Facebook Twitter

ბს-786-373(კ-05) 11 იანვარი, 2006 წ.

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სს «ტ.-ის» გენერალური დირექტორის _ მ. ყ.-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2002 წლის 28 მაისს ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სს «ტ.-ის" მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 139 703,82 ლარის დაკისრების თაობაზე. აღნიშნულ სასარჩელო განცხადებაზე 2002 წლის 29 ივლისს სს «ტ.-მა" შეგებებული სარჩელით მიმართა იმავე რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა 325 997 ლარი ბიუჯეტში გადახდილად ჩათვლილიყო.

რაიონულ სასამართლოში საქმის მომზადების სტადიაზე მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ დააზუსტა სარჩელი და სს «ტ.-ისათვის" ბიუჯეტის სასარგებლოდ 588 905,69 ლარის დაკისრება მოითხოვა.

ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 29 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა სს «ტ.-ის" აქციების 30% წილის მფლობელი ზ. ყ.-ის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად ჩართვის შესახებ, ხოლო ამავე სასამართლოს 2003 წლის 17 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა სს «ტ.-ის» გენერალური დირექტორის შუამდგომლობა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, აღნიშნულ საქმესთან გაერთიანდა სასამართლოს წარმოებაში არსებული სს «ტ.-ის" გენერალური დირექტორის სარჩელი მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ, ქონების დაყადაღების გაუქმების თაობაზე.

რაიონული სასამართლოს 2003 წლის 4 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული მესამე პირების _ მ. და ზ. ყ.-ეების დამოუკიდებელი სასარჩელო განცხადება მოპასუხეების _ სს «ტ.-ისა" და მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ.

ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 7 ივნისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 14 ივლისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 18 სექტემბრის განჩინებით თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სარჩელი სს «ტ.-ის" მიმართ საბიუჯეტო დავალიანების _ 588 905,69 ლარის გადასახდელად დაკისრების თაობაზე და სს «ტ.-ის" შეგებებული სარჩელი მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის _ სს «ტ.-ისა" და მესამე პირების _ ზ. და მ. ყ.-ეების მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს «ტ.-ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 588 905,69 ლარი იმის გათვალისწინებით, რომ სს «ტ.-ის" აქციონერებს: ფიზიკურ პირებს: მ. ყ.-ესა და ზ. ყ.-ეს უკვე ჩარიცხული ჰქონდათ სახელმწიფო ბიუჯეტში სს «ტ.-ის" დავალიანება 588 905,69 ლარი, აღნიშნული თანხით მოსარჩელე _ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნა ჩაითვალა დაკმაყოფილებულად, განისაზღვრა, რომ მითითებული თანხის გადახდევინება (ანუ დაკისრებული თანხის გადახდევინების აღსრულება) ბიუჯეტის სასარგებლოდ სს «ტ.-ისაგან" უკვე განხორციელებული იყო, ხოლო დანარჩენ ნაწილში ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; სს «ტ.-ის" შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უარი ეთქვა სს «ტ.-ს" მის მოთხოვნაზე 325 997 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩათვლის შესახებ.

სს «ტ.-მა» ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება სს «ტ.-მა" ნაწილობრივ გაასაჩივრეს, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და სადავო თანხის _ 325 997 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად ჩათვლა მოითხოვეს.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სს «ტ.-ის" დირექტორმა მ. გ.-მ წარმოადგინა შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 14 თებერვლის განჩინებით სს «ტ.-ის» საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2005 წლის 10 მარტის განჩინებით განაახლა საქმის წარმოება მოსარჩელე ფიზიკური პირების: ზ. ნ.-ის-ძე ყ.-ის, მ. ზ.-ის-ძე ყ.-ისა და ზ. ზ.-ის-ძე ყ.-ის სასარჩელო მოთხოვნათა ნაწილში.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 მარტის განჩინებით საქმეში მესამე პირად საგადასახადო დეპარტამენტი ჩაება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ფიზიკური პირების: ზ. ნ.-ის-ძე ყ.-ის, მ. ზ.-ს-ძე ყ.-ისა და ზ. ზ.-ის-ძე ყ.-ის სასარჩელო მოთხოვნები სს «ტ.-ის», თბილისის საგადასახადო ინსპექციისა და მესამე პირის _ საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სს «ტ.-ს» ფიზიკური პირების: ზ. ნ.-ის-ძე ყ.-ის, მ. ზ.-ის-ძე ყ.-ისა და ზ. ზ.-ის-ძე ყ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების _ 588 905, 69 ლარის გადახდა, სხვა ნაწილში მოსარჩელეებს უარი ეთქვათ.

ხსენებული გადაწყვეტილება სს «ტ.-მა» საკასაციო წესით გაასაჩივრა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სს «ტ.-ის» ახალმა გენერალურმა დირექტორმა მ. ყ.-ემ (სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, ს.ფ 762) შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, საკასაციო საჩივარზე უარი თქვა და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კასატორის სს «ტ.-ის" გენერალური დირექტორის _ მ. ყ.-ის შუამდგომლობის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სს «ტ.-ის» გენერალური დირექტორის _ მ. ყ.-ის (სამეწარმეო რეესტრი ს.ფ. 762) შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა შეწყდეს სს ,,ტ.-ის» საკასაციო საჩივრის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისადაც სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

კონკრეტულ შემთხვევაში კასატორმა _ სს «ტ.-მა» განაცხადა რა უარი საკასაციო საჩივარზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლს, რომლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებენ. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში, მხარეს უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ანალოგიით უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» პუნქტი, რომლის თანახმად: საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით უნდა შეწყდეს სს «ტ.-ის» საკასაციო საჩივრის წარმოება.

საკასაციო სასამართლო იმ გარემოებასაც მიაქცევს ყურადღებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში საქმის განხილვისას კასატორის შუამდგომლობას საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მოწინააღმდეგე მხარე _ თბილისის საგადასახადო ინსპექციაც დაეთანხმა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ დავაზე საკასაციო საჩივრის წარმოება უნდა შეწყდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმნისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე, 399-ე და 272-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს «ტ.-ის" გენერალური დირექტორის მ. ყ.-ის შუამდგომლობა სს «ტ.-ის" საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. სს «ტ.-ის" საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება;

4. კასატორს განემარტოს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.