№ 330210013300696 6 თებერვალი, 2015 წელი
საქმე №ას-114-107-2015 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – შპს „ა.-ს ო. ღ.-ის ს.-ის ე.-ი ს. ც.-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს სადაზღვევო კომპანია „ა.-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ა.-ს ო. ღ.-ის ს.-ის ე.-მა ს. ც.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს სადაზღვევო კომპანია „ა.-ის“ მიმართ, სადაზღვევო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი დავალიანების დაფარვისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით შპს „,ა.-ს ო.ღ.-ის ს.-ის ე.-ი ს. ც.-ის“ სარჩელი შპს სადაზღვევო კომპანია “ა.-ის“ მიმართ სამედიცინო მომსახურების ღირებულებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა, შპს სადაზღვევო კომპანია “ა.-ს“ შპს „ა.-ს ო.ღ.-ის ს.-ის ე.-ი ს. ც.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის მაისში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების დარჩენილი დავალიანების – 7622.30 ლარის გადახდა, 2013 წლის მაისში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის: ა) 2013 წლის 28 ივნისიდან 2013 წლის 26 ივლისამდე დარიცხული პირგასამტეხლო – 1254.40 ლარი; ბ) 2013 წლის 26 ივლისიდან 2013 წლის 26 აგვისტომდე დარიცხული პირგასამტეხლო – 1044 ლარი; გ) 2013 წლის 26 აგვისტოდან 2014 წლის 21 თებერვლამდე დარიცხული პირგასამტეხლო – 5389.12 ლარი; სულ – 7687.52 ლარი, ასევე შპს სადაზღვევო კომპანია „ა.-ს“ შპს „ა.-ს ო.ღ.-ის ს.-ის ე.-ი ს. ც.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის მაისში გაწეული სამედიცინო მსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო ყოველდღიურად 7.62 ლარის ოდენობით 2014 წლის 21 თებერვლიდან ვალდებულების შესრულებამდე,
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს სადაზღვევო კომპანია „ა.-მა“ ნაწილობრივ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
შპს „ა.-ს ო. ღ.-ის ს.-ის ე.-ი ს. ც.-ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით და მოითხოვა შპს სადაზღვევო კომპანია “ა.-ის“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) ფულად სახსრებზე ყადაღის დადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით დაკისრებული ფულადი ვალდებულებების, სულ – 19407.33 ლარის ფარგლებში.
განმცხადებელმა თავისი მოთხოვნა დააფუძნა შემდეგ გარემოებებს:
შპს სადაზღვევო კომპანია “ა.-ს“ არ შეუსრულებია შპს „ა.-ს ო.ღ.-ის ს.-ის ე.-ი ს. ც.-ის“ სასარგებლოდ აუცილებელი სხვა ვალდებულებებიც, რომლებიც დადასტურებულია საქალაქო ან/და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე, სამედეცინო მედიაციის სამსახურის მიერ და რომლის ოდენობაც 2014 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 515362.35 ლარს. მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულებები მოპასუხეს დღემდე არ შეუსრულებია. შპს „ა.-ს ო. ღ.-ის ს.-ის ე.-ი ს. ც.-ის“ გარდა, შპს სადაზღვევო კომპანია „ა.-ს“ შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება გააჩნია შპს „თ.-ის“ მიმართაც.
განმცხადებლის განმარტებით, შპს სადაზღვევო კომპანია “ა.-ის“ ყოველი ქმედება და დაპირება ცხადყოფს და ამტკიცებს იმ გარემოებას, რომ იგი არ აპირებს ვალდებულების შესრულებას, რითაც აზარალებს როგორც კლინიკის ინტერესებს, ასევე მის მიერ დაზღვეული პაციენტების ჯამრთელობას და ეჭვქვეშ აყენებს მათ სიცოცხლეს.
განმცხადებელის ინფორმაციით, მოპასუხე იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, რის გამოც არსებობს დიდი ალბათობა, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის, მზღვეველის გადახდისუუნარობის გამო, გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხერხდება. ამასთან, საჯარო რეესტრის მონაცემებით შპს სადაზღვევო კომპანია „ა.-ის“ საკუთრებაში არ ირიცხება არანაირი სახის უძრავი ქონება, ხოლო მის საკუთრებაში არსებული წილები, სხვადასხვა ვალდებულებათა აღსრულების მიზნით, დაყადაღებულია და ირიცხება მოვალეთა რეესტრში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინებით შპს „ა.-ს ო. ღ.-ის ს.-ის ე.-ი სამედეცინო ც.-ის“ განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, 271-ე მუხლით, 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, 193-ე მუხლით, 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით და განმარტა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაცვა იმ რეალობის ან მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე, შესაძლოა, არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდეს, და საკუთარი ქონება გაასხვისოს, ფინანსური სახსრები განკარგოს, გადამალოს, რის შედეგადაც მოსარჩელის უფლება განუხორციელებელი დარჩება.
სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა იყოს გონივრული, ემსახურებოდეს სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, როგორც პირველადი, ასევე მეორადი მოთხოვნების შესრულებისათვის გარანტიების შექმნას. მეწარმე სუბიექტის ანგარიშებზე ყადაღის დადებით, არა თუ ხელი შეეწყობა გადაწყვეტილების აღსრულებას, არამედ შეიძლება ხელი შეუშალოს მოვალის, როგორც მეწარმე სუბიექტის, გადახდისუნარიანობასა და მის ფინანსურ შესაძლებლობას, შეასრულოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული ვალდებულებები.
ამდენად, იურიდიული პირის ფულად ანგარიშებზე ყადაღის დადებით კრედიტორი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ სამართლებრივ ვითარებაში, როდესაც გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველზე მეწარმე სუბიექტის სამეწარმეო საქმიანობის შეფერხების შედეგად მოვალემ ვერც ნებაყოფლობით და ვეღარც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მექანიზმების გამოყენებით შეძლოს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა წარადგინა მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, შპს სადაზღვევო კომპანია „ა.-ის“ სახელზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის, თუმცა, მიუხედავად ამისა, პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე არ არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენების სხვა კანონისმიერი წინაპირობა.
პალატამ გამოიყენა „დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლი, მე-14 მუხლის პირველი პუნქტი, მე-16 მუხლის პირველი პუნქტი და აღნიშნა, რომ საქართველოს ე.-ი ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №125/01 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის პირველი მუხლის შესაბამისად, ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალურ ოდენობას. ამავე წესის მეორე მუხლის მიხედვით კი, საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის ლიცენზიის მაძიებელი კომპანიებისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტში შევსებული კაპიტალის, ხოლო მზღვეველისათვის სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) სიცოცხლის დაზღვევა – 1 500 000 ლარი; ბ) დაზღვევა (არა სიცოცხლის) – 1 000 000 ლარი; გ) გადაზღვევა – 1 500 000 ლარი.
ამდენად, პალატამ განმარტაა, რომ სადაზღვევო ბაზრის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, სადაზღვევო ბაზრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი აუცილებელი ინდიკატორია, შესაბამისად, სასამართლო წესით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად სადაზღვევო კომპანიას არ უნდა შეექმნას საქმიანობის საფრთხე, რითაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფინანსური ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულებას შეეშლება ხელი. სადაზღვევო კომპანიის ანგარიშების დაყადაღებით კი, ისეთი ფინანსური ინსტიტუტი, როგორიც სადაზღვევო კომპანიაა, საქმიანობის თვალსაზრისით დაბრკოლდება, რაც არა თუ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას, არამედ კომპანიას, რომლის ძირითადი საბრუნავი საშუალება ფულია, საქმიანობას შეაფერხებს და უამრავ მომხმარებელს დააზარალებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მსჯელობა სუბსიდური ხასიათიასაა. ძირითადი მოტივაცია კი, თუ რატომ არ უნდა იქნეს სადაზღვევო კომპანიის ანგარიშზე ყადაღა დადებული, მდგომარეობს იმაში, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს სადაზღვევო კომპანიის მხრიდან გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისაგან თავის არიდების რისკი და გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებისათვის ხელისშემშლელი გარემოებები. სარჩელის აღძვრა და სასამართლო წესით უფლების დაცვა კი იმთავითვე არ ნიშნავს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობასა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას, მით უფრო, როდესაც მოპასუხე და შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი სადაზღვევო კომპანიაა, რომლის ფინანსური სტაბილურობისათვის ხელის შეწყობა, სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებას შეუწყობს ხელს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი შეიტანა შპს „ა.-ს ო. ღ.-ის ს.-ის ე.-მა სამედეცინო ც.-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მოპასუხის ფინანსებზე ყადაღის დადების აუცილებლობა დასაბუთებულია, ვინაიდან სადაზღვევო კომპანია იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში და არსებობს ალბათობა, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის, მზღვეველის გადახდისუუნარობის გამო, აღსრულება ვეღარ მოხერხდება. ამავდროულად, საჯარო რეესტრის მონაცემებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ “ა.-ის“ საკუთრებაში არანაირი უძრავი ქონება არ ირიცხება, მის საკუთრებაში არსებული წილები კი, სხვადასხვა ვალდებულებათა აღსრულების მიზნით, დაყადაღებულია და ირიცხება მოვალეთა რეესტრში. მოპასუხეს გააჩნია დიდი ოდენობით სხვა ფულადი ვალდებულებებიც, რომელთა შესრულების შემთხვევაში კომპანია ვეღარ დაფარავს მოსარჩელის დავალიანებას და შპს „ა.-ს ო.ღ.-ის ს.-ის ე.-ი სამედეცინო ც.-ი“ აღმოჩნდება იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იმყოფებოდა სასამართლოს მიერ „არქიმედე გლობალ ჯორჯიასათვის“ შპს „ა.-ს ო. ღ.-ის ს.-ის ე.-ი ს. ც.-ის“ სასარგებლოდ 2 600 000 ლარის დავალიანების დაკისრების დროს, როცა თანხის ამოღება ვერ მოხერხდა მოვალის გადახდისუუნარობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 იანვრის განჩინებით საჩივარი, დაუსაბუთებლობის გამო, საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგი საფუძვლებით:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორ მოპასუხის უფლებები) შორის. გარდა ამისა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესო-სამართლებრივი ინსტიტუტის მთავარი პრინციპი – აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება. სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ღონისძიებას სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა იყოს განპირობებული იმ ვარაუდით, რომ სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები იურიდიულად ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამასთან, უფლების დროებით შეზღუდვის დროს მნიშვნელოვანია გონივრული ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის.
პალატამ ასევე განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვანწილად გაძნელდება აღსრულება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ დარღვეულ უფლებასა თუ კანონიერ ინტერესზე აპელირება არ წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს. მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი და დასაბუთებული ეჭვი ვალდებულების მომავალში შეუსრულებლობასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველია, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის, ან მისი აღსრულების გაძნელების დასაბუთებაში უნდა მდგომარეობდეს.
სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე წარდგენილი განცხადების დასაბუთებისადმი არსებული მოთხოვნა იმგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მომთხოვნი პირი ვალდებულია, უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით დაამტკიცოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. აღნიშნული მოთხოვნა არ გამომდინარეობს არც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლიდან და არც სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მარეგულირებელი სხვა ნორმებიდან. სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია, ალბათობის მაღალი ხარისხით, იმ გარემოებების არსებობის ვარაუდზე მითითება, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობის შესახებ, სხვაგვარად, აღნიშნული გარემოებების არსებობის ალბათობამ უნდა გადაწონოს ვარაუდი მისი არარსებობის შესახებ. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინებით შპს „ა.-ს ო. ღ.-ის ს.-ის ე.-ი ს. ც.-ის“ განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სადაზღვევო ბაზრის, მათი კაპიტალის, სადაზღვევო რეზერვებისა და გადაზღვევის სისტემის არსებობა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა სადაზღვევო ბაზრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი აუცილებელი ინდიკატორია, შესაბამისად, სასამართლო წესით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად სადაზღვევო კომპანიას არ უნდა შეექმნას საქმიანობის საფრთხე, რითაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფინანსური ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულებას შეეშლება ხელი. სადაზღვევო კომპანიის ანგარიშების დაყადაღებით კი სადაზღვევო კომპანია, საქმიანობის თვალსაზრისით დაბრკოლდება, რაც არა თუ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას, არამედ კომპანიის, რომლის ძირითადი საბრუნავი საშუალება ფულია, საქმიანობას შეაფერხებს და უამრავ მომხმარებელს დააზარალებს. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომ შპს სადაზღვევო კომპანია „ა.-ის“ სახელზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს სადაზღვევო კომპანიის მხრიდან გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისაგან თავის არიდების რისკი და გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებისათვის ხელისშემშლელი გარემოებები. სარჩელის აღძვრა და სასამართლო წესით უფლების დაცვა კი იმთავითვე არ ნიშნავს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას.
სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენების კანონისმიერი წინაპირობები არ არსებობს. მარტოოდენ იმაზე მითითება, რომ მხარეებს შორის მიმდინარე არა ერთი დავიდან (მხარეთა შორის მიმდინარეობს 13 დავა) არც ერთ შემთხვევაში არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოს მიერ მოვალის სასარგებლოდ გადაწყვეტილება არ გამოტანილა, ხოლო საკასაციო სასამართლომ მოვალის ყველა საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო, არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ განსახილველ შემთხვევაშიც ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება ან დაბრკოლება შეექმნება მის აღსრულებას, მით უფრო, რომ საქმეში წარმოდგენილი განცხადებითა და თანდართული მტკიცებულებებით არ დასტურდება ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა ან ვალდებულებათა შესრულებისაგან არამართლზომიერი გზით თავის არიდების რისკი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა.-ს ო.ღ.-ის ს.-ის ე.-ი ს. ც.-ის“ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
სასამართლოს მიერ მოთხოვნისა თუ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ფარგლებში საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში დაცულ უნდა იქნას ორივე მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპი. საკუთრების უფლებაში შეზღუდვა უნდა იყოს უზრუნველსაყოფი სიკეთის ადეკვატური და არ გასცდეს დასაშვებ ფარგლებს.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ა.-ს ო.ღ.-ის ს.-ის ე.-ი ს. ც.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს სადაზღვევო კომპანია „ა.-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი ვალდებულების შესრულება, სულ – 19407.33 ლარის ოდენობით.
აღნიშნულის საფუძველზე შპს „ა.-ს ო.ღ.-ის ს.-ის ე.-ი ს. ც.-ი“ მოითხოვს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას. მხარე თავის მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ შპს სადაზღვევო კომპანია „ა.-ი“ იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულებები სხვა დაწესებულებების მიმართ და არსებობს შესაძლებლობა, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის, მზღვეველის გადახდისუუნარობის გამო, მისი აღსრულება ვეღარ მოხერხდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
აღნიშნული ნორმა ადგენს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტს და კონკრეტული ფაქტის არსებობის სარწმუნოდ დადასტურებას ავალებს იმ მხარეს, რომელმაც იგი თავისი პოზიციის დასადასტურებლად მიუთითა.
ამდენად, საჩივრის ავტორს საკუთარი მოთხოვნის დასასაბუთებლად უნდა დაედასტურებინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს სადაზღვევო კომპანია „ა.-ი“ განიცდის ისეთ ფინანსურ სირთულეებს, რომლებიც სამომავლოდ ობიექტურად ხელს შეუშლის გადაწყვეტილების აღსრულებას.
მართალია, განცხადებაზე თანდართული მასალებით იკვეთება, რომ მოპასუხეს გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულებანი, თუმცა მათ კანონიერებაზე მიმდინარეობს სასამართლო დავები და აღნიშნული ცალსახად არ ადასტურებს, რომ სადაზღვევო კომპანიას მათი დაფარვის ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან აღსრულება მნიშვნელოვანწილად გაძნელდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. მხოლოდ დარღვეულ უფლებასა თუ კანონიერ ინტერესზე აპელირება არ წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს. მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი და დასაბუთებული ეჭვი ვალდებულების მომავალში შეუსრულებლობასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველია, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის, ან მისი აღსრულების გაძნელების დასაბუთებაში უნდა მდგომარეობდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელი შპს „ა.-ს ო.ღ.-ის ს.-ის ე.-ი ს. ც.-ის“ მოთხოვნა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ სრულყოფილად დასაბუთებული არ არის, რის გამოც სააპელაციო პალატის მიერ მართებულად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობის იმ ნაწილზე, რომლითაც სააპელაციო პალატამ მიუთითა „დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლზე, რომლის შესაბამისად, მზღვეველის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის საფუძველია მისი კაპიტალის, სადაზღვევო რეზერვებისა და გადაზღვევის სისტემის არსებობა. ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მზღვეველი ვალდებულია დაიცვას სამსახურის მიერ დადგენილი, ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური ლიმიტები: ა) კაპიტალის მინიმალური ოდენობა სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე; ბ) სადაზღვევო რეზერვების ოდენობა სახეობათა მიხედვით; გ) სადაზღვევო რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივების ზღვრული თანაფარდობა სადაზღვევო რეზერვებთან; დ) კაპიტალსა და ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა; ე) აქტივებსა და აღებულ ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, მზღვეველი თავისი გადახდისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ვალდებულია დაიცვას ამ კანონით განსაზღვრული ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები, რომელთა თანაფარდობის მეთოდიკასა და ნორმატიულ მოცულობას ადგენს სამსახური.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს ეროვნულიი ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №125/01 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალურ ოდენობას. ამავე წესის მეორე მუხლის მიხედვით კი, საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის ლიცენზიის მაძიებელი კომპანიებისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტში შევსებული კაპიტალის, ხოლო მზღვეველისათვის სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) სიცოცხლის დაზღვევა – 1 500 000 ლარი; ბ) დაზღვევა (არა სიცოცხლის) – 1 000 000 ლარი; გ) გადაზღვევა – 1 500 000 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადაზღვევო ბაზრის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა სადაზღვევო ბაზრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი აუცილებელი ინდიკატორია, შესაბამისად, სასამართლო წესით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად სადაზღვევო კომპანიას არ უნდა შეექმნას საქმიანობის საფრთხე, რითაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფინანსური ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულებას შეეშლება ხელი. სადაზღვევო კომპანიის ანგარიშების დაყადაღებით კი, ისეთი ფინანსური ინსტიტუტი, როგორ სადაზღვევო კომპანიაა, საქმიანობის თვალსაზრისით დაბრკოლდება, რაც არა თუ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას, არამედ კომპანიას, რომლის ძირითადი საბრუნავი საშუალება ფულია, საქმიანობას შეაფერხებს და უამრავ მომხმარებელს დააზარალებს.
პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მსჯელობა სუბსიდური ხასიათიასაა. ძირითადი მოტივაცია კი, თუ რატომ არ უნდა იქნეს სადაზღვევო კომპანიის ანგარიშზე ყადაღა დადებული, მდგომარეობს იმაში, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს სადაზღვევო კომპანიის მხრიდან გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისაგან თავის არიდების რისკი და გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებისათვის ხელისშემშლელი გარემოებები. სარჩელის აღძვრა და სასამართლო წესით უფლების დაცვა კი იმთავითვე არ ნიშნავს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობასა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას, მით უფრო, როდესაც მოპასუხე და შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი სადაზღვევო კომპანიაა, რომლის ფინანსური სტაბილურობისათვის ხელის შეწყობა, სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებას შეუწყობს ხელს.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას იმ ნაწილში, რომ ძირითადი მოტივაცია, თუ რატომ არ უნდა იქნეს სადაზღვევო კომპანია „ა.-ის“ ანგარიშზე ყადაღა დადებული, მდგომარეობს იმაში, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს სადაზღვევო კომპანიის მხრიდან გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისაგან თავის არიდების რისკი და გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებისათვის ხელისშემშლელი გარემოებები. სარჩელის აღძვრა და სასამართლო წესით უფლების დაცვა კი, იმთავითვე არ ნიშნავს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობასა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას.
თუმცა საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რომ თუკი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი სადაზღვევო კომპანიაა, გაუმართლებელია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ფულად ანგარიშზე ყადაღის დადება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა.-ს ო. ღ.-ის ს.-ის ე.-ი ს. ც.-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრისა და 2015 წლის 20 იანვრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: თ. თოდრია
ბ. ალავიძე