Facebook Twitter

საქმე №ას-65-59-2015 19 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შ. ბ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ბ. დ-ი, შპს „ტ-ი", მ. ფ-ა, მ. ც-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, კრების ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შ. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. დ-ის, შპს „ტ-ის", მ. ფ-ასა და მ. ც-ის მიმართ თანხის დაკისრების, გარკვეული მოქმედებისა და ვალდებულებების შესრულებულად აღიარებისა და ქმედების შესრულების დავალდებულების თაობაზე. ბ. დ-მა, შპს „ტ-მა", მ. ფ-ამ და მ. ც-ემ შეგებებული სარჩელი აღძრეს შ. ბ-ის მიმართ და მოითხოვეს თანხის დაკისრება და კრების ოქმის ბათილად ცნობა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით ერთის მხრივ, შ. ბ-ის, ხოლო მეორეს მხრივ, ბ. დ-ის, შპს „ტ-ის", მ. ფ-ასა და მ. ც-ის სარჩელები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ერთის მხრივ ბ. დ-მა, შპს „ტ-მა", მ. ფ-ამ და მ. ც-ემ, ხოლო მეორეს მხრივ, შ. ბ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შ. ბ-ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ტ-ისა“ და ბ. დ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; შ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და შ. ბ-ისათვის შპს „ტ-ის“, ბ. დ-ის, მ. ფ-ასა და მ. ც-ის სასარგებლოდ 5000 ლარის დაკისრების ნაწილში; შპს „ტ-ის“, ბ. დ-ის, მ. ფ-ასა და მ. ც-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შ. ბ-ის სარჩელი შპს „ტ-ისათვის“ შ. ბ-ის სასარგებლოდ თანხისა და სარგებლის დაკისრების, მიუღებელი ხელფასისა და მიუღებელ ხელფასზე პროცენტის დაკისრების, ბ. დ-ისათვის შპს „ტ-ის“ სასარგებლოდ თანხის დაკისრებისა და შპს „ტ-ისათვის“ შ. ბ-ის სასარგებლოდ აუდიტორული მომსახურებისათვის გადახდილი 20000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში; გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შ. ბ-ეს უარი ეთქვა აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, 2008 წლის 26 სექტემბრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულებულად აღიარებაზე, გადახდის დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე და ბ. დ-ისა და მ. ფ-ას მიმართ შ. ბ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად კომპენსაციის თანხისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე დარჩა უცვლელი; შ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გარდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით შპს ტ-ს შ. ბ-ის სასარგებლოდ, დამატებით, დაეკისრა სესხზე დარიცხული სარგებლის, 656 666 ლარისა და 2012 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად, 621 426 ლარის 1,5%-ის გადახდა; შპს ტ-ს შ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის, 22 500 ლარისა და 2009 წლის 1 ივნისიდან ამ თანხის გადახდამდე, ყოველდღიურად, 22 500 ლარის 0,07%-ის გადახდა; შპს ტ-ს შ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 ლარის გადახდა; გარდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხისა ბ. დ-ს შპს ტ-ის სასარგებლოდ, დამატებით, დაეკისრა 838 542 ლარისა და 60 თეთრის გადახდა.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრეს მ. ც-ემ, შ. ბ-ემ, მ. ფ-ამ, შპს „ტ-მა" და ბ. დ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28 ნოემბრის განჩინებით მ. ც-ის, შ. ბ-ის, მ. ფ-ას, შპს „ტ-ისა" და ბ. დ-ის საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შპს „ტ-ის" სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შპს „ტ-ისათვის" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 7000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში დარჩა ძალაში; დანარჩენ ნაწილში გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება; განახლდა საქმის წარმოება შ. ბ-ისა და ბ. დ-ის სააპელაციო საჩივრების გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებაზე.

2014 წლის 2 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შ. ბ-ის წარმომადგენელმა რ. შ-ემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინებით შ. ბ-ის წარმომადგენლის რ. შ-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განცხადების ავტორი არსებითად სადავოდ ხდიდა განჩინებას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, რაც არ შეიძლებოდა განხილულიყო როგორც განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების მოთხოვნა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შ. ბ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს არსებითი ხასიათის შინაარსობრივად უხეშ უსწორობებს. იგი მთლიანად ურთიერთგამომრიცხავია და წინააღმდეგობაში მოდის დავის არსთან. აღნიშნული განჩინებით არ ირკვევა სასამართლომ რის საფუძველზე და რა ნაწილში განაახლა დავა შ. ბ-ის მიმართ.

საჩივრის ავტორის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც შპს „ტ-ის“, როგორც მოწინააღმდეგე მხარის სასამართლოში გამოუცხადებლობა არასაპატიოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს ძალაში უნდა დაეტოვებინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩნება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება სრულად აპელანტ შ. ბ-ის დაკმაყოფილებული მოთხოვნის ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. კანონის აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დასაშვებია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, რომლებიც შეესაბამება და არსებითად არ ცვლის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს.

საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი შ. ბ-ე განცხადებით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინების სარ.ლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტებში ცვლილების შეტანას იმგვარად, რომ შ. ბ-ის მოთხოვნის ნაწილში სრულად დარჩეს ძალაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება (იხ. ტ. 12. ს.ფ. 358). დადგენილია ასევე, რომ კერძო საჩივრის ავტორი განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს არსებითი ხასიათის შინაარსობრივად უხეშ უსწორობებს. ამრიგად, თავად კერძო საჩივრის ავტორიც არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ იგი სადავოდ ხდის განჩინების სარეზოლუციო ნაწილს შინაარსობრივად.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, საჩივრის ავტორის მიერ მოყვანილი გარემოებები არ წარმოადგენს უსწორობის გასწორების საფუძველს, ვინაიდან განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს გადაწყვეტილების შეცვლას, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის მიხედვით, დაუშვებელია. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობის გასწორებას გულისხმობს და ემსახურება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას. შესაბამისად, ყოვლად დაუშვებელია შეცდომის გასწორების ფარგლებში დავის ხელახლა განხილვა და აღნიშნულის შედეგად სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ან დადგენილი იურიდიული შედეგის შეცვლა. მოცემულ შემთხვევაში კი განმცხადებელი სწორედ სასამართლოს მიერ სარეზოლუციო ნაწილით დადგენილ სამართლებრივ შეფასებაში ცვლილების შეტანას მოითხოვს.

უსწორობის გასწორების საკითხის განხილვა დავის არსებითად განხილვისა და გადაწყვეტის კიდევ ერთ ეტაპს არ წარმოადგენს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ. ბ-ის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გასწორების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე