№ა-2116-შ-60-2014 27 თებერვალი, 2015 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი - ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გროდნოს ოქტომბრის რაიონის ადმინისტრაციის სპორტის, ტურიზმისა და განათლების განყოფილების უფროსი ლ. მ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - ბ. ს-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გროდნოს ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი - სახელმწიფოს კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანის შენახვის ხარჯების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გროდნოს ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით 2010 წლის 19 თებერვლიდან სამომოავლოდ ი.-ას და ბ. ს-ას დაეკისრათ სახელმწიფოს კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი შვილის, 2008 წლის 18 აპრილს დაბადებული ს. ბ-ის ასულ ს-ას შენახვის ხარჯები ბელორუსიის მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობით. ბ. ს-ას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 35000 რუბლის ანაზღაურება.
2014 წლის 26 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გროდნოს ოქტომბრის რაიონის ადმინისტრაციის სპორტის, ტურიზმისა და განათლების განყოფილების უფროსი ლ. მ-მ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის 53-ე მუხლის საფუძველზე ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებით აღსრულების მოთხოვნით.
განცხადებაზე თანდართული მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 23 მარტს, ნაწილობრივ აღსრულდა ბელორუსიის ტერიტორიაზე, ბ. ს-ას დავალიანება შეადგენს 19 193 928 ბელორუსულ მანეთს, საქმე განხილულ იქნა სასამართლო სხდომის დანიშვნისა და მხარეთა გამოძახების გარეშე. მოპასუხეს საქმის განხილვის თაობაზე ეცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება. იგი ასევე შეიძლება წარედგინოს სასამართლოში, სადაც გამოტანილ იქნა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ეს სასამართლო შუამდგომლობას გადასცემს სასამართლოს, რომელიც კომპეტენტურია გამოიტანოს გადაწყვეტილება ამ შუამდგომლობაზე.
იმავე კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არსებობს.
კონვენციის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით იძულებითი აღსრულების წესი განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გროდნოს ოქტომბრის რაიონის ადმინისტრაციის სპორტის, ტურიზმისა და განათლების განყოფილების უფროსი ლ. მ-ას შუამდგომლობა ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გროდნოს ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენასმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის 53-ე, 54-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბელორუსიის რესპუბლიკის ქ.გროდნოს ოქტომბრის რაიონის ადმინისტრაციის სპორტის, ტურიზმისა და განათლების განყოფილების უფროს ლ. მ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გროდნოს ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე