ბს-809-691-კ-04 3 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
დავის საგანი: გადახდილი თანხის პრივატიზაციის თანხაში ჩათვლა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 27 იანვარს შპს “თ-ის” დირექტორმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს წინააღმდეგ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა მოპასუხეს დავალებოდა შპს “თ-ის” საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გამოცხადებული აუქციონის გაუქმება და მისი, როგორც ქონების კანონიერი მესაკუთრის, უფლებების ხელყოფის აღკვეთა.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე:
1995წ. 18 სექტემბერს მუნიციპალურ საწარმო ¹..... მაღაზიაზე ჩატარებული აუქციონის შედეგად, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს “თ-ის” ამჟამინდელი დირექტორი ა. ძ-ი. 1996წ. 26 ივლისს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და ა. ძ-ს შორის გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ¹294, რომლის 1.1 პუნქტის შესაბამისადაც, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მუნიციპალური საწარმო ¹167, მდებარე ქ. ქუთაისში, .....
აღნიშნული ხელშეკრულება დამოწმებულია ნორატიულად, ხოლო 1996წ. 31 ივლისს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹48/247-კ, სადაც ა. ძ-ი აღიარებულია პრივატიზებული ობიექტის ანუ 167-ე მაღაზიის მესაკუთრედ.
მიუხედავად იმისა, რომ ფართის მესაკუთრეს წარმოადგენდა ა. ძ-ი, მასთან 1996 წლიდან 2000 წლამდე ფორმდებოდა საიჯარო ხელშეკრულებები, რითაც უხეშად ირღვევოდა მისი, როგორც მესაკუთრის, უფლებები და რაზეც ქონების მართვის სამმართველოდან ის იღებდა პასუხს, რომ ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა არა მაღაზიის ფართი, არამედ მასში განთავსებული ქონება. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ 1995წ. 18 სექტემბრის აუქციონის შედეგად პრივატიზებული იყო მუნიციპალური მაღაზია ¹..... და არა მისი მოძრავი ქონება. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მაღაზია განეკუთვნება უძრავი ნივთების კატეგორიას, რის გამოც მისი გაყიდვა ნიშნავს როგორც მოძრავი, ისე უძრავი ქონების გასხვისებას.
მოგვიანებით მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ 2002წ. 24 დეკემბერს ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს მაღაზიის შენობის გასხვისების მიზნით ჩაუტარებია აუქციონი, რომლის თაობაზე მისთვის არავის უცნობებია, აუქციონი არ შედგა მყიდველის გამოუცხადებლობის გამო.
საბოლოოდ მოსარჩელემ მოითხოვა 1996წ. 31 ივლისის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ძალაში დატოვება, მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ხელყოფის აკრძალვა და მის მიერ გადახდილი 6603 აშშ დოლარის ობიექტის პრივატიზების თანხაში ჩათვლა.
სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველომ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლის საფუძველზეც მოითხოვა მოსარჩელისაგან საიჯარო ქირის დავალიანების _ 9996,95 აშშ დოლარის გადახდა და შპს “თ-ის” დაკავებული საიჯარო ფართიდან გამოსახლება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე აეკრძალა ყოველგვარი ხელყოფა. ძალაში დარჩა მოწმობა ¹48/247-კ; შპს “თ-ის” დირექტორ ა. ძ-ის მიერ გადახდილი 6603 აშშ დოლარი ჩაითვალა ობიექტის პრივატიზაციის თანხაში.
შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ქუთაისის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, შპს “თ-ის” დრექტორის სარჩელის უარყოფა და მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქალაქო სასამართლომ არსწორად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ 1996წ. 17 მაისის გზეთ “პრივატიზების ბიულეტენში”' გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელშიც აღინიშნა, რომ იყიდებოდა ¹..... მაღაზიის ბალანსზე რიცხული ქონება ფართზე იჯარის უფლებასთან ერთად. იგივე აღინიშნა 1996წ. 17 მაისის საპრივატიზაციო კომისიის დასკვნაში.
სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო ობიექტზე არ არსებობს საჯარო რეესტრის ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა მითითებული ფართის ა. ძ-ისადმი კუთვნილების ფაქტს.
აპელანტის მხრიდან დაზუსტებულ იქნა მისი შეგებებული სარჩელის მოთხოვნა საიჯარო ქირის დავალიანების გადახდევინების ნაწილში და საბოლოოდ მოითხოვა მოწინააღმდეგე მხრისათვის საიჯარო ქირის ძირითადი თანხის _ 2976,58 აშშ დოლარისა და საურავის _ 413,95 აშშ დოლარის დაკისრება.
მოწინააღმდეგე მხარემ შპს “თ-ის” დირექტორმა სააპელაციო საჩივარი არ ცნო და ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 მაისის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილება; შპს “თ-ის” დირექტორის _ ა. ძ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ძალაში დარჩა ¹48/247 “კ” საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, დანარჩენ ნაწილში მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს “თ-ის” დირექტორს დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების, 1145,04 აშშ დოლარის, გადახდა და გამოსახლებულ იქნა ქ. ქუთაისში, ..... მდებარე არასაცხოვრებელი 188,55მ2-დან..
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ძ-ი არ წარმოადგენდა ¹..... მაღაზიის შენობის მესაკუთრეს და ჩათვალა, რომ მხარეები ერთმანეთთან იმყოფებოდნენ საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაში.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “თ-ის” დირექტორმა, რომელმაც საკასაციო საჩივრის საფუძველზე მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის უარყოფა.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა შემდეგ გარემოებებზე: საოლქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება გამოტანილია ფაქტობრივი გარემოებების დამახინჯებით, ფაქტობრივ გარემოებებს მიცემული აქვს არასწორი სამართლებრივი შეფასება. მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა არასწორად და კანონის მოთხოვნათა დარღვევით შეერაცხა კასატორს, რაც, კასატორის მითითებით, წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის საკასაციო პრეტენზია ძირითადად ემყარება იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არასწორად იქნა დადგნილი საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები. კასატორის პრეტენზიისა და სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით საკასაციო სასამართლოსათვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს მიერ შემოწმებულ იქნა კასატორის პრეტენზია, რის შედეგადაც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და დადგენისას კანონი არ დარღვეულა.
საქმეში წარმოდგენილია პრივატიზების ბიულეტენი, რომელშიც მითითებულია, რომ მუნიციპალური საწარმო ¹..... მაღაზია იყიდება იჯარის უფლებასთან ერთად.
ამავე საქმეში მოთავსებულია სადავო მაღაზიის საპრივატიზაციო კომისიის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ იყიდება მხოლოდ ბალანსზე რიცხული ქონება, ხოლო ფართზე საწყისი წლიური საიჯარო ქირის რაოდენობა განისაზღვრება 1500,35 აშშ დოლარით, საგულისხმოა, რომ კომისიის მითითებულ დასკვნას ხელს აწერს თავად კასატორი ა. ძ-ი. კასატორი ხელს აწერს, ასევე, საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმსაც, სადაც საუბარია ბალანსზე არსებული ქონებისა და ფართზე იჯარის უფლების გასხვისებაზე. საყურადღებოა, რომ პრივატიზაციის შემდეგ კასატორთან იდება საიჯარო ხელშეკრულბები, რაც უდავოდ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მყიდველისთვის იმთავითვე ცნობილი იყო ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი.
საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებაზე: კასატორს შესაბამისი ორგანოებისთვის არაერთხელ მიუმართავს თხოვნით, მისცემოდა ობიექტის პირდაპირი წესით შესყიდვის უფლება, რაც იმთავითვე განმორიცხავს კასატორის მსჯელობას გარიგების არსებითი შეცდომის საფუძველზე დადების თაობაზე და ადასტურებს, რომ გარიგების მონაწილე მხარისთვის იმთავითვე ცნობილი იყო იმ გარიგების შინაარსი და საგანი, რაზედაც მან გამოთქვა თანხმობა.
ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია და არ ემყარება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის მოტივით ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების სანოტარო გაფორმება წარმოადგენდა გამყიდველის ვალდებულებებს, რისი შეუსრულებლობაც არ შეიძლება ბრალად შეერაცხოს მყიდველს.
სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ¹294 დადებულია 1996წ. 26 ივლისს. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, თუ ნივთის გასხვისების ხელშეკრულება რეგისტრაციას მოითხოვს, საკუთრების უფლება წარმოიშობა რეგისტრაციის მომენტიდან.
საგულისხმოა, რომ რეგისტრაციის შეზღუდული ვადების მიუხედავად, კასატორს 1996 წლიდან არ მიუმართავს და არ მოუთხოვია სათანადო ორგანოებისათვის ობიექტის მის საკუთრებაში აღრიცხვა, რაც იძლევა დამატებით საფუძველს იმისა, რომ კასატორისთვის იმთავითვე იყო ცნობილი, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არ მოიცავდა სადავო მაღაზიის შენობას და მას აღნიშნულზე პრეტენზია არ განუცხადებია.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას 1995წ. აუქციონის შედეგების გაუქმების არაკანონიერების თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული არ წარმოადგენს განსახილველი დავის საგანს, რის გამოც აღნიშნული ვერ იქცეოდა საოლქო სასამართლოს მსჯელობის საგნად. ამდენად, 1995წ. აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა მოცემულ ეტაპზე წარმოადგენს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის კანონშეუსაბამობაც კასატორის მხრიდან სადავოდ უნდა ქცეულიყო კანონით დადგენილი წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “თ-ის” დირექტორის _ ა. ძ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 მაისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.