Facebook Twitter

ბს-811-397(2კ-05) 29 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ჯ. გახოკიძე (მომხსენებელი),

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 4 ოქტომბერს რ. მ-ემ სარჩელი აღძრა ც. და ნ. ხ-იების მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2001წ. 2 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომლითაც ც. ხ-იამ ქ. ხონში, ... მდებარე ავტოგასამართი სადგური აჩუქა ძმისშვილს _ ნ. ხ-იას, მოპასუხე _ ც. ხ-იას დავალდებულება ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული ავტოგასამართი სადგურის სეკვესტრის სახით სასამართლო აღმასრულებლისათვის გადაცემა.

მოსარჩელის განმარტებით, ავტოგასამართი სადგურის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის ც. ხ-იას ხონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2940,30 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით, ც. ხ-იამ 2001წ. 2 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ავტოგასამართი სადგური აჩუქა ნ. ხ-იას. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნულის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2002წ. მარტში, ხოლო სააღსრულებო წარმოების პროცესში ასევე შეიტყო, რომ ც. ხ-იამ თავისი კუთვნილი ქონება სრულად გაასხვისა. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას, რომელიც დაიდო დაკისრებული ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით.

რ. მ-ის სარჩელი არ ცნო ც. ხ-იამ და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ხონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად იქნა ჩართული მ. ს-ე. ამავე სასამართლოს 2004წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი 2001წ. 2 აგვისტოს ც. ხ-იას და ნ. ხ-იას შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა და ქ. ხონში, ..... მდებარე ავტოგასამართი სადგური აღიარებული ც. ხ-იას სახელზე, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ც. და ნ. ხ-იებმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 მარტის განჩინებით ც. ხ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ხონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2001წ. 2 აგვისტოს ც. ხ-იამ ქონებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით ფორმალურად, ნამდვილი შედეგების დადგომის გარეშე, მის საკუთრებაში არსებული ბენზინგასამართი სადგური გადასცა თავის ძმიშვილს _ ნ. ხ-იას. სააპელაციო პალატის მითითებით, ც. ხ-იამ დაადასტურა, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ თვითონ აგრძელებს ბენზინგასამართი სადგურის მართვას, რადგან კარგად იცის ეს საქმე. პალატამ ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორად მუშაობდა და მუშაობს ც. ხ-იას და _ მ. ხ-ია და ნ. ხ-იასთან ერთად ცხოვრობს ერთ ოჯახად.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2001წ. 2 ოქტომბერს ც. და ნ. ხ-იებს შორის დადებული ხელშეკრულება არის მოჩვენებითი გარიგება და დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ სადავო ბენზინგასამართი სადგურის ნამდვილი მესაკუთრე ყოფილიყო ნ. ხ-ია და იგი მიმართული იყო კანონსაწინააღმდეგო მიზნის მისაღწევად – რათა თავი აერიდებინა მ. მ-ის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებისათვის. აღნიშნულ მიზანს ემსახურებოდა ასევე მესამე პირის სასარგებლოდ ბენზინგასამართი სადგურის იპოთეკით დატვირთვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ც. და ნ. ხ-იებმა.

ც. ხ-იამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 მარტის განჩინების გაუქმება და რ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს განჩინება იმ ნაწილში, რომ მან რ. მ-ის მიერ სასამართლოში განცხადების შეტანის გამო გაასხვისა ბენზინგასამართი სადგური. კასატორის მითითებით, აღნიშნულის შესახებ მან შეიტყო 2001წ. 3 აგვისტოს, გადახდის ბრძანების მიღების შემდეგ.

ნ. ხ-იამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 მარტის განჩინების გაუქმება და რ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორმა უკანონოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რადგან, კასატორის მითითებით, მისი სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ, განჩინება კი გამოიტანა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ, რაც არასწორად მიიჩნია კასატორმა.

გარდა ამისა, კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ რ. მ-ის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ ც. ხ-იასათვის ცნობილი გახდა რეალური საფრთხის შესახებ, რის გამოც მოხდა ბენზინგასამართი სადგურის გასხვისება. კასატორის განმარტებით, ჩუქების ხელშეკრულებისათვის საბუთების შეგროვება ც. ხ-იამ დაიწყო რ. მ-ის მიერ სარჩელის აღძვრამდე. კასატორის მითითებით, დადგენილია, რომ ც. ხ-იას სახელზე ამჟამად ირიცხება 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი, ასევე დადგენილია, რომ გადახდის ბრძანება ც. ხ-იას ჩაჰბარდა 3 აგვისტოს – ხელშეკრულების დადების შემდეგ. ამასთან, სკ-ის 184-ე მუხლის შესაბამისად, ც. ხ-იას ქონების გასხვისების უფლება ჰქონდა სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგაც.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. და ნ. ხ-იების საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 მარტის განჩინება და საქმე განსახილველად გადაეგზავნოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ფიზიკურ პირებს – ც. და ნ. ხ-იებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე, თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის, ან დაკავშირებული პირის ქონების კანონიერება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტული დავა არ მიეკუთვნება ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას და იგი განხილულ უნდა იქნეს არა ადმინისტრაციული სამართალწარმოების, არამედ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოცემული საქმე რაიონულ სასამართლოში განხილულია სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ასევე, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილა დავა სააპელაციო სასამართლომ, მაგრამ განჩინება გამოიტანა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის სახელით, რაზეც მიუთითებს ასევე კასატორიც.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 მარტის განჩინება უნდა გაუქმდეს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმე განსახილველად გადაეგზავნოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საპელაციო პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც. და ნ. ხ-იების საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 მარტის განჩინება და საქმე განსახილველად გადაეგზავნოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.