№ას-1193-1138-2013 31 მარტი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ც. ჯ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ქონების უმკვიდროდ ცნობა, საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 23 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ც. ჯ-ემ მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ქ.ქუთაისში, ქ.№-ში მდებარე უძრავი ქონების უმკვიდროდ ცნობა და აღნიშნული ქონების მესაკუთრედ აღიარება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიცვალა სათანადო მოპასუხით – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოთი.
ამავე სასამართლოს 2013 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით:
1. ც. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. ქ.ქუთაისში, ... ქ.№...-ში მდებარე უძრავი ქონება ცნობილ იქნა უმკვიდრო ქონებად და იგი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ც. ჯ-ეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
2. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
3. ც. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
პრივატიზაციის ხელშეკრულების ასლით (რეესტრი №....) ირკვეოდა, რომ 1993 წლის 9 სექტემბერს კ. ვ-სა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს №... საბინაო საექსპლოატაციო უბნის წარმომადგენელეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №.... დადგენილების საფუძველზე, კ. ვ-ს პრივატიზაციის გზით, უსასყიდლოდ გადასცა ქ.ქუთაისში, ქ.№…-ში მდებარე უძრავი ქონება;
1993 წლის 9 სექტემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების ასლის მეორე გვერდზე გაკეთებულია შემდეგი სახის შენიშვნა: ქალაქის მერის 1994 წლის №... განკარგულების თანახმად, მერიის ტექბიუროს 01.03.98 წ. №.. მიმართვით (რიგი 24) გადაეცა: 1.ფორმა №.., 2.გეგმა, 3. ექსპლიკაცია, 4.სანოტ. ხელშეკრულება. სალიკვ. კომისიის თავ-რე: /ვ.ბ-ი/. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, პრივატიზაციის ხელშეკრულებაზე გაკეთებული შენიშვნის ავტორი – ვ.ბ-ი წარმოადგენდა კერძო ტექბიუროს უფროსს, რომელიც აგროვებდა და რეესტრში რეგისტრაციისათვის აგზავნიდა უფლების დამდგენ დოკუმენტებს;
ქ.ქუთაისის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით ქუთაისში, .... ……ს №....(... №........) მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში, კ. ვ-ის სახელზე ბინა №..-ზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი არ არის. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული მისამართის სააღრიცხვო ბარათში ბინა №...-ზე უფლება აღრიცხული არ არის;
სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის თანახმად, ც. ჯ-ე 1993 წლის 21 ოქტომბრიდან რეგისტრირებულია მისამართზე: ქ.ქუთაისში, ... ქ. №.....;
გარდაცვალების მოწმობის მიხედვით, კ. ვ-ი გარდაიცვალა 20...........;
სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2013 წლის 16 აპრილის №..... წერილით ირკვევა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივში ინახება ნოტარიუს პ.ბ-ის მიერ 1993 წლის 9 სექტემბერს დამოწმებული პრივატიზაციის ხეკლშეკრულება (რეესტრი №.........), თანდართული დოკუმენტებით;
სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2013 წლის 11 აპრილის №...... წერილით ირკვევა, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 2002 წლის 2 აგვისტოს გარდაცვლილი კ. ვ-ის დანაშთი ქონების თაობაზე;
ს.ფ. 28-ზე წარმოდგენილი 1993 წლის 12 მაისის ხელწერილით ირკვევა, რომ ც. ჯ-ემ კ.ე ვ-ან იყიდა საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ.ქუთაისში, ... ქ.№....-ში, რაშიც გადაიხადა 150000 მანეთი. კ.ვ-ი ვალდებული იყო ც.ჯ-ისათვის გაეფორმებინა აღნიშნული ბინა. გაფორმების ხარჯები უნდა გადაეხადა ც.ჯ-ეს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის, 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მოსარგებლე” არის პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისთვის კეთილსინდისიერად, ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით. აღნიშნული ნორმის თანახმად, მართლზომიერი მფლობელობისათვის
აუცილებელია, მოსარგებლეს ეს უფლება მიღებული ჰქონდეს მესაკუთრესთან დადებული გარიგების შედეგად, ან სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ ც. ჯ-ესა და კ. ვ-ს შორის, სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი ურთიერთობა მოწესრიგებულიყო „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით, აუცილებელი იყო, ამ უძრავ ქონებაზე კ. ვ-ვის საკუთრების უფლების დადგენა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 1515-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და გარიგებით განსაზღვრული უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში; საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებს ახორციელებდნენ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროები.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დღეისათვის მოქმედი საჯარო რეესტრი და საჯარო რეესტრის ჩამოყალიბებამდე არსებული ტექნიკური აღრიცხვის ბიუროები ერთსა და იმავე ფუნქციებს ახორიელებდნენ და ერთ-ერთ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკმარისია ამ უფლების დადგენისათვის. საქართველის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების მე-7 და მე-13 პუნქტების თანახმად, საცხოვრებელი სახლის (ბინის) მოქალაქისათვის საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება უნდა დადასტურდეს სანოტარო წესით და რეგისტრაციაში გატარდეს ადგილობრივი მმართველობის ორგანოში სამი თვის ვადაში სანოტარო წესით დადასტურების დღიდან. საცხოვრებელი სახლის (ბინის) საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან. შეძენილი ბინის მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლება ხორციელდება მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის ანალოგიურად.
ზემომითითებული ნორმების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავ ქონებაზე კ. ვ-ის საკუთრების უფლება დასადგენად, აუცილებელია ეს უფლება რეგისტრირებული იყოს ტექნიკური ბიუროს მონაცემებში, ან საჯარო რეესტრში. „რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ“, 2013 წლის 14 მარტის № …. ....... გადაწყვეტილებისა და პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მართალია, ქ.ქუთაისში, ...... №.... მდებარე უძრავი ქონება კ. ვ-ს პრივატიზაციის გზით უსასყიდლოდ გადაეცა, თუმცა ტექნიკური ბიუროს არქივში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (პრივატიზაციის ხელშკრულება) წარდგენილი არ ყოფილა და მასზედ კ. ვ-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ მომხდარა. უფრო მეტიც, ამ დრომდე ზემოაღნიშნული მისამართის სააღრიცხვო ბარათში ბინა №...-ზე უფლება აღრიცხული არ არის.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.ქუთაისში, ...№.... მდებარე უძრავი ქონება კ. ვ-ის საკუთრებას არ წარმოადგენდა და ამ ქონების გასხვისების უფლება მას არ გააჩნდა. შესაბამისად, ქ.ქუთაისში, .... №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე კ. ვ-სა და ც. ჯ-ეს შორის არსებული ფაქტობრივი ურთიერთობა არ გამომდინარეობდა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, ც. ჯ-ე არ წარმოადგენდა ამ კანონით განსაზღვრულ „მოსარგებლეს”, რომელმაც მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადო წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება.
სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უმკვიდროდ ითვლება ისეთი ქონება, რომელზეც არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან რომელსაც არც ერთი მემკვიდრე არ მიიღებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ ქ.ქუთაისში, ... №......-ში მდებარე უძრავი ქონება კ. ვ-ის საკუთრებას არ წარმოადგენდა. ამდენად, მისი გარდაცვალების შემდგომ, აღნიშნული ქონება კ. ვ-ს სამკვიდრო ქონებად ვერ მიიჩნეოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ქ.ქუთაისში, .... №.... მდებარე უძრავი ქონების უმკვიდრო ქონებად აღიარების თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ქ.ქუთაისში, ....№....-ში მდებარე უძრავი ქონება კ. ვ-ის საკუთრება არ იყო, ხოლო ც. ჯ-ე არ წარმოადგენდა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ იმ „მოსარგებლეს”, რომელმაც მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადო წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება, შესაბამისად, სარჩელის მოთხოვნა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარების შესახებ, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. ჯ-ემ.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
დავის გადაწყვეტისას სასამართლომ არ გამოიყენა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონი, რაც იმით დაასაბუთა, რომ სამკვიდრო ქონების ტექაღრიცხვის ბიუროში კ. ვ-ის საკუთრებაში რეგისტრაცია არ მომხდარა, თუმცა სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი პრივატიზაციის ხელშეკრულება მასზე არსებული მინაწერებით შეაფასა და ხელშეკრულების სიყალბეზე არ უმსჯელია. კ.ვ-ს დასახელებული ხელშეკრულების საფუძველზე უკვე გააჩნდა მესაკუთრის სტატუსი და მან, როგორც მესაკუთრემ, თავისი თანხმობით მოახდინა მყიდველის ც. ჯ-ის ბინაში ჩაწერა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მოსარჩელეს დააკისრა მტკიცების ტვირთი, კერძოდ, საჯარო რეესტრიდან იმ ინფორმაციის გამოთხოვა, რომ სადავო ბინაზე კ. ვ-ს უფლება რეგისტრირებული იყო, მაგრამ კასატორისათვის გაუგებარია, თუ ვინ და სად დაკარგა შესაბამისი დოკუმენტები, იგი არ არის პასუხისმგებელი მათ შენახვაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1993 წლის 9 სექტემბერს კ. ვ-სა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს №... საბინაო საექსპლოატაციო უბნის წარმომადგენელეს შორის დაიდო პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლითაც საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №….. დადგენილების საფუძველზე, კ. ვ-ს უსასყიდლოდ გადაეცა ქ.ქუთაისში, ... ქ.№...-ში მდებარე უძრავი ქონება;
1993 წლის 9 სექტემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების მეორე გვერდზე გაკეთებულია შემდეგი სახის შენიშვნა: ქალაქის მერის 1994 წლის №.... განკარგულების თანახმად, მერიის ტექბიუროს 01.03.98 წ. #... მიმართვით (რიგი 24) გადაეცა: 1.ფორმა №2, 2.გეგმა, 3. ექსპლიკაცია, 4.სანოტ. ხელშეკრულება. სალიკვ. კომისიის თავ-რე: /ვ.ბ-ი/. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, პრივატიზაციის ხელშეკრულებაზე გაკეთებული შენიშვნის ავტორი – ვ.ბ-ი იყო კერძო ტექბიუროს უფროსი, რომელიც აგროვებდა და რეესტრში რეგისტრაციისათვის აგზავნიდა უფლების დამდგენ დოკუმენტებს;
ქ.ქუთაისის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით - ქ.ქუთაისში, ..... №...-ში (... №....) მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში, კ. ვ-ს სახელზე ბინა №...-ზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი არ არის. ზემოაღნიშნული მისამართის სააღრიცხვო ბარათში ბინა №...-ზე უფლება აღრიცხული არ არის;
სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის თანახმად, ც. ჯ-ე 1993 წლის 21 ოქტომბრიდან რეგისტრირებულია მისამართზე: ქ.ქუთაისში, ... ქ. №....-ში;
გარდაცვალების მოწმობის მიხედვით, კ. ვ-ი გარდაიცვალა 20.....;
სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2013 წლის 16 აპრილის №..... წერილით ირკვევა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივში ინახება ნოტარიუს პ.ბ-ის მიერ 1993 წლის ……. დამოწმებული პრივატიზაციის ხეკლშეკრულება (რეესტრი №.....), თანდართული დოკუმენტებით;
სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2013 წლის 11 აპრილის №..... წერილით ირკვევა, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 2002 წლის 2 აგვისტოს გარდაცვლილი კ. ვ-ს დანაშთი ქონების თაობაზე;
ს.ფ. 28-ზე წარმოდგენილი 1993 წლის მაისის ხელწერილით ირკვევა, რომ ც. ჯ-ემ კ. ვ-საგან იყიდა საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ.ქუთაისში, .. ქ.№...-ში, რაშიც გადაიხადა 150000 მანეთი. კ.ვ-ი ვალდებული იყო ც.ჯ-ისათვის გაეფორმებინა აღნიშნული ბინა. გაფორმების ხარჯები უნდა გადაეხადა ც.ჯ-ეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო საჩივრით სადავოდ არაა გამხდარი, შესაბამისად, ეს გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ურთიერთობაზე არ ვრცელდება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონი, კერძოდ, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 იანვრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ მოწესრიგებას მოითხოვს (კანონის პირველი მუხლი).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სპეციალური მოწესრიგება უკავშირდება უშუალოდ ამ ურთიერთობების სპეციფიკას, კერძოდ, ურთიერთობებს, რომლებიც არსებობდა ზემოაღნიშნულ პერიოდში ფაქტის სახით, განსახილველმა კანონმა მიანიჭა იურიდიული მნიშვნელობა და დაუკავშირა მას კონკრეტული სამართლებრივი შედეგები.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული კანონით წესრიგდება არა ყველა ის ურთიერთობა, რაც უძრავი ნივთის თაობაზე დადებულ ფორმადაუცველ გარიგებასთანაა დაკავშირებული, არამედ მხოლოდ ისეთი, რომელიც მოითხოვდა სპეციალურ მოწესრიგებას.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის მონაწილენი ვალდებული იყვნენ დაეცვათ უძრავ ქონებაზე საკუთრების წარმოშობის იმ დროს მოქმედი წესები, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევებში ამ წესების დარღვევა უკავშირდებოდა გარკვეულ ობიექტურ გარემოებებს, რაც დამახასიათებელი იყო იმ დროს მოქმედი სამართლებრივი სივრცისათვის, კერძოდ, სამოქალაქო უფლებათა განხორციელება იმ დროს ბევრად იყო დამოკიდებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დანაწესებზე, რაც ხელს უშლიდა თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. ასეთ ვითარებაში ხშირად მხარეთა ურთიერთობა არ სცილდებოდა მათი ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის ფარგლებს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე იმის შესახებ, რომ 1993 წლის მაისის ხელწერილის მიხედვით, ც. ჯ-ემ კ. ვ-საგან იყიდა საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ.ქუთაისში, .... ქ.№.....-ში, რაშიც გადაიხადა 150000 მანეთი. კ.ვ-ი ვალდებული იყო ც.ჯ-ისათვის გაეფორმებინა აღნიშნული ბინა. გაფორმების ხარჯები უნდა გადაეხადა ც.ჯ-ეს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს ფორმადაუცველ გარიგებას, რაც მხარეებს შეეძლოთ აღერიცხათ იმ დროს მოქმედი წესების დაცვით, მაგრამ არ აღრიცხეს, რაც არ იყო დაკავშირებული ზემოაღნიშნულ ობიექტურ შეზღუდვებთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სადავო ურთიერთობა არ განეკუთვნება იმ ურთიერთობათა კატეგორიას, რომელიც ზემოაღნიშნული კანონით სპეციალურ მოწესრიგებას საჭიროებს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ურთიერთობა უნდა შეფასდეს 1964 წლის 26 დეკემბრის საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სადავო ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს ამ კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტებით, რაც წარმოადგენდა ამ ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლებრივ საფუძველს. 1964 წლის 26 დეკემბრის საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 48-ე მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება. ამავე მუხლის მეორე აბზაცის თანახმად, ბათილი გარიგების თითოეული მხარე მოვალეა, დაუბრუნოს მეორე მხარეს ყველაფერი, რაც გარიგებით მიიღო, ხოლო, როცა მიღებულის ნატურით დაბრუნება შეუძლებელია, აუნაზღაუროს მისი ღირებულება ფულით, თუ კანონში არ არის გათვალისწინებული გარიგების ბათილობის სხვა შედეგები (ზემოხსენებული განმარტება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (იხ. წ., საქმე №ას-174-164-2011-ნ-ი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3-ე და 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ოქტომბრის განჩინება;
3. კასატორი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე