¹ ბს-799-386(კ-05) 9 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ერთჯერადი სადაზღვევო თანხის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 12 ნოემბერს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ზ. ა-მა მოპასუხე სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსათვის ფორმის ფულადი კომპენსაციის _ 570 ლარისა და სადაზღვევო თანხის _ 1000 ლარის გადახდის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 2001წ. მაისში სახელმწიფო უშიშროების სამინისტროდან გავიდა პენსიაზე ავადმყოფობის გამო და მიენიჭა მე-3 ჯგუფის ინვალიდობა.სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში სამსახურის პერიოდში არ მიუღია კუთვნილი ფორმის ფულადი კომპენსაცია, რაც შეადგენდა 570 ლარს, ასევე, არ მიუღია სავალდებულო პირადი დაზღვევის თანხა, რაც სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ დაინვალიდებული მე-3 ჯგუფის ინვალიდებისათვის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 31 მაისის ¹421 დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით შეადგენდა საქართველოში დადგენილ მინიმალურ ხელფასს, გადიდებულს 50-ჯერ. მინიმალური ხელფასის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 4 ივნისის ¹351 ბრძანებულების პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში დადგენილი მინიმალური ხელფასი იყო 20 ლარი, შესაბამისად მოსარჩელის კუთვნილი სადაზღვევო თანხა, როგორც სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით დაინავლიდებული პირისათვის, შეადგენდა 1000 ლარს.
რაიონული სასამართლოს 2005წ. 17 თებერვლის საოქმო განჩინებით სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ შს სამინისტროთი.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ფორმის ფულადი კომპენსაციის _ 570 ლარის გადახდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა ერთჯერადი სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ა-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სადაზღვევო თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
აპელანტმა განმარტა, რომ იგი ითხოვდა სავალდებულო სადაზღვევო თანხის ანაზღაურებას, რომელიც გათვალისწინებული იყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 31 მაისის ¹421 დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით და შეადგენდა საქართველოში დადგენილ მინიმალურ ხელფასს, გადიდებულს 50-ჯერ, მესამე ჯგუფის ინვალიდებისათვის, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ¹351 ბრძანებულებით მინიმალური ხელფასი შეადგენს 20 ლარს, აქედან გამომდინარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, აუნაზღაუროს 1000 ლარი.
აპელანტის აზრით, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 31 მაისის ¹421 დადგენილების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული იყო დაეზღვია და შემდეგ აენაზღაურებინა სადაზღვევო თანხა. აპელანტმა მიუთითა შემდეგზე: ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ დაუფინანსებლობის გამო არ მომხდარა დაზღვევა, რაც არ წარმოშობდა სავალდებულო სადაზღვევო თანხის ანაზღაურების ვალდებულებას. აღნიშნული აპელანტმა არაკანონიერად მიიჩნია, რადგან ზემოაღნიშნულმა დადგენილებამ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაავალდებულა განეხორციელებინა სავალდებულო დაზღვევა, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულება ყოველი მოსამსახურის დაზღვევისა და შემდეგ ანაზღაურებისა წარმოიშვა ნორმატიული აქტის ძალაში შესვლისთანავე.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 3 მაისის განჩინებით აპელანტ ზ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
ერთჯერადი სადაზღვევო თანხის გაცემასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ დაზღვევის ხელშეკრულება მხარეებს შორის არ დადებულა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ, რადგან არ განხორციელებულა სამხედრო მოსამსახურეთა დაზღვევა, ამდენად არ არსებობდა ვალდებულების წარმოშობის საფუძველი _ ხელშეკრულება, რასაც ითვალისწინებდა სკ-ის 317-ე მუხლი და, შესაბამისად, არ არსებობდა არც თვით ვალდებულება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ა-მა.
კასატორი უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო იყო, რადგან სასამართლომ, სსკ-ის 393-ე მუხლის შესაბამისად, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რაც წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, კერძოდ, როგორც მოპასუხემ აღნიშნა, მას არ განუხორციელებია ის ქმედება, რაც მას ევალებოდა 1993წ. 31 მაისის საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ¹421 დადგენილების შესაბამისად _ სამხედრო მოსამსახურეების დაზღვევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 997-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, პირი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინაღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე, ანუ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ზიანი, რომელიც კასატორს მიადგა მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით. კასატორი მიუთითებს სკ-ის 1005-ე მუხლზე, რომელიც სასამართლოს არ გამოუყენებია. აღნიშნულის საპირისპიროდ სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 317-ე მუხლი. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 317-ე მუხლი და 1993წ. 31 მაისის საქართველოს მინისტრთა კაბინეტის დადგენილება ¹421, რადგან სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსათვის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს არა ხელშეკრულება, არამედ ნორმატიული აქტი, რომელიც მას იმპერატიულად ავალებდა სამხედრო მოსამსახურის დაზღვევას, ხოლო მას შემდეგ, რაც მოპასუხე განახორციელებდა სამხედრო მოსამსახურის დაზღვევას, მას არანაირი ვალდებულებები აღარ ექნებოდა დაზღვეული პირის მიმართ, დაზღვევის შემდეგ დაზღვეული პირის წინაშე ვალდებულებებს იღებს სადაზღვევო კომპანია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშეE გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორ ზ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 3 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, სკ-ის 997-ე და 1005-ე მუხლების გამოყენების თაობაზე, რადგან აღნიშნულით კასატორი ფაქტობრივად საკასაციო ინსტანციაში ადიდებს დავის საგანს, ითხოვს რა იმ მუშაკის პასუხისმგებლობის საკითხის გარკვევას, რომელმაც თავისი შრომითი მოვალეობის შესრულებისას მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მას მიაყენა ზიანი, რაც სკ-ის 406-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია. ამავე დროს საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მოპასუხე მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, რადგან დაზღვევა არ განხორციელდა სახელმწიფო ბიუჯეტში ამ თანხის გაუთვალისწინებლობის გამო.
სსკ-ის 407.2 მუხლის საფუძველზე საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დაზღვევის ხელშეკრულება მხარეებს შორის არ დადებულა. აღნიშნულის საფუძველზე საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ის 317-ე მუხლი და დაასკვნა, რომ, რადგან არ განხორციელებულა სამხედრო მოსამსახურეთა დაზღვევა, ამდენად არ არსებობდა ვალდებულების წარმოშობის საფუძველი _ ხელშეკრულება და არც თვით ვალდებულება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ კასატორი ზ. ა-ი სამსახურიდან დათხოვნილ იქნა 2001წ. 31 მაისს, ხოლო სარჩელი ფულადი კომპენსაციისა და სადაზღვევო დავალიანების გადახდის დაკისრების შესახებ სასამართლოში შეიტანა 2004წ. 12 ნოემბერს, ანუ სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ. სკ-ის 129.1-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. აღნიშნული გარემოება მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე, რაც ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა კასატორ ზ. ა-ის საკასაციო საჩივარს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და თვლის, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 3 მაისის განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორი ზ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 3 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.