ბს-775-362(კ-05) 6 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბ. კობერიძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 25 იანვარს ლ. ზ-მ სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის ზუგდიდის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მიმართ და განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა მოითხოვა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი 1976 წლიდან მუშაობდა ზუგდიდის შს რაიგანყოფილების, შემდგომში ზუგდიდის შს სამმართველოს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ქვეგანყოფილებაში ...ის თანამდებობაზე. 2004წ. ნოემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარი რეორგანიზაციის შედეგად საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის საშტატო ერთეული გადავიდა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში, რის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს 2004წ. 27 დეკემბრის ¹860-პ/შ ბრძანებით “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ლ. ზ-ა განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მისი სამსახურიდან განთავისუფლება უკანონოდ მოხდა, ვინაიდან დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნები, კერძოდ, ადმინისტრაციულ აქტზე არ იყო გამოსახული საქართველოს სახელმწიფო გერბი, აქტში ასევე არ იყო მითითებული ორგანო, რომელშიც ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება შეიძლებოდა. ამასთან, განთავისუფლების შესახებ ბრძანება მოსარჩელემ მიიღო 2005წ. 17 იანვარს, ანუ გამოცემიდან 21-ე დღეს.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ შკკ-ის 36-ე მუხლის საფუძველზე მას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება გააჩნდა, ვინაიდან გამოირჩეოდა მაღალი კვალიფიკაციით, შრომის ნაყოფიერებით და ხსენებულ სამსახურში მუშაობის ხანგრძლივი სტაჟით.
ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, სამსახურიდან მისი განთავისუფლება უკანონოდ მოხდა, რაც მისი სამსახურში აღდგენის საფუძველს წარმოადგენდა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს 2004წ. 27 დეკემბრის ¹860 პ/შ ბრძანება და ლ. ზ-ა აღდგენილ იქნა ზუგდიდის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურში ...ის თანამდებობაზე.
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის ზუგდიდის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურმა რაიონული სასამართლოს 2005წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, “სახელმწიფო რეესტრის შესახებ” კანონის საფუძველზე საქართველოს შს სამინისტროს საპასპორტო, სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიურო და მისდამი დაქვემდებარებული დანაყოფები გაუქმდა, შესაბამისად, აღნიშნული სამსახური გადაეცა იუსტიციის სამინისტროს. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს შს მინისტრის ¹608 ბრძანებით საპასპორტო _ სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის რიგითი და ოფიცერთა პირადი შემადგენლობა სამუშაოდან განთავისუფლდა და კადრების განკარგულებაში იქნა აყვანილი, რის გამოც ლ. ზ-ა 2004წ. 27 დეკემბერის ¹860 ბრძანებით სამუშაოდან განთავისუფლდა.
აპელანტმა აღნიშნა, რომ ზუგდიდის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურს ლ. ზ-ს განთავისუფლებაში მონაწილეობა არ მიუღია. ამასთან, მართალია, მოსარჩელე ზუგდიდის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურში აღდგენას ითხოვდა, მაგრამ სამუშაოზე მიღების საკითხს იუსტიციის მინისტრი წყვეტდა, რის გამოც იგი აღნიშნულ დავაში არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა.
აპელანტის განმარტებით, მათ სამსახურს ...ის შტატი არ გააჩნდა, რის გამოც ლ. ზ-ს აღნიშნულ თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელი იყო. ამასთან, სამსახურში მომუშავე პერსონალი იუსტიციის მინისტრის “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 30-ე მუხლის საფუძველზე გამოცემული ბრძანებით, დროებითი მოვალეობის შემსრულებლებად იყვნენ დანიშნულები და მათი დანიშვნის საკითხი გადაწყდებოდა ტესტირების შედეგების გათვალისწინებით. ლ. ზ-ს კი ტესტირება არ ჰქონდა გავლილი, შესაბამისად, იგი კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 12 აპრილის გადაწყვეტილებით იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის ზუგდიდის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ზ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ლ. ზ-ა წარმოადგენდა საჯარო დაწესებულებაში დანიშნულ მოხელეს. იგი 1976 წლიდან მუშაობდა საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ქვეგანყოფილებაში ...ედ, ესე იგი საჯარო დაწესებულებაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე იყო დანიშნული, ამდენად, მის მიმართ უნდა გავრცელებულიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან დაწესებულების ლიკვიდაციის გამო. ამდენად, შინაგან საქმეთა მინისტრის ¹608 ბრძანებით მოხდა ზუგდიდის საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ქვეგანყოფილების ლიკვიდაცია, რაც მოხელის სამუშაოდან განთავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ზ-ს განთავისუფლების შესახებ ბრძანებაში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის მითითება ვერ შეცვლიდა ამ ბრძანების საფუძველს, ვინაიდან შინაგან საქმეთა მინისტრის 2004წ. 15 ნოემბრის ¹608 ბრძანებით შტატების შემცირება გათვალისწინებული არ ყოფილა. აღნიშნულმა ბრძანებამ გააუქმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ქვეგანყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, “სახელმწიფო რეესტრის შესახებ” კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას დაევალათ 2004წ. 15 ნოემბრამდე უზრუნველყოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის ლიკვიდაცია და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი შენობების, მონაცემთა საინფორმაციო ბანკებისა და სხვა ქონების, აგრეთვე საშტატო რიცხოვნებისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსების საქართველის იუსტიციის სამინისტროსთვის გადაცემა. აღნიშნული კანონის მოთხოვნის შესრულების მიზნით გამოიცა შინაგან საქმეთა მინისტრის 2004წ. 15 ნოემბრის ბრძანება, რაც საფუძვლად დაედო ლ. ზ-ს სამუშაოდან განთავისუფლებას.
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ლ. ზ-ა ფაქტობრივად დაშვებული იყო სამუშაოდ და აგრძელებდა შრომით ურთიერთობას, ვინაიდან თვით ლ. ზ-ს მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული განმარტებით დადგინდა, რომ იგი მბეჭდავის ფუნქციას 2004წ. 27 დეკემბრის შემდეგ აღარ ასრულებდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. ზ-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მიუხედავად საშტატო ცვლილებისა, ...ის თანამდებობა არ გაუქმებულა, მხოლოდ მისი სახელწოდება შეიცვალა ...ის წოდებით, ფუნქციები კი უცვლელად დარჩა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა შკკ-ის მე-19 მუხლი, რომლის თანახმად, შრომის ხელშეკრულება გაგრძელებულად ითვლება მაშინაც, როცა ბრძანება არ არის მიღებული, მაგრამ მუშაკი სამუშაოზე ფაქტობრივად დაშვებულია.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყნა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, დაწესებულების დაქვემდებარების შეცვლა არ წარმოადგენდა მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ლ. ზ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, სასამართლოს მიერ კი დადგენილია შემდეგი:
ლ. ზ- 1976 წლიდან მუშაობდა ზუგდიდის შინაგან საქმეთა სამმართველოს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის განყოფილებაში ...ედ.
“სახელმწიფო რეესტრის შესახებ” კანონის შესაბამისად, მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის ლიკვიდაცია და ლიკვიდაციის შემდეგ აღნიშნული სამსახური გადაეცა იუსტიციის სამინისტროს.
მითითებული კანონის საფუძველზე შინაგან საქმეთა მინისტრმა 2004წ. 15 ნოემბერს გამოსცა ¹608 ბრძანება, რომლის თანახმადაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროსა და მისდამი დაქვემდებარებული რაიონული დანაყოფების რიგითი და ოფიცერთა პირადი შემადგენლობა განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნენ კადრების განკარგულებაში. ამავე ბრძანების დანართის შესაბამისად, განთავისუფლებას დაექვემდებარა ზუგდიდის შინაგან საქმეთა სამმართველოს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ქვეგანყოფილების ...ეც.
შინაგან საქმეთა მინისტრის 15.11.2004წ. ¹608 ბრძანების საფუძველზე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსმა 2004წ. 27 დეკემბერს გამოსცა ¹860 პ/შ ბრძანება, რომლის მიხედვითაც ლ. ზ-ა განთავისუფლებულა ზუგდიდის შინაგან საქმეთა სამმართველოს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ქვეგანყოფილების ...ის თანამდებობიდან.
აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004წ. 17 ნოემბრის ¹166 ბრძანება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების _ საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების საშტატო განრიგის დამტკიცების თაობაზე. ბრძანების თანდართული ნუსხის მიხედვით, ზუგდიდის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურში ...ის თანამდებობა გათვალისწინებული არ არის. მითითებულ სამსახურში გათვალისწინებულია მხოლოდ სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე, მრჩევლებისა და სპეციალისტების (იურისტების) თანამდებობები.
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და განმარტავს შემდეგს:
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ლ. ზ- წარმოადგენდა საჯარო დაწესებულებაში დანიშნულ მოხელეს. იგი მუშაობდა საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ქვეგანყოფილებაში ...ედ 1976 წლიდან, დანიშნული იყო საჯარო დაწესებულებაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, რის გამოც მის მიმართ უნდა გავრცელდეს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნები.
როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, “სახელმწიფო რეესტრის შესახებ” კანონის შესაბამისად, მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის ლიკვიდაცია და ლიკვიდაციის შემდეგ აღნიშნული სამსახური დაექვემდებარა იუსტიციის სამინისტროს. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან დაწესებულების ლიკვიდაციის გამო. ამის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა მინისტრს უფლება ჰქონდა გამოეცა 2004წ. 15 ნოემბრის ¹608 ბრძანება, რომლითაც სხვა თანამდებობასთან ერთად გაუქმდა ზუგდიდის შინაგან საქმეთა სამმართველოს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგიტსრაციის ქვეგანყოფილებაში არსებული ...ის შტატით გათვალისწინებული ორი თანამდებობა, ხოლო მითითებული ბრძანების საფუძვლად გამოცემული სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს 27.12.2004წ. ¹860 ბრძანებით ლ. ზ- განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
საკასაციო სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14 მუხლს, რომლის თანახმად, შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. შკკ-ის 206-207-ე მუხლების თანახმად, უკანონოდ დათხოვნილი მუშაკი აღდგენილი უნდა იქნეს წინანდელ თანამდებობაზე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, შინაგან საქმეთა მინისტრის 15.11.04წ. ¹608 ბრძანების დანართის შესაბამისად, გაუქმდა ზუგდიდის შს სამმართველოს საპასპორტო _ სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ქვეგანყოფილებაში ...ის 2 საშტატო თანამდებობა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი იუსტიციის მინისტრის 17.11.2004წ. ¹166 ბრძანებით დამტკიცებული საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების თანამშრომელთა საშტატო განრიგის თანდართული ნუსხის მიხედვით, ქ. ზუგდიდის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურში ...ის საშტატო თანამდებობა გათვალისწინებული არ არის.
აქედან გამომდინარე, კიდევაც რომ არსებობდეს ლ. ზ-ს თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, იგი მაინც ვერ იქნება აღდგენილი თანამდებობაზე, ვინაიდან შკკ-ის 306-307-ე მუხლების თანახმად, უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკი აღდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ წინანდელ თანამდებობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში აღარ არსებობს.
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იგი ფაქტობრივად დაშვებული იყო სამუშაოდ და აგრძელებდა შრომით ურთიერთობას ადმინისტრაციასთან, რის გამოც, შკკ-ის მე-19 მუხლის შესაბამისად, შრომის ხელშეკრულება მასთან დადებულად უნდა ჩაითვალოს. თვითონ ლ. ზ-ს მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მიცემული განმარტებიდან დადგინდა, რომ იგი მბეჭდავის ფუნქციას 2004წ. 27 დეკემბრის შემდეგ აღარ ასრულებდა და არც ხელფასი აქვს მიღებული. აქედან გამომდინარე, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო სამსახურიდან განთავისუფლების ფაქტი, რის გამოც მასთან შრომის ხელშეკრულება დადებულად ვერ ჩაითვლება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტარციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ზ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.