საქმე №ას-1303-1241-2014 17 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – მ. ჭ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ტ. ქ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ნ. გ-მა და მ. ჭ-ამ სარჩელით მიმართეს სასამართლოს ტ. ქ-ას მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით. მოსარჩელეებმა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვეს სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 დეკემბრის განჩინებით განმცხადებლების მოთხოვნა დაკმაყოფილდა: შეჩერდა ნოტარიუს ს. მ-ის მიერ 2013 წლის 26 თებერვალს გაცემული #130178939 სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის და მ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. გ-მა და მ. ჭ-ამ და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2014 წლის 24 ოქტომბერს აპელანტმა მ. ჭ-ამ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე 2011 წლის 19 ივლისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად, ტ. ქ-ას მოთხოვნის უფლებისთვის ყადაღის დადება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინებით მ. ჭ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. ამავე კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს. მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის დათმობით ახალ მფლობელზე გადადის მისი უზრუნველყოფის საშუალებებიც და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც. მოვალეს უფლება აქვს წაუყენოს ახალ მფლობელს ყველა ის შესაგებელი, რაც მას ჰქონდა თავდაპირველი მფლობელის მიმართ მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობის მიღების დროისათვის.
ამდენად, კრედიტორმა შესაძლებელია მოთხოვნის უფლება მოვალის თანხმობის გარეშე დაუთმოს მესამე პირს, თუ არ არსებობს მოთხოვნის დათმობის დაუშვებლობის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. ამასთან, ახალ მფლობელზე მოთხოვნები და უფლებები გადადის ისეთ მდგომარეობაში, როგორიც ის იყო წინა მფლობელის ხელში, ანუ ახალ მფლობელს ექნება მხოლოდ იმის მოთხოვნის უფლება, რისი უფლებაც ექნებოდა წინა მფლობელს და არა მეტის. გარდა ამისა, მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში მოვალეს უნარჩუნდება უფლება ახალ მფლობელს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რისი უფლებაც მას ჰქონდა თავდაპირველი მფლობელის მიმართ, ანუ მოვალეს შეუძლია ახალი მფლობელის წინაშე თავი დაიცვას ყველა იმ საშუალებით, რისი უფლებაც მას მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელის მიმართ გააჩნდა. მოთხოვნის დათმობა შინაარსობრივად წარმოადგენს შესაბამის მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობის საფუძველს და არა ერთი და იგივე მოთხოვნის რამოდენიმეჯერ (ძველი და ახალი კრედიტორის მიმართ) შესრულების წინაპირობას. შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მოთხოვნის განმცხადებლის მიერ მითითებული საფუძვლით დაკმაყოფილების წინაპირობა.
მითითებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მ. ჭ-ამ და მოითხოვა განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
საჩივრის ავტორის განმარტებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე ტ. ქ-ა აპირებს 2011 წლის 19 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად მოთხოვნის უფლების გასხვისებას, რის გამოც, მას მიადგება გამოუსწორებელი ზიანი, ვინაიდან მოთხოვნის უფლების შემძენის მიერ მოხდება იმ თანხების ხელმეორედ მოთხოვნა, რომელიც უკვე გადახდილია, ვინაიდან გადახდის მიუხედავად, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ტ. ქ-ა გადახდილ თანხებს ითხოვს ხელმეორედ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინებით დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა მ. ჭ-ას საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინება და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და მ. ჭ-ას საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერსების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა ვერ აღსრულდს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ჭ-ამ თავისი სასარჩელო მოთხოვნის - ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების უზრუნველსაყოფად მოითხოვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე 2011 წლის 29 ივლისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად მოპასუხე ტ. ქ-ას მოთხოვნის უფლებისთვის ყადაღის დადება იმ მოტივით, რომ ტ. ქ-ა აპირებს აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად მოთხოვნის უფლების გასხვისებას და მოთხოვნის შემძენის მიერ მოხდება იმ თანხების ხელმეორედ მოთხოვნა, რომელიც მის მიერ უკვე გადახდილია, ვინაიდან გადახდის მიუხედავად ტ. ქ-ა სააღსრულებო ფურცლით კვლავ ითხოვს მის გადახდას.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას განმცხადებლის მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნის/უფლების დათმობის ცნებასა და შინაარსს. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოვალეს უფლება აქვს წაუყენოს ახალ მფლობელს ყველა ის შესაგებელი, რაც მას ჰქონდა თავდაპირველი მფლობელის მიმართ მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობის მიღების დროისთვის.
ამრიგად, აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა კონკრეტულად განსაზღვრავს იმ მოსალოდნელ შედეგებს, რაც მოჰყვება მოვალის მიმართ მოთხოვნის ახალი მფლობელის ხელში გადასვლას. კერძოდ, ახალ მფლობელზე მოთხოვნები და უფლებები გადადის ისეთ მდგომარეობაში, როგორიც ის იყო წინა მფლობელის ხელში, ანუ ახალ მფლობელს ექნება მხოლოდ იმის მოთხოვნის უფლება, რისი უფლებაც ექნებოდა წინა მფლობელს და არა მეტის. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოთხოვნის დათმობა წარმოადგენს შესაბამის მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობის საფუძველს და არა ერთი და იგივე მოთხოვნის რამოდენიმეჯერ (ძველი და ახალი კრედიტორის მიმართ) შესრულების წინაპირობას. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნისას განმცხადებლის ვარაუდი უსაფუძვლოდ ემყარება მოთხოვნის დათმობის იმ მოსალოდნელ შემთხვევას, როდესაც მოთხოვნის ახალი მფლობელის ხელში გადასვლისას მისი მდგომარეობა გაუარესდება უკვე გადახდილი თანხების ხელმეორედ მოთხოვნით. საჩივრის ავტორის მიერ გამოთქმული ვარაუდი არ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმების დეფინიციიდან და არსებითად სცდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანს.
საკასაციო პალატა მხარის ყურადღებას მიაქცევს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დანიშნულებაზე და აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნას უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტის, მთავარი პრინციპი - აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ამასთან, უნდა არსებობდეს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ღონისძიების გამოყენების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვანწილად გაძნელდება მისი აღსრულება. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში.
განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი სარწმუნოდ ვერ ასაბუთებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, მისი მოსაზრება დაუსაბუთებელია და არ ემყარება საქმეში არსებულ კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომელთა წარმოდგენის ვალდებულება მას ეკისრებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად. მისი მოთხოვნა არ გამომდინარეობს არც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლიდან და არც სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მარეგულირებელი სხვა ნორმებიდან.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის განხილვის ეტაპზე არ ხდება სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმება, რაც გამორიცხავს სასამართლოს მიერ საჩივრის ავტორის იმ მოსაზრებაზე მსჯელობას, რომელიც ეხება მოვალის მიერ გადახდილი თანხების ხელმეორედ მოთხოვნის საფუძვლიანობის შესწავლას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ჭ-ას საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. ჭ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
თ. თოდრია