Facebook Twitter

ბს-797-384(კ-05) 29 ნოემბერი 2005წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ქ-ემ სარჩელი აღძრა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელის განცხადებით იგი 1994წ. 27 მარტიდან მუშაობდა აჭარის ა\რ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში საფინანსო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, საიდანაც სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 14.06.2000წ. ბრძანებით იგი დაითხოვეს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი სამასახურიდან დათხოვნა მოხდა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით, რის გამოც მოითხოვა მინისტრის ბრძანების არაკანონიერად ცნობა, წინანდელ თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურება.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ თ. ქ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და გამოარკვია, რომ მოსარჩელე თ. ქ-ე მინისტრის 14.06.2000წ. ¹393-პ/შ ბრძანებით განთავისუფლებულია სამსახურიდან “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო ბრძანებას საფუძვლად დაედო სამინისტროს პირადი შემადგენლობის ინსპექციის 06.06.2000წ. ¹0143 დასკვნა. სამსახურებრივი მოკვლევით დადგინდა, რომ თ. ქ-ე 1999წ. 14 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში, რის შემდეგ, 10 ნოემბრამდე, სამსახურში არ გამოცხადებულა. როგორც გაირკვა, იმ პერიოდში იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ძმის _ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლ. ქ-ის წინასაარჩევნო ღონისძიებებში. კერძოდ, პირადად ხელმძღვანელობდა ხულოს რ-ის მოსახლეობისათვის კვების პროდუქტების დარიგებას ძმის სასარგებლოდ ამომრჩეველთა ხმების მოზიდვის მიზნით. გარდა ამისა, იგი სიტყვით და მოწოდებებით გამოდიოდა სხვადასხვა შეხვედრებზე. თ. ქ-ის აღნიშნული ქმედებები წინააღმდეგობაშია “სახელმწიფო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან დასკვნას მოსარჩელე გაეცნო პირადად 12.06.2000წ., რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლით საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივ საკითხებზე სასამართლო დავების აღსაძვრელად დაწესებული სპეციალური ერთთვიანი ვადა, როგორც თანამდებობიდან ფაქტობრივი განთავისუფლების მომენტიდან (14.06.2000წ.), ისე, იმ შემთხვევაშიც, თუ ვადის ათვლა დაწყებული იქნებოდა პერსონალური შეტყობინებიდან (25.03.04წ.).

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სარჩელი არის არა მხოოდ ხანდაზმული, არამედ უსაფუძვლოც, ვინაიდან გამოთხოვილი, უშიშროების სამინისტროს პირადი შემადგენლობის ინქსპექციის 06.06.2000წ. ¹0143 დასკვნით დადგენილია ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა სამართლებრივი კვალიფიკაცია ქმნის “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის შემადგენლობას, რაც იძლევა საფუძველს მოსარჩელის გასათავისუფლებლად დაკავებული თანამდებობიდან.

თ. ქ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის განჩინება. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა 25.03.04წ. დოკუმენტს, ხანდაზმულობის საკითხს, არასწორი განმარტება მისცა სკ-ის 130-ე მუხლს, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონს, რომელიც კასატორის აზრით მის მიმართ არ უნდა გავრცელდეს.

კასატორი დაზუსტებული საკასაციო საჩივარი მიმართა საკასაციო პალატას, რომელშიც მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის სხდომაზე მას არ მიეცა უშიშროების სამინისტროდან გამოთხოვილი მისი პიადი საქმის გაცნობის საშუალება, რითაც დაირღვა მხარეთა თანასწორობის პრინციპი. კასატორი თვლის, რომ პირად საქმეში არსებული დოკუმენტებით დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორი არ მონაწილეობდა საარჩევნო კომპანიაში და მას არ დაურღვევია კანონის მოთხოვნები. კასატორი თვლის, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული, ვინაიდან მოპასუხეს არ წარმოუდგენია სადავო ბრძანების კასატორისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 21.10.02წ განჩინებით განიმარტა, რომ ადმინიტსრაციული ორგანოს ბრძანება სამსახურში მიღების ან გათავისუფლების შესახებ სამართლებრივად წარმოადგენს არა ადმინისტრაციულ აქტს, არამედ ორგანოს ცალმხრივი ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობასა და შეწყვეტისაკენ. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის I-ლი პუნქტით დადგენილია სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანებულება-განკარგულების მოხელის მიერ გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, ამასთანავე, არ არის განმარტებული ხანდაზმულობის ვადის დაწყების, ვადის შეჩერება-შერწყმის საკითხები, რომელიც სამოქალაქო კოდექსით არის რეგლამენტირებული. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული საკითხები არ გამოუკვლევა. საქმის მასალების მიხედვით დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სარჩელის სასამართლოში შეტანამდე კასატორი მიმართავდა სხვადასხვა ორგანოებს, რაც უარყოფს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა 06.06.2000წ დასკვნა, სასამართლოს უნდა მისცემოდა მისთვის საშუალება გაცნობოდა დასკვნას და წარმოედგინა მოსაზრებები. კასატორი ითხოვს აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს 10.01.05წ. განჩინების შეფასებას, კასატორი აღნშნავს, რომ მას და მის წარმომადგენლებს არ მიეცათ საქმის მასალების გაცნობის საშუალება. კასატორმა ითხოვა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით კასაიტორის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების კანონიერ ალაში შესვლამდე.

მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია. საკასაციო პალატა საქმის გარმოებებიდან გამომდინარე, არ მიიჩნევს საჭიროდ საკასაციო საჩივრის ზეპირ განხილვას, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განხილულ იქნა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემეობათა გამო:

სააპელაციო პალატის მიერ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: თ. ქ-ე 1994 წლიდან მუშაობდა აჭარის ა/რ უშიშროების სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1998 წელს მას მიენიჭა კაპიტნის წოდება. 1999წ. 12 ნოემბრიდან, აჭარის ა/რ უშიშროების მინისტრის ¹93-პ/შ ბრძანებით, თ. ქ-ე აყვანილ იქნა კადრების განყოფილების განკარგულებაში. სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 14.06.2000წ. ¹393-პშ ბრძანებით მოსარჩელე დათხოვნილ იქნა უშიშროების სამინისტროს სამხედრო სამსახურიდან სამსახურებრივი შეუთავსებლობისათვის. აღნიშნული ბრძანების ფაქტობრივი საფუძველი გახდა უშიშროების სამინისტროს პირადი შემადგენლობის ინსპექციის 06.06.2000წ ¹0143 დასკვნა, ხოლო სამართლებრივ საფუძვლად მითითებულ იქნა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტზე.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 14.06.2000წ ¹363-პშ ბრძანების უკანონოდ ცნობის, თანამდებობაზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით თ. ქ-ემ სარჩელით მიმართა 03.05.04წ., ანუ სადავო ბრძანების გამოცემიდან თითქმის 4 წლის შემდეგ. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის I-ლი პუნქტის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. სადავო ბრძანების გამოცემის დროს აღნიშნული მუხლის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებდა გასაჩივრებული აქტის ხანდაზმულობის ვადის ათვლას აქტის გაცნობიდან. საერთო წესის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ის გარემოება, რომ სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 14.06.2000წ. ¹393-პშ სადავო ბრძანების გამოცემიდან თ. ქ-ე არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობებს, არ იღებდა ანაზღაურებას უდავოდ ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილი იყო ან ყოველშემთხვევაში 2000 წლიდან უნდა ყოფილიყო ცნობილი მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. ამდენად, უკეთუ თ. ქ-ე თვლიდა, რომ სამსახურიდან დათხოვნით უკანონოდ შეელახა უფლება, მას შეეძლო კანონმდებლობით დადგენილ ერთთვიან ვადაში მოეთხოვა სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 14.06.2000წ ¹393-პშ ბრძანების ბათილად ცნობა. ზემოაღნიშნულთან ერთად, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს 25.03.04წ. ¹14/18-684 წერილით თ. ქ-ეს ეცნობა სადავო აქტის, სამსახურიდან დათხოვნის სამართლებრივი საფუძვლის შესახებ, თ. ქ-ეს გადაეგზავნა, აგრეთვე, პირადი ბარათი, რომელშიც ასახულია სამსახურის გავლის საკითხები, მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის ბრძანება და გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ 1999წ. ნოემბერში თ. ქ-ე გადაყვანილი იყო კადრების განკარგულებაში, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ აღემატება ოთხ თვეს, ხსენებული ვადის გასვლის შემდეგ მოსამსახურე უნდა დათხოვნილ იქნეს ან დაინიშნოს თანამდებობაზე. კასატორი ვერ უთითებს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების ან შეწყვეტის რაიმე საფუძველზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თ. ქ-ეს გაცდენილი აქვს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის I-ლი პუნქტით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმაო საფუძველს.

საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს 25.02.05წ სხდომზე არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა მისთვის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს პირადი შემადგენლობის ინსპექციის 07.06.2000წ დასკვნის გაცნობის შესახებ. სასამართლოსათვის წარდგენილი დასკვნა გასაიდუმლოებულია, სასკ-ის 201 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გასაიდუმლოებული მასალა მხარეებს არ წარედგინება. ამასთანავე, აღნიშნული გარემოება ეხება საქმის არსებით მხარეს და არ უარყოფს ხანდაზმულობის ვადის გაცდენას. ზემოაღნიშნული დასკვნის გარდა სააპელაციო პალატის 10.01.05წ. განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტ თ. ქ-ის წარმომადგენლების შუამდგომლობა, საქართველოს სახელწიფო უშიშროების სამინისტროს დაევალა თ. ქ-ის მიერ 1999წ. ნოემბრიან 2000წ. მაისამდე მინისტრის სახელზე შედგენილი პატაკების წარმოდგენა. სასამართლოს წარედგინა აღნიშნული მასალების ქსეროასლები, რომელიც 17.02.05წ. ჩაბარდა თ. ქ-ეს. ამდენად, უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თ. ქ-ეს და მის წარმომადგენლებს არ მიეცათ ამ მასალების გაცნობის შესაძლებლობა.

საქმეზე არ დასტურდება, აგრეთვე, საქმის არაგანსჯადი სასამართლოს მიერ განხილვა. სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 14.06.2000წ. ¹393-პშ ბრძანება, რომლის კანონიერება განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 07.10.05წ. განჩინების და კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტად უნდა იქნეს მიჩნეული, ამდენად სადავო სამართალურთიერთობების ბუნებიდან და სუბიექტური შემადგენლობიდან გამომდინარე განსახილველი საქმე ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა რიგს განეკუთვნება, სადავო აქტზე ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებულია სპეციალური ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა. საფუძველსმოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ “სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ” კანონი, რომელიც სამართლებრივ საფუძვლად დაედო სადავო აქტს, არ უნდა გავრცელებულიყო კასატორის მიმართ. სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი “სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ” კანონის I-ლი მუხლის I-ლი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო უშიშროების სამსახური არის საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სამართალდამცავი სპეციალური გასამხედროებულ დაწესებულებათა სისტემა. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები არიან სამხედრო მოსამსახურეები და ის მოსამსახურეები, რომელთა საქმიანობა (ღია ან ფარული) უშუალოდაა დაკავშირებული ამ კანონით განსაზღვრული ამოცანების გადაწყვეტასთან. ამავე მუხლის მესამე და მეხუთე პუნქტის მიხედვით საქართველოს მოქალაქეები ჩაირიცხებიან სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უშიშროების სამსახურის სამხედრო სამსახურში. უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო სამსახურს გადიან “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის შესაბამისად და სარგებლობენ სამხედრო ძალების სამხედრო მოსამსახურეთათვის გათვალისწინებული უფლებებითა და გარანტიებით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თ. ქ-ეს მინიჭებული ჰქონდა კაპიტნის წოდება, ამდენად, ის არ განეკუთვნებოდა “უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონის 7.7 მუხლით გათვალისწინებულ სამოქალაქო პერსონალს. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კანონის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებზე თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. ვინაიდან სპეციალური კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული გასაჩივრების სხვა წესი, მართებულია, სადავო სამართალურთიერთობების მიმართ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის I-ლი პუნქტის გამოყენება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს თ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, გასაჩივრებული განჩინება არ ემყარება კანონის დარღვევას, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილით, საქარრთველოს სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2.უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 25.02.05წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.