Facebook Twitter

№ას-1222-1163-2014 2 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. პ-ი(მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ „ ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფონდში დაცული სტატიის მუზეუმში გამოფენის დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ. პ-მა საჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ „ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის“ მიმართ ფონდში დაცული სტატიის მუზეუმში გამოფენის დავალდებულების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

მოსარჩელის განმარტებით, მან არაერთხელ მიმართა სსიპ „ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმს“, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს მისი სტატიის, „ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის“ მუზეუმში მუდმივად გამოფენის მოთხოვნით, რაზეც უარი ეთქვა. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის ფონდში დაცული სტატიის მუზეუმში გამოფენის დავალდებულება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით:

აღნიშნულ საკითხზე მიღებულია ყვარლის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 თებერვლის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. მოცემულ დავაზე საქმის წარმოება შეწყდა თვით მოსარჩელის, მ. პ-ის შუამდგომლობის საფუძველზე. შესაბამისად, რადგანაც არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით მ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. პ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით მ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ,,ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი“ თავისი საქმიანობის მიმართულებით, მემორიალური ტიპის მუზეუმია. ,,მუზეუმების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუზეუმი არის კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია. ,,მუზეუმების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, მუზეუმი თავისი საქმიანობის მიმართულებით შეიძლება იყოს: ისტორიული, საბუნებისმეტყველო, მემორიალური, ხელოვნების, ლიტერატურული. ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მემორიალური მუზეუმი არის მუზეუმი, სადაც დაცულია ისტორიულ პირთან დაკავშირებული მასალები ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ისტორიული მოვლენის ამსახველი მასალები. მუზეუმის დებულების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ ,,ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი” მემორიალური ტიპის მუზეუმია, სადაც დაცულია ილია ჭავჭავაძის ცხოვრება-მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ისტორიული მოვლენის ამსახველი მასალები, რაც უკავშირდება ილია ჭავჭავაძეს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის მემორიალურ ნაწილში გამოფენილია უშუალოდ ილია ჭავჭავაძის და ჭავჭავაძეების საგვარეულო ნივთები, ხოლო საგამოფენო ექსპოზიციაში გამოფენილია მწერლის ხელნაწერები, მისი პირადი ბიბლიოთეკა, ასევე ილია ჭავჭავაძის ეპოქის განსაკუთრებული ისტორიული მოვლენის ამსახველი მასალები, რაც უკავშირდება თავად ილია ჭავჭავაძეს.

პალატამ მოპასუხის განმარტების საფუძველზე დაადგინა, რომ ცნობილი მწერლების წიგნები, რომელიც მიუძღვნეს ილია ჭავჭავაძეს, ილია ჭავჭავაძის შემოქმედებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ნაშრომები და ა.შ. განთავსებულია ფონდებში, თუმცა მუზეუმის ტიპიდან და საქმიანობის მიმართულებიდან გამომდინარე, მისი გამოფენა არ ხდება.

სასამართლომ მიუთითა ,,მუზეუმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მუზეუმის ფონდი არის მუზეუმში დაცული ექსპონატებისა და კოლექციების ერთობლიობა.

ყვარლის გამგეობის კულტურის განყოფილების 1997 წლის 27 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე, მ. პ-ის სტატია „ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი”, რომელიც გამოქვეყნებულია ჟურნალში - „თეატრი და ცხოვრება”, აღებულია სამუზეუმო ფონდში.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს, ეკისრება თუ არა მოპასუხე მუზეუმს, ფონდში აღებული მ. პ-ის სტატიის მუდმივად გამოფენის ვალდებულება. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელემ (აპელანტმა) მიუთითა მუზეუმის დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე.

სააპელაციო პალატამ სსიპ „ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის” დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დაადგინა, რომ სსიპ ,,ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი“ არის მემორიალური ტიპის მუზეუმი და ამ მუზეუმს ეკისრება ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალების შეკრებისა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის ვალდებულება, რაც გულისხმობს მისი მემორიალური ნივთების, ხელნაწერების, მისი ეპოქის განსაკუთრებული ისტორიული მოვლენის ამსახველი მასალების საზოგადოებისათვის გაცნობის ვალდებულებას.

პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობზე, რომ მ. პ-ის სტატია არ განეკუთვნებოდა ამ ტიპის მასალას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია მ. პ-ის სტატია წარმოადგენდა ლიტერატურულ ნაწარმოებს, რომელიც ინტელექტუალურ შემოქმედებითი საქმიანობის შედეგია, მაგრამ ეს გარემოება სამართლებრივად არ ავალდებულებდა მოპასუხეს ფონდში აღებული სტატიის მუდმივად გამოფენას.

ამგვარი მოვალეობა მას არც ,,მუზეუმების შესახებ" საქართველოს კანონით და არც დებულებით ეკისრებოდა, რადგან მუზეუმში დაცული ექსპონატი, კოლექცია, სტატია და ა.შ. რაც მუზეუმის ფონდებშია განთავსებული, წარმოადგენდა მუზეუმის ქონებას. ამდენად, მისი განკარგვის უფლებამოსილებაც მინიჭებული ჰქონდა მუზეუმს. შესაბამისად, თავად მუზეუმი იყო უფლებამოსილი, კანონის შესაბამისად გადაეწყვიტა სამუზეუმო ექსპოზიციების და მუზეუმის ფონდებში დაცული ქონების გამოფენის ან მისი ფონდებში განთავსების საკითხი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. პ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა მუზეუმების შესახებ კანონი და სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის დებულება. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული წინადადება - „შეიძინოს ან შემოწირულობა-საჩუქრის სახით შეკრიბოს ილია ჭავჭავაძის ცხოვრება-მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები“, - სწორედაც გულისხმობს ისეთი ნაწარმოებების შეკრებას, რაც პოპულარიზაციას გაუწევს ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმს. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისი ნაწარმოები სწორედ მუზეუმის პოპულარიზაციას ეხება და ეძღვნება 1997 წლის ილია ჭავჭავაძის 160 წლისთავს. შესაბამისად, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებით არ დაირღვევა მუზეუმის დებულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. პ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მ. პ-ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

მ. პ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე