¹ ბს-783-370(კ-05) 13 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ჯ. გახოკიძე (მომხსენებელი),
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 29 აგვისტოს შპს “.. ..-მ” სარჩელი აღძრა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 26359 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც 11419,8 ლარი ვაგონების ტრანსპორტირების ხარჯს შეადგენს, 6024,5 ლარი _ სადგურების ადგილობრივ მომსახურეობას, ხოლო 8914,2 ლარი _ ვაგონების მოცდენის ღირებულებას.
მოსარჩელის განმარტებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულებით საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოეყო 1000 ტონა დიზელის საწვავი, რომლის ტრანსპორტირება საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 22 ნოემბრის ¹1234 განკარგულების საფუძველზე დაევალა შპს “.. ..-ს”. მოსარჩელის მითითებით, მათ მიერ ვალდებულება შესრულებულ იქნა და გაწეულმა მომსახურების საფასურმა შეადგინა 26358,57 ლარი, რაც, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ დავალიანება არ დაფარა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაერთო ფინანსთა სამინისტრო.
საქმე არაერთგზის განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “.. ..-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად, ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაევალა 26359 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის _ 659 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მარტის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულებით საქართველოს გამოეყო ჰუმანიტარული დახმარება 1000 ტონა დიზელის საწვავი, რომელიც ტრანსპორტირებულ იქნა შპს “.. ..-ის” მიერ და მიღებულ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ, რასაც სადავოდ არ ხდის ფინანსთა სამინისტრო. საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 22 ნოემბრის ¹1234 განკარგულების მე-2 პუნქტის თანახმად, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დაევალა ჰუმანიტარული დახმარების სახით შემოსული 1000 ტონა დიზელის საწვავის მიღების უზრუნველყოფა, ხოლო მე-6 პუნქტის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს 2000წ. სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან უნდა გამოეყო შესაბამისი თანხები ჰუმანიტარული დახმარების ხარჯების ასანაზღაურებლად.
სააპელაციო პალატის განმარტებით, “აზერბაიჯანიდან შემოსული ჰუმანიტარული დახმარების (დიზელის საწვავის) განაწილების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 22 ნოემბრის ¹1234 განკარგულებით განისაზღვრა სპეციალური წესი და სუბიექტი ჰუმანიტარული დახმარების ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით. ფინანსთა სამინისტროს სადავოდ არ გაუხდია მითითებული განკარგულების მე-6 პუნქტი, რომლითაც მას დაევალა ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფა. ამასთან, სააპელაციო პალატის აზრით, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს ეკისრება მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და შპს “.. ..-ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს 1998წ. 22 ოქტომბრის ¹59 ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების გზით შემოტანილი საქონლის ჰუმანიტარული ხასიათის დადგენის წესი, კერძოდ, აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად, ჰუმანიტარული დახმარების მიმღებმა საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტს უნდა წარუდგინოს მიმღები ორგანიზაციის მიმართვა საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტისადმი ჰუმანიტარული ტვირთის მიღების შესახებ, დონორთან დადებული ხელშეკრულება გადაცემული დახმარების შესახებ, სადაც უნდა მიეთითოს ტვირთის ჰუმანიტარული დანიშნულება და გამოყენების პირობები, ჰუმანიტარული ტვირთის გამოყენების პროგრამა და გეგმა. ამდენად, წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულება, რაც ჰუმანიტარული დახმარების მიმღებს არ წარუდგენია. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ ფინანსთა სამინისტროზე დაკისრებული თანხიდან (26358 ლარი), მოსარჩელის განმარტებით, 8914,2 ლარი წარმოადგენს ვაგონების მოცდენისათვის ხარჯს, რაც აშკარად გაუგებარია, ხოლო სასამართლომ არ გამოიკვლია თუ რა იგულისხმებოდა ვაგონების მოცდენის ხარჯში და რამდენად უნდა განხორციელებულიყო ბიუჯეტიდან მსგავსი ხარჯების დაფინანსება.
კასატორმა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს განჩინება ფინანსთა სამინისტროსათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილშიც, რადგან “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მისთვის ვაგონების მოცდენის გამო 8914,2 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ჰუმანიტარული დახმარების სახით საქართველოს გამოეყო 1000 (ერთი ათასი) ტონა დიზელის საწვავი.
საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 22 ნოემბრის ¹1234 განკარგულების თანახმად, ჰუმანიტარული დახმარების სახით შემოსული 1000 ტონა დიზელის საწვავის მიღების უზრუნველყოფა დაევალა საქართევლოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, ხოლო ამავე განკარგულების მე-6 პუნქტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს 2000წ. სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან უნდა უზრუნველეყო შესაბამისი თანხების გამოყოფა აღნიშნული ჰუმანიტარული დახმარების ხარჯების ასანაზღაურებლად.
ჰუმანიტარული ტვირთი _ 1000 ტონა დიზელის საწვავი საქართველოში შემოიტანა შპს “.. ..-მ”, ხოლო მიიღო და გაანაწილა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ. შპს “.. ..-ის” მიერ გაწეულმა საერთო ხარჯმა შეადგინა 26358,5 ლარი. სააპელაციო სასამართლომ თავისი განჩინებით უცვლელად დატოვა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოს 2004წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება, რითაც ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა შპს “.. ..-ის” სასარგებლოდ 26358,57 ლარის გადახდევინება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორედ მიიჩნია უსაფუძვლოდ აპელანტის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის სამინისტროს 1998წ. 22 ოქტომბრის ¹59 ბრძანება, რომლითაც განსაზღვრულია საქართველოს ტერიტორიის ჰუმანიტარული დახმარების გზით გამოტანილი საქონლის ჰუმანიტარული ხასიათის დადგენის წესი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული ¹59 ბრძანება ადგენს ჰუმანიტარული ტვირთის მიღების, დანიშნულების და გამოყენების ზოგად წესებს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 22 ნოემბრის ¹1234 განკარგულებითაა მოწესრიგებული აზერბაიჯანიდან ჰუმანიტარული ტვირთის (1000 ტონა დიზელის) შემოტანა, რომლის მე-6 პუნქტით დადგენილია სპეციალური წესი და კონკრეტული სუბიექტი ტვირთის შემოტანისა და განაწილებასთან დაკავშირებული ხარჯების თვალსაზრისით. ¹1234 განკარგულების მე-6 პუნქტის თანახმად, “ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 2000წ. სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან უზრუნველყოს შესაბამისი თანხების გამოყოფა აღნიშნული ჰუმანიტარული დახმარების ხარჯების ასანაზღაურებლად”.
ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს “.. ..-ის” მიერ სადავოდ გახდილი 26358,5 ლარიდან 8914 ლარი შეადგენს ვაგონების მოცდენის საფასურს და იგი უნდა შედიოდეს თუ არა შპს “.. ..-ის” მიერ გაწეულ ხარჯებში სააპელაციო სასამართლოს არამცთუ არ დაუსაბუთებია, არამედ საერთოდ არ უმსჯელია ამის თაობაზე.
ამასთან დაკავშირებით, საკასაციო საჩივრის პრეტენზია საფუძვლიანია და საკასაციო პალატა ამ ნაწილში მას მთლიანად იზიარებს.
სააპელაციო პალატამ უნდა გამოიკვლიოს და სათანადოდ დაასაბუთოს საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. ¹1234 განკარგულების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურებაში შედის თუ არა ვაგონების მოცდენისათვის გათვალისწინებული ხარჯები 8914 ლარის ოდენობით და ამის შემდეგ გადაწყვიტოს ფინანსთა სამინისტროსათვის მისი დაკისრების საკითხი.
საკასაციო პალატას ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის პრეტენზია მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილშიც, კერძოდ, სააპელაციო პალატამ სსკ-ის 53.1 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე მხარეს _ ფინანსთა სამინისტროს დააკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორის ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მარტის განჩინება ფინანსთა სამინისტროსათვის შპს “.. ..-ის” სასარგებლოდ ვაგონების მოცდენისათვის 8914,2 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მარტის განჩინება;
4. კასატორს საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 697 ლარის ოდენობით;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.