Facebook Twitter

საქმე №010258915950076 28 ივლისი, 2015 წელი

№ას-126-118-2015 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ა.ა“, შპს „შ.ი 14“

მოწინააღმდეგე მხარე - კომპანია „ა-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ა.ამ“ მოპასუხეების - შპს „ბ-ის“, შპს „ო-ის“ და კომპანია „ა-ის“ მიმართ და მოითხოვა:

1. მოპასუხეებისათვის შპს „ა.ას“ სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით სოლიდარულად 36000 აშშ დოლარის დაკისრება;

2. შპს „შ.ის 14-ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე თბილისში, ბ-ს ქ. №9-ში (საკ. კოდი №…) რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ასევე შპს „ა-მა“ მოპასუხეების - შპს „ა.ასა“ და შპს „შ.ი 14-ის“ მიმართ და მოითხოვა:

1. შპს „ა.ისათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ 34 547.50 აშშ დოლარის დაკისრება (სესხის ძირი - 29 527.72 აშშ დოლარი, პროცენტი 5 019.72 აშშ დოლარი);

2. დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული შპს „შ.ი 14-ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის - მდებარე თბილისი, ბ-ს ქ. №9 (საკ. კოდი №…) - სარეალიზაციოდ მიქცევა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით შპს „ა.ას“ და ა-ის სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით:

1. შპს „ა.ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

2. „ა-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა;

3. შპს „ა.ას “ „ა-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 34 547.50 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის თანხაა 29 527.72 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტი 5 019.72 აშშ დოლარი;

3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა შპს „შ.ი 14-ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი - მდებარე ქ.თბილისი, ბ-ს ქ. №9 (საკ. კოდი №…).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ა.ამ“ და შპს „შ.ი 14-მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 დეკემბრის განჩინებით:

1. შპს „ა.ას“ და შპს „შ.ი 14-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2007 წლის 12 დეკემბერს, შპს ,,ა.ასა” და სს ,,პირველ ბრიტანულ ბანკს” შორის დაიდო საკრედიტო პროტუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანხა განისაზღვრა - 300 000 აშშ დოლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 12.12.2007 წლიდან, 12.12 2022 წლამდე, ანუ 15 წლის ვადით, სარგებლის მაქსიმალური ოდენობა 30%-ით (წლიური). აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2007 წლის 14 დეკემბერს, მხარეებს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც ბანკმა მოსარჩელეზე გასცა კრედიტი 100 000 აშშ დოლარი, 5 წლის ვადით, სარგებლის წლიური ოდენობა 17%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,033%. სესხის და სარგებლის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო მხარეების მიერ შეთანხმებული გრაფიკით.

მითითებული ხელშეკრულებების საფუძველზე, წარმოშობილი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,შ.ი 14”-ის საკუთრებაში არსებული უძრავ ნივთი, მდებარე - თბილისში, ბ-ს ქ.№9.

2009 წლის 26 აგვიტოს, სს ,,პ-ს” გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყო მისი ლიკვიდაციის პროცესი, ხოლო 2009 წლის 4 სექტემებრს, სს ,,პ. ბ. ბ-ს” შეეცვალა სახლწოდება და ეწოდა სს ,,პ. ბ. კ-ა”, რომლის რეორგანიზაციის (გამოყოფის) შედეგად, 2009 წლის 23 სექტემბერს, დაფუძნდა სს ,,ბ-ი” – 2009 წლის 26 აგვიტოს.

2012 წლის 7 დეკემბრის და 2012 წლის 12 დეკემბრის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, 2009 წლის 3 ოქტომბერს, სს ,,პ-ამ” სს ,,ბ-ს” დაუთმო მოთხოვნის უფლება შპს ,,ა.ას” მიმართ, 2010 წლის 5 ივლისს, სს ,,ბ-მა” სს ,,ო-სს”, ხოლო ამ უკანასკნელმა, 2012 წლის 23 აგვისტოს, ,,ა-ს”, დაუთმო, 2012 წლის 7 დეკემბრის და 2012 წლის 12 დეკემბრის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოთხოვნის უფლება შპს ,,ა.ას” მიმართ.

მოსარჩელე შპს ,,ა.ა” საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, ასრულებდა 2011 წლის ივლისის ჩათვლით. კერძოდ, 2011 წლის ივლისში, მოსარჩელემ შეიტანა - 10 000 აშშ დოლარი, ხოლო ბოლოს კი - 2011 წლის 14 დეკემბერს, 2 485 აშშ დოლარი.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ შპს „ა.ას“ დავალიანება, 2007 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენდა 34 547.50 აშშ დოლარს, მათ შორის სესხის თანხა იყო - 29 527.72 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტი - 5 019.72 აშშ დოლარი.

ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად, სასამართლომ სწორად მოახდინა გადასახდელი სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებელის დაანგარიშება, რომელიც 2011 წლის 7 დეკემბრის ხელშეკრულების 7.4. პუნქტის თანახმად ერიცხებოდა კლიენტის ფაქტიურ დავალიანებას და მისი დაანგარიშება ხდებოდა სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად 365 დღეზე გაანგარიშებით. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სს ,,პ-ის” საბანკო ლიცენზიის გაუქმების გამო, მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყვეტილად უნდა ჩათვლილიყო, ხოლო შპს „ა.ას“ მიერ გადახდილი თანხა ძირითადი ვალდებულების ანგარიშში.

მოსარჩელე (აპელანტი) ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნას ამყარებდა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თუ იგი მიიღებდა დამატებით დაფინანსებას, ანუ ჯამში 300 000 აშშ დოლარის ოდენობით, მაშინ იგი მოგების სახით მიიღებდა 36 000 აშშ დოლარს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის პრეტენზია იყო უსაფუძვლო, რადგან საქმის ფაქტობრივი გარემოებებით არ დგინდებოდა მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი შემდეგ გარემოებათა გამო:

შპს „ა.ასა“ და სს ,,პ-ს” შორის, 2007 წლის 14 დეკემბერს საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ, ხელშეკრულების 4.10 პუნქტის მიხედვით: „ბანკი“ იტოვებდა ცალმხრივ უფლებას, რაზეც „კლიენტი“ აცხადებდა უპირობო თანხმობას, რომ დამატებითი ხელშეკრულებით დადგენილი ტრანშების გაცემა არ იყო ბანკის ვალდებულება, არამედ წარმოადგენდა ბანკის უფლებას. ეს უკანასკნელი არ იყო ვალდებული განემარტა უარის მიზეზები ,,კლიენტისათვის“.

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებზეც დაყრდნობითაც სამოქალაქო პალატა გაიზიარებდა აპელანტის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მას აღარ გააჩნდა დავალიანება საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე და რომ პირიქით, მას მიადგა ზიანი 36 000 აშშ დოლარის ოდენობით მოწინააღმდეგე მხარეების მხრიდან.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზია, იმის შესახებ, რომ იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების რეგისტრაცია მოხდა არასწორად და ამის თაობაზე ცნობილი არ ყოფილა და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოთხოვნის დათმობით ახალ მფლობელზე გადადის მისი უზრუნველყოფის საშუალებებიცა და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა, შესაბამისად, ხსენებული გარიგება მოვალის თანხმობას არ საჭიროებდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2009 წლის 3 ოქტომბერს, სს ,,პ-ამ” სს ,,ბ-ს” დაუთმო, 2012 წლის 7 დეკემბრის და 2012 წლის 12 დეკემბრის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოთხოვნის უფლება შპს ,,ა.ას” მიმართ. აღნიშნული უფლება, 2010 წლის 5 ივლისს, სს ,,ბ-მა” დაუთმო სს ,,ო-სს”, ხოლო ამ უკანასკნელმა 2012 წლის 23 აგვისტოს ,,ა-ს”.

უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული აპელანტის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ შპს „ა.ამ“ ხელშეკრულება გააფორმა საბანკო ორგანიზაციასთან (სს ,,პ-ი”), ხოლო უფლებამონაცვლეობის შედეგად კი, მისი ადგილი არ დაუკავებია, ასევე საბანკო ორგანიზაციას, რის გამოც კომპანიის მოლოდინი ბანკისგან მიეღო დამატებითი თანხები (200 000 აშშ დოლარის სესხის კრედიტი) არ გამართლდა. აპელანტის მითითებით, ამის შესახებ ცნობილი, რომ ყოფილიყო მოსარჩელისათვის, მასთან თავიდანვე არ გააფორმებდა ხელშეკრულებას.

სასამართლოს მითითებით საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ აღნიშნული არგუმენტებით ახალი კრედიტორებისათვის არ მიუმართავს და არ მოუთხოვია მომხდარიყო ხელშეკრულების მისადაგება, მითითებული, შეცვლილი გარემოებებისადმი. ხელშეკრულების აღნიშნული შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგება, თავისთავად არ იყო დამოკიდებული მხოლოდ შპს „ა.ას“ მიერ ნების გამოვლენაზე, თუმცა მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთ მისადაგებაზე ინიციატივა და შესაბამისად, კრედიტორებისათვის მიმართვა მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ა.ამ“ და შპს „შ.ი 14-მა“. მოგვიანებით, შპს „ა.ამ“ უარი თქვა საკასაციო საჩივარზე იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი მოპასუხეების - შპს „ბ-ის“, შპს „ო-სა“ და კომპანია „ა-ის“ მიმართ, შესაბამისად, ამ ნაწილში განუხილველად დარჩა შპს „ა.ას“ საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 მარტის განჩინებით, ხოლო ამავე განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ა.ას“ საკასაციო საჩივარი „ა-ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

მოსარჩელე „ა-მა“ ვერ წარმოადგინა ვალის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. შპს „ა.ას“ სრულად აქვს დაფარული სს „პ-ის“ წინაშე არსებული დავალიანება, კერძოდ, შპს „ა.ამ“ ბანკისაგან აიღო სესხი 100000 აშშ დოლარი, ხოლო გადახდილი აქვს 117895.60 აშშ დოლარი;

მოპასუხის მხრიდან იპოთეკის საგნის ცვლილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არასწორად განხორციელდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა.ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელე „ა-მა“ ვერ წარმოადგინა ვალის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. შპს „ა.ას“ სრულად აქვს დაფარული შპს „პ-ის“ წინაშე არსებული დავალიანება, კერძოდ, შპს „ა.ამ“ ბანკისაგან აიღო სესხი 100000 აშშ დოლარი, ხოლო გადახდილი აქვს 117895.60 აშშ დოლარი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

შპს ,,ა.ასა“ და სს ,,პ-ს“ შორის 2007 წლის 14 დეკემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც ბანკმა შპს ,,ა.აზე“ გასცა კრედიტი 100 000 აშშ დოლარი, 5 წლის ვადით, წლიური 17% სარგებლით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,033%. სესხის და სარგებლის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო მხარეების მიერ შეთანხმებული გრაფიკით;

მითითებული ხელშეკრულებების საფუძველზე, წარმოშობილი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,შ.ი 14“-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე - თბილისში, ბ-ს ქ.№9-ში;

2009 წლის 26 აგვიტოს, სს ,,პ-ს“ გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყო მისი ლიკვიდაციის პროცესი, ხოლო 2009 წლის 4 სექტემებრს, სს ,,პ-ს” შეეცვალა სახლწოდება და ეწოდა სს ,,პ-ია”, რომლის რეორგანიზაციის (გამოყოფის) შედეგად, 2009 წლის 23 სექტემბერს, დაფუძნდა სს ,,ბ-გი“;

2009 წლის 3 აგვისტოს სს ,,პ-იამ“ სს ,,ბ-ს“ დაუთმო ზემოხსენებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება შპს ,,ა.ას” მიმართ;

2010 წლის 5 ივლისს სს ,,ბ-მა“ სს ,,ო-სს“, ხოლო ამ უკანასკნელმა, 2012 წლის 23 აგვისტოს, ,,ა-ს“ დაუთმო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება შპს „ა.ას“ მიმართ;

შპს ,,ა.ა“ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, ასრულებდა 2011 წლის ივლისის ჩათვლით. კერძოდ, 2011 წლის ივლისში, მოსარჩელემ შეიტანა - 10 000 აშშ დოლარი, ხოლო ბოლოს კი - 2011 წლის 14 დეკემბერს - 2 485 აშშ დოლარი;

შპს „ა.ას“ დავალიანება 2007 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 34 547.50 აშშ დოლარს, მათ შორის სესხის ძირი თანხა - 29 527.72 აშშ დოლარს, ხოლო პროცენტი - 5 019.72 აშშ დოლარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ა.ას“ სს ,,პ-ის“ მიმართ ვალდებულება წარმოეშვა 2007 წლის 14 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება სს ,,პ-მა“ დაუთმო სს ,,ბ-ს“, რომელმაც თავის მხრივ მოთხოვნის უფლება დაუთმო სს ,,ო-სს“, ხოლო ამ უკანასკნელმა ,,ა-ს“. ამდენად, კომპანია ,,ა- ის“ მიმართ შპს „ა.ას“ ვალდებულება გამომდინარეობს 2007 წლის 14 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან. ამ ხელშეკრულების მიხედვით, შპს „ა.ამ“ 100000 აშშ დოლარის კრედიტი მიიღო, შესაბამისად, მას უნდა დაედასტურებინა ხსენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შერულების ფაქტი. მართალია, იგი აღნიშნავს, რომ მან ვალდებულება შეასრულა, კერძოდ, ბანკს გადაუხადა 117895.60 აშშ დოლარი, მაგრამ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გრაფიკის მიხედვით, შპს „ა.ას“ უნდა გადაეხადა 146787.00 აშშ დოლარი. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2011 წლის 14 დეკემბრიდან 2012 წლის 14 დეკემბერამდე მოპასუხეს სარგებელი არ გადაუხდია, რაც შეადგენს 5015.72 აშშ დოლარს.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ეს ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი). აქედან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 867-ე და 623-ე მუხლების საფუძველზე, მოსარჩელე უფლებამოსილია მოსთხოვოს მოპასუხეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იპოთეკის საგანთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ სამოქალაქო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოთხოვნის დათმობით ახალ მფლობელზე გადადის მისი უზრუნველყოფის საშუალებებიცა და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც. ამ ნორმის თანახმად, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეზე გადავიდა ამ მოთხოვნის უხრუნველყოფის საშუალება - იპოთეკა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ა.ას“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზ. დ-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (3498 ლარის) 70% – 2448.60 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა.ასა“ და შპს „შ.ი 14“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ა.ას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზ. დ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (3498 ლარი, საგადახდო დავალება N388074493 გადახდის თარიღი – 2015 წლის 13 თებერვალი) 70% – 2448.60 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი