ბს-779-366(კ-05) 11 მაისი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: ბათუმის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 21.06.04წ. აქტის მოგების გადასახადის დამატებითი დარიცხვის ნაწილის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს «ბ-ამ» სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის ბათუმის საოლქო საგადასახადო ინსპექციის და მესამე პირების: აჭარის ა/რ მთავრობის, ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის მიმართ და მოითხოვა ბათუმის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 21.06.04წ. შემოწმების აქტის იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლითაც ქარხანას მოგების გადასახადის სახით დამატებით დაერიცხა 592310 ლარი, ასევე‚ სადავო აქტის იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლითაც ქარხანას მოგების გადასახადის სახით დაერიცხა 1302222 ლარი.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის 21.06.04წ. შუამდგომლობის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 25.05.04წ. ბრძანებით, ბათუმის საქალაქო საგადასახადო ინსპექციის მიერ შპს «ბ-ში» ჩატარებულ იქნა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებისა და საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის მდგომარეობის შემოწმება და შედგენილ იქნა აქტი, რომლითაც ქარხანას გადასახადის ყველა სახეობაში დამატებით დაერიცხა 1922338 ლარი. ბათუმის საოლქო საგადასახდო ინსპექციის 21.06.04წ. აქტის ის ნაწილი, რომლითაც ქარხანას დამატებით დაერიცხა მოგების გადასახადი, მოსარჩელის განმარტებით, უკანონო და დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო: აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან 08.06.2000წ. გამართული თათბირის ¹64 საოქმო გადაწყვეტილებით შექმნილი კომისიის მიერ შეფასებული იქნა ქარხანაში არსებული ალუმოპლატინის კატალიზატორის Aპკ-87–ის ვარგისიანობა და გადაწყდა მისი შემდგომი რეალიზაციის საკითხი. 2000წ. 13-17 აგვისტოს განხორციელდა ლ-35 დანადგარის რეაქტორებიდან კატალიზატორების ჩამოცლა, რაოდენობამ შეადგინა 21325,1 კგ და შესანახად გადაეცა ქარხნის მატერიალურ საწყობს. 24.08.2000წ. ქარხანასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრანკფურტ მაინაში რეგისტრირებულ ფირმა «ა-ს» შორის, ფირმა «ჰ-ის» მეშვეობით გაფორმებული იქნა ხელშეკრულება დამაჩქარებელი კატალიზატორი Aპკ-87-ის ექსპორტზე. კატალიზატორების გადამუშავების შემდეგ Mმიღებული იქნა 107.080,1 გრამი პლატინა. ქარხანას აუნაზღაურდა ერთ გრამ პლატინაში 6,5 აშშ დოლარი, მთლიანად, 107080,1 გრამ პლატინაში, _ 693917 აშშ დოლარი, ხოლო ერთ გრამ პლატინაზე 8 აშშ დოლარი, საერთო თანხით 856641 აშშ დოლარი გერმანულმა ფირმამდაიტოვა ხარჯების დასაფარავად. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად‚ ერი გრამი პლატინის ფასის განსაზღვრა განხორციელდა ლონდონის ბირჟის ფასების მიხედვით, ერთი გრამი პლატინა შეფასებული იქნა 14,5 აშშ დოლარად. ბათუმის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ ინტერნეტით მოპოვებული ინფორმაციით ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის, ე.ი. 2000წ. აგვისტოში ლონდონის ბირჟაზე ერთი გრამი პლატინის ფასი შეადგენდა 21,16 აშშ დოლარს, ხოლო თანხის ანაზღაურებისას ე.ი. 2000წ. დეკემბერში 21,5 აშშ დოლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე ბათუმის საოლქო საგადასახდო ინსპექციამ მოგების გადასახადის დასარიცხად გამოიყენა საგადასახდო კოდექსის 235-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის გათვალისწინებითაც გამოსაქვითი ხარჯების ჩათვლით 107080,1 გრამი პლატინის ღირებულებად ჩათვალა 2302222 აშშ დოლარი, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 1550558 აშშ დოლარისა, მათ შორის‚ სხვაობა ე.ი. 751664,1 აშშ დოლარი ანუ 1480778 ლარი ჩათვალა დამალულ შემოსავლად, რასაც საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის საფუძველზე დაერიცხა მოგების გადასახადი 296 155 ლარი, ხოლო საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმა. ვინაიდან ქარხანას გადასახადის ამ სახეობაში ერიცხებოდა მეტობა, შემოწმებით დარიცხულ თანხაზე საურავი არ გავრცელებულა. სულ პლატინის რეალიზაციისათვის ქარხანას დამატებით დაერიცხა 592310 ლარის მოგების გადასახადი. მოსარჩელე შპს «ბ-ას» ბათუმის საოლქო საგადასახადო ინსპექციის გაანგარიშებას არ დაეთანხმა, ვინაიდან ინტერნეტის იმ საიტზე, რომელიც გამოყენებული იქნა ბათუმის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ ლონდონის ბირჟის მიხედვით ერთი გრამი პლატინის ფასი მოცემულია უმაღლესი ხარისხის 96%-იანი და უფრო მაღალი სინჯის მქონე პლატინის ზოდების მიხედვით, ხოლო ქარხნის მიერ რეალიზებული კატალიზატორიდან მიღებული პლატინა იყო დაბალი სინჯის მქონე და მისი ფასი ლონდონის ბირჟის მიხევით ერთ გრამ პლატინაზე შეადგენდა 14,5 აშშ დოლარს. ამასთან ერთად, ინფორმაციის ისეთი წყარო, რომელიც გადასახადის დარიცხვისას გამოიყენა ბათუმის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ, არ შეიძლება მიჩნეული იქნას საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის სანდო წყაროდ. მოსარჩელის მოსაზრებით‚ ბათუმის საგადასახადო ინსპექციას არ გააჩნია არანაირი ოფიციალური საბუთი, რომელიც ადასტურებს შესაბამისი საიტის მონაცემების სისწორეს.
მოსარჩელეს უკანონოდ მიაჩნდა‚ აგრეთვე‚ მოგების გადასახადში დამატებით 1302000 ლარის დარიცხვა ქარხნის სახელზე გახსნილ აკრედიტივზე გადმორიცხული თანხების შემოსავლის სახით აღურიცხველობისათვის და მოგების გადასახადის გადაუხდელობისთვის. საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ ფირმა «კ-სა» და აჭარის ა/რ მაშინდელ ხელმძღვანელობას შორის არსებობდა სიტყვიერი მოლაპარაკება გადაზიდვის ტარიფების შემცირებაზე, სანაცვლოდ «კ-ს» ხელვაჩაურის რაიონში უნდა აეშენებინა თბოელექტროსადგური, აღნიშნული პირობა არ შესრულებულა, რის გამოც ქარხანას გადმოერიცხა გადაზიდვის მომსახურების საფასურის ღირებულება 661000 ლარის ოდენობით ქარხნის კუთვნილი თანხა უნდა ასახულიყო მის შემოსავლებში. ბათუმის საოლქო საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლების მიერ აქცენტი გადატანილ იქნა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 26.11.01წ. წერილზე და უყურადღებოდ იქნა დატოვებული ქარხანასა და «კ-ს» შორის 14.11.97წ. გაფორმებული ¹225 ხელშეკრულება, რომლითაც არ იყო გათვალისწინებული «კ-ი» ვალდებულება‚ დაებრუნებინა ქარხნისათვის მოცულობითი ტარიფით მიღებული შეღავათები. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით ზემოთმითითებული თანხა (651000 ლარი) არ წარმოადგენდა ქარხნის შემოსავალს, ვინაიადან ქარხანას «კ-ის» მიმართ არ გააჩნდა არანაირი თანხის მოთხოვნის უფლება და ფაქტობრივად არც ყოფილა ქარხნის განკარგულებაში, ქარხანა მოქმედებდა როგორც აგენტი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
აჭარის ა.რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 08.04.05წ. გადაწყვეტილებით შპს «ბ-ი» ქარხნის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე განსაზღვრა შპს «ბ-ის» დირექციამ ერთი გრამი პლატინის ღირებულება 14,16 აშშ დოლარად. ბათუმის საოლქო საგადასახადო ინპსექციის აქტით ირკვევა, რომ საგადასახადო ინსპექციამ 1 გრამი პლატინის ფასი დაადგინა ინტერნეტით მოპოვებული მონაცემების საშუალებით, რომლის თანახმად ირკვევა, რომ ლონდონის ბირჟაზე 2000წ. აგვისტოსთვის 1 გრამი პლატინის ფასი შეადგენდა 21,16 აშშ დოლარს. სასამართლოს განმარტებით მოსარჩელისთვის დამატებითი ვადის მიცემის მიუხედავად, მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი 1 გრამ პლატინის 14,5 აშშ დოლარად გაყიდვის ფასის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც სასამართლომ 1 გრამი პლატინის ღირებულებად მიიჩნია საგადასახადო ინსპექციის მიერ ინტერნეტის მონაცემების საფუძველზე დადგენილი ლონდონის ბირჟაზე მოპოვებული მონაცემები 1 გრამი – 21,16 აშშ დოლარი. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ 2005წ. 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად, ბათუმის საოლქო საგადასახადო ინსპქციამ სწორედ განსაზღვრა პლატინის საბაზრო ფასი, რადგან საქართველოში არ არსებობს პლატინის საბაზრო ღირებულების განმსაზღვრელი ბაზარი.
სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა აგრეთვე, რომ შპს «ბ-სა» და ფირმა «კ-ს» შორის 14.11.97წ. დადებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ფირმის მიერ მოცულობითი ტარიფით მიღებული შეღავათების ქარხნისათვის დაბრუნებას. ფირმამ გადაზიდვაზე გავრცელებული შეღავათების სანაცვლოდ ხელვაჩაურის რაიონში თბოელექტროსადგური არ ააშენა და ქარხანას გადმოურიცხა ადრე გავრცელებული სატარიფო შეღავათების სხვაობა _ 6510000 ლარი, რომელიც ქარხანამ შემოსავალში არ აღრიცხა. კოლეგიამ მიიჩნია, რომ ამ თანხიდან გადასახადის გადახდის დაკისრება მოსარჩელისათვის სწორია, ვინაიდან გადმორიცხული თანხა არის ქარხნის კუთვნილება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს «ბ-ის» გენდირექტორის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ სარჩელის წარდგენის მომენტისათვის ვერ მოხერხდა მტკიცებულების ნაწილის წარდგენა სარჩელთან ერთად. მოსარჩელის წარმომადგენლების შუამდგომლობის საფუძველზე საქმის განხილვა გადაიდო დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენის მიზნით. 05.04.05წ. დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა მხოლოდ მარწმუნებელს, საქმის განხილვის დრო და ადგილი არ ეცნობა წარმომადგენლებს. სხვა შემთხვევებში სასამართლო უწყება ეგზავნებოდა როგორც შპს «ბ-ას», ასევე მის წარმომადგენლებს. 05.04.05წ. სხდომაზე საქმე განხილული იქნა წარმომადგენლის გარეშე, 08.04.05წ. სხდომაზე სასამართლომ მტკიცებულებების მიღების გარეშე გამოიტანა გადაწყვეტილება. სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 70.1 მუხლის მოთხოვნა, რაც სსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. კასატორი თვლის, რომ მხარისათვის მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობის მიცემის შემთხვევაში საქმეზე რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილება იქნებოდა გამოტანილი. კასატორი აღნიშნავს, რომ კასატორს და აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გაცემული ექსპერტის ცნობის თანახმად 2000წ. 1 დეკემბრის მდგომარეობით ლონდონის მეტალის ბაზარზე 1 გრ. პლატინის საშუალო შესასყიდი ფასი შეადგენდა 19,499 აშშ დოლარს, ნაცვლად საგადასახადო სამსახურის მიერ დაანგარიშებული 21,5 აშშ დოლარისა. კასატორი თვლის, რომ აღნიშნული ადასტურებს, რომ საგადასახადო სამსახურის თანამშრომლების მიერ არასწორად იქნა შეფასებული პლატინის ფასთან დაკავშირებული შეთანხმება. კასატორი აღნიშნავს‚ აგრეთვე, რომ 3 მლნ. აშშ დოლარი მის ანგარიშზე ჩარიცხულია არა «კ-ის», არამედ «ტ-ს» მიერ ნავთობის ღირებულების დასაფარავად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარე, ბათუმის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და აღნიშნა, რომ სსკ-ის 70-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მოსარჩელეს გაეგზავნა უწყება, რომლითაც იგი ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომის დროის შესახებ. ინსპექციის წარმომადგენელმა აღნიშნა აგრეთვე, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან 08.06.2000წ. გამართული თათბირის საოქმო გადაწყვეტილებით შექმნილი კომისიის მიერ შეფასებული იქნა ალუმოპლატინის/კატალიზატორის Aპკ-87 ვარგისიანობა და გადაწყდა მისი შემდგომი რეალიზაციის საკითხი. 13-17.08.2000წ. ქარხნის შესაბამისი სამსახურების მიერ განხორციელდა ლ-35 დანადგარის რეაქტორებიდან კატალიზატორის ჩამოცვლა, რაოდენობამ შეადგინა 21325,1 კგ და იგი შესანახად გადაეცა მატერიალურ საწყობს. კატალიზატორი გადატვირთულ იქნა გერმანიაში, რომლის გადამუშავების შედეგად მიღებული პლატინის ოდენობა 107080,1 გრამით არის ნაჩვენები. ხელშეკრულების დანართში 1 გრ. პლატინის ფასი მითითებულია 14,5 აშშ დოლარად, საგადასახადო ინსპექციის მიერ მოპოვებული ინფორმაციით რეალიზაციის მომენტში (2000წ. დეკემბერი) ლონდონის ბირჟაზე 1 გრამი პლატინის ფასი 21,5 აშშ დოლარად იყო აღრიცხული. ინსპექციის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ქარხანას დაერიცხა პლატინის რეალიზაციის ნაწილში აბსოლუტური მინიმუმი, რადგან პლატინის ფასად აღებულია საბირჟო ფასი, რომელიც ერთიორად ნაკლებია საბაზრო ფასზე.
საქმეში დაცული აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს წერილით დასტურდება, რომ კომპანია «კ-თან» და ქარხანას შორის არსებობდა სიტყვიერი მოლაპარაკება გადაზიდვის ტარიფის 2 აშშ დოლარით შემცირებაზე. სანაცვლოდ კომპანიას სულ უნდა აეშენებინა თბოელექტროსადგური. ვინაიდან პირობა არ შესრულდა ქარხანას ჩამოერიცხა ადრე დათმობილი ნავთობის გადაზიდვის მომსახურების საფასურის ღირებულება (6510000ლ.). თანხა ეკუთვნოდა ქარხანას, ამიტომ უნდა ასახულიყო მის შემოსავალში. ქარხნის მიერ ამ თანხის შემოსავალში ასახვის შემთხვევაში გაიზრდებოდა მოგების დასაბეგრი ბრუნვა, რის გამო საგადასახადო კოდექსის 235-ე და 254-ე მუხლების საფუძველზე კასატორს დაერიცხა შემცირებული თანხა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებმა და აჭარის ა/რ მთავრობის წარმომადგენელმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ის 70-ე მუხლის I-ლი ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, რომლის თანახმად‚ მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის დრო და ადგილი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ პროცესუალური კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვითმოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე სასამართლო ატყობინებდა შპს «ბ-ას» სასამართლო კოლეგიის სხდომების ჩატარების ადგილის და დროის შესახებ. მოსარჩელის წარმომადგენელთა საქმეში ჩართვა მოხდა პირველსავე, 07.02.05წ. მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე, სასამართლო კოლეგიისათვის წარდგენილი შპს «ბ-ის» გენერალური დირექტორის მიერ 15.12.04წ. გაცემული ¹285 მინდობილობის საფუძველზე. წარმომადგენლებზე გაცემულ მინდობილობაში არ ყოფილა მითითებული წარმომადგენელთა მისამართები, აღნიშნულის თაობაზე, სასამართლო კოლეგია საქმის განხილვის განმავლობაში არ ყოფილა ინფორმირებული. სსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად‚ მხარეები და მათი წარმომადგენლები საქმის წარმოების განმავლობაში მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს თავიანთი მისამართის, აგრეთვე‚ მისი შეცვლის შესახებ. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს კანონისმიერი ვალდებულება სასამართლო უწყების (სხვა სასამართლო დოკუმენტაციის) მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის გადაგზავნის შესახებ უშუალოდ გამომდინარეობს ამ უკანასკნელთა კანონისმიერი ვალდებულებიდან შეატყობინონ სასამართლოს მათი ადგილსამყოფელი, მხარის და მისი წარმომადგენლის მიერ თავიანთი პროცესუალური ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახეზე არ არის სსკ-ის 70-ე მუხლის I-ლი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს ვალდებულების დარღვევა. წარმომადგენლის მიერ მისამართის შეუტყობინებლობის შედეგად არსებობდა სასამართლოს ვალდებულება პროცესუალური კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობებინა მოსარჩელისათვის სასამართლო სხდომის შესახებ, აღნიშნული ვალდებულება სასამართლო კოლეგიას შესრულებული აქვს. საქმის განხილვის მთელი პერიოდის განმავლობაში სასამართლო უწყებები ეგზავნებოდათ იმ მხარეებსა და წარმომადგენლებს, რომელთა მისამართები ცნობილი იყო სასამართლოსათვის, აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის წარმომადგენლებს არცერთი სასამართლო უწყება არ გაგზავნიათ, ამდენად საფუძველსმოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის წარმომადგენლებს მხოლოდ 05.04.05წ. სხდომის შესახებ არ ეცნობათ სასამართლო უწყებით. სასამართლო უწყების ჩაბარების მიუხედავად წარმომადგენლების გამოცხადება სასამართლო სხდომაზე ქმნიდა მოსარჩელისათვის უწყების ჩაბარების საკმარის პირობას, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმირებული იქნა სსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით, რის გამოც სასამართლო უფლდებამოსილი იყო მისი გამოუცხადებლობის მიუხედავად საქმე განეხილა არსებითად მისი წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე, საქმეში დაცული მასალებისა და მტკიცებულებების საფუძველზე.
საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა წარმოედგინა ისეთი მტკიცებულებები, რომელთა განხილვისა და გამოკვლევის შემთხვევაში სასამართლოს მიერ საქმეზე სხვა გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ჯერ კიდევ 07.02.05წ. მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელეს დაევალა მტკიცებულებების წარმოდგენა. მიუხედავად ამისა კოლეგიის 02.03.05წ. სხდომაზე მოსარჩელის მიერ მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთანავე, სასამართლო კოლეგიამ დააკმაყოფილა 02.03.05წ. სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელთა შუამდგომლობა მტკიცებულებათა წარმოდგენისათვის დამატებითი ვადის (10 დღე) მიცემის შესახებ. სასამართლო კოლეგიის მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის მიუხედავად, მოსარჩელემ არ წარუდგინა სასამართლოს დამატებითი მტკიცებულებანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის არსებითად განმხილველი სასამართლო კოლეგიის მიერ მხარისათვის მიცემული იქნა სრული შესაძლებლობა სასარჩელო განცხადებაში მოყვანილი ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელი და მოპასუხის პოზიციის გამაქარწყლებელი მტკიცებულებების წარმოდგენისათვის, რაც მის მიერ განხორციელებული არ ყოფილა. 08.04.05წ. სხდომის ოქმით არ დასტურდება მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ სასამართლო კოლეგიისათვის დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა, სასამართლოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღებაზე უარის თქმა. სასამართლო სხდომის ოქმის მიმართ მხარეებს და მათ წარმომადგენლებს შენიშვნები სსკ-ის 291-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ 08.04.05წ. სხდომაზე სასამართლომ უარი განაცხადა მოსარჩელის წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღებაზე. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელისათვის ვადის განსაზღვრის მიუხედავად მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რეალიზაციის პერიოდში 1 გრამი პლატინის 14,5 აშშ დოლარის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება შპს «ბ-ის» მიერ ვერც საკასაციო სასამართლოში იქნა წარდგენილი. საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად‚ შემოწმების მასალები და საგადასახადო ორგანოებისათვის ცნობილი სხვა სანდო ინფორმაცია ქმნის გადამხდელისათვის გადასახადის დარიცხვის საფუძველს. ამავემუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ გადამხდელი არ წარმოადგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დაარიცხოს მას გადასახადი მის ხელთ არსებული სარწმუნო ინფორმაციის საფუძველზე. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ პლატინის რეალიზების მომენტში პლატინის საბაზრო ფასი 1 გრამ პლატინაზე 14,5 აშშ დოლარს შეადგენდა. ინტერნეტის საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის თანახმად 2000წ. განმავლობაში ასეთი ფასი არ დაფიქსირებულა, ხსენებული მონაცემების თანახმად, პლატინის რეალიზაციის პერიოდში 1 გრამი პლატინის ღირებულება (იმის გათვალისწინებით, რომ პლატინის 1 უნცია 611,00 აშშ დოლარად ფასდებოდა, ხოლო 1 უნცია 28,35 გრამს შეიცავს) 21,552 აშშ დოლარს შეადგენდა. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საგადასახადო ინსპექციამ, საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად, მართებულად განსაზღვრა პლატინის საბაზრო ფასი ლონდონის მეტალის ბირჟის მონაცემების მიხედვით. საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის თანახმად საქონლის საბაზრო ფასად ითვლება თავისუფალი საბაზრო ფასი, რომელიც ყალიბდება ბაზარზე იდენტური საქონლის მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთქმედებისას და საქონლის შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს. ვინაიდან საქართველოში არარსებობს პლატინის თავისუფალი მიმოქცევის ორგანიზებული ბაზარი, მართებულია საერთაშორისო ბაზარზე ჩამოყალიბებული ფასების გამოყენება, კერძოდ პლატინის საბაზრო ღირებულების დადგენა ძვირფასი ლითონების მსოფლიო ვაჭრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრის _ ლონდონის ბირჟის მონაცემების მიხედვით, რომელშიც დაფიქსირებული კურსი ძვირფასი ლითონის მსოფლიო ფასად აღიქმება. კასატორსა და შპს «ა-ს» შორის დადებული ხელშეკრულების ¹1 დანართი ასევე უთითებს ლონდონის მეტალის ბირჟაზე პლატინის ფასის დაცემის შემთხვევაში ფასის შემცირების თაობაზე. ამდენად მართებულია პლატინის საბაზრო ფასის დადგენა ლონდონის ბირჟის მონაცემების მიხედვით. შპს «ბ-ის» დირექციას საქმის განხილვის არც ერთ სტადიაზე არ წარმოუდგენია ბირჟაზე აღრიცხული მონაცემების უსწორობის, ერთი გრამი პლატინის 14,16 აშშ დოლარის საბაზრო ღირებულების, აგრეთვე რეალიზებული პლატინის დაბალი სინჯის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. აღნიშნულს არ ადასტურებს კასატორის მიერ წარმოდგენილი აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტის ცნობა, რომლის მიხედვით პლატინის ღირებულება 19,499 და არა 14,5 აშშ დოლარს შეადგენს. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები, რომ წარმოდგენილი ცნობის მიხედვით ღირებულება გამოთვლილ იქნა არა უნციის, არამედ ტროიანული უნციის მიხედვით მაშინ, როდესაც ცნობაში მითითებული ინტერნეტ-საიტების თანახმად‚ პლატინის ღირებულება 611,00 აშშ დოლარი განისაზღვრებოდა 1 უნციით და არა ტროიანული უნციით (1 უნცია - 28,35 გრ., 1 ტროიანული უნცია - 31,1035 გრ.; 611,00 აშშ დოლარი : 31,1035 გრ. = 19,6). 1 გრ. პლატინის 14,5 აშშ დოლარად რეალიზაცია არ დასტურდება აგრეთვე შპს «ბ-ასა» და შპს «ა-ს» შორის დადებული ხელშეკრულების ¹1 დანართით. აღნიშნული დანართი ითვალისწინებს ლონდონის მეტალის ბირჟაზე პლატინის ფასის 14,5 აშშ დოლარ/ გრამზე ქვემოთ დაცემის შემთხვევაში ფასის შემცირებას, რაც არანაირად არ ადასტურებს, რომ 1 გრამი პლატინა 14,5 აშშ დოლარს შეადგენდა. საგულისხმოა აგრეთვე ის გარემოება, რომ საბირჟო ფასი საბაზრო ფასის მინიმუმის მაჩვენებელია, 21.08.2000წ. ხელშეკრულებით მიწოდების მისამართად მითითებული კომპანია «ჰ-ის» ინტერნეტ-გვერდის მონაცემების მიხედვით 2000წ. 1 დეკემბრისათვის პლატინის შესყიდვის ფასი მნიშვნელოვნად აღემატება გადასახადით დაბეგვრისათვის აღებულ ფასს.
შპს «ბ-ას» და შპს «კ-ოს» შორის 14.11.97წ. ¹255, 15.08.96წ. ¹193 03.03.99წ. ¹87 ხელშეკრულებებით განისაზღვრა ნავთობის გადაზიდვის ტარიფები. ხელშეკრულებები არ ითვალისწინებდნენ დადგენილი მოცულობითი ტარიფის შემცირების შესაძლებლობას. ამდენად, სატარიფო შეღავათების გაწევის შედეგად დაგროვილი თანხის არ გადარიცხვის შემთხვევაშიც, თანხა ექვემდებარებოდა საგადასახადო დარიცხვას საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის საფუძველზე. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ხელშეკრულების კონტრაჰენტისათვის გაწეული შეღავათების-ტარიფის შემცირების სანაცვლოდ შპს «კ-ოს» ხელვაჩაურის რაიონში თბოელექტროსადგური უნდა აეშენებინა. თბოელექტროსადგური შპს «კ-ოს» მიერ არ აშენებულა, რის გამო უკანასკნელმა გადაურიცხა შპს «ბ-ას» ადრე გავრცელებული სატარიფო შეღავათების სხვაობა საერთო გადაზიდვის მოცულობის გათვალისწინებით 6510000 ლარი, რომელიც ქარხნის მიერ შემოსავალში არ იქნა აღრიცხული. სსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო პალატისათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ მიმართებით კასატორის მიერ არ იქნა წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, წარმოდგენილი მასალები არ უარყოფს სააპელაციო პალატის დასკვნას. აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 26.11.01წ. წერილის თანახმად თბოელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით საფინანსო უთანხმოების დარეგულირების სქემა ითვალისწინებდა კომპანია «კ-ოს» და ან მასთან აფილირებული კომპანიების მიერ ადრე მიღებული ფასდაკლების (2 აშშ დოლარი ერთ ტონაზე) დაბრუნებას შპს «ბ-ის» ანგარიშზე 300000 აშშ დოლარის (6510000 ლარის) გადარიცხვის გზით. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შემოსული თანხა ტრანზიტითაა გავლილი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თანხა «ბ-ის» კუთვნილება იყო, თანხა შემოსავალში აუღებლად განკარგულ იქნა როგორც წმინდა მოგება, საიდანაც 651000 ლარი საგადასახადო დავალების საფუძველზე წმინდა მოგების დივიდენდის სახით ჩაირიცხა ადგილობრივ ბიუჯეტში, ხოლო 5 859 000 ლარი არასაგადასახადო შემოსავლის ანგანიშზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გადამზიდველ ფირმაზე გავრცელებული შეღავათების შედეგად ქარხნისათვის გადმორიცხული თანხა წარმოადგენდა ქარხნის კუთვნილ შემოსავალს, რის გამო გადმორიცხული თანხები გადამისამართებამდე ექვემდებარებოდა დაბეგვრას. გადმორიცხული თანხის ქარხნის შემოსავალში აღრიცხვის შემთხვევაში მოგების გადასახადი შეადგენდა 1302000ლარს, რომელიც უნდა შემცირდეს წმინდა მოგების დივიდენდის 10%-ის საშემოსავლო გადასახადში ჩარიცხული თანხით 651000 ლარით. დარჩენილი სხვაობა 651000 ლარს საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის საფუძველზე იქნა დარიცხული. აგრეთვე, საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელეს დაეკისრა 100%იანი ჯარიმა 651000 ლარის ოდენობით. ამდენად‚ მართებულია შემოწმების აქტით შპს «ბ-თვის» 1302000 ლარის დაკისრება, სულ _ მოგების გადასახადის ნაწილში დამატებით 1894310 ლარის (1302000+592310) დაკისრება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ემყარება კანონის დარღვევას, საკასაციო საჩივარში მითითებულ საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევას ადგილი არა აქვს, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად‚ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. ვინაიდან ბათუმის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 21.06.04წ. აქტის მოქმედება აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის 06.01.05წ. განჩინებით სადავო საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერებული იქნა, იმის გათვალისწინებით, რომ სსკ-ის 264-ე მუხლის I-ლი ნაწილის «ა» ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის თანახმად‚ საკასაციო სასამართლოს განჩინება კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე, სადავო აქტის მოქმედების შეჩერება გაუქმებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «ბ-ის» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 08.04.05წ. გადაწყვეტილება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.