№ა-2100-შ-59-2014 27 თებერვალი, 2015 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი - ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გროდნოს ლენინის რაიონის ადმინისტრაციის სპორტის, ტურიზმისა და განათლების განყოფილების უფროსის მოადგილე ე. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ღ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გროდნოს ლენინის რაიონის სასამართლოს 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - სახელმწიფოს კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანის შენახვის ხარჯების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გროდნოს ლენინის რაიონის სასამართლოს 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ღ-ს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, 1989 წლის 5 სექტემბერს დაბადებული მ. ღ-ის შენახვის ხარჯები, რაც გაიღო სახელმწიფომ ბავშვის სახელმწიფოს კმაყოფაზე ყოფნის პერიოდში 2005 წლის 9 აგვისტოდან 2006 წლის 1 ოქტომბრამდე, სულ 1 813 935 ბელორუსული რუბლი. ვ. ღ-ს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, 1989 წლის 5 სექტემბერს დაბადებული მ. ღ-ის შენახვის ხარჯები, რაც გაიღო სახელმწიფომ ბავშვის სახელმწიფოს კმაყოფაზე ყოფნის პერიოდში თვეში 13200 რუბლი 2006 წლის 1 ოქტომბრიდან სახელმწიფოს მზრუნველობაში ყოფნის მთელი პერიოდისათვის. მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის, 31000 რუბლის, ანაზღაურება.
2014 წლის 26 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გროდნოს ლენინის რაიონის ადმინისტრაციის სპორტის, ტურიზმისა და განათლების განყოფილების უფროსის მოადგილე ე. დ-მა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის 53-ე მუხლის საფუძველზე ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებით აღსრულების მოთხოვნით.
განცხადებაზე თანდართული მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 5 დეკემბერს, ბელორუსიის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა და ვ. ღ-ს დროულად ეცნობა საქმის განხილვის თაობაზე, ასევე ჩაბარდა სასარჩელო განცხადების ასლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება. იგი ასევე შეიძლება წარედგინოს სასამართლოში, სადაც გამოტანილ იქნა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ეს სასამართლო შუამდგომლობას გადასცემს სასამართლოს, რომელიც კომპეტენტურია გამოიტანოს გადაწყვეტილება ამ შუამდგომლობაზე.
იმავე კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არსებობს.
კონვენციის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით იძულებითი აღსრულების წესი განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გროდნოს ლენინის რაიონის ადმინისტრაციის სპორტის, ტურიზმისა და განათლების განყოფილების უფროსის მოადგილე ე. დ-ის შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენასმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის 53-ე, 54-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გროდნოს ლენინის რაიონის ადმინისტრაციის სპორტის, ტურიზმისა და განათლების განყოფილების უფროსის მოადგილე ე. დ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გროდნოს ლენინის რაიონის სასამართლოს 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიექცეს აღსასრულებლად;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე