Facebook Twitter

საქმე №ას-1088-1038-2014 12 თებერვალი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – დ. ტ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ნ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 (2014) წლის 18 ივლისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გ. ნ-ის საკუთრებად რიცხულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ტ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ნ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ვ. ტ-სა და გ. ნ-ს შორის 2006 წლის 21 აგვისტოს დადებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც სააპელაციო წესი გაასაჩივრა მოპასუხემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ვ ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 სექტემბრის განჩინებით გარდაცვლილ ვ. ტ-ის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა დ. ტ-ე, ხოლო ამავე სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის განჩინებით დ. ტ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

დ. ტ-მ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და განმარტა, რომ საქმეზე გამოვლინდა ახალი გარემოებები, რომლებიც თავის დროზე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ამ გარემოების გათვალისწინებით, განმცხადებელი აპირებს საქმის წარმოების განახლების თხოვნით სასამართლოსათვის მიმართვას. იმისათვის, რათა გ. ნ-მა არ გაასხვისოს სადავო ხელშეკრულებით შეძენილი უძრავი ქონება, ხოლო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნამ არ დაკარგოს აზრი, განმცხადებელმა მოითხოვა განცხადების წარდგენამდე მისი უზრუნველყოფა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის შესაბამისად, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების გზით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 (2014) წლის 18 ივლისის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც საჩივრის წარდგენით გაასაჩივრა დ.ტ-მ.

სააპელაციო პალატის 2013 (2014) წლის 7 აგვისტოს განჩინებით დ. ტ-ის საჩივარი დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განსახილველად გადმოეცა ზემდგომ სასამართლოს. პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები:

2014 წლის 18 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა რა დ.ტ-ის განცხადება, განმცხადებელს განემარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოსარჩელის უფლებებისა და ინტერესების დაცვის დროებით მექანიზმს წარმოადგენს. მისი მიზანია მიმდინარე ან ჯერ არაღძრულ სამართალწარმოებას არ დაეკარგოს აზრი და საქმის განხილვის შედეგად გამოტანილი გადაწყვეტილება აღსრულდეს შეუფერხებლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი ზუსტად შეიცავს იმ ჩამონათვალს, რასაც განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს. გასაჩივრებული განჩინებით კი, განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ განცხადება იყო დაუსაბუთებელი, შეიცავდა ზოგად მითითებას ახლად გამოვლენილი გარემოებების თაობაზე და შეუძლებელი იყო იმის განსაზღვრა, თუ რა ფაქტები შეიძლებოდა დამტკიცებულიყო სამართალწარმოების ეტაპზე, ასევე იმის განსაზღვრა, ეს ფაქტები იურიდიულად ამართლებდა თუ არა განმცხადებლის მოთხოვნას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, რის გამოც სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია გ. ნ-ის საკუთრების უფლების შეზღუდვა.

2014 წლის 18 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე წარდგენილ საჩივარში აღწერილი იყო ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა 2009 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაში, მიუხედავად 2014 წლის 18 ივლისის განჩინების განმარტებისა, საჩივრის ავტორს დასაბუთებულად კვლავ არ მიუთითებია ახლად გამოვლენილი გარემოებების თაობაზე, რის გამოც, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, შეუძლებელი იყო დასკვნის გაკეთება იმის თაობაზე, რომ მომავალში წარსადგენი განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდებოდა. ამდენად, განცხადების უზრუნველსაყოფად გ. ნ-ის საკუთრების შემზღუდველი ღონისძიების გამოყენება დაუშვებლად იქნა მიჩნეული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ტ-ის საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგი გარემოებების გამო:

პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი სამართლებრივი ნორმებით. დასახელებული ნორმის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოებში საქმის განხილვის მომწესრიგებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ზემდგომი წესით საქმის განხილვის წესებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლი არეგულირებს საქმის წარმოების შეწყვეტის წესსა და პირობებს და ზემოთდასახელებული ნორმების გათვალისწინებით, მისი მოქმედება თანაბრად ვრცელდება როგორც საქმის პირველი ინსტანციის, ისე ზემდგომი წესით განხილვისას. ნორმის „ა1“ ქვეპუნქტით დადგენილია სასამართლოს ვალდებულება, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვიტოს საქმის წარმოება, თუ არ არსებობს დავის საგანი.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

წინამდებარე საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

უდავოა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ვ. ტ-ის (უფლებამონაცვლე დ. ტ-ე) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2010 წლის 2 დეკემბრიდან, რადგანაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ვ. ტ-ის უფლებამონაცვლე დ. ტ-ის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლი მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებლობის მოტივით განუხილველად დატოვა.

2014 წლის 17 ივლისს სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით დ. ტ-ე მოითხოვს საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების აღძვრამდე ამ განცხადების უზრუნველყოფას, უზრუნველყოფის ღონისძიებად კი, გ. ნ-ის საკუთრებად რიცხული უძრავი ნივთის დაყადაღებას.

სააპელაციო პალატამ განცხადება არ დააკმაყოფილა, ასევე არ გაიზიარა დ. ტ-ის საჩივარი, რომელიც წარდგენილი იყო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის თაობაზე და საქმე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად განსახილველად გადმოაგზავნა ზემდგომ სასამართლოში.

საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის ეტაპზე გაირკვა, რომ დ. ტ-მ განცხადებით მიმართ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მხედველობაში აქვს ამავე სასამართლოს 2015 წლის 30 იანვრის Nას-1240-1180-2014 განჩინება, რომლის შესწავლითაც დასტურდება შემდეგი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით დ. ტ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა;

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ.ტ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 იანვრის განჩინებით დ. ტ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ოქტომბრის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში და განმცხადებელს უარი ეთქვა საქმის წარმოების განახლებაზე. დ. ტ-ის 2014 წლის 17 ივლისის განცხადება (უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე) კი, მიმართული იყო სწორედ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობისაკენ, შესაბამისად, ვინაიდან აღარ არსებობის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ობიექტი (საქმის წარმოება არ განახლდა), სახეზე აღარაა 2014 წლის 17 ივლისის განცხადებისა და ამ განცხადების გამო წარდგენილი საჩივრის საგანი, რაც საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით. საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 272-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ტ-ის საჩივარზე შეწყდეს წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო.

2. განემარტოს საჩივრის ავტორს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე