საქმე №ას-1047-1004-2014 19 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ტ. ქ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ა-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ა-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ტ. ქ-ის“ მიმართ სს „ტ. ქ-ის“ გენერალური დირექტორის სამეთვალყურეო საბჭოს 2012 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მისი მონაწილეობის გარეშე, რადგან სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე ა. ა-ე კანონის მოთხოვნათა დაცვით არ მიწვეულა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო გადაწყვეტილებით მოსარჩელის კანონიერი უფლებები არ შელახულა. ა. ა-ე ესწრებოდა 2012 წლის 25 ოქტომბრის სხდომას, სადაც მან თანხმობა განაცხადა ზ. გ-ის სს „ტ. ქ-ის“ გენერალურ დირექტორად დანიშვნის თაობაზე. აღნიშნული ფაქტი დასტურდება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ა. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდა სს „ტ. ქ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდა საბჭოს ორი წევრი – უ. გ-ი და ე. ნ-ე. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ზ. გ-ის სს „ტ. ქ-ის“ გენერალურ დირექტორად დანიშვნის შესახებ და მასვე გადაეცა სს „ტ. ქ-ის“ ბეჭედი. აღნიშნული სხდომის ადგილის, თარიღისა და სავარაუდო დღის წესრიგის თაობაზე საბჭოს მესამე წევრის – ა. ა-ისათვის არ უცნობებიათ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, ა. ა-ის განმარტებით, 2012 წლის 25 ოქტომბრის სხდომის და სავარაუდო დღის წესრიგის თაობაზე მისთვის არ უცნობებიათ და იგი ამ სხდომას არ დასწრებია. ამდენად, სარჩელი დაემყარა ობიექტურ რეალობაში არარსებულ მოვლენას, რომლის მტკიცებაც მოსარჩელის მხრიდან იყო შეუძლებელი. შესაბამისად, სადავო გარემოების არსებობის მტკიცების ტვირთი გადავიდა მოპასუხეზე, რომელიც ვალდებული იყო დაემტკიცებინა, რომ აღნიშნული სხდომის ადგილის, თარიღისა და სავარაუდო დღის წესრიგის თაობაზე დადგენილი წესით აცნობა ა. ა-ეს და ეს უკანასკნელიც დაესწრო სხდომას.
ამ გარემოებათა დასამტკიცებლად მოპასუხემ მიუთითა სს „ტ. ქ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2012 წლის 25 ოქტომბრის სხდომის №- ოქმზე, ა. ა-ისათვის შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებულ საფოსტო დოკუმენტაციაზე, აგრეთვე, მოწმეების – უ. გ-ისა და ე. ნ-ის ჩვენებებზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები უნდა შეფასდეს ერთობლივად, კრიტიკულად, სისრულისა და ობიექტურობის თვალსაზრისით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2012 წლის 25 ოქტომბრის სხდომაზე ა. ა-ის დასწრების გარემოების დასადასტურებლად წარდგენილი სამივე მტკიცებულება შექმნილია სადავო გადაწყვეტილების მიმღები, დაინტერესებული პირების მონაწილეობით. გარდა ამისა, მოწმეთა ჩვენებები სხდომის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით იყო წინააღმდეგობრივი (უ. გ-მა განმარტა, რომ სხდომა ჩატარდა ოფისში; ე. ნ-ემ კი განმარტა, რომ სხდომა ვერ ჩატარდა შენობაში, რადგან იგი დაკეტილი აქვს ა. ა-ეს). ამდენად, ეს მტკიცებულებები ვერ იქნება მიჩნეული უტყუარად მტკიცებულებებად და ისინი სწორად არ იქნა გაზიარებული საქალაქო სასამართლოს მიერ.
სააპელაციო პალატამ საფოსტო დოკუმენტაციის საფუძველზე გამოარკვია, რომ ზოგადად არსებობს 2012 წლის 17 ოქტომბრით დათარიღებული უ. გ-ის გაურკვეველი შინაარსის გზავნილი ა. ა-ისადმი, რომელიც ამ უკანასკნელს ვერ ჩაბარდა „შენახვის ვადის გასვლის გამო“ და 2012 წლის 23 ოქტომბერს დაუბრუნდა გამგზავნს. ამდენად, ამ მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა 2012 წლის 25 ოქტომბრის სხდომის სავარაუდო დღის წესრიგის გაგზავნისა და კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარების გარემოებები, აგრეთვე ის ფაქტი, რომ ადრესატმა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „ტ. ქ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს 2012 წლის 25 ოქტომბრის სხდომის №- ოქმში დაფიქსირებული გადაწყვეტილება წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებულ გარიგებას, რადგან მასში ასახულია სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ნება გამოვლენილი პირის საწარმოს დირექტორად გამწესებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის. ამდენად, მისი ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნაზე, გარდა სპეციალური კანონის ნორმებისა, ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებებიც.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 25 ოქტომბრის სხდომის ადგილის, თარიღისა და სავარაუდო დღის წესრიგის თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში არ უცნობებიათ ა. ა-ისათვის. ამდენად, დაირღვა ამ სხდომის ჩატარების კანონით დადგენილი წესი, რაც თავისთავად გულისხმობს მიღებული გადაწყვეტილების (გარიგების) კანონსაწინააღმდეგობას.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სარჩელი სს „ტ. ქ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2012 წლის 25 ოქტომბრის სხდომის №4 ოქმში ასახული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე დასაბუთებული იყო.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საწარმოს გენერალური დირექტორის დანიშვნა არ განეკუთვნება საწარმოს ჩვეულებრივ საქმიანობას, რის გამოც საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გამოიყენა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი 2-თვიანი ხანდაზმულობის ვადა და სწორად ჩათვალა, რომ სარჩელი არ იყო ხანდაზმული.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს „ტ. ქ-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია.
მხარის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილების მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონი აწესებს მკაცრ მოთხოვნებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსთან მიმართებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლებასთან ერთად იგულისხმება სასამართლოს ვალდებულება, დასაბუთებულად დააკმაყოფილოს ან უარი უთხრას მის მოთხოვნას.
კასატორმა ჩათვალა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, 249-ე მუხლების მოთხოვნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით სს „ტ. ქ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს „ტ. ქ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდა სს „ტ. ქ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდა საბჭოს ორი წევრი – უ. გ-ი და ე. ნ-ე. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ზ. გ-ის სს „ტ. ქ-ის“ გენერალურ დირექტორად დანიშვნის შესახებ და მასვე გადაეცა სს „ტ. ქ-ის“ ბეჭედი. აღნიშნული სხდომის ადგილის, თარიღისა და სავარაუდო დღის წესრიგის თაობაზე საბჭოს მესამე წევრის – ა. ა-ისათვის არ უცნობებიათ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუს 2012 წლის 15 მარტის №ას-1721-1704-2011 განჩინება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს „ტ. ქ-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 13 ოქტომბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ტ. ქ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „ტ. ქ-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 13 ოქტომბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ნ. ბაქაქური