Facebook Twitter

ბს-813-399(კ-05) 10 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

გ. ქაჯაია

დავის საგანი: არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზება.

აღწერილობითი ნაწილი:

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ქ. ქუთაისის მთავრობის 2002წ. 25 ნოემბრის ¹35 დადგენილებით, სხვა ობიექტებთან ერთად საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანილ იქნა ქ. ქუთაისში, ...... მდებარე არასაცხოვრებელი 36.60 კვ.მ. ინფორმაცია არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების შესახებ გამოქვეყნდა “.........-ის” 2002წ. 26 ნოემბრის 26-ე ნომერში, ობიექტი ¹25. კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა და არასაცხოვრებელი ფართი 5526,16 აშშ დოლარად შეიძინა შპს “მ-მ”, რომელთანაც 2003წ. 8 იანვარს დაიდო სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ¹618 და გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹....... .

2003წ. 19 ნოემბერს კასატორმა სს “ს-ამ” სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქ. ქუთაისის მერიის მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა ......... მოედანზე მდებარე არასაცხოვრებელი 36,40 კვ.მ-ის საპრივატიზებო ნუსხაში შეტანის შესახებ ქუთაისის მერიის 2002წ. 25 ნოემბრის ¹35 დადგენილებისა და არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის შედეგების (ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის) ბათილად ცნობა:

მოსარჩელის მთითებით, სადავო ფართის საპრივატიზებო ნუსხაში შეტანის შესახებ ქუთაისის მერიის ¹35 დადგენილება, როგორც ადმინისტრაციული აქტი, გამოცემულია კანონის უხეში დარღვევებით, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების სათანადო გამოკვლევა-შეფასების გარეშე და უნდა გაუქმდეს, რადგან პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს სს “ს-ას”, რომლის დამფუძნებელია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო და 100%-იანი წილის მფლობელია სახელმწიფო. მოსარჩელის განმარტებით, სადავო არასაცხოვრებელ ფართს წლების მანძილზე ფლობდა და სარგებლობდა მოსარჩელე. 1994წ. 26 სექტემბერს ქუთაისის მერის მიერ მიღებულ იქნა განკარგულება ¹778, რომლითაც მერიის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები და სათავსები, რომლებშიც განთავსებული იყო კავშირგაბმულობის განყოფილებები და პრესის გამავრცელებელი სააგენტოები, სამეურნეო გამგებლობაში გადაეცა კავშირგაბმულობის ქუთაისის საწარმოო სამმართველოს. ამდენად, სადავო საპრივატიზებო ობიექტი, სხვა ფართებთან ერთად უნდა გადასცემოდა კავშირგაბმულობის სამმართველოს და შპს “ს-ას”, ხოლო შემდგომ მის სამართალმემკვიდრეს _ სს “ს-ას”, რომლის დაფუძნებისას მის საწესდებო კაპიტალში შეტანილი უნდა ყოფილიყო სხვა ქონებასთან ერთად, რაც იურიდიულად არ გაფორმებულა და ქუთაისის მერიას ¹778 განკარგულების შესაბამისად არ მოუხდენია ფართის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემა, მაგრამ, ფაქტობრივად, სადავო ფართს ოდითგანვე ფლობდა კავშირგაბმულობის პრესის გავრცელების სამსახური და იგი ერთადერთი კანონიერი მფლობელია, ამიტომ 1994 წლიდან სადავო ფართი არ წარმოადგენდა მუნიციპალურ ქონებას და საპრივატიზებო ნუსხაში მისი შეტანა უკანონოა. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ საპრივატიზებო კომისიის შექმნა, დასკვნის მომზადება და საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში შეტანის შესახებ მერიის დადგენილება ერთი რიცხვით, 2002წ. 25 ნოემბრით თარიღდება, რაც ნათლად მიუთითებს ამ ადმინისტრაციული აქტის ნაჩქარევად გამოცემაზე. მოსარჩელის აზრით, სადავო აქტი გამოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის დარღვევით და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მე-60 მუხლის საფუძველზე.

მოპასუხე მხარეებმა სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს “ს-ას” სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 აპრილის განჩინებით სს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი საფუძვლით უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ სს “ს-ა” წარმოადგენს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს “ს-ის” სამართალმემკვიდრეს და, ამდენად, იგი სათანადო მოსარჩელეა. სასამართლომ ასევე დადასტურებულად ცნო, რომ ქუთაისში, ....... მოედნისა და ...... მდებარე არასაცხოვრებელი 36,40 კვ.მ 2002წ. 25 ნოემბრამდე რეგისტრირებული იყო მთავრობის მართვის ტერიტორიული სამსახურის, საბინაო სამმართველოს სახელზე. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობით, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ქუთაისის მერიის 2002წ. 25 ნოემბრის სადავო ¹35 დადგენილებით არასაცხოვრებელი ფართი შეტანილ იქნა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში. ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ინფორმაცია არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების შესახებ გამოქვეყნდა 2002წ. 26 ნოემბრის გაზეთ “ ........-ში”. საპრივატიზებო კონკურსში განაცხადი წარადგინა და გამარჯვებულად გამოცხადდა შპს “მ-ე”, რომელთანაც გაფორმდა პრივატიზების ხელშეკრულება. სადავო საპრივატიზებო ქონება რომ მუნიციპალურ საკუთრებას წარმოადგენდა, დასტურდება სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემებით. ამდენად, უსაფუძვლოა აპელანტის მითითება ¹35 დადგენილების უკანონობაზე.

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 1994წ. 14 ივნისის ¹137 განკარგულების გათვალისწინებით, ქუთაისის მერიამ 1994წ. 26 სექტემბერს მიიღო განკარგულება კავშირგაბმულობის ქუთაისის საწარმოო სამმართველოსთვის პრესის გავრცელების სააგენტოების ფართების სამეურნეო გამგებლობაში გადაცემის შესახებ, მაგრამ აღნიშნული განკარგულება არ აღსრულებულა, კერძოდ, ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს სადავო ფართებზე არ გაუფორმებია კონტრაქტი კავშირგაბმულობის ქუთაისის საწარმოო სამმართველოსთან, რის გამოც არ შესრულდა განკარგულების მე-5 პუნქტის მოთხოვნა ბალანსებსა და სააღრიცხვო მოწმობებში ცვლილებების შეტანის შესახებ. ამიტომ პრივატიზაციამდე სადავო ფართი ირიცხებოდა მერიის საბინაო მეურნეობის ბალანსზე და ტექაღრიცხვის სამსახურში მუნიციპალურ საკუთრებად იყო აღრიცხული. კავშირგაბმულობის ქუთაისის საწარმოო სამმართველოს არ გადასცემია მერიის ბალანსზე რიცხული 36,40 კვ.მ, რაც მას სადავოდ არ გაუხდია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს აზრით, უსაფუძვლოა აპელანტის მითითება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, მე-60 მუხლების დარღვევით ქუთაისის მერიის 2002წ. 25 ნოემბრის ¹35 დადგენილების გამოცემის თაობაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების შესახებ ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობის მოტივად სს “ს-ა” მიუთითებდა ერთადერთ საფუძველზე, საპრივატიზებო ნუსხაში ამ ობიექტის უკანონოდ შეტანაზე, რაც უსაფუძვლოა, ამიტომ ასევე უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი სარჩელი პრივატიზაციის ბათილად ცნობის ნაწილშიც და საქალაქო სასამართლოს მიერ მართებულად არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სს “ს-ის” მიერ, რომელიც მის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს, რადგან, კასატორის აზრით, სასამართლოებმა სრულყოფილად და ობიექტურად არ შეაფასეს თანდართული მტკიცებულებები. კასატორის მითითებით, სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 14 ივლისის ¹137 განკარგულების საფუძველზე, ქუთაისის მერიამ 1994წ. 16 სექტემბერს გამოსცა განკარგულება ¹778, რომლითაც მერიის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობანი და სათასები, რომლებშიც კავშირგაბმულობის განყოფილებები და პრესის გავრცელების სააგენტოები იყო განთავსებული, უნდა გადასცემოდა კავშირგაბმულობის ქუთაისის საწარმოო სამმართველოს სამეურნეო განყოფილებას და ტექაღრიცხვის სამსახურს დაევალა სააღრიცხვო მონაცემში შესაბამისი ცვლილების შეტანა. აღნიშნული განკარგულება, მართალია, დღეისათვის ძალაშია, მაგრამ არ აღსრულებულა, რასაც სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა.

კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ “ს-ის” ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა, აწ გარდაცვლილმა ა. ფ-ემ, როგორც ფიზიკურმა პირმა, საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა ქონების მართვისა და პრივატიზების სამმართველოსთან და ითხოვდა ობიექტის საქმიანობის პროფილის _ პრესის გავრცელების უცვლელად დატოვებას. კასატორის აზრით, სასამართლოს სათანადოდ უნდა შეეფასებინა ა. ფ-ის და გ. ქ-ის მოქმედებანი და საეჭვო გარიგებანი.

კასატორის აზრით, საკასაციო საჩივრისა და სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი ის გარემოებაა, რომ საპრივატიზებო კომისიის შექმნა, დასკვნის მომზადება და მერიის სადავო დადგენილება თარიღდება 2002წ. 25 ნოემბრით და ერთდღიან ვადაში პრივატიზების პროცესის სამართლებრივი მომზადება-შემოწმება ადასტურებს სადავო აქტის სათანადო მომზადება-გამოკვლევის გარეშე გამოცემას. კასატორის აზრით, სასამართლომ იგნორირება მოახდინა იმ გარემოების, რომ ქუთაისის მერიის 2001წ. 22 თებერვლის ¹57 განკარგულებისა და ¹32 ხელშეკრულების საფუძველზე, 2003წ. ბოლომდე ქუთაისის ფილიალს იჯარით ჰქონდა აღებული მიწის ნაკვეთი და ფილიალი ნაკისრ ვალდებულებას ჯეროვნად და დადგენილ ვადაში ასრულებდა, ხოლო იჯარის ხელშეკრულების მოქმედების პირობებში ობიექტის საპრივატიზებო ნუსხაში შეტანა ვალდებულების დარღვევას წარმოადგენს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ს-ის” საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ქუთაისის მთავრობის 2002წ. 25 ნოემბრის სადავო ¹35 დადგენილებით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით, საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანეს ქ. ქუთაისში, ...... და ...... მდებარე არასაცხოვრებელი 36,40 კვ.მ. აღნიშნული ფართის საპრივატიზებოდ გამოცხადებულ კომერციულ კონკურსში გაიმარჯვა შპს “მ-მ”, რომელმაც 5526,16 აშშ დოლარად შეიძინა იგი და რომელთანაც 2003წ. 8 იანვარს დაიდო სახელმწიფო ქონების ნასყიდობის სადავო ხელშეკრულება ¹618 და გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹....... .

კასატორი სს “ს-ა” ითხოვს ზემოაღნიშნული არასაცხოვრებელი ფართის საპრივატიზებო ნუსხაში შეტანის ნაწილში ქუთაისის მთავრობის 2002წ. 25 ნოემბრის ¹35 დადგენილების ბათილად ცნობას, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და მე-60 მუხლების საფუძველზე, რადგან მიაჩნია, რომ სადავო საპრივატიზებო ფართი სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 14 ივლისის ¹137 განკარგულების საფუძველზე გამოცემული, ქუთაისის მერიის 1994წ. 16 სექტემბრის ¹778 განკარგულებით ქუთაისის მერიის ბალანსიდან უნდა გადასცემოდა კავშირგაბმულობის ქუთაისის საწარმოო სამმართველოს სამეურნეო განყოფილებას სხვა შენობა-ნაგებობებთან და სათავსებთან ერთად, რომლებშიც განთავსებული იყო კავშირგაბმულობის განყოფილებები და პრესის გავრცელების სააგენტოები და რომლებიც უძრავი ქონების სახით შეტანილი იყო ჯერ შპს “ს-ის”, ხოლო შემდგომ სს “ს-ის” საწესდებო კაპიტალში, რასაც საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს.

საქმეში, მართალია, წარმოდგენილია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000წ. 20 იანვრის ¹1-3/34 ბრძანება შპს “ს-ის” ქონებაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით სს “ს-ის” დაფუძნების შესახებ, ასევე სს “ს-ის” წესდება და კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 18 თებერვლის დადგენილება სს “ს-ის” რეგისტრაციის შესახებ, რომლებშიც მითითებულია საზოგადოების საწესდებო კაპიტალი 211200 ლარი, მაგრამ არ არის წარმოდგენილი ქუთაისში, ........ მოედნისა და თ. მეფის ქ. ¹2/2-ში მდებარე სადავო არასაცხოვრებელი 36,40 კვ.მ-ის ჯერ შპს “ს-ის”, ხოლო შემდგომ სს “ს-ის” საწედებო კაპიტალში შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში დაცულია იუსტიციის სამინისტროს ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ცნობა, რომლის მიხედვითაც სადავო არასაცხოვრებელი 36,40 კვ.მ პრივატიზციამდე, ანუ 2002წ. 25 ნოემბრის მდგომარეობით ეკუთვნოდა ქ. ქუთაისის მთავრობის მართვის ტერიტორიულ სამსახურს, ანუ ყოფილ საბინაო სამმართველოს, რაც ასევე დასტურდება სახელმწიფო საკუთრების უძრავი ქონების დროებითი ტექნიკური პასპორტით.

წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ სადავო პრივატიზაციამდე, 2002წ. 25 ნოემბრამდე, ქუთაისში, ...... და ...... მდებარე არასაცხოვრებელი 36.40 კვ.მ წარმოადგენდა მუნიციპალურ საკუთრებას და ქ. ქუთაისის მერიას, როგორც მესაკუთრეს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით, სკ-ის 170-ე მუხლისა და “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის საფუძველზე, ჰქონდა შეუზღუდავი უფლება განეკარგა მის საკუთრებაში არსებული ქონება. ამიტომ ქ. ქუთაისის მთავრობის 2002წ. 25 ნოემბრის ¹35 დადგენილება, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით, საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში ქ. ქუთაისში მდებარე სადავო არასაცხოვრებელი 36,40 კვ.მ-ის შეტანის შესახებ შეესაბამება “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო პალატის აზრით, ასევე უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი კასატორის მოთხოვნა შპს “მ-სთან” 2003წ. 8 იანვარს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ¹618 და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ¹...... ბათილად ცნობის შესახებ, ვინაიდან კასატორი მათი ბათილად ცნობის ერთადერთ მოტივად მიუთითებდა საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში მათი არასწორად შეტანაზე, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, უსაფუძვლოა და სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ საპრივატიზებო კომისიის შექმნა, დასკვნების მომზადება და საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის შესახებ მერიის განკარგულების ერთ დღეს, 2002წ. 25 ნოემბერს, გამოცემა არ წარმოადგენს აღნიშნული ობიექტის პრივატიზაციის ბათილად ცნობის საფუძველს და “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონს არ ეწინააღმდეგება, რადგან სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია არის არა ერთჯერადი, არამედ ერთიანი პროცესი და აღნიშნული აქტების გამოცემას, როგორც წესი, წინ უძღვის მოსამზადებელი პროცედურა.

საკასაციო პალატა სს “ს-ის” კასაციისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოტივად ვერ მიიჩნევს “ს-ის” ქუთაისის ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელის, აწ გარდაცვლილ ა. ფ-ისა და გ. ქ-თან საეჭვო გარიგებას, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენს განსახილველი დავის საგანს და არც მითითებული გარიგების საეჭვოობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებაა კასატორის მიერ წარმოდგენილი, ხოლო, რაც შეეხება არასაცხოვრებელი ფართისა და მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ........-ში გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციაში მითითებული იყო, რომ ობიექტი გაცემულია იჯარით და იჯარა არ წარმოადგენს პრივატიზაციის დამაბრკოლებელ გარემოებას. ამიტომ აღნიშნული არ შეიძლება გახდეს სადავო პრივატიზაციის ბათილად ცნობის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სს “ს-ის” საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 აპრილის განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო პალატამ ფაქტობრივ გარემოებათა სწორი გამოკვლევა-დადგენითა და კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “ს-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.