¹ ბს-791-676-კ-04 4 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 6 ივნისს შპს “რა-მ” სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ქართულ ფირმა “რა-სა” და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის გაფორმებული ბარტერის ხელშეკრულების თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ ფირმა “რა-ს” (უფლებამონაცვლე შპს “რა-ო”) მიაწოდა 300 ტონა ბამბა, რომელიც ქ. ბათუმამდე ტრანსპორტირებისას დაკავებულ იქნა ნატახტრის საგუშაგოზე და შემდეგ ნივთმტკიცებად დაერთო 1994წ. 23 ივლისს აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, რომლითაც პასუხისგებაში მიეცნენ ფირმა “რა-ს” დირექტორი თ. რ-ე და საქონელმცოდნე ა. ა-ე.
მოსარჩელის განმარტებით, დანაშაულის შემთხვევის არარსებობის გამო, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა 2000წ. 31 მაისის დადგენილებით, რის საფუძველზეც თ. რ-ე და ა. ა-ე გათავისუფლდნენ და რეაბილიტირებულ იქნენ.
სარჩელში მითითებული იყო, რომ ნივთმტკიცების სახით ამოღებული 300 ტონა ბამბა მოსარჩელეს ვერ დაუბრუნდა, რადგანაც იგი რეალიზებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 29 დეკემბრის ¹124 გს განკარგულების საფუძველზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად გამოცხადდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 29 დეკემბრის ¹124 გს განკარგულება და სახელმწიფო ბიუჯეტს დაეკისრა ზიანის _ 390000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება მოსარჩელე შპს “რა-ბოს” მიმართ.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 320000 აშშ დოლარის საქონელი უკანონოდ რომ არ დაეკავებინათ სახელმწიფო ორგანოებს, აღნიშნული თანხის ბრუნვით მიიღებდა შემოსავალს არანაკლებ ეროვნული ბანკის მიერ სამთავრობო სესხისთვის განკუთვნილი ყოველწლიური პროცენტისა, რაც 2003წ. 1 ივნისის მდგომარეობით შეადგენდა 458450 აშშ დოლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე შპს “რა-მ” ითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხე ფინანსთა სამინისტროსთვის 458450 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.
2003წ. 25 ივნისს შპს “რა-მ” დამატებითი სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ დამატებითი სარჩელით გაზარდა მოთხოვნა და ითხოვა მოპასუხისთვის 692710 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.
მოსარჩელემ გაზრდილი სარჩელი იმით დაასაბუთა, რომ სამართალდამცავი ორგანოების უკანონო მოქმედების გამო ფირმა “რა-მ” ვერ შეასრულა ფირმა “ჩ-თან” 1994წ. 2 ივლისს დადებული ხელშეკრულების პირობები, რის გამოც ვერ მიიღო 555000 აშშ დოლარი, საიდანაც 390000 აშშ დოლარი იყო 300 ტონა ბამბის ღირებულება, ხოლო 165000 აშშ დოლარი _ მიუღებელი მოგება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ აღნიშნული თანხის კომერციულ ბანკში განთავსებით 1994-2003 წლებში მიიღებდა მოგებას _ 692710 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 14 აპრილის სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და ითხოვა მოპასუხისთვის 275340 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.
მოპასუხე ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს ბამბის ღირებულება უკვე ანაზღაურებული ჰქონდა, ხოლო ზიანის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 14 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “რა-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ შპს “რა-ს” გაშვებული ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 75-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რაც გახდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
აღნიშნული გადაწყვეტილება შპს “რა-მ” გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს “რა-ს” უფლებები დაირღვა საგამოძიებო ორგანოების უკანონო მოქმედებით, რაც დადგენილ იქნა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შედეგად და შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2000 წლიდან, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების მოსარჩელისთვის ჩაბარების დღიდან.
კასატორის განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
კასატორმა ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის საბოლოო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999წ. 1 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს “რა-ს” სარჩელი და მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტიდან შპს “რა-სთვის” 555000 აშშ დოლარი ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999წ. 31 სექტემბრის განჩინებით მოცემული სამოქალაქო საქმის წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ თ. რ-ისა და ა. ა-ის მიმართ გაუქმდა 1999წ. 20 აგვისტოს და განახლდა გამოძიება.
იმავე საკასაციო სასამართლომ 1999წ. 27 ოქტომბრის განჩინებით განაახლა სამოქალაქო საქმის წარმოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999წ. 5 ნოემბრის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999წ. 1 ივლისის გადაწყვეტილება.
ფინანსთა სამინისტრომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999წ. 10 დეკემბრის განჩინებითY ფინანსთა სამინისტროს განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999წ. 27 ოქტომბრის, 5 ნოემბრის განჩინებები და უცვლელად დარჩა იმავე პალატის 1999წ. 31 სექტემბრის განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000წ. 28 ივნისს განიხილა შპს “რა-ს” წარმომადგენელ თ. რ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების განახლების თაობაზე და დააკმაყოფილა იგი. მოცემული საქმე განსახილველად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას, რომლის 2000წ. 11 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999წ. 1 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
აღნიშნულ კოლეგიაში საქმის განხილვისას სასამართლომ განიხილა შპს “რა-სა” და ფიზიკურ პირ თ. რ-ის გაერთიანებული სასარჩელო მოთხოვნებიდან ერთ-ერთი მოთხოვნის ცალკე წარმოებად გამოყოფისა და გამოყოფილი საქმის უფლებამოსილი სასამართლოსთვის გადაცემის საკითხი და 2000წ. 26 დეკემბერს მიიღო განჩინება, რომლითაც თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებული აღნიშნული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო თ. რ-ის მოთხოვნა ფინანსთა სამინისტროს მიმართ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემისა და უკანონო დაპატიმრებით მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში თ. რ-ის მოთხოვნა განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2001წ. 1 თებერვალს განიხილა შპს “რა-ს” სარჩელი საქართველოს პრეზიდენტისა და ფინანსთა სამინისტროს მიმართ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 29 დეკემბრის ¹124 გს განკარგულების ბათილად ცნობისა და ზიანის ანაზღაურებისთვის 390000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების თაობაზე.
სასამართლო კოლეგიის 2001წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “რა-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ვინაიდან მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002წ. 17 აპრილის განჩინებით ფიზიკურ პირ თ. რ-ის ერთ-ერთი მოთხოვნა, ქონებრივი ზიანის _ მიუღებელი მოგების _ 618403 აშშ დოლარისა და პროცენტის _ 47571 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002წ. 27 ივნისის განჩინებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოტივაციას, რომ შპს “რა-ს” გაშვებული აქვს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 75-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რადგანაც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს “რა-ბოს” ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გაუჩნდა არა 1994წ. 26 დეკემბერს, როგორც მიუთითებს სასამართლო კოლეგია, არამედ 1998წ. 9 ნოემბერს, როდესაც შპს “რა-ს” დირექტორ თ. რ-ის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის მოტივით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ 1998წ. 9 ნოემბრიდან შპს “რა-ს” არ გაუშვია იმ დროისთვის უკვე ამოქმედებული სამოქალაქო კოდექსით (1997 წ.) გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 75-ე მუხლი, ანუ გადაწყვეტილება გამოიტანა სამართლის ნორმის დარღვევით, რაც სსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს კასაციის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას, რადგანაც თბილისის საოლქო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ ხანდაზმულობაზე, რის გამოც საქმე არსებითად არ განუხილავს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მოცემული საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “რა-ს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 14 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.