№ა-1747-შ-52-2014 9 თებერვალი, 2015 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი - შპს „კ. გ-ი“
წარმომადგენელი - ა. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჩ. ტ-ი“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - რუსეთის ფედერაციის ნიჟეგოროდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2012 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსეთის ფედერაციის ნიჟეგოროდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2012 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ჩ. ტ-ს“ შპს „კ. გ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 70 228 355 რუბლი უსაფუძვლო გამდიდრების გამო, რომელის განხორციელდა მოპასუხის ქონების გაუმჯობესების გზით მოსარჩელის საინვესტიციო სახსრების ხარჯზე, 13 036 122 რუბლი სხვისი ქონებით სარგებლობის პროცენტი, უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე, 3 519 741,79 რუბლი 01.03.2009 წლიდან 31.12.2009 წლამდე სხვისი ქონების შენახვის ხარჯები, 6 649 134,83 რუბლი 01.01.2010 წლიდან 24.20.2010 წლამდე მოპასუხის ქონების შენახვის ხარჯები, 26 644 995 რუბლი შპს „ჩ. ტ-ს“ კუთვნილ ვაგონ-ცისტერნებზე საბაჟო დოკუმენტების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, 108 730 722 რუბლი მიუღებელი შემოსავალი შპს „ტ.ტ-თან“ ხელშეკრულების მოშლის გამო, ასევე 145 289,58 რუბლი სახელმწიფო ბაჟი.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „კ.გ-ის“ წარმომადგენელმა ა.კ-ემ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
განცხადების ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, მოპასუხე გაფრთხილებული იყო საქმის განხილვის თაობაზე, საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი არ ყოფილა წარდგენილი აღსასრულებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 731-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
„არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.
იმავე მუხლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობასთან დაკავშირებულ შუამდგომლობებს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა არ ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მიუთითებს „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებზე ან სასამართლო დაადგენს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. ამ გარემოების გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის ნიჟეგოროდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2012 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 44-ე-45-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „კ. გ-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ნიჟეგოროდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2012 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე .....) და მიექცეს აღსასრულებლად;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე