¹ ბს-801-684-კ-04 10 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
ფინანსთა სამინისტრომ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს “თეთრიწყაროს ...ის” მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 413 569 ლარის გადასახდელად დაკისრება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 28 ოქტომბრის ¹611/23 დავალების საფუძველზე სახელმწიფო სარეზერვო ფონდიდან შპს “თეთრიწყაროს ...ს” 2 წლის ვადით გამოეყო სესხი 170000 ლარის ოდენობით, წლიური 10 პროცენტის დარიცხვით.
საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული დავალების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროსა და სახაზინო საწარმო “თეთრიწყაროს ...ს” შორის 2000წ. 14 მარტს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის 1.1 პუნქტის შესაბამისად, შპს “თეთრიწყაროს ...ს” გამოეყო კრედიტი 170000 ლარის ოდენობით. 2.1 პუნქტის თანახმად, სესხის სარგებლობის ვადა განისაზღვრა ორი წლით, წლიური 10%-ის დარიცხვით. ამავე ხელშეკრულების 2.6 პუნქტის მიხედვით, “მსესხებლის” მიერ ძირითადი ვალისა და საპროცენტო განაკვეთის დაფარვა უნდა მომხდარიყო მხარეებს შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების 4.2.2 პუნქტით, მითითებულ ვადაში სესხის დაუფარაობის შემთხვევაში მსესხებელს უნდა გადაეხადა კრედიტორისათვის საურავი 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ, მიუხედავად არაერთგზის შეხსენებისა, შპს “თეთრიწყაროს ...ს” არ გადაუხდია არც საპროცენტო და არც ძირითადი ვალი. 2003წ. 25 ივლისის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შეადგენდა 413569 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხა შეადგენდა 170000 ლარს, მასზე დარიცხული პროცენტი _ 31880 ლარს, ხოლო საურავი _ 211689 ლარს და ითხოვდა აღნიშნული თანხის მოპასუხისათვის დაკისრებას.
შპს “თეთრიწყაროს ...მა” შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ფინანსთა სამინისტრომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 200000 ლარის ნაცვლად გადაურიცხა 120000 ლარი, რის გამოც არსებობდა სახელშეკრულებო ვალდებულებათა 1.1 მუხლის დარღვევა, რაც სკ-ის 369-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა სესხის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველს. აღნიშნავდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის არასრულად გამოყოფამ განაპირობა მსესხებლის მხრიდან სასესხო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობა და ითხოვდა, სასამართლოს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ფინანსთა სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და სარჩელი. შპს “თეთრიწყაროს ...ს” გადასახდელად დაეკისრა 307 724,5 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლებოდა ფულის გადაცემის მომენტიდან და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ფინანსთა სამინისტრომ მსესხებელს თანხა ჩაურიცხა ეტაპობრივად, 2000წ. 21 აპრილს 20000 ლარის ოდენობით და იმავე წლის 3 მაისს 100000 და 50000 ლარი და მიიჩნია, რომ ხელშეკრულება დადებულად ითვლებოდა იმ დღიდან, როდესაც 170000 ლარი რეალურად გადაეცა მსესხებელს. ხელშეკრულების 2.3, 2.4, 2.5, 4.2.1 პუნქტების შესაბამისად, მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, სესხის ძირითადი თანხა დაეფარა სესხით სარგებლობის ბოლო ოთხი თვის განმავლობაში თანაბარი ოდენობით. სარგებელი უნდა დარიცხოდა სესხით სარგებლობის პირველი თვიდან, ხოლო გადახდა მე-5 თვიდან და მსესხებელს პირველი ხუთი თვის სარგებელი უნდა გადაეხადა ერთდროულად მე-5 თვეს. სესხის ძირითადი თანხა და სარგებელი უნდა გადახდილიყო საანგარიშო თვის დამთავრებიდან არა უგვიანეს 5 კალენდარულ დღეში.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ შპს “თეთრიწყაროს ...ს” გადახდილი არ ჰქონდა არც ძირითადი თანხა, არც საპროცენტო სარგებელი და მიუთითა, რომ სკ-ის 361-ე მუხლის საფუძველზე კრედიტორი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა ვალდებულების შესრულება, როგორც ძირითადი თანხის, ასევე, მისი პროცენტის ჩათვლით (170000+31888 ლარი). სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა საურავის _ 211683 ლარის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა მნიშვნელოვნად მაღალი იყო, ამიტომ სკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე მიზანშეწონილად მიიჩნია პირგასამტეხლოს შემცირება, კერძოდ, გაანახევრა და გადასახდელად დააკისრა 105844,5 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს “თეთრიწყაროს ...ის” დირექტორმა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “თეთრიწყაროს ...ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 30 აპრილის გადაწყვეტილება.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ფინანსთა სამინისტროსა (კრედიტორი) და სახაზინო საწარმო “.. ..-ს (მსესხებელი) შორის 2000წ. 14 მარტს გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება, რომლის 1.1 პუნქტის თანახმად, სესხის თანხა განისაზღვრა 200000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 2.2 პუნქტის მიხედვით, “მსესხებელს” სესხი მიღებულად ეთვლებოდა “კრედიტორის” მიერ “მსესხებლის” ანგარიშზე აღნიშნული თანხის გადარიცხვის დღიდან. ფინანსთა სამინისტრომ სესხის თანხა მოპასუხეს ჩაურიცხა ეტაპობრივად, 2000წ. 21 აპრილს 20000 ლარი და იმავე წლის 3 მაისს 100000 და 50000 ლარი, სულ 170000 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ მსესხებელს არ გადაუხდია სესხის არც ძირითადი თანხა და არც სესხით სარგებლობის პროცენტი.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სესხის ხელშეკრულება სკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს რეალურ ხელშეკრულებას, რომლითაც გამსესხებელი კისრულობს ვალდებულებას, საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება ფულის გადაცემის მომენტიდან, ამიტომ მარტოოდენ შეთანხმება სესხის თაობაზე, არ ნიშნავს ხელშეკრულების დადებას. ამდენად, სწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სესხის ხელშეკრულება დაიდო 170000 ლარზე, ნაცვლად შეთანხმებული 200000 ლარისა და სწორედ აღნიშნული თანხის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა გამსესხებელს (ფინანსთა სამინისტროს).
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ, რადგან ფინანსთა სამინისტროს არ გადაურიცხავს მსესხებლის ანგარიშზე შეთანხმებით გათვალისწინებული 200000 ლარი, ამიტომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს რა რეალურ ხელშეკრულებას, იგი დადებულად ითვლება თანხის გადაცემის მომენტიდან. ვინაიდან დადგენილია, რომ გამსესხებელმა მსესხებელს გადაურიცხა 170000 ლარი, ამიტომ ხელშეკრულება დადებულად ითვლება 170000 ლარზე.
უსაფუძვლობის გამო არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას ხელშეკრულების შესრულების ვალდებულება არ წარმოშობია იმის გამო, რომ ფინანსთა სამინისტრომ არ შეასრულა თავისი ვალდებულება და სრულად არ გადასცა შეთანხმებული სესხი.
საქმის მასალებით არ დასტურდება და ვერც კასატორი უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეებს შორის შეთანხმებული თანხის სრულად გადაუხდელობის გამო, მსესხებელმა უარი განაცხადა ხელშეკრულებაზე, დააბრუნა მიღებული თანხა და მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა გამსესხებლის მიერ ვალდებულების სრულად შეუსრულებლობის გამო. უფრო მეტიც, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ კასატორმა მიიღო სესხი 170000 ლარის ოდენობით და განკარგა იგი თავისი შეხედულებით.
სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასესხო ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ სესხის გადახდის პირობებსა და ვადებზე. ასევე გათვალისწინებულ იქნა ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებაც _ პირგასამტეხლო (416-ე მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე, გამსესხებელი ხელშეკრულების საფუძველზე უფლებამოსილია, მოითხოვოს სესხის დაბრუნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, კერძოდ, ხელშეკრულების 2.1 მუხლით გათვალისწინებული სესხით, სარგებლობის წლიური 10 პროცენტისა და 4.2.2 მუხლით შეთანხმებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით.
საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების 2.6 მუხლით გათვალისწინებული ვალის დაფარვის გრაფიკის შეუდგენლობის გამო, გამსესხებელი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს სესხის დაფარვა, ვინაიდან თვით ხელშეკრულებით იქნა შეთანხმებული სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის დაფარვის ვადები, კერძოდ, ხელშეკრულების 2.3 მუხლის თანახმად, სესხის ძირითადი თანხის დაფარვა ხდება სესხით სარგებლობის ბოლო 4 თვის განმავლობაში, თანაბარი ოდენობით, სარგებლის დარიცხვა იწყება სესხით სარგებლობის პირველი თვიდან, ხოლო გადახდა მეხუთე თვიდან. “მსესხებელი” პირველი ხუთი თვის სარგებელს იხდის მე-5 თვეს (2.4 მუხლი). სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდა ხდება საანგარიშო თვის დამთავრებიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღის განმავლობაში (2.5 მუხლი), ხოლო ხელშეკრულების 42.2 მუხლით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ხელშეკრულების 2.6 პუნქტით გათვალისწინებული გრაფიკის შედგენა სხვა არაფერს წარმოადგენდა, თუ არა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების კიდევ ერთხელ დაფიქსირებას და მისი შეუდგენლობა არ წარმოადგენს გამსესხებლისათვის სესხის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. გადაწყვეტილება იურიდიულად დასაბუთებულია, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “თეთრიწყაროს ...ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 აპრილის გადაწყვეტილება;
3. შპს “თეთრიწყაროს ...ს” დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 4500 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.