Facebook Twitter

საქმე №ას-1053-1008-2014 23 მარტი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ე-პ ჯ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.შ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქსელით სარგებლის გამო თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ.შ.მ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ე.პ.ჯ“ მიმართ 2013 წლის 1 თებერვლიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელის კუთვნილი ქსელით სარგებლობის გამო, ელექტროენერგიის ღირებულების - 27 845 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

თ.შ.ას საკუთრებაში ირიცხება ელექტროგადამცემი ხაზები (დაფარვის ზონა - სამტრედია; ფიდერები N1,3,4,5,6,7,9,12,13; საკადასტრო კოდები N .....; ...............

სს „ე.პ. ჯ.“ დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალი მოსარჩელის ქსელის მეშვეობით ახორციელებს ელექტროენერგიის გატარებას, თუმცა არ აფორმებს ხელშეკრულებას ქსელით სარგებლობისა და ელ.ენერგიის გატარების ღირებულების ანაზღაურების შესახებ, ასევე, არ აქვს შესაძლებლობა, ქონდეს ინფორმაცია გატარებული ელ.ენერგიის რაოდენობის თაობაზე. მოსარჩელე იძულებულია ყოველ წელს მიმართოს სასამართლოს სს „ე.პ.ჯ.თვის“ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მსგავსი სარჩელი დაკმაყოფილებულია. ქსელით სარგებლობის თმენისა და გატარებული 1. კვტ. სთ. ელ.ენერგიისათვის სასამართლომ განსაზღვრა 0,2 თეთრი დღგ-ს გარეშე.

2014 წლის 15 იანვარს მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს, გადაეცა ინფორმაცია 2013 წლის 1 თებერვლიდან გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობის შესახებ და მოითხოვა აენაზღაურებინა ქსელით სარგებლობისა და გატარებული ელექტროენერგიის ღირებულება, ასევე, წინა წლის დავალიანება - 346 ლარი. 2014 წლის 15 იანვრის წერილით მოსარჩელეს ეცნობა მხოლოდ ინფორმაცია გატარებული ელექტროენერგიის შესახებ.

მოპასუხეს გადასახდელი აქვს 2013 წლის 1 თებერვლიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ქსელში გატარებული 14 639 264 კვტ/სთ. ელექტრო ენერგიის ღირებულება (14 639 264 კვტ/სთ X 0,2 თეთრზე) - 29278 ლარი, ასევე 2012-2013 წლის დავალიანება - 346 ლარი, ვინაიდან 2012 წლის 1 თებერვლიდან 2013 წლის 1 თებერვლამდე რეალურად გატარებულია 15328326 კვტ/სთ. ელ.ენერგია, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ამ პერიოდისათვის მოპასუხეს დაეკისრა 30 310 ლარი, სხვაობა შეადგენს 346 ლარს.

სს „ე.პ.ჯ.მ“ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:

2014 წლის 7 თებერვალს ენერგოკომპანიას წერილობით მიმართა შპს „ტ.მა“ და მოითხოვა მისი საკუთარი ელ.ქსელებით გატარებული ელ.ენერგიის კომპენსაციის გადახდა. ამ საზოგადოების სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია საკუთრების უფლება იმავე ელ.გამანაწილებელ ხაზზე, რომლის გამოყენების გამოც ელ.ენერგიის გატარების საფასურს უხდიდნენ თ.შ.ს. ანუ, შპს „ტ.ის“ სახელზე რეგიტრირებული ელექტრონული ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი 2007 წლიდან საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს თ.შ.ას, რომელსაც ელექტროენერგიის გატარებისათვის კომპენსაცია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული აქვს 2013 წლის იანვრის ჩათვლით. ცხადია, შეუძლებელია ერთი და იმავე ქსელის მესაკუთრე ერთდროულად იყოს ორი დამოუკიდებელი სუბიექტი. ამდენად, მოსარჩელის მიერ წარდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერი არასწორია, რისი გარკვევაც, ბუნებრივია, სცილდება მოპასუხის კომპეტენციას. გასათვალისწინებელია, რომ მითითებულ ქსელს დღემდე ექსპლუატაციას უწევს სს „ე.პ.ჯ.“, რაც შესაბამის ხარჯებთანაა დაკავშირებული და ამ ხარჯების კომპენსაციის საკითხი შესაძლოა, შეგებებული სარჩელის აღძვრის წინაპირობა გახდეს.

დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა სს „ე.პ.ჯ.თვის“ მოსარჩელის კუთვნილ ქსელში გატარებული თითოეულ კვტ/სთ-ზე 0,2 თეთრის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე უთითებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და სასამართლო პრაქტიკას მაშინ, როდესაც სემეკის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილებით დამტკიცდა მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესი, რომლის მიხედვითაც გატარების მომსახურების საფასურის ოდენობის დაანგარიშება უნდა მოხდეს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების (ამ შემთხვევაში ქსელის) ღირებულებასთან, რის შესახებაც ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება თავად მოსარჩელეს გააჩნია, ამგვარი ქმედება თ.შ.ს არ განუხორციელებია.

მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას 2012-2013 წლების დავალიანების დაკისრების თაობაზე, ვინაიდან ამ მოთხოვნის თაობაზე თ.შ.მ ერთხელ უკვე იდავა სასამართლოში. სასამართლო გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და აღსრულებულიცაა.

სარჩელი არ პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე და 178-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, სარჩელში საერთოდ არ არის მითითებული ის გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს მოთხოვნებს და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს.

მოსარჩელე ვერ ადასტურებს ენერგოკომპანიის მხრიდან ვალდებულების არსებობას და მით უმეტეს მისი დარღვევის ფაქტს, რომელსაც ენერგოკომპანია პირნათლად ასრულებდა. სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ვალდებულია სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიის მომარაგების მიზნით ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია.

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულების დადების დავალდებულებასთან დაკავშირებითაც. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების დადება სავალდებულოა იმ შემთხვევაში, როდესაც პირი არასამეწარმეო მიზნებისათვის ან საარსებო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად იძენს ან სარგებლობს ქონებითა და მომსახურებით, ამ პირობათაგან არც ერთი სახეზე არაა.

მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მსჯელობა ყოველწლიურად სასამართლოსათვის მიმართვის აუცილებლობის თაობაზე მოპასუხის ქმედება არაა გამოწვეული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლო საქმეს იხილავს სარჩელში ჩამოყალიბებული მოთხოვნის ფარგლებში. თ.შ.ს კი, არასდროს არ მოუთხოვია მომავალ პერიოდზე კომპენსაციის დაკისრება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით თ.შ.ას სარჩელი დაკმაყოფილდა, სს „ე.პ.ჯ.ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 27 745 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ე.პ.ჯ.მ“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ივლისის განჩინებით სს „ე.პ.ჯ.ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 22 ოქტომბრიდან სამტრედიაში მდებარე ელექტროგადამცემი ხაზები (საკადასტრო კოდებით №...........................................) საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა თ.შ.ას საკუთრებად. საჯარო რეესტრიდან წარმოდგენილი მასალების თანახმად, შპს „ტ.ის“ საკუთრებაშია სხვა ხაზოვანი ნაგებობანი და არა ზემოთ აღნიშნული.

მხარეები არ დავობენ, რომ აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზების გამოყენებით სს „ე.პ.ჯ.მ“ საკუთარ აბონენტებს 2013 წლის 1 თებერვლიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიაწოდა 13922702 კვტ/სთ ელექტროენერგია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით თ.შ.ას სარჩელი დაკმაყოფილდა და სს „ე.პ.ჯ.ს“ მის სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის იანვრის ჩათვლით აღნიშნულ ელექტროგადამცემ ხაზში გატარებული ელექტროენერგიის ღირებულების - 30 310 ლარის გადახდა.

გადაწყვეტილება ემყარება საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2001 წლის 20 ივლისის №64 გადაწყვეტილებას, რომლითაც იმერეთის ენერგოკომპანიას დაეკისრა სს „ი.სა“ და შპს „ე.-ის“ სასარგებლოდ 0.2 თეთრის (დღგ-ს გარეშე) გადახდა ელექტროგადამცემ ხაზში გატარებულ ყოველ ერთეულ კოლოვატსაათზე; ეს ტარიფი დადგინდა სემეკის ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გაანგარიშების შედეგად. ამასთან, კომპენსაცია გაანგარიშდა 15155242 კვტ/სთ ელექტროენერგიის მიწოდებისათვის. მხარეები არ დავობენ, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აღსრულებულია.

სარჩელზე დართული და სს „ე.პ.ჯ.ს“ მიერ გაცემული ინფორმაციით დგინდება, რომ 2012 წლის 1 თებერვლიდან 2013 წლის იანვრის ჩათვლით თ.შ.ს კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზებით განხორციელდა არა 15155242 კვტ/სთ, არამედ - 15328326 კვტ/სთ ელექტროენერგიის გატარება. ამდენად, სხვაობა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ანაზღაურებული ელექტროენერგიის მოცულობასა და საანგარიშო პერიოდში რეალურად გატარებულ ელექტროენერგიის მოცულობას შორის არის 173084 კვტ/სთ.

პალატამ მიუთითა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების მე-15 მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტებზე და მიიჩნია, რომ სს „ე.პ.ჯ.“ ვალდებული იყო თ.შ.ს კუთვნილი ელექტროენერგიის გადამცემი ქსელით სარგებლობისათვის მესაკუთრისათვის გადაეხადა კომპენსაცია, რაც უნდა განსაზღვრულიყო იმგვარად, რომ არ გამოეწვია საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის მომარაგების გაუარესება.

„მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილების მიღებამდე (რომელიც ამოქმედდა 2014 წლის 1 იანვრიდან) არ არსებობდა მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის გატარების საფასურის გაანგარიშების დამდგენი ნორმატიული აქტი, ხოლო „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ნორმატიული აქტი შესასრულებლად სავალდებულო ძალას იძენს მისი ძალაში შესვლიდან, რომელიც, უმეტესწილად, მის გამოქვეყნებას უკავშირდება, თუმცა, იმავე კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი დასაშვებად მიიჩნევს, რომ დადგინდეს ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის განსაკუთრებული თარიღი, მსგავსად მოცემული შემთხვევისა. სასამართლოს განმარტებით, ნორმატიული აქტი, ზოგადად, აწესრიგებს მისი ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს, თუმცა, აღნიშნული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შესაძლებელია, ნორმატიულ აქტს უკუძალაც მიენიჭოს, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილება არ შეიცავდა მითითებას მისი უკუძალის თაობაზე და იგი ვერ იქნებოდა გამოყენებული 2014 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მართებულად არ დაეფუძნა ამ ნორმატიული აქტის ნორმებს თ.შ.სა და სს „ე.პ.ჯ.ს“ შორის 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაში მხარეთა უფლება-მოვალეობათა განსაზღვრისას.

ერთადერთი სამართლებრივი აქტი, რომელიც შეეხებოდა მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის გატარების საფასურის განსაზღვრას, იყო საქართველოს ელექტროენერგეტიკის მერგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2001 წლის 20 ივლისის №64 გადაწყვეტილება, რომლითაც, შესაბამისი ეკონომიკური გაანგარიშების საფუძველზე, დადგინდა, რომ ელექტროგადამცემ ხაზში გატარებულ ყოველ ერთეულ კილოვატსაათზე საფასური (ტარიფი) იყო 0.2 თეთრი (დღგ-ს გარეშე). მოპასუხე მხარეს კი არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა მითითებული სამართლებრივი აქტით დადგენილი ტარიფის გონივრულობას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ე.პ.ჯ.მ“, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ საქმეზე სწორად არ დაადგინა რა ფაქტობრივი გარემოებები, ასევე არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა მხოლოდ არსებული პრაქტიკა, რომელიც გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის უკვე აღარ არსებობდა, ვინაიდან მსგავსი ურთიერთობები ახალმა ნორმატიულმა აქტმა რადიკალურად განსხვავებულად დაარეგულირა.

სასამართლომ გამოიყენა ადრე მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ამ პროცესში მონაწილე მხარეებს არ ეხებოდათ და მას მიანიჭა უპირატესობა 2013 წელს მიღებულ ნორმატიულ აქტთან შედარებით.

გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ არასწორად განმარტა სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“ და არასწორად შეაფასა მხარეთა შეთანხმებისათვის ნორმატიულად დადგენილი ზედა ზღვარი.

სემეკის ხსენებული დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქსელის მესაკუთრეს გააჩნია კომპენსაციის მოთხოვნის უფლება (შეთანხმებული ოდენობით), რომლის ოდენობას მკაცრად ზღუდავს კანონი და ამ შეზღუდვებს არეგულირებს იმავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები. სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით იქნა მიღებული სემეკის მიერ 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილება, რომელმაც მკაცრად განსაზღვრა მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესი. ცხადია, რომ ეს არის ის თანხა, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იმავე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის. გაურკვეველია, რატომ მსჯელობს სასამართლო გატარების საფასურის ოდენობის გონივრულობის განსაზღვრით მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დროს უკვე არსებობს ამ საკითხის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტი. სასამართლომ არც კი იმსჯელა, თუ რა საფუძვლით მიიჩნია გონივრულ კომპენსაციად არა კომპეტენტური, უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ოდენობა, არამედ სულ სხვა, ადრე არსებულ ადმინისტრაციულ აქტში მითითებული ფასი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს დავის მხარეებთან.

სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სემეკის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილება, რომლის მიხედვითაც დამტკიცდა „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესი“, ამ აქტით განისაზღვრა ფორმულა, რომლის მიხედვითაც გატარების მომსახურების საფასურის ოდენობის დაანგარიშება უნდა მოხდეს, იგი პირდაპირ არის დაკავშირებული გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების (ამ შემთხვევაში ქსელის) რეგულირებასთან, რის შესახებაც ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება გააჩნია თავად მოსარჩელეს, რაც მას არ განუხორციელებია.

უსაფუძვლოა სასამართლოს მოსაზრება, რომ 2013 წლის დეკემბერში მიღებული სემეკის N15 დადგენილება არ უნდა გავრცელდეს მის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე. მოცემულ შემთხვევაში, მიღებულია ახალი კანონი, რომელმაც დაარეგულირა ის ურთიერთობები, რომლებსაც მანამდე სასამართლო პრაქტიკა არეგულირებდა. საპირისპირო ვითარებაშიც კი, სადავო ვერ იქნება ის გარემოება, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა და დაესაბუთებინა, თუ რატომ მიიჩნია 2001 წლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა პირებისა და სხვა ქსელისათვის განსაზღვრული ანაზღაურების ოდენობა უფრო გონივრულად, ვიდრე ენერგეტიკის სფეროს მარეგულირებელი აქტით გაწეული მომსახურების დეტალების გათვალისწინებით გაანგარიშებული ოდენობა. კანონიერად მიიჩნევა ის, რაც კანონის ამოქმედების მომენტისათვის არსებობს, რომელიც უნდა გავრცელდეს. ამ თვალსაზრისით კასატორმა მიუთითა სხვა მხარეთა შორის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე.

არასწორია სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ მოსარჩელეს ელ.ენერგიის გატარების კომპენსაცია 2012 წლის თებერვლიდან 2013 წლის იანვრის ჩათვლით არ მიუღია. საქალაქო სასამართლომ არ იმსჯელა მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარ გარემოებაზე, რომ თ.შ.ს დაუკმაყოფილდა იგივე მოთხოვნა, რაზეც უკვე არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სს „ე.პ.ჯ.ს“ თ.შ.ს სასარგებლოდ დაეკისრა მისი კუთვნილი გადამცემი ქსელით 2012 წლის თებერვლიდან 2013 წლის იანვრის თვის ჩათვლით ელექტროენერგიის გატარების საკომპენსაციოდ 30 310 ლარის გადახდა, ეს ვალდებულება კასატორს შესრულებული აქვს. 2012 წლის იანვრის თვის ჩათვლით განხორციელებული გატარებისათვის მოსარჩელეს კომპენსაცია მიღებული აქვს 2012 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე. 2013 წლის თებერვლიდან დეკემბრის ჩათვლით გატარებისათვის კომპენსაციას ითხოვს პირველი სასარჩელო მოთხოვნით. სასამართლო ყოველივე აღნიშნულის უგულებელყოფით აკმაყოფილებს მხარის მოთხოვნასაც და კასატორს 346 ლარის ანაზღაურებას 2012-2013 წლებში წარმოშობილი ურთიერთობისათვის აკისრებს, რაც არასწორია. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ერთი მომსახურებისათვის კომპენსაციის ორჯერ გადახდის დაკისრებას, სასამართლო ამ ნაწილშიც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მოპასუხის სადავოდ გამხდარი გარემოებების უგულებელყოფით განმეორებით აკმაყოფილებს მოსარჩელის მოთხოვნას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით სს „ე.პ.ჯ.ს“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს „ე.პ.ჯ.ს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რადგანაც სადავო საკითხზე არსებობს სასამართლო პრაქტიკა და საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ნორმის განმარტება სრულადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში (იხ. სუსგ Nას-803-762-2013, 10 ოქტომბერი, 2014 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ე.პ.ჯ.ს“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს „ე.პ.ჯ.ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს N593 ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი 1476,84 ლარის 70% – 1033,788 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ე.პ.ჯ.ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ე.პ.ჯ.ს“ (ს/№.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს N593 ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი 1476,84 ლარის 70% – 1033,788 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური