№ ას-1232-1173-2014 2 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ო. ჩ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ხ. ჯ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის გაზრდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხ. ჯ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ო. ჩ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე ო. ჩ-ისათვის არასრულწლოვანი შვილების – გ. ჩ-ისა და ქ. ჩ-ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის - თითოეულ ბავშვზე 100 ლარის, სულ 200 ლარის გაზრდა, კერძოდ, თითოეულ ბავშვზე 400 ლარამდე ანუ საერთო ჯამში 800 ლარამდე და მოპასუხისათვის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელის განმარტებით, მხარეები არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: .... წლის ../.. -ს დაბადებული ქ. ჩ-ე და .... წლის ../.. -ს დაბადებული გ. ჩ-ე. მოპასუხე ბავშვების აღზრდა-განვითარებაში არანაირ მონაწილეობას არ იღებს, არ ეხმარება მატერიალურად, რასაც მოწმობს გადაუხდელი საალიმენტო დავალიანება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით (საოქმო განჩინება მორიგების დამტკიცების შესახებ) მოპასუხეს, არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, ყოველთვიურად დაეკისრა 250 ლარი, თითოეულ ბავშვზე 125 ლარი მათ სრულწლოვნებამდე. 2011 წლის 18 ოქტომბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ო. ჩ-ეს შეუმცირდა ალიმენტის ოდენობა 200 ლარამდე და თითოეულ ბავშვზე დაეკისრა 100 ლარი. მოპასუხემ იმ პერიოდში სასამართლოს დაუმალა რეალური შემოსავალი და წარმოადგინა მხოლოდ საპენსიო მოწმობა, რის გამოც შეუმცირდა ალიმენტის ოდენობა 200 ლარამდე. ამჟამად, მოპასუხე ო. ჩ-ის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესებულია. იგი ცხოვრობს რუსეთში, რუსეთის მოქალაქეა და ეწევა სამეწარმეო საქმიანობას: აქვს რესტორნები, კაფეები; აწარმოებს პურსა და სხვა საკონდიტრო ნაწარმს. ასევე ეწევა საცალო ვაჭრობას არასპეციალიზებულ მაღაზიებში, ვაჭრობს ხილითა და ბოსტნეულით. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მუშაობს და აქვს შემოსავალი ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, არ შეუძლია დამოუკიდებლად უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდა. აღნიშნულიდან გამომდინარე ხ. ჯ-ემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება და ასევე, მოპასუხისათვის ადვოკატის მომსახურების გადასახდელი – 600 ლარის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, თითქოსდა იგი ინდივიდუალური მეწარმეა, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან ამჟამად შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა და გარდა პენსიისა, მას სხვა ყოველთვიური შემოსავალი არ გააჩნია. ამასთან, დღეის მდგომარეობით, საალიმენტო დავალიანება აღარ აკისრია და ივლისის ჩათვლით ვალდებულება შესრულებული აქვს. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს არც ამჟამად განსახილველ დავასთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომაზე რაიმე მტკიცებულება მისი შემოსავლების შესახებ არ წარმოუდგენია. ამასთან, იგი, გარდა ალიმენტისა, შვილებს ეხმარება სხვადასხვა ტექნიკითა და ტანსაცმლით. რაც შეეხება ადვოკატის დახმარებისათვის გასაწევი ხარჯების დაკისრებას, მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ო. ჩ-ემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ხ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. ჯ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ხ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.07.2014 წლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ხ. ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ო. ჩ-ეს არასრულწლოვანი შვილების: ../../.... წელს დაბადებული ქ. ჩ-ისა და ../../.... წელს დაბადებული გ. ჩ-ის რჩენა-აღზრდისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 18.10.2011 წლის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი, თითოეულ ბავშვზე თვეში 100 ლარის ოდენობით, გაეზარდა 100 ლარით თითოეულ ბავშვზე და ალიმენტის ოდენობა განისაზღვრა თითოეულ ბავშვზე 200 ლარით სარჩელის აღძვრის დღიდან - 2014 წლის 28 მაისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე; ო. ჩ-ეს ხ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 96 ლარის ოდენობით.
სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ხ. ჯ-ესა და ო. ჩ-ეს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი: ../../.... წელს დაბადებული ქ. ჩ-ე და ../../.... წელს დაბადებული გ. ჩ-ე;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 18.10.2011 წლის გადაწყვეტილებით ო. ჩ-ეს არასრულწლოვანი შვილების, ქ. ჩ-ისა და გ. ჩ-ის სასარგებლოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2011 წლის 29 აპრილის მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ გამოტანილი საოქმო განჩინებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა შეუმცირდა 50 ლარით და ალიმენტის ოდენობა განესაზღვრა ყოველთვიურად, თითოეულ ბავშვზე 100 (ასი) ლარის ოდენობით, სულ 200 ლარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციით დასტურდებოდა მოსარჩელე ო. ჩ-ის ფინანსური მდგომარეობის ცვლილება. კერძოდ, ის გარემოება, რომ ო. ჩ-ეს ალიმენტის დაკისრების შემდგომ დაენიშნა ასაკით პენსია 3338.74 რუსული რუბლი, რაც არ იყო მაღალი შემოსავალი, ხოლო სხვა შემოსავლების შესახებ საქმეში არ მოიპოვებოდა რაიმე მტკიცებულება. შესაბამისად, სასამართლომ ალიმენტზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მიზაშეწონილად მიიჩნია ალიმენტის ოდენობის შემცირება და ო. ჩ-ეს თითიოეულ ბავშვზე გადასახდელად დააკისრა ალიმენტის სახით 100-100 ლარის, სულ 200 ლარის გადახდა;
ო. ჩ-ე არის პენსიონერი ასაკის გამო და მისი ყოველთვიური პენსია შეადგენს 3338.74 რუსულ რუბლს;
აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო საქმე N......, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2011 წლის 13 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესახებ. 2013 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით მოპასუხე ო. ჩ-ის საალიმენტო დავალიანება შეადგენს 2400 ლარს. მოპასუხის წამომადგენლის განმარტებით, დღეის მდგომარეობით ო. ჩ-ეს დავალიანება არ ერიცხება. აღნიშნული გარემოება სააპელაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა;
პალატას დადგენილად მიაჩნია გარემოება მასზე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 18.10.2011 წლის გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, რომლითაც შემცირდა დაკისრებული ალიმენტის ოდენობა, შეიცვალა, გაუმჯობესდა ო. ჩ-ის მატერიალური მდგომარეობა;
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 16.10.2013 წელს მომზადებული ამონაწერი ინდივიდუალური მეწარმეების ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ ო. ჩ-ე 2005 წლიდან რეგისტრირებული იყო ინდივიდუალური მეწარმეების ერთიან სახელმწიფო რეესტრში. ამონაწერის თანახმად, ინდივიდუალური მეწარმის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა „რესტორნებისა და კაფეების საქმიანობა“, ხოლო საქმიანობის დამატებით სახეობას: მოკლევადიანი პურისა და ფქვილისაგან დამზადებული საკონდიტრო ნაწარმის წარმოება, გრძელვადიანი მშრალი ფუნთუშეულის ნაწარმისა და ფქვილისაგან დამზადებული საკონდიტრო ნაწარმის წარმოება, საცალო ვაჭრობა არასპეციალიზირებულ მაღაზიებში, ხილით, ბოსტნეულითა და კარტოფილით საცალო ვაჭრობა. 2014 წლის 17 თებერვლის ინდივიდუალური მეწარმეთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერით ო. ჩ-ეს 21.01.2014 წლიდან შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა (იხ.: 2014 წლის 17 თებერვლის ამონაწერი რუსეთის ინდივიდუალურ მეწარმეთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან №... (ტ. I, ს.ფ. 64-69) . როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მოსარჩელე ხ. ჯ-ის წარმომადგენელმა განმარტა, მოპასუხემ ინდივიდუალური მეწარმეობა გააუქმა მხოლოდ მას შემდგომ, რაც ხ. ჯ-ემ პირველად აღძრა სარჩელი ალიმენტის შემცირების თაობაზე, რომელიც დარჩა განუხილველი მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო. მითითებული გარემოება მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია;
საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ ო. ჩ-ის სახელზე რეგისტრირებულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები: MERCEDES-BENZ A190, MERCEDES-BENZ GL 450 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ინფორმაციით MERCEDES-BENZ A190 ო. ჩ-ის სახელზე დარეგისტრირებულია 12.09.2011წ., ხოლო მეორე ავტომანქანა - MERCEDES-BENZ GL 450 რეგისტრირებულია 29.04.2013 წელს. ო. ჩ-ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ აღნიშნული ავტომობილები გასხვისებულია, თუმცა შესაგებელში მითითებული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.10.2011 წლის გადაწყვეტილების გამოტანის მომენტში სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა მხოლოდ ო. ჩ-ის ყოველთვიური პენსია 3338.74 რუსული რუბლის ოდენობით, ხოლო საქმის მასალებით დგინდება ის გარემოებები, რომ ო. ჩ-ე 2005 წლიდან 2014 იანვრამდე რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ და, ამასთან, მის სახელზე 12.09.2011 - 29.04.2013 წლებში დარეგისტრირდა ორი ავტომობილი - MERCEDES-BENZ A190 და MERCEDES-BENZ GL 450, პალატის აზრით, ცალსახად უნდა შეფასებულიყო ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, შეადგენდა თვეში, თითოეულ ბავშვზე 200 ლარს.
პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე მუხლებით, „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით და განმარტა, რომ მითითებული ნორმების თანახმად, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას, შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1214-ე, 1222-ე მუხლებზე და განსახილველ შემთხვევაში, დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 18.10.2011 წლის გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, რომლითაც შემცირდა დაკისრებული ალიმენტის ოდენობა, შეიცვალა, გაუმჯობესდა ო. ჩ-ის მატერიალური მდგომარეობა.
პალატის განმარტებით, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმების და 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. აღნიშნული ნორმის თანახმად, ორივე მშობელს გააჩნია თანაბარი უფლებები და მოვალეობები შვილების მიმართ და კანონი არ ცნობს რომელიმე მათგანის უპირატესობას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. როგორც მოსარჩელე მხარე, ისე მოპასუხე ვალდებულია არჩინოს თავისი არასრულწლოვანი შვილები. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. კანონმდებლობით განსაზღვრულია მშობელთა ვალდებულება არჩინონ თავიანთი შვილები და ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. მოცემულ შემთხვევაში პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, შეადგენდა თვეში თითოეულ ბავშვზე 200 ლარს. ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 18.10.2011 წლის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი უნდა გაზრდილიყო თითოეულ ბავშვზე 100 ლარით და ო. ჩ-ის მიერ არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტი განსაზღვრულიყო თითოეულ ბავშვზე 200 ლარით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ჩ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, სასამართლომ ისე მიიჩნია ო. ჩ-ის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება დადგენილად, რომ საერთოდ არ გამოუკვლევია, თუ რამდენად შეესაბამებოდა ალიმენტის გაზრდა რეალობას. საქმეში არსებული მტკიცებულებით, კერძოდ, 2013 წლის 16 ოქტომბრის ამონაწერით ინდივიდუალური მეწარმეების ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან დგინდება, რომ ო. ჩ-ემ მოიპოვა უფლება, განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა და არა ის, რომ იგი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას და იღებს შემოსავალს. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა 2014 წლის 17 თებერვლის ინდივიდუალურ მეწარმეთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრის ამონაწერზე, რომლითაც დგინდება, რომ ო. ჩ-ეს 2014 წლის 21 იანვრიდან შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა, ანუ სარჩელის შეტანის დროს მას უკვე აღარ გააჩნდა სამეწარმეო საქმიანობის უფლება. ამასთან, არასწორია სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ თითქოს მას სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ ო. ჩ-ემ ინდივიდუალური მეწარმეობა გააუქმა მხოლოდ მას შემდეგ, როცა ხ. ჯ-ემ პირველად აღძრა სარჩელი ალიმენტის თაობაზე, რომლიც დარჩა განუხილველი გამოხმობის გამო, ვინაიდან, კასატორის მითითებით, მას სადავო არ გაუხდია სარჩელის განუხილველად დატოვება გამოხმობის გამო და არა ის ფაქტი, რომ ო. ჩ-ემ მეწარმეობა გააუქმა სარჩელის შეტანის დროისთვის. ამასთან, არასწორია სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ ო. ჩ-ის სახელზე ირიცხება ავტომანქანები, მაშინ, როდესაც, არც აპელანტს გაუხდია სადავოდ ის გარემოება, რომ ეს ავტომანქანები ო. ჩ-ის სახელზე მხოლოდ და მხოლოდ რეგისტრირებულია, მის მესაკუთრეს კი სხვა პირები წარმოადგენენ და მათი გადაფორმება ვერ მოხერხდა, რადგან ო. ჩ-ე ირიცხება მოვალეთა რეესტრში.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით არ დაასაბუთა, თუ რატომ გაიზიარა მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. ამასთან, სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ო. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (№ას-1299-1226-2012).
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ო. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ო. ჩ-ეს დაუბრუნდეს თ. ჭ-ის მიერ 2014 წლის 26 დეკემბერს №4 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე