Facebook Twitter

№ ას-1207-1149-2014 9 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპა „ყ. ს. ი-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ. მ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ყ. ს. ი-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ. მ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა: მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის, კერძოდ, მოსარჩელისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის – 22 981.26 აშშ დოლარის და ასევე, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, შპა „მ. ე-ის“ მიერ დაკისრებული საჯარიმო სანქციების – 31141.00 აშშ დოლარის, გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ადვოკატის ასანაზღაურებელი ჰონორარის – 11029 აშშ დოლარის, ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი - 2606.08 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 1954.56 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 13 სექტემბერს შპა „ყ. ს. ი-სა“ და შპს „ჯ. მ-ს“ შორის დაიდო ენერგეტიკულად გამდიდრებული ნახშირის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება №.../.../.../გრ, რომლის თანახმად, შპა ,,ყ. ს. ი-მა’’ აიღო პასუხისმგებლობა, შპს ,,ჯ. მ-ისათვის’’ მიეწოდებინა ენერგეტიკულად გამდიდრებული ნახშირი, მარკა კო, კლასი 13-50, რისთვისაც შპს ,,ჯ. მ-ს’’ უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის საფასური. ხელშეკრულებით განისაზღვრა პროდუქციის საერთო რაოდენობა – 3072 ტონა ნახშირი. მყიდველს 1 ტონა ნახშირისთვის უნდა გადაეხადა 175 აშშ დოლარი აკრედიტივის მეშვეობით. ხელშეკრულების საერთო თანხა შედაგენდა 537600.00 აშშ დოლარს. თავის მხრივ, შპს „ყ. ს. ი-მა“ ხელშეკრულება დადო საექსპედიტორო (გადამზიდველ) კომპანიასთან – შპს „მ.-ე-თან“, რომელსაც უნდა უზრუნველეყო მოძრავი შემადგენლობის (სარკინიგზო ნახევარვაგონები) ნახშირის ჩატვირთვისა და გადაზიდვის მომსახურება მყიდველისათვის ტვირთის მიწოდების მიზნით ზესტაფონის სარკინიგზო სადგურში. დნეპროპეტროვსკის „პ-ის“ მიერ წარმოდგენილ აკრედიტივზე შპა „ყ. ს. ი-მა“ თანხმობა განაცხადა 2012 წლის 4 ოქტომბერს. ნახშირი შპს „მ-ისათვის“ მიწოდებულ იქნა ორჯერ - 2012 წლის 25 ოქტომბერს და 2012 წლის 29 ოქტომბერს – 768-768 ტონა, რომელთა ღირებულებაც შედგენდა 134 400 – 134 000 აშშ დოლარს, ანუ საერთო ჯამში 268 800 აშშ დოლარს. შპს „ჯ. მ-მა“ საქონელი მიიღო უპირობოდ. ცარიელი სარკინიგზო ვაგონები გაიგზავნა შპს „ჯ. მ-ის“ მიერ დანიშნულების სადგურში, ვაგონების მფლობელის ინსტრუქციების თანახმად. პროდუქციის მიწოდების მიუხედავად, მყიდველმა არ გადაიხადა ხელშეკრულებით ნაკისრი საფასური ყოველი გადმოტვირთული პარტიისთვის. 2012 წლის 8 ნოემბერს შპს ,,ჯ. მ-ს’’ პ-ის მიერ გაეგზავნა წერილი №..., როლითაც ადრესატს აძლევდნენ უფლებას, გაეხსნათ დებეტი 268,800.00 აშშ დოლარის ოდენობით, რათა განეხორციელებინათ გადახდა შპს ,,ყ. ს. ი-ის’’ სასარგებლოდ. მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, შპს „ჯ. მ-მა“ ხელშეკრულებით ნაკისრო ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც, შპა „ყ. ს. ი-ის“ მიერ შპს „მ.-ე-ის“ მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულება შეუძლებელი გახდა, კერძოდ, არშემდგარი გადაზიდვების გამო, ვაგონები სადგურზე გაცდა. ამასთან, შეფერხდა ვაგონების გადმოტვირთვა ზესტაფონში. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2013 წლის 21 იანვარს შპა „მ. ე-ის“ დირექტორმა წინასასამართლო პრეტენზიით მიმართა შპს „ყ. ს. ი-ს“ და მოითხოვა საჯარიმო სანქციის დაკისრება. შპა „ყ. ს. ი-ის“ დირექტორმა 2012 წლის 29 იანვარს №.. წერილით მიმართა შპს „ჯ. მ-ის“ დირექტორს და მოითხოვა მიწოდებული გამდიდრებული ქვანახშირის ღირებულებისა და შპა „მ.-ე-ის“ მიერ დადგენილი გადახდის გადაცილებისათვის საჯარიმო სანქციების ანაზღაურება 302 118.00 აშშ დოლარის ოდენობით. ამასთან სარჩელი აღძრა სასამართლოში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ნაწილში, ხოლო ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან იმ დროისათვის ზიანი დამდგარად არ ჩაითვალა. მხოლოდ 2013 წლის 4 ოქტომბერს გადაურიცხა შპა „ყ. ს. ი-მა“ დაკისრებული ჯარიმა – 31 141.26 აშშ დოლარი შპს „მ.-ე-ს“.

მოსარჩელის მითითებით, მხარეებს შორის №.../.../...გრ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად, გაიხსნა საბანკო აკრედიტივი, რაც, თავის მხრივ, შპა „ყ. ს. ი-ს“ სახელმწიფო ბანკის წინაშე აკისრებდა გარკვეულ ფულად ვალდებულებებს, რომელიც უნდა გადახდილიყო მითითებული ხელშეკრულების შესრულების შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან. ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სარჩელის განხილვის ეტაპზე, ყაზახეთის რესპუბლიკაში 2013 წლის 31 მაისს აღიძრა ადმინისტრაციული სამართალწარმოება სახელმწიფო ბანკის მიერ შპა „ყ. ს. ი-ის“ წინააღმდეგ თავის დროზე შეუსრულებელი ვალდებულებებისათვის ჯარიმის დაკისრების თაობაზე. შპა „ყ. ს. ი-ი“ ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ დამდგარი ზიანი მომდინარეობდა შპს „ჯ. მ-ის“ მხრიდან შპა „ყ. ს. ი-ის“ ნებისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რისთვისაც მტკიცებულების სახით წარდგენილ იქნა ინფორმაცია, რომ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა აღნიშნული ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო სამართალწარმოება შპს „ჯ. მ-ის“ მიმართ, მაგრამ ეს არგუმენტი არ გაიზიარა ყაზახეთის რესპუბლიკის ქ. ყარაგანდის სპეციალიზებული სარაიონთაშორისო ადმინისტრაციულმა სასამართლომ და შპა „ყ. ს. ი-ი“ დააჯარიმა 2462000 ტეგეს ოდენობით, რაც ყაზახეთის ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული კურსის მიხედვით, შეადგენდა 22981.9 აშშ დოლარს, რითაც შპა „ყ. ს. ი-ს“ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპა „ყ. ს. ი-მა“ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.

შპს „ჯ. მ-მა“ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ვაგონების მოცდენის, არშემდგარი გადაზიდვებისა და ცარიელი ვაგონების დაუბრუნებლობის ფაქტი, შესაბამისად, მათ დადგომაში მოპასუხის ბრალეულობა ზიანის ოდენობისა და კანონიერების უტყუარობა, ასევე, ის გარემოება, რომ მან ყველა ღონე იხმარა ზიანის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად. მოსარჩელემ ასევე ვერ დაადასტურა, რომ ზიანი დადგა მის მიერ შპა „მ.-ე-თან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, საჯარიმო სანქციების გადახდის გამო. ამასთან, მან ვერ დაამტკიცა საჯარიმო სანქციების კანონიერი ოდენობა და წარმომავლობა, კერძოდ, დაკისრებული საჯარიმო სანქციის თანხები არ შეესაბამება შპა „მ.-ე-სა“ და მოსარჩელეს შორის გაფორმებულ საექსპედიციო ხელშეკრულების პირობებს. მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას ვაგონების მოცდენის, არშემდგარი გადაზიდვებისა და ცარიელი ვაგონების დაბრუნებისათვის, მაგრამ მტკიცებულება, სად მოცდნენ ვაგონები, რა პერიოდით გაგრძელდა მოცდენა, რაში და რა პერიოდით გამოიხატა არშემდგარი გადაზიდვა, საიდან განხორციელდა ცარიელი ვაგონების დაბრუნება, ასევე, რომ ვაგონები განკუთვნილი იყო მოპასუხისათვის, მოსარჩელეს არ წარმოდუგენია. იგი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას, ვალდებული იყო, დაემტკიცებინა ზიანის დადგომის ფაქტი, ზიანის გამომწვევი მიზეზები, სამართლებრივი საფუძვლები და ამ ზიანთან მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო პირდაპირი კავშირი. ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ ექსპედიტორ კომპანიას გადაუხადა თანხა, გამოწვეულია მოსარჩელის არამართლზომიერი ქმედების შედეგად. ასევე, არ დგინდება მოპასუხის ბრალეულობა შპა „ყ. ს. ი-ის“ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ფაქტთან დაკავშირებით. მოსარჩელეს ადმინისტრაციული სახდელი იმიტომ დაედო, რომ მან დროულად არ წარადგინა ყაზახეთის სახელმწიფო ორგანოების მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, რის საფუძველზეც, მოხდებოდა რეპატრიაციის ვადების გაგრძელება. მოპასუხის აზრით, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა აღსრულებაზე გაწეული ხარჯის ნაწილში, რადგან არ დასტურდება რაიმე მტკიცებულებით.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით შპა ,,ყ. ს. ი-ის’’ (ს/კ .....) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე შპს ,,ჯ. მ-ს’’ (ს/კ .....) მოსარჩელე შპს ,,ყ. ს. ი-ის’’ (ს/კ .....) სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის, კერძოდ, მოსარჩელისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის - 22 981.26 (ოცდაორიათას ცხრაასოთხმოცდაერთი დოლარი და ოცდაექვსი ცენტი) აშშ დოლარის გადახდა; მოსარჩელე შპა ,,ყ. ს. ი-ის’’ (ს/კ .....) სასარჩელო მოთხოვნა - მოპასუხე შპს ,,ჯ. მ-ისათვის’’ (ს/კ .....) შპა ,,მ. ე-ის’’ მიერ დაკისრებული საჯარიმო სანქციების - 31141.00 (ოცდათერთმეტი ათას ასორმოცდაერთი) აშშ დოლარის ანაზღაურებაზე არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე შპა ,,ყ. ს. ი-ის’’ (ს/კ .....) სასარჩელო მოთხოვნა - მოპასუხე შპს ,,ჯ. მ-ისათვის’’ (ს/კ .....) გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ადვოკატის ასანაზღაურებელი ჰონორარის - 11029 (თერთმეტიათასოცდაცხრა) აშშ დოლარის დაკისრებაზე არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე შპა ,,ყ. ს. ი-ის’’ (ს/კ .....) სასარჩელო მოთხოვნა - მოპასუხე შპს ,,ჯ. მ-ისათვის’’ (ს/კ .....) ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის - 2606.08 (ორიათას ექვსასექვსი აშშ დოლარი და რვა ცენტი) აშშ დოლარის დაკისრებაზე არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს ,,ჯ. მ-ს’’ (ს/კ .....) მოსარჩელე შპა ,,ყ. ს. ი-ის’’ (ს/კ .....) სასარგებლოდ დაეკისრა წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 1198,73 (ერთიათას ასოთხმოცდათვრამეტი ლარი და სამოცდაცამეტი თეთრი) ლარის გადახდა, ხოლო დარჩენილი 2199.67 (ორიათას ასოთხმოცდაცხრამეტი ლარი და სამოცდაშვიდი თეთრი) ლარი დარჩა ბიუჯეტში (საგადახადო დავალება №1, გადახდის თარიღი 11 მარტი, 2014 წელი, სახაზინო კოდი 300193150).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

შპს ,,ჯ. მ-მა“ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

შპა ,,ყ. ს. ი-მა” სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ. მ-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; შპა ,,ყ. ს. ი-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს ,,ჯ. მ-ს” მოსარჩელე შპა ,,ყ. ს. ი-ის” სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის, კერძოდ, მოსარჩელისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის - 22 981,26 აშშ დოლარის გადახდა, ასევე შპს ,,ჯ. მ-ს” დაეკისრა შპა ,,ყ. ს. ი-ის” სასარგებლოდ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1198,73 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი; შპა ,,ყ. ს. ი-ს” შპს ,,ჯ. მ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 1614 ლარის და 75 თეთრის გადახდა-სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი;

პალატის აზრით, შპს ჯ. მ-ის” სააპელაციო მოთხოვნა, რომლითაც იგი ითხოვდა გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმებას, რომლითაც შპს ,,ჯ. მ-ს” მოსარჩელე შპა ,,ყ. ს. ი-ის” სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის, კერძოდ, მოსარჩელისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის - 22 981,26 აშშ დოლარის გადახდა, ასევე. შპა ,,ყ. ს. ი-ის” მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1198,73 ლარის გადახდა, საფუძვლიანი იყო და დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა შემდეგ გარემოებათა გამო:

2013 წლის 31 მაისს ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ყარაგანდის ფილიალის დირექტორმა წერილით მიმართა შპა ,,ყ. ს. ი-ს’’ სავალუტო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნების არსებობასთან დაკავშირებით და მოსთხოვა ინფორმაციისა და მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც გავლენას ახდენდნენ №.../.../.../გრ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობებსა და ვადებზე. წერილობითი პასუხის წარდგენისათვის ადრესატს განესაზღვრა 10 კალენდარული დღე;

2013 წლის 11 ივნისს №86 წერილით შპა ,,ყ. ს. ი-მა’’ ეროვნული ბანკის ყარაგანდის ფილიალს წარუდგინა ბანკის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია და დოკუმენტები 59 ფურცლად;

ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ყარაგანდის ფილიალმა მიიჩნია, რომ წარდგენილ დოკუმენტებში არ არსებობდა სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც შექმნიდნენ კანონით გათვალისწინებულ საფუძველს უცხოური ვალუტის რეპატრიაციის ვადის გახანგრძლივებისათვის, რის გამოც ბანკმა შპა ,,ყ. ს. ი-ის’’ მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №..././../...;

2013 წლის 11 სექტემბერს ყარაგანდის სპეციალიზირებული სარაიონთაშორისო ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დადგენილება შპა ,,ყ. ს. ი-ის’’ 3462000 ტენგეს ოდენობით (ყაზახეთის ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული კურსის მიხედვით 150,64 ტენგე=1 აშშ დოლარს), რაც შეადგენს 22981,9 აშშ დოლარს, დაჯარიმების შესახებ, ვინაიდან მის მიერ არ იქნა შესრულებული 268800,00 აშშ დოლარის რეპატრიაციის მოთხოვნა 2013 წლის 23 აპრილის ჩათვლით, რეპატრიაციის ვადამდე.

სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ შპა "ყ. ს. ი-მა" წარადგინა ეროვნული ბანკის ფილიალის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია და ამის მტკიცებულებად არასწორად მიუთითა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე №..../../../.... პალატის აზრით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არ შეესაბამება რეალობას, კერძოდ, შპა "ყ. ს. ი-მა" 2013 წლის 12 ივნისს ნამდვილად წარუდგინა გარკვეული სახის ინფორმაცია ეროვნული ბანკის ფილიალს, როგორც ეს აღნიშნულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში, მაგრამ ოქმში არ არის მითითება იმის შესახებ, რომ ეს ინფორმაცია იყო იმ მოცულობის და იმ შინაარსის, რომელსაც ითხოვდა ეროვნული ბანკის ფილიალი ან მოქმედი კანონმდებლობა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის მე-3 პუნქტის მე-6 აბზაცზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპა „ყ. ს. ი-მა" არ წარადგინა დოკუმენტები, რომლებსაც ითხოვდა ბანკი და ყაზახეთის მოქმედი კანონმდებლობა; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში განხილულია ის დოკუმენტები, რომლებიც წარადგინა შპა "ყ. ს. ი-მა" და იგი შემოიფარგლება მხარეებს შორის გაფორმებული ნახშირის ნასყიდობის ხელშეკრულებით და აკრედიტივის პირობებით; შპა „ყ. ს. ი-ი" ვალდებული იყო, სხვა ინფორმაციებთან ერთად, მიეწოდებინა ბანკისთვის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში იხილებოდა მხარეებს შორის დავა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შესახებ (შპა „ყ. ს. ი-მა" ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა 2013 წლის 1 მაისს);

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ყაზახეთის მოქმედი კანონმდებლობა რეპატრიაციის ვადის გაგრძელების საფუძვლად განიხილავს სასამართლო გადაწყვეტილებას (№42 წესების მე-5 პუნქტის მეორე ქვეპუნქტი), შესაბამისად შპა "ყ. ს. ი-ი" ვალდებულია იყო, წარედგინა ბანკში ინფორმაცია მხარეებს შორის არსებულ სასამართლო დავასთან დაკავშირებით, ვინაიდან ბანკის მიერ ინფორმაციის გამოთხოვის მომენტში მოპასუხეს უკვე შეტანილი ჰქონდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სარჩელი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იყო დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ შპა "ყ. ს. ი-მა" წარადგინა ბანკში ის ინფორმაცია, რაც იყო ბანკის მიერ მოთხოვნილი და აუცილებელი.

პალატის აზრით, არასწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ თითქოს შპა "ყ. ს. ი-მა" ყაზახეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულება ვერ შეასრულა შპს „ჯ. მ-ის" მიერ პროდუქციის ღირებულების გადაუხდელობის შედეგად, რის გამოც, შპა „ყ. ს. ი-ზე" დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმა 22981,9 აშშ დოლარი წარმოადგენს ზიანს, რაც მოსარჩელეს მიადგა შპს „ჯ. მ-ის" ბრალეულობით.

პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ, რეალურად, ყარაგანდის სასამართლომ დააჯარიმა შპა „ყ. ს. ი-ი" არა იმ მიზეზით, რომ შპს „ჯ. მ-მა" დროულად არ გადაუხადა მას კუთვნილი თანხები, არამედ იმიტომ, რომ შპა „ყ. ს. ი-მა" ვერ წარადგინა შესაბამისი საბუთები და ინფორმაცია, რომელიც აუცილებელი იყო რეპატრიაციის ვადის გადაწევისთვის. რეპატრიაციის ვადის გადაწევის შემთხვევაში, იმისდა მიუხედავად, გადაუხდიდა თუ არა შპს „ჯ. მ-ი" ნახშირის საფასურს შპა „ყ. ს. ი-ს", ამ უკანასკნელს გადაწეულ ვადებში, არანაირი ფინანსური პასუხისმგებლობა ყაზახეთის ბანკის მხრიდან არ დაეკისრებოდა.

პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად არ მიიჩია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, საქმისათვის მნიშვნელოვანი და შპს „ჯ. მ-ის" მიერ მითითებული ის ფაქტი, რომ ყარაგანდის სპეციალიზირებული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2014 წლის 11 სექტემბერს და მისი გასაჩივრების ვადა იყო 10 დღე, ამავე დროს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2013 წლის 17 სექტემბერს;

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებული იყო გაესაჩივრებინა ყარაგანდის სპეციალიზირებული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიეთითებინა, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების გადახდის პირობები. ამ შემთხვევაში, ყარაგანდის სასამართლო ვალდებული იქნებოდა დაეკმაყოფილებინა რეპატრიაციის ვადის გაგრძელება;

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ მოპასუხემ თავისი უფლება - არ გაესაჩივრებინა ყარაგანდის სპეციალიზირებული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, გამოიყენა არამართლზომიერად და მისი უმოქმედობის მიზანი იყო, შემდგომში საქართველოს სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით, მოეთხოვა შპს „ჯ. მ-ისთვის" ზიანის ანაზღაურების საფუძვლით, მასზე დაკისრებული ჯარიმების გადახდა;

სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა, სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენდა მიუღებელი შემოსავალის ანაზღაურება;

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით, გაიზიარა აპელანტ შპს ,,ჯ. მ-ის” წარმომადგენლების პოზიცია და განმარტა, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, არც ხელშეკრულების გაფორმებამდე საქმიანი მოლაპარაკების დროს, არც ხელშეკრულების გაფორმებისას და არც მისი გაფორმების შემდგომ, არანაირი ინფორმაცია რეპატრიაციასთან და მასთან დაკავშირებულ ფინანსურ სანქციებზე შპა „ყ. ს. ი-ს" შპს „ჯ. მ-ისთვის" არ მიუწოდებია;

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში მოქმედი რეგულაცია უცხოურ ვალუტის მიმოქცევასთან დაკავშირებით, განსხვავებულია საქართველოს კანონმდებლობისგან, შესაბამისად, აპელანტისთვის ხელშეკრულების დადების მომენტში ნამდვილად ვერ იქნებოდა სავარაუდო სახელმწიფოს მხრიდან შპა „"ყ. ს. ი-ისათვის" აღნიშნული ჯარიმების დაკისრების შესაძლო რისკის შესახებ.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლზე და კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებების საფუძველზე, დაადგინა, რომ შპა „ყ. ს. ი-ს" არცერთ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია შპს „ჯ. მ-ისთვის" რეპატრიაციასთან დაკავშირებით (თვით რეპატრიაციის განხორციელების ვალდებულება, ინფორმაცია რეპატრიაციის მოქმედების ვადების შესახებ, პასუხისმგებლობა რეპატრიაციის პირობების დარღვევაზე და ა.შ), რომ აპელანტს მისცემოდა საშუალება განეხორციელებინა შესაბამისი ქმედებები, რომ არ დარღვეულიყო ყაზახეთის რესპუბლიკის კანონმდებლობა და, შესაბამისად, არ დამდგარიყო ფინანსური სანქციების გატარების აუცილებლობა.

ასევე უდავოდ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხემ არ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა ის საშუალება, რაც უნდა გამოეყენებინა ზიანის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად, კერძოდ:

ა) ხელშეკრულების გაფორმებისას შპს „ჯ. მ-ისთვის" უცნობი იყო ის ვალდებულებები, რომლებიც დაკავშირებული იყო რეპატრიაციასთან და მოპასუხე მხარეს მათზე ინფორმაცია არ მიუწოდებია;

ბ) მოპასუხეს არ შეუტყობინებია შპს „ჯ. მ-ისთვის" ყარაგანდის ბანკის მიერ 2013 წლის 31 მაისის წერილის შესახებ, რომლითაც ბანკი სთხოვდა მოპასუხეს გარკვეული სახის დოკუმენტაციის და ინფორმაციის წარდგენას, ვინაიდან იკვეთებოდა ნიშნები მოპასუხის მხრიდან ყაზახეთში მოქმედი სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევაზე, რაც პირდაპირ კავშირში იყო შპს „ჯ. მ-თან" გაფორმებულ ხელშეკრულებასთან;

გ) მოპასუხეს არ შეუტყობინებია ყარაგანდის ბანკის მიერ 2013 წლის 27 ივნისს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის შესახებ, რაც ასევე პირდაპირ კავშირში იყო შპს „ჯ. მ-თან" გაფორმებულ ხელშეკრულებასთან;

დ) მოპასუხეს არ შეუტყობინებია ყარაგანდის სპეციალიზირებული სასამართლოში საქმის წარმოების დაწყების შესახებ, რაც ასევე პირდაპირ კავშირში იყო შპს „ჯ. მ-თან" გაფორმებულ ხელშეკრულებასთან;

ე) მოპასუხემ არ გაასაჩივრა ყარაგანდის სპეციალიზირებული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო 2013 წლის 11 სექტემბერს და გასაჩივრების ვადას წარმოადგენდა 10 დღე. ამავე დროს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში 2013 წლის 17 სექტემბერს დამთავრდა სასამართლო წარმოება და ყარაგანდის სპეციალიზირებული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, ზესტაფონის სასამართლო გადაწყვეტილება გახდებოდა საფუძველი ადმინისტრაციული სახდელის გაუქმებისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ყარაგანდის სასამართლოს მიერ მოპასუხეზე ჯარიმის დაკისრება გამოწვეული იყო შპა „ყ. ს. ი-ის“ არამართლზომიერი ქმედებებით (არასწორი მოქმედებით და ასევე ხშირ შემთხვევებში უმოქმედობით), შესაბამისად, იკვეთებოდა მოპასუხის ბრალეულობის მაღალი ხარისხი მისთვის ზიანის დადგომაში და, ამდენად, სსკ-ის 415-ე მუხლის მიხედვით, შპს „ჯ. მ-ს” არ ეკისრებოდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან გადაწყვეტილება უკანონო იყო, შპს ,,ჯ. მ-ისათვის” შპა ,,ყ. ს. ი-ის” სასარგებლოდ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის, კერძოდ, მოსარჩელისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის - 22 981,26 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, იგი ამ ნაწილში უნდა გაუქმებულიყო და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. შესაბამისად, გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს ,,ჯ. მ-ს” შპა ,,ყ. ს. ი-ს” სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 1198,73 ლარის ანაზღაურება სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, უნდა გაუქმებულიყო.

რაც შეეხება შპა ,,ყ. ს. ი-ის” სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, პალატამ მიიჩნია, რომ უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებები შპა ,,ყ. ს. ი-ის” სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, (მოპასუხე შპს ,,ჯ. მ-ისათვის’’ (ს/კ ...) შპა ,,მ. ე-ის’’ მიერ დაკისრებული საჯარიმო სანქციების - 31141.00 (ოცდათერთმეტი ათას ასორმოცდაერთი) აშშ დოლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში) და დამატებით განმარტა შემდეგი:

2012 წლის 13 სექტემბერს შპა ,,ყ. ს. ი-სა’’ და შპს ,,ჯ. მ-ს’’ შორის დაიდო ენერგეტიკულად გამდიდრებული ნახშირის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება № .../.../.../გრ, რომლის თანახმად, შპა ,,ყ. ს. ი-მა’’ აიღო პასუხისმგებლობა, მიეწოდებინა შპს ,,ჯ. მ-ისათვის’’ ენერგეტიკულად გამდიდრებული ნახშირი, მარკა კო, კლასი 13-50, რისთვისაც შპს ,,ჯ. მ-ს’’ უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის საფასური;

შპა ,,ყ. ს. ი-ს’’ დადებული ჰქონდა №38 ხელშეკრულება (30.07.2012 წ.) ექსპედიტორ (გადამზიდველ) კომპანიასთან შპა ,,მ.-ე-თან’’. შპს ,,ჯ. მ-თან’’ დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით, ექსპედიტორთან დადებულ ხელშეკრულებას 01.10.2012 წელს დაემატა დანართი №1, რომლითაც მხარეები შეთანხმდენ ტვირთის გადაზიდვაზე ზესტაფონის მიმართულებით;

ქვანახშირის მიწოდების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, თავის მხრივ, შპს ,,ჯ. მ-ის’’ მიერ „პ-თან“ დაიდო აკრედიტივის გახსნის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნულ აკრედიტივზე შპა ,,ყ. ს. ი-ის’’ დირექტორმა ვ. ი-მ 2012 წლის 4 ოქტომბერს წერილობითი თანხმობა გაუგზავნა ქ. ყარაგანდის სს ,, ბ. ც. კ-ის ’’ ფილიალს;

შპა ,,ყ. ს. ი-მა’’ შპს ,,ჯ. მ-ს’’ გაუგზავნა და 2012 წლის 25 ოქტომბერს, გამოწერილი ანგარიშფაქტურის მიხედვით გადმოტვირთულ იქნა 768 ტონა ნახშირი, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 134400,00 აშშ დოლარს. 2012 წლის 29 ოქტომბერს შედგენილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, გადმოტვირთული იყო ასევე 768 ტონა ნახშირი, რომლის საერთო ღირებულება ასევე შეადგენდა 134400,00 აშშ დოლარს. საქონელი შპს ,,ჯ. მ-ის’’ მიერ მიღებული იქნა უპირობოდ, მთლიანად განბაჟებული, გადმოტვირთული საწყობში და მიღებული საკუთრებაში;

2012 წლის 8 ნოემბერს შპს ,,ჯ. მ-ს’’ პ-ის მიერ გაეგზავნა წერილი №..., როლითაც ადრესატს აძლევდნენ უფლებას გაეხსნათ დებეტი 268,800.00 აშშ დოლარის ოდენობით, რათა განეხორციელებინათ გადახდა შპა ,,ყ. ს. ი-ის’’ სასარგებლოდ;

შპა ,,ჯ. მ-მა’’ შპა ,,ყ. ს. ი-ს’’ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ გადაუხადა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება, რის გამოც შპა ,,ყ. ს. ი-მა’’ უარი თქვა ხელშეკრულებაზე და შპს ,,ჯ. მ-ს’’ აღარ გაუგზავნა დარჩენილი პროდუქცია;

2013 წლის 21 იანვარს შპა ,,ყ. ს. ი-მა’’ მიიღო წინასასამართლო პრეტენზია ექსპედიტორ შპა ,,მ.-ე-სგან’’, რომლითაც ითხოვდნენ ჯარიმების გადახდას ვაგონების გაცდენისათვის, არშემდგარი გადაზიდვებისა და ცარიელი ვაგონების დაბრუნებისათვის, რაც შეადგენს 31141.00 აშშ დოლარს;

შპა ,,ყ. ს. ი-ის’’ დირექტორმა 2012 წლის 29 იანვრის №.. წერილით მიმართა შპს ,,ჯ. მ-ის’’ დირექტორს - ვ.ლ-ს და მოითხოვა მიწოდებული გამდიდრებული ქვანახშირისა და შპა ,,მ. ე-ის’’ მიერ დადგენილი გადახდის გადაცილებისათვის საჯარიმო სანქციების ანაზღაურება, სულ 302118,0 აშშ დოლარის ოდენობით;

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპა ,,ყ. ს. ი-ის’’ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს ,,ჯ. მ-ს’’ შპა ,,ყ. ს. ი-ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა მიწოდებული ქვანახშირის ღირებულების 268 800 აშშ დოლარის გადახდა; ასევე ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის პირგასამტეხლოს გადახდა, კერძოდ, 2013 წლის 1 იანვრიდან ყოველდღიურად პროდუქციის ღირებულების - 268 800 (ორას სამოცდარვა ათას რვაასი) აშშ დოლარის 0.01 %-26 აშშ დოლარი და 80 ცენტი გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს - 13 440 (ცამეტი ათას ოთხასორმოცი) აშშ დოლარისა. შპა ,,ყ. ს. ი-ის’’ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შპს ,,ჯ. მ-ისათვის’’ ზიანის თანხის 31 141 აშშ დოლარის დაკისრებაზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ ზიანი იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ ჩათვალა ფაქტობრივად დამდგარ გარემოებად;

შპა ,,ყ. ს. ი-მა’’ ექსპედიტორ შპა ,,მ.-ე-ს’’ გადაუხადა მის მიერ წინასასამართლო პრეტენზიით მოთხოვნილი თანხა 31141,26 აშშ დოლარი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპა ,,ყ. ს. ი-ის’’ მიერ შპა ,,მ. ე-სათვის’’ გადახდილი თანხა არ წარმოადგენს შპს ,,ჯ. მ-ის’’ ბრალეული ქმედებით გამოწვეულ ზიანს.

პალატის აზრით, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ შპა ,,ყ. ს. ი-მა” სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა შპს ,,ჯ. მ-თან’’ დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვაგონების მოცდენის გარემოებები და მასში შპს ,,ჯ. მ-ის“ ბრალეულობა.

პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და, 103-ე მუხლებზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიცია, ვინაიდან, მოსარჩელე ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას ვაგონების მოცდენის, არშემდგარი გადაზიდვებისა და ცარიელი ვაგონების დროულად დაუბრუნებლობისთვის, თუმცა მან ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, თუ სად მოხდა ვაგონების მოცდენა, რა პერიოდით გაგრძელდა მოცდენა, რაში და რა პერიოდით გამოიხატა არშემდგარი გადაზიდვა, საიდან სად განხორციელდა ცარიელი ვაგონების დაბრუნება და რაც მთავარია, არ წარმოუდგენია დოკუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ვაგონები განკუთვნილი იყო მოპასუხისათვის და, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და მოპასუხის ბრალეულობით მოხდა მათი მოცდენა. მოსარჩელის წარმომადგენელმა მხოლოდ სიტყვიერად განმარტა, რომ შპს ,,ჯ. მ-მა’’ პროდუქციის გადმოტვირთვის შემდეგ ცარიელი ვაგონები დააყოვნა ზესტაფონის სადგურში, თუმცა ამ გარემოების დასადასტურებლად მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამასთან, ვაგონების უკან დაბრუნება №.../.../...გრ ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ,,ჯ. მ-ის’’ ვალდებულებას არ წარმოადგენდა. შპა ,,ყ. ს. ი-სა’’ და შპა ,,მ. ე-ს’’ შორის დადებული №.. ხელშეკრულების დანართი №1-ის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დატვირთვის ადგილას ვაგონების მიწოდება და ცარიელი ვაგონების დაბრუნების უზრუნველყოფა თავისივე ხარჯებით, თავად ექსპედიტორი ფირმის შპა ,,მ. ე-ის’’ ვალდებულება იყო, ხოლო შპა ,,ყ. ს. ი-სა’’ და შპა ,,მ. ე-ს’’ შორის №.. ხელშეკრულებით, სატრანსპორტო მომსახურების თანხას პროდუქციის გადაზიდვამდე წინასწარ იხდიდა შპა ,,ყ. ს. ი-ი’’ და ტრანსპორტირების ხარჯები ანუ გადაზიდვის ტარიფი, შპს ,,ჯ. მ-თან’’ დადებული №.../.../...გრ ხელშეკრულების 3.1. და 3.3. პუნქტების თანახმად, შედიოდა პროდუქციის ღირებულებაში, რაც დაკისრებული აქვს მოპასუხეს სასამართლოს გადაწყვეტილებით;

შპა ,,მ. ე-ის’’ მიერ შპა ,,ყ. ს. ი-ის’’ მიმართ დაკისრებული საჯარიმო სანქციები არ შეესაბამება მხარეთა შორის გაფორმებულ საექსპედიციო ხელშეკრულების პირობებს;

ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ ექსპედიტორ კომპანიას გადაუხადა საჯარიმო სანქციის თანხა, რითაც მიადგა ზიანი, პალატის აზრით, არ შეიძლება გახდეს შპს ,,ჯ. მ-ზე’’ ზიანის დაკისრების საფუძველი, ვინაიდან როგორც შპა ,,მ. ე-სა’’ და შპა ,,ყ. ს. ი-ს’’ შორის 2012 წლის 30 ივლისს გაფორმებული №.. ხელშეკრულების მე-4 თავის (ანგარიშსწორების წესი) 4.1 პუნქტით დგინდება, ექსპედიტორისათვის მომსახურების გადახდა ხორციელდება თანხის 100%-იანი წინასწარი გადახდის პირობით, შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს ,,ჯ. მ-ისათვის’’ პროდუქციის პირველი ორი პარტიის მიწოდებისათვის ტრანპორტირების თანხა შპა ,,ყ. ს. ი-ს’’ გადამზიდველი კომპანიის - შპა ,,მ. ე-სათვის’’ გადახდილი ჰქონდა. ასევე დადგენილია, რომ შპა ,,ყ. ს. ი-მა’’ აღარ განახორციელა შპს ,,ჯ. მ-ისათვის’’ ნახშირის დარჩენილი ორი პარტიის მიწოდება და უარი თქვა ხელშეკრულებაზე. შპა ,,მ. ე-სა’’ და შპა ,,ყ. ს. ი-ს’’ შორის გაფორმებული №.. ხელშეკრულების მე-5 თავის (მხარეთა პასუხისმგებლობა) 5.7 პუნქტის შესაბამისად, თუ დამკვეთი განაცხადში მითითებულ გადაზიდვაზე უარს იტყვის, ექპედიტორი უზრუნველყოფს საავანსო გადახდების დაბრუნებას ყველა იმ ხარჯის გამოკლებით, რომელიც ექსპედიტორის მიერ გადახდილი იყო არშემდგარი გადაზიდვისათვის;

მოსარჩელის წარმომადგენელი მხოლოდ ზეპირსიტყვიერად განმარტავდა, რომ მათ მიერ გადახდილი იყო დონისა და ყიზილჟარის მიმართულებით არშემდგარი გადაზიდვების გამო ვაგონების გაცდენისათვის ჯარიმა და ამის დასტურად მოიშველიებდა 2012 წლის 31 დეკემბრის №..., №... და №... ანგარიშფაქტურებს, რომელთაგან არ დგინდება, რომ ვაგონები ნამდვილად შპს ,,ჯ. მ-თან’’ იყო გამოსაგზავნი და რომ მათი მოცდენა გამოწვეული იყო მოპასუხე მხარის ბრალეულობით. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულება.

პალატამ არ გაიზიარა შპს „ჯ. მ-ის“ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს თითქოს არ ჰქონდა სასამართლოში დავის უფლება, ვინაიდან დავა ერთხელ უკვე არსებობდა მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რაზეც გადაწყვეტილებით ეთქვათ უარი. აღნიშნულთან მიმართებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლზე მითითებით, პალატამ განმარტა, რომ დავა, რომელზეც ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ 2013 წლის 17 სექტემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მართალია იმავე მხარეებს შორის იყო და იმავე საკითხზე, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში შეცვლილია საფუძველი, კერძოდ, წინა დავის საგანი იყო სამომავლო და გარდაუვალი ზიანის ანაზღაურება, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო დამდგარი და მომავალში მიადგებოდა მხარეს, ხოლო კონკრეტული დავა შეეხებოდა ზიანს, რომელიც მოსარჩელის განმარტებით, მან უკვე განიცადა და ამჟამად ითხოვს მის ანაზღაურებას. ამდენად წარმოდგენილ სარჩელში მოთხოვნას გააჩნდა განსხვავებული ფაქტობრივი საფუძველი, რაც მხარეს აძლევდა უფლებას, არსებითად ედავა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით;

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ შპა ,,ყ. ს. ი-ის” სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო და იგი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპა „ყ. ს. ი-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ შპა „ყ. ს. ი-მა“ ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარადგინა. კასატორის აზრით, აღნიშნული მსჯელობა მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას, ვინაიდან საქმის მასალებიდან ჩანს, რომ შპა „ყ. ს. ი-მა“ მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტაცია წარადგინა. თუ აღნიშნული დოკუმენტების გარდა რაიმე მტკიცებულება არსებობდა ბუნებაში შპს „ჯ. მ-ს“ შეეძლო მტკიცებულების სახით წარმოედგინა;

არასწორია სააპელაციო პალატის მსჯელობა გადაწყვეტილების 4.8 და 4.12 პუნქტებში, „რომ წარმოდგენილი მასალა არ იყო იმ მოცულობისა და იმ შინაარსის, რომელსაც ითხოვდა ეროვნული ბანკის ფილიალი ან მოქმედი კანონმდებლობა“. საქმე იმაშია, რომ მოცემულ შემთხვევაში მთავარი ის კი არ არის, იყო თუ არა მიწოდებული მასალები საკმარისი, არამედ მთავარია, თუ რატომ არ იყო საკმარისი და ვისი ბრალით არ მოეპოვებოდა „ჯ. მ-სთვის“ სასარგებლო მტკიცებულებები შპა „ყ. ს. ი-ს“. რატომღაც ამ საკითხზე საერთოდ არ იმსჯელა სააპელაციო პალატამ. არაერთგზის აღინიშნა მოსარჩელის მიერ როგორც პირველ ინსტანციაში, ასევე სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელებში, რომ ეროვნული ბანკის მიერ შპა „ყ. ს. ი-ისაგან“ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სავალუტო რეგულირებისა და სავალუტო კონტროლის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად დადგენილი წესების თანახმად, საიდანაც ჩანს, რომ ყაზახეთის ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს დადგენილ ვადებში დამდგარ გარემოებებზე მითითებას – საპატიო მიზეზებს, რომლებიც რეპატრიაციის ვადის, 180 დღის გასვლამდე გამოვლინდა და რამაც ვალდებულების შესრულებას შეუშალა ხელი სწორედ ამ 180 დღის განმავლობაში. არსებული წერილობითი მასალების გაცნობით ადვილი დასადგენია, რომ რეპატრიაციის ვადა იყო 180 დღე კონტრაქტის დადების დღიდან (ანუ 2012 წლის 13 სექტემბრიდან აითვლება რეპატრიაციის ვადა);

კასატორის განმარტებით,, სასამართლო გადაწყვეტილების 4.10 პუნქტში უთითებს, რომ შპა „ყ. ს. ი-ი“ ვალდებული იყო ასეთი მტკიცებულებები წარედგინა სასამართლოსთვის, მაშინ, როდესაც ასეთი მტკიცებულებები ბუნებაში არ არსებობს;

კასატორის მითითებით, 4.11 პუნქტში სასამართლო უთითებს ყაზახეთის კანონისა და მისი წესების შესახებ და ადანაშაულებს მოსარჩელეს, რომ ყახაზეთის ეროვნულ ბანკს არ წარუდგინა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, თითქოს ეს რაიმე გავლენას მოახდენდა დაჯარიმებაზე, რაც მცდარი წარმოდგენაა და განპირობებულია მხოლოდ საქმის მასალების არ შესწავლით. საქმე იმაშია, რომ შპა „ყ. ს. ი-ს“ ევალებოდა მხოლოდ იმ საპატიო მიზეზების წარდგენა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების დადებიდან 180 დღის განმავლობაში. სააპელაციო პალატამ ყაზახეთის კანონის გაუგებარი ინტერპრეტაცია მოახდინა და ჩათვალა, რომ ყაზახეთის კანონი გაითვალისწინებდა რეპატრიაციის ვადის გასვლის შემდეგ დამდგარ საპატიო მიზეზებს, მათ შორის ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის ფაქტს. კასატორის განმარტებით, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით მიმართეს 2013 წლის მაისში– რეპატრიაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაბამისად ზესტაფონის რაიონული სასამართლო წინასწარ ვერ დაიწყებდა საქმის წარმოებას შპს „ჯ. მ-ისათვის“ სამომავლო ფულადი ვალდებულების აცილების მიზნით. სააპელაციო სასამართლომ წარმოუდგენელი განმარტება გააკეთა, მაშინ, როდესაც ყარაგანდის სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირაა მითითებული, რომ მსგავსი საპატიო მიზეზის შესახებ ინფორმაცია და საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში მტკიცებულებები წარდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს რეპატრიაციის ვადის ბოლო თვის უკანასკნელი რიცხვისა, როდესაც ექსპერტიორის ან იმპორტიორის წინაშე არარეზიდენტის მიერ შეუსრულებელი ვალდებულება ორმოცდაათიათასი აშშ ლარის ეკვივალენტს აღემატება. ასევე გადაწყვეტილებაში მითითებულია რომ რეპატრიაციის ვადა ამოიწურა 2013 წლის აპრილში.

სააპელაციო პალატამ ასევე გაუგებარი საფუძვლით ჩათვალა, რომ არასწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ შპა „ყ. ს. ი-მა“ ყაზახეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულება ვერ შეასრულა შპს „ჯ. მ-ის“ მიერ პროდუქციის ღირებულებულის გადაუხდელობის გამო. (გადაწყვეტილების 4.13 პუნქტი). წარმოუდგენელია, თუ საიდან დაასკვნა ეს სააპელაციო პალატამ, ვინაიდან საქმის მასალების შესწავლით ადვილი დასადგენია, რომ სწორედ შპს „ჯ. მ-თან“ 2012 წლის 13 სექტემბერს დადებული №.../.../.../გრ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შედეგად თავის მხრივ შპა „ყ. ს. ი-ის“ მიერ ეროვნული ბანკის წინაშე ვალდებულების შეუსრულებლობას მოჰყვა ადმინისტრაციული დაჯარიმება და საპირისპიროს დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში ასევე უთითებს მცდარ მონაცემებს სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ. კერძოდ, გადაწყვეტილების 4.15 პუნქტში მითითებულია, რომ თითქოს ყარაგანდის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2014 წლის 11 სექტემბერს, რაც სიცრუეა, სინამდვილეში ყარაგანდის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2013 წლის 11 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესზე შპა „ყ. ს. ი-ის“ მიერ იქნა წარდგენილი წერილობითი მტკიცებულება რეპატრიაციის ვადის გასვლის შემდეგ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში პროცესის მიმდინარეობის შესახებ, რაც რა თქმა უნდა ყახაზეთის კანონის შესაბამისად არ იქნა გაზიარებული როგორც საპატიო მტკიცებულება, ვინაიდან აღნიშნული გარემოება სცდებოდა რეპატრიაციის 180 დღიან ვადას.

აღნიშნულის შემდეგ, ისეთ პირობებში, როდესაც ყარაგანდის სასამართლოს მიერ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად არანაირი იურიდიული და ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შპს „ჯ. მ-ის“ ინტერესები დაირღვა იმით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრდა (გადაწყვეტილების 4.16 პუნქტი). სასამართლოს მსჯელობა მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას, ვინაიდან შპს „ჯ. მ-ის“ მხრიდან არ ყოფილა მოწოდებული არანაირი ინიციატივა და მითუმეტეს საპატიო მტკიცებულება რეპატრიაციის ვადის გაგრძელების შესახებ კანონით დადგენილ 180 დღიან ვადაში.

პალატა ისევ არასწორად განმარტავს ყახაზეთის რესპუბლიკის კანონის შინაარსს, კერძოდ ყახაზეთის კანონის №42 წესებს, მაშინ, როდესაც მსჯელობს, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების წარდგენის შემთხვევაში, ყარაგანდის სასამართლო თითქოს რეპატრიაციის ვადას გააგრძელებდა. კასატორის განმარტებით, აღნიშნული კანონი ითვალისწინებს რეპატრიაციის ვადის გაგრძელებას რეპატრიაციის ვადის ამოწურვამდე მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში. ეს ვადა 180 დღის გასვლის შემდეგ არ გრძელდება და არანაირი მტკიცებულებით არ აღდგება.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების 4.21 პუნქტში უთითებს სკ-ის 412-ე მუხლზე და განმარტავს, რომ მოვალისათვის აკრედიტივს ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოშობიი ზიანი არ იყო სავარაუდო და მხარე არ იცნობდა ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ შედეგებს. სააპელაციო სასამართლომ ფაქტიურად დაასკვნა, რომ შპს „ჯ. მ-ის“ წარმომადგენლები, ხელმძღვანელები და იურისტები არ იცნობენ კანონს აკრედიტივისა და რეპატრიაციის შესახებ და თურმე კანონის არ ცოდნა მხარეს ათავისუფლებს მის მიერვე ხელშეკრულების პირობების დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობისაგან.

სააპელაციო პალატა მსჯელობს, რომ მოსალოდნელი დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ შპს „ჯ. მ-ისათვის“. არც შპა „ყ. ს. ი-ისათვის“ მიუწოდებიათ ინფორმაცია, რომ შპს „ჯ. მ-ი“ ხელშეკრულების პირობებს დაარღვევდა და შემაფერხებელ გარემოებებზე კანონით დადგენილი წესით ვადაში არ უცნობებიათ. პირიქით, ისინი მთელი რეპატრიაციის ვადის განმავლობაში აშკარად შეგნებულად გაურკვეველ მდგომარეობაში ამყოფებოდნენ შპა „ყ. ს. ი-სა“ და ყაზახეთის ეროვნულ ბანკს, როდესაც მათ არ პასუხობდნენ არც ერთი გაგზავნილ წერილზე. არანაირი დაუძლეველი ძალა და სხვა ობიექტური მიზეზი შპს „ჯ. მ-ის“ წარმომადგენლებს ხელს არ უშლიდათ, შეფერხების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელშეკრულების მეორე მხარე საქმის კურსში ჩაეყენებინათ, ყოველ შემთხვევაში მათ ხელის შეშლის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა ვერ შეძლეს.

კასატორის აზრით, პალატამ მიუთითა, რომ ყარაგანდის სასამართლოს მიერ მოპასუხეზე ჯარიმის დაკისრება გამოწვეულია შპა „ყ. ს. ი-ის“ არამართლზომიერი ქმედებებით, რაც არასწორია საქმეში არსებული მტკიცებულებების ფონზე – ყაზახეთის კანონისა და ყარაგანდის სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, როდესაც აშკარაა, რომ 2012 წლის 13 სექტემბერს დადებული №.../.../... გრ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობამ, თავის დროზე მიუღებელმა შემოსავალმა განაპირობა შპა „ყ. ს. ი-ის“ დაჯარიმება და მითუმეტეს საქმეში არსებობს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია რომ შპს „ჯ. მ-ის“ მიერ ბრალეულად იქნა დარღვეული ხელშეკრულების პირობები და სწორედ ამ ბრალეულობის კომპენსაცია გახლდათ ის პირგასამტეხლო და პროცენტი, რაც შპს „ჯ. მ-ს“ დაეკისრა. მაგრამ აღნიშნულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე სააპელაციო პალატამ საერთოდ არ იმსჯელა.

კასატორის აზრით, მცდარია გადაწყვეტილების 4.42 პუნქტში მოყვანილი მსჯელობა, რომ შპა „ყ. ს. ი-ის“ მიერ შპა „მ.-ე-სათვის“ გადახდილი თანხა არ წარმოადგენს შპს „ჯ. მ-ის“ ბრალეული ქმედებით გამოწვეულ ზიანს. დადგენილია, რომ ვაგონების მოცდენას ხელი შეუწყო შპს „ჯ. მ-ის“ ინიციატივამ, რომლის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე დააფიქსირა რომ შპს „ჯ. მ-ი“ პროდუქციის ხარისხს ამოწმებდა და ვაგონების შეფერხება ამ მიზეზით იყო განპირობებული. შპა „მ.-ე-ის“ წინასასამართლო პრეტენზიაშიც (რომელიც 2013 წლის იანვარში გაეგზავნა შპა ყ. ს. ი-ს) პირდაპირაა მითითებული, თუ სად და რომელი ქალაქის სადგურებზე მოცდა ვაგონები და რა რაოდენობის ზარალი მიადგა ამით გადამზიდველ კომპანიას.

სააპელაციო პალატამ, ასევე არასწორად, მართებულად ჩათვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ შპა „ყ. ს. ი-მა“ ვერ დაადასტურა სათანადო მტკიცებულებებით შპს „ჯ. მ-თან“ არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვაგონების მოცდენის გარემოებები და მასში შპს „ჯ. მ-ის ბრალეულობა.

სამწუხაროდ, არცერთმა სასამართლომ არ მიუთითა თავის გადაწყვეტილებაში, თუ რომელ ხელშეკრულებებზე დაყრდნობით შეიძლება მსგავსი გარემოებების დადასტურება, ვინაიდან სწორედ ასეთი დეტალური განხილვის პირობებში მივიდოდა სასამართლო თვითონვე იმ დასკვნამდე, რომ საქმეში საკმარისზე მეტი მტკიცებულებები იყო შპს „ჯ. მ-ის“ ბრალეულობის დასამტკიცებლად.

დაუსაბუთებელია გადაწყვეტილების 4.46 და 4.47 პუნქტებში მოყვანილი მსჯელობებიც. ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ შპა „მ.-ე-სა“ და შპა „ყ. ს. ი-ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მომსახურების საფასური თითქოს გადახდილი უნდა ყოფილიყო წინასწარ, ასე არ მომხდარა, რისი მტკიცებულებაც დართულ იქნა საქმეზე. სასამართლომ ძალიან ზედაპირულად მიუთითა გადაწყვეტილების 4.49 პუნქტში, რომ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურები ვერ იქნებოდა მიჩნეული მოპასუხის მხრიდან ზიანის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შპა „ყ. ს. ი-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპა „ყ. ს. ი-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. ას-1685-1671-2011, ას-1024-1055-2011, ას-1119-1146-2011, ას-1033-968-2012; ას-899-845-2012 - სავარაუდო ზიანთან დაკავშირებით ).

შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპა „ყ. ს. ი-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (4957.90 ლარის) 70% –3470.53 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპა „ყ. ს. ი-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპა „ყ. ს. ი-ს“ დაუბრუნდეს მ. კ-ს მიერ 2014 წლის 15 დეკემბრს №205 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (4957.90 ლარის) 70% –3470.53 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე