საქმე №ას-5-5-2015 10 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – ბმა „კ. 19“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს სადაზღვევო კომპანია „უ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ბმა „კ. 19“-ის წარმომადგენელმა ი. ნ-ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „სადაზღვევო კომპანია უ-ის“ მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა მოპასუხისათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისში, გ-ის ქ. #..., სართული 1, კომერციული ფართი 55 კვ.მ.; ქ. თბილისში, გ-ის ქ. #..., სართული 2. კომერციული ფართი 707 კვ.მ.) გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მაისის განჩინებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე შპს „სადაზღვევო კომპანია უ-ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, გ-ის ქ. #..., სართული 1, კომერციული ფართი 55.00 კვ.მ. გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
2014 წლის 3 ოქტომბერს შპს „სადაზღვევო კომპანია უ-მა“ განცხადებით მიმართა საქალაქო სასამართლოს უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების თაობაზე და მოითხოვა მოსარჩელის მიერ 200 000 ლარის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე განთავსება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით შპს „სადაზღვევო კომპანია უ-ის“ განცხადება უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბმა „კ. 19“-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე შპს „სადაზღვევო კომპანია უ-ს“ მოსარჩელე ამხანაგობა „კ. 19“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 8 625,04 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „სადაზღვევო კომპანია უ-მა“ და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტმა სასამართლოს წინაშე ასევე დააყენა შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე. კერძოდ, მოითხოვა 2014 წლის 27 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა და სარჩელის უზრუნველყოფა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის შეტანის გზით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინებით შპს „სადაზღვევო კომპანია უ-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: შპს „სადაზღვევო კომპანია უ-ს“ დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველეყო 8 625.04 ლარის განთავსება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზეა დასაშვები, რადგან დასახელებული ნორმა ადგენს საპროცესო სუბიექტთა უფლებას, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიმართონ სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვონ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების შეცვლა სხვა ღონისძიებით. ასეთი ცვლილების სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო პროცესის სუბიექტთა ინტერესების სრულყოფილად დაცვასა და მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებაში მდგომარეობდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შემთხვევაში არსებითი პირობაა დაცული იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის დანუშნულება ანუ უზრუნველყოფილი იქნეს გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისთვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლოს აზრით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით აღნიშნული ბალანსი დაცული იქნებოდა. ერთის მხრივ, სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებას არ შეექმნებოდა საფრთხე და მეორეს მხრივ, მოპასუხე თავიდან აიცილებდა მოსალოდნელ ზიანს.
მითითებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ბმა ,,კ. 19-ის“ წარმომადგენელმა ი. ნ-ამ და მოითხოვა განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს ,,სადაზღვევო კომპანია უ-ის“ შუამდგომლობაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. შუამდგომლობის ავტორის მოტივაცია იყო ზოგადი და მასში არ იყო მითითებული, კონკრეტულად კომპანიის რომელი უფლება თუ ინტერესი შეიზღუდა. ზოგადი და აბსტაქტული იყო მითითება მასზეც, რომ შპს ,,სადაზღვევო კომპანია უ-ი“ გამოყენებული უზრუნველყოფის გამო ვერ ახერხებდა კრედიტების აღებას, საბანკო გარანტიის მიღებას და ა. შ.
საჩივრის ავტორის განმარტებით, შუამდგომლობის დაყენებისას შპს „სადაზღვევო კომპანია უ-ის“ ინტერესი მდგომარეობდა სწორედ აღნიშნული 55 კვ.მ. უძრავი ქონების გასხვისებაში და არა იმაში, რომ იგი რაიმე უფლების რეალიზებას ვერ ახდენდა. შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა შეეცვალა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უძრავი ნივთის მიმართ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინებით დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა ბმა „კ. 19“-ის საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინება და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და ბმა „კ. 19“-ის საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბმა „კ. 19“-მა თავისი სასარჩელო მოთხოვნის – თანხის 9 940,1 ლარის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად მოითხოვა მოპასუხის – შპს „სადაზღვევო კომპანია უ-ის“ კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა. მოგვიანებით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული ერთი უზრუნველყოფის ღონისძიება (გასხვისება და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა) სააპელაციო პალატამ შეცვალა მეორით – სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 8 625.04 ლარის ჩარიცხვით.
სააპელაციო პალატამ უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლისას იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, 196-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიიჩნია, რომ აღნიშნული ცვლილების განხორციელებით მოცემულ საქმეზე საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას საფრთხე არ შეექმნებოდა.
საკასაციო სასამართლო სავსებით ეთანხმება სააპელაციო პალატის ზემოხსენებულ პოზიციას და მიიჩნევს, რომ ბმა „კ. 19“-ის საჩივარს მართებულად ეთქვა უარი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მხარეს, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, თუ იქმნება ვარაუდი, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობაა. ამასთან, მხარემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ამა თუ იმ ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა, კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, ზოგადად სარჩელის უზრუნველყოფისა და, მათ შორის, მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – გადაწყვეტილების აღსრულება. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ღონისძიების გატარების შედეგად დაცული უნდა იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით განსაზღვრული მხარეთა თანასწორობის პრინციპი.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.
მოცემულ შემთხვევაში, ბმა „კ. 19“-ის სარჩელის უზრუნველყოფის (ქონების გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის) გამოყენების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „სადაზღვევო კომპანია უ-ს“ მოსარჩელე ამხანაგობა „კ. 19“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 8 625.04 ლარის გადახდა.
მითითებულ გადაწყვეტილებაზე შეტანილი სააპელაციო საჩივრით მოპასუხემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შეცვლის თაობაზე, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლით. აღნიშნული ნორმის თანახმად, მხარეთა თხოვნით, დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე. ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხეს შეუძლია მიღებულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე.
დასახელებული ნორმა ადგენს საპროცესო სუბიექტთა უფლებას, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიმართონ სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვონ უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების შეცვლა სხვა ღონისძიებით.
ასეთი ცვლილების სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო პროცესის სუბიექტთა ინტერესების სრულყოფილად დაცვასა და მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებაში მდგომარეობს. უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზეა დასაშვები, რადგან სამოქალაქო ბრუნვის თავისებურებიდან გამომდინარე, კანონმდებელი გონივრულად ვარაუდობს, რომ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო უარყოფითი შედეგები დასაშვებია გამოვლინდეს საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპის მსგავსად, მხარე თავად წყვეტს, თუ როდის მოითხოვოს აღნიშნული ცვლილების განხორციელება სასამართლოს მიერ და, მიუხედავად იმისა, ადგება თუ არა მას ზიანი უზრუნველყოფის თავდაპირველი ღონისძიების დაწესების ეტაპზევე, მას ამ ღონისძიების შეცვლის მოთხოვნის უფლება ენიჭება საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის პოზიციას იმის შესახებ, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობის წარმდგენ პირს ვინაიდან არ მიუთითებია, მისი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის გამო კონკრეტულად რომელი უფლების განხორციელება შეიზღუდა, არ არსებობდა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის საფუძველი.
ამასთან საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბმა „კ. 19“-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, სააპელაციო პალატაში საქმის წარმოების გაგრძელების ეტაპზე სრულიად მართლზომიერია, მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის ნაცვლად გამოყენებულ იქნას სასამართლო დეპოზიტზე თანხის ჩარიცხვა მით უფრო, რომ აღნიშნული თანხის ოდენობა საკმარისია სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველსაყოფად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ბმა „კ. 19“-ის წარმომადგენელმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა, როგორ შეუშლიდა ხელს მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას მოპასუხის კუთვნილი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის ნაცვლად შეცვლილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნული კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის თანახმად, მის მოვალეობას წარმოადგენდა. შესაბამისად, ბმა „კ. 19“-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბმა „კ. 19“-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
თ. თოდრია