საქმე №ა-3888-შ-107-2014 18 თებერვალი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ვ. ა.
წარმომადგენელი - შ. შ.
მოწინააღმდეგე მხარე - ა. ტ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - საბერძნეთის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2014 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – შვილად აყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ა-მა და ა. ტ-მა განცხადებით მიმართეს საბერძნეთის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს და მოითხოვეს ა. ტ-ის მიერ ვ. ა-ის შვილად აყვანა.
საბერძნეთის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა, ვ. გ. ძე ა-ი (დაბადებული საქართველოში, ქ.თ-ში ..........წ.-ს) გამოცხადდა ა. დ. ძე ტ-ის მიერ აყვანილ შვილად.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. ამასთან, მხარის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება ლეგალიზებულია კანონით დადგენილი წესით.
2014 წლის 17 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ვ. ა-ის წარმომადგენლმა - შ. შ-მა, რომელმაც მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. შუამდგომლობის ავტორმა განმარტა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საბერძნეთის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის გარეშე შვილების ფაქტის რეგისტრაცია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ვერ ხერხდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ვ. ა-ის წარმომადგენლის - შ. შ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე მიღებულ იქნა განსახილველად.
2015 წლის 12 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა ა. ტ-ის განცხადება, რომლითაც ა. ტ-მა საქმის მისი დასწრების გარეშე განხილვა და ამავდროულად, დაეთანხმა შუამდგომლობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბერძნეთის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2014 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა, ვ. გ. ძე ა-ი (დაბადებული საქართველოში, ქ.თ-ში ............წ.-ს) გამოცხადდა ა. დ. ძე ტ-ის მიერ აყვანილ შვილად.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა.
ამასთან, 2015 წლის 12 თებერვალს საქართველოს უზენეს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით ა ტ-ი დაეთანხმა წარმოდგენილ შუამდგომლობას.
შესაბამისად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ საბერძნეთის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2014 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ა-ის წარმომადგენლის შ. შ-ის შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2014 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2014 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე ვ. გ. ძე ა-ი (დაბადებული საქართველოში, ქ.თ-ში ......წ.-ს) გამოცხადდა ა. დ. ძე ტ-ის მიერ აყვანილ შვილად.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები თ. თოდრია
ბ. ალავიძე