებით, რაც კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 03 ივლისისა და 24 ივლისის განჩინების აპელანტებისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის ჩაუბარებლობაში მდგომარეობს, მაშინ, როდესაც საქმის მასალებში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათით გზავნილის ჩაბარების შესახებ დადასტურებულია, რომ ხარვეზის განჩინება ჩაბარდა აპელანტების წარმომადგენელ ც.მ-ას, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დადასტურებულია საქმის მასალებით.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ მხარის კანონიერი ინტერესის საქმის განხილვაში მონაწილეობის შესახებ დარღვევის ფაქტობრივი გარემოებები, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით განჩინების ბათილად ცნობის საფუძველია, საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. შესაბამისად, სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ შპს „წ-ის“, ინდივიდუალური მეწარმე მ. კ-ის, ინდივიდუალური მეწარმე ი. ლ-ასა და ინდივიდუალური მეწარმე ი. უ-ას განცხადება კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და კერძო საჩივარზე დასაშვებობის სტადიიდან წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 430-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „წ-ის“, ინდივიდუალური მეწარმე მ. კ-ის, ინდივიდუალური მეწარმე ი. ლ-ასა და ინდივიდუალური მეწარმე ი. უ-ას განცხადება კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და კერძო საჩივარზე დასაშვებობის სტადიიდან წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

თ. თოდრია