საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 ივლისი, 2015 წელი
საქმე №ას-120-112-2015 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ნინო ბაქაქური, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – შპს „ს. ს. დ. ც-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ს-ა (მოსარჩელე)
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 16 მარტის განჩინებაში და სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ს-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს. ს. დ. ც-ის“ მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს „ს. ს. დ. ც-ის“ დირექტორის 2013 წლის 5 აპრილის №..... ბრძანება დ. ს-ას გათავისუფლების შესახებ. დ. ს-ა აღდგენილ იქნა შპს „ს. ს. დ. ც-ის“ დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. მოპასუხე შპს „ს. ს. დ. ც-ის დ.ს-ას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება თვეში ხელზე ასაღები 2080 ლარის ოდენობით 2013 წლის 5 აპრილიდან სამსახურში აღდგენის დღემდე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს. ს. დ. ც-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა საქალაქო სამართლოს გადაწყვეტილება დ.ს-ას სამსახურში აღდგენისა და მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „ს. ს. დ. ც-ის“ დ. ს-ას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება თვეში ხელზე ასაღები 2080 ლარის ოდენობით 2013 წლის 5 აპრილიდან 2014 წლის 27 მაისამდე. დ. ს-ას სარჩელი, შპს „ს. ს. დ. ც-ს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. ს. დ. ც-მა“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის განჩინებით შპს „ს. ს. დ. ც-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 30 დეკემბერს N.... საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი. აღნიშნული განჩინების საფუძველზე, 2015 წლის 30 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების ნაწილში.
2015 წლის 22 ივლისს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ს. ს. დ. ც-ის“ ლიკვიდატორმა მ. კ-ამ და მოითხოვა განჩინებასა და სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ, საიდენტიფიკაციო კოდის #........“ #.....“ გასწორება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების შესწავლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „ს. ს. დ. ც-ის“ ლიკვიდატორის მ.კ-ას განცხადება და 2015 წლის 16 მარტის განჩინებასა და მის საფუძველზე 2015 წლის 30 აპრილს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში უნდა გასწორდეს უსწორობა შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის განჩინებით შპს „ს. ს. დ. ც-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ...., მიმღების ანგარიშის №...., სახაზინო კოდი ...) დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 30 დეკემბერს №.... საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარი.
საკასაციო პალატის მიერ 2015 წლის 30 აპრილს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი. განჩინებასა და სააღსრულებო ფურცელში კასატორის საიდენტიფიკაციო კოდად მიეთითა „....“, სინამდვილეში კი, შპს „ს. ს. დ. ც-ის“ საიდენტიფიკაციო კოდია “....“.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უსწორობის გასწორების საკითხის სასამართლო სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
ამასთანავე, რადგანაც საპროცესო კანონმდებლობა სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების შესაძლებლობას პირდაპირ არ ითვალისწინებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ანალოგიის წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლზე დაყრდნობით, რადგანაც, ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გასწორდეს ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში დაშვებული უსწორობა, განჩინებაში მითითებული საიდეტიფიკაციო კოდი „...“ გასწორდეს „....-ით“. რაც შეეხება ამ განჩინების საფუძველზე 2015 წლის 30 აპრილს გაცემულ სააღსრულებო ფურცელს, პალატა თვლის, რომ სააღსრულებო ფურცელში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში ნაცვლად „საიდენტიფიკაციო კოდი №....-ისა“ უნდა მიეთითოს „საიდენტიფიკაციო კოდი „..“. მოცემული სააღსრულებო ფურცელი უნდა დაერთოს საქმეს, ხოლო მის ნაცვლად გაცემულ უნდა იქნას ახალი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის განჩინებასა და ამ განჩინების საფუძველზე 2015 წლის 30 აპრილს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობანი.
2. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში მითითებული „საიდენტიფიკაციო კოდი №.....“ გასწორდეს „საიდენტიფიკაციო კოდით „....“. 2015 წლის 30 აპრილს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში მითითებული „საიდენტიფიკაციო კოდი №.....“ გასწორდეს „საიდენტიფიკაციო კოდით „........“.
3. 2015 წლის 30 აპრილის №..... სააღსრულებო ფურცელი დაერთოს საქმეს, ხოლო მის ნაცვლად გაცემულ იქნას ახალი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
პ. ქათამაძე